ნონას მეშვიდე ტრიუმფი!

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ 1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში, 65 წელზე უფროს მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში მეშვიდედ მოიგო! ეს ტიტული ქალბატონმა ნონამ 2009, 2011, 2014, 2015, 2016 და 2018 წლებშიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონიც გახლავთ, რაც მსოფლიო რეკორდია. ოქროს მედალი მან 10-ჯერ საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, 1992 წელს კი საქართველოს სახელით მოიგო.

მსოფლიოს ვეტერანთა ჩემპიონატს წელს ბუქარესტმა (რუმინეთი) უმასპინძლა. 65 წელზე უფროს მამაკაცთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი რაფაელ ვაგანიანი გახდა, +50 წლის კატეგორიაში უკრაინელმა ვადიმ შიშკინმა გაიმარჯვა, ხოლო იგივე ასაკში ქალთა შორის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა ლუქსემბურგელმა ელვირა ბერენდმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 ნოემბერი)

ka_GEGeorgian