ნონა გაფრინდაშვილი – 75
3 მაისს საქართველომ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ყველა საჭადრაკო ტიტულის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლის წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში, მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა:
„დღეს ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა. ჩვენი საამაყო მოჭადრაკე, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ქალბატონი ნონა 75 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჩვენი დიდი სპორტული ოჯახის სახელით, გილოცავთ ამ იუბილეს!
თუ რა ადგილი უკავია ქალბატონ ნონას ქართული სპორტის ისტორიაში, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ – ყველა ჩვენგანმა შესანიშნავად იცის ქალბატონი ნონას დამსახურება.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქალბატონი ნონა არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია! ამ სიტყვების დასტურად ზუსტად 20 წლის წინ მომხდარი ფაქტიც გამოდგება, როცა 1996 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციამ და ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ქალბატონი ნონა უმაღლესი ორდენებით დააჯილდოეს! დამეთანხმებით, ასეთი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ქალბატონი ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ მისი სახელობის თასიც დააწესა!
ქალბატონი ნონას დედოფლობა 16 წელი გაგრძელდა. სწორედ მან გაუკვალა გზა ჩვენ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან აქცია საქართველო საჭადრაკო ცენტრად!
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი… ქალბატონი ნონას ტიტულების და მიღწევების სრულად ჩამოსათვლელად მთელი დღე არ გვეყოფა – ძალიან დიდია მისი დამსახურება“!
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლეგენდარული მოჭადრაკე სპორტის რაინდის საპატიო მედლით დააჯილდოვა.
ვერის ბაღსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ჭადრაკის ფედერაციების წარმომადგენლები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის მესვეურები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭადრაკეები, პოლიტიკოსები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებამ თამარ ბალავაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მომზადებული ფილმი „ნონა“ იხილა, სტუმრებმა კი არაერთი თბილი სიტყვა უძღვნეს იუბილარს და სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს.
გუშინვე ნონა გაფრინდაშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი უმაღლესი ჯილდოთი – ოლიმპიური ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა! საიუბილეო საღამო დაამშვენეს ანსამბლებმა სუხიშვილებმა და შვიდკაცამ, ასევე ეკა მამალაძემ, მაია ჯაბუამ და ლიზა ბაგრატიონმა.
ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჭადრაკის ფედერაციის ძალისხმევით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 3 მაისი)
ფოტო: www.msy.gov.ge