ნორვეგია მაშინ და ახლა
ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს – 28 მარტს ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს.
ნორვეგიელები მეორედ ესტუმრებიან საქართველოს. ვიკინგებმა ჩვენების წინააღმდეგ პირველად ოცდაოთხი წლის წინ, 1999 წლის აპრილში ითამაშეს, ოღონდ თბილისში – 27-ში ახალგაზრდულმა, 28-ში კი ეროვნულმა.
ვინც იმ თამაშებს დაესწრო, კარგად ემახსოვრება რა დღე გვაყარეს სტუმრებმა: ახალგაზრდული 0:3 დამარცხდა, ხოლო პირველი გუნდი 1:4. იმ ამბებს სარბიელი ასეთი სათაურით გამოეხმაურა: „1:7 – ქართული ფეხბურთის პოლარული ღამე“.
მაშინ სარბიელში ვმუშაობდი და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს თანამშრომლებთან ერთად დავხვდი თბილისის აეროპორტში. ჩვენი რეპორტაჟი მატჩის დღეს დაბეჭდილ გაზეთში რამდენიმე გვერდზე გაიშალა – ინტერვიუები ოლე-გუნარ სულშერთან, ტორე-ანდრე ფლოსთან, ერიკ მიუკლანდთან, სტეფან ივერსენთან… მაშინ ისინი პრემიერლიგის ვარსკვლავები იყვნენ…
ნორვეგიელთა დელეგაციას უეფას მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი პერ-რავნ ომდალიც ჩამოჰყვა. ის იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ჰელი ჰანსენის ქურთუკი მეცვა და როცა ომდალმა მკითხა, თუ იცი სადაურიაო, არა-მეთქი, ვუპასუხე. ნორვეგიული კომპანიაა და იცოდეო, მითხრა სტუმარმა.
მსოფლიო ფეხბურთის მაღალჩინოსანს ცხონებული დათო პეტრიაშვილი უწევდა მეგზურობას, ვინც ახალი მისული გახლდათ უეფაში. დღეს არც დათოა ცოცხალი და არც სარბიელის მაშინდელი ფოტოკორესპონდენტები ბადრი კეთილაძე და გურამ დოლენჯაშვილი. ფლოსთან და სულშერთან სამახსოვრო ფოტოები მათ გადამიღეს…
ორი წლის წინ გარდაიცვალა თბილისური მატჩის მთავარი მსაჯი შანდორ პულიც, კოვიდს შეეწირა. მას „შორიდან ვიცნობდი“, რადგან იმ წლებში ჩემი საყვარელი გუნდების ორ გადამწყვეტ თამაშში იმსაჯა და ორივე მეტოქემ მოიგო: 1994 წლის მსოფლიო ფინალში იტალია პენალტების სერიაში დამარცხდა ბრაზილიასთან, 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს კი მხოლოდ დელ პიეროს სუპერგოლის გამო ვიხსენებ…
1999 წლის 28 აპრილის თამაში ძალიან ცუდად მახსენდება. ასე საშინლად ჩვენებს უკიდურესად იშვიათად უთამაშიათ, მით უმეტეს შინ. იმ წაგებას მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევიც შეეწირა – თამაშის დასრულებისთანავე წავიდა გუნდიდან.
მაშინ გამარჯვების დიდი იმედი არც მქონდა. არ იყო კარგი სიტუაცია იმ ნაკრებში და ამიტომ. ახლა კი, ოცდაოთხი წლის თავზე, ნორვეგიელთა მეორე სტუმრობის წინ იმედიანად ვარ და საამისო მიზეზიც მაქვს.
მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას არ ვგულისხმობ, რომელიც აგვისტოდან დაწყებული მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ზოგადად, ნაკრებზე მაქვს საუბარი: ხვიჩას გარდა კიდევ არაერთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ბიჭია გუნდში და საქმისადმი მიდგომაც უკეთესია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ.
მოკლედ, გული კარგს მიგრძნობს და იმედია 28-ში გავიხარებთ. თან, სკანდინავიელებთან ბოლო თამაშიც ხომ ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა – ბათუმში, შვედებს კვარას დუბლით 2:0 მოვუგეთ.
ჰალანდი კი რამენაირად უნდა გავაჩეროთ. მას ლაიფციგების და ნოტინგემ-ბორნმუთ-ბარნლების კარში შეგდებული გოლებიც ეყოფა.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 21 მარტი