ოჟიეს მერვე
ფორმულა 1ის სეზონის ბოლომდე ორი დიდი პრიზია დარჩენილი და დაძაბულობა პიკზეა, აი მსოფლიო რალის წლევანდელი პირველობა კი, ასევე უკანასკნელ ეტაპამდე რომ შეინარჩუნა ინტრიგა, გუშინ დასრულდა სებასტიენ ოჟიეს ტრიუმფით.
ტოიოტას ფრანგმა ლიდერმა თანამემამულე შტურმანთან, ჟულიენ ინგრასიასთან ერთად იტალიაში, მონცას რალიში გაიმარჯვა, ივნისის შემდეგ პირველი, სეზონში კი მეხუთე ეტაპი მოიგო (თორმეტიდან) და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, კარიერაში კი… მერვედ! ბრიტანელი ელფინ ევანსი (ტოიოტა) იტალიაშიც და სეზონშიც მეორე იყო, ბელგიელმა ტიერი ნოივილმა (ჰიუნდაი) კი მონცაზე მეოთხე, ხოლო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.
2013 წლიდან ოჟიე-ინგრასიას წყვილმა მხოლოდ 2019 წლის სეზონი დათმო ესტონელ ოტო ტიანაკთან, ყველა სხვა შემთხვევაში ისინი საუკეთესონი იყვნენ.
რვაგზის მსოფლიოს ჩემპიონობა ძალიან დიდი ამბავია, მაგრამ ავტოსპორტის ამ მშვენიერ კლასს უფრო ტიტულიანი მრბოლიც ახსოვს – დიადი ფრანგი, სებასტიენ ლოები, ვინც 2004-12 წლებში ზედიზედ ცხრაჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! ჩემი მოკრძალებული აზრით ლოებმა იჩქარა და ადრე წავიდა, თორემ მისი ისედაც შთამბეჭდავი მიღწევები უფრო საოცარი იქნებოდა.
მე რომ მსოფლიო რალით დავინტერესდი, 90ების დასაწყისში, მაშინ ულამაზესი ლანჩა დელტას დრო იდგა და ორი ძალიან მაგარი მრბოლი დომინირებდა – ფინელი იუჰა კანკუნენი და ესპანელი, უფროსი კარლოს საინსი, რომლებიც მონაცვლეობით იგებდნენ ჩემპიონატებს. მე ულვაშა კანკუნენის გულშემატკივარი გახლდით. ნელ-ნელა ისინი ფრანგმა დიდიე ორიოლმა, შოტლანდიელმა კოლინ მაკრეიმ და მეორე დიდმა ფინელმა, ტომი მაკინენმა ჩაანაცვლეს…
90ებში, როცა სონის პირველი კონსოლები გამოჩნდა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში კოლინ მაკრეის რალი იყო. როცა შუქი გვქონდა, მხოლოდ ფეხბურთს და რალის ვთამაშობდით. უნდა ვაღიარო რომ თანაბარი ძალის „პილოტები“ ვიყავით: თუ იტალიაში კოტე იყო საუკეთესო, აკროპოლისის რალის მე ვამთავრებდი საუკეთესო დროით, კენიისას – ირაკლი და ასე შემდეგ…
რაც შეეხება ამ ფოტოებს: რედ ბული ყოველი ეტაპის დასრულებისთანავე დიდებულ კადრებს აქვეყნებს და ესენიც ასე ავარჩიე. ჩემი შეხედულებით ყველაზე ეფექტურებს გთავაზობთ. ამ ამბავში დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რაც მომეწონა, აგერაა.
ფორმულა 1ში კიდე ფერარის ვქომაგობ ჯერ კიდევ ჟან ალეზის, გერჰარდ ბერგერის და ივან კაპელის დროიდან. ჩემდა სამწუხაროდ, ათ წელზე მეტია სხვების დუელს ვუცქერ. წელს ფერსტაპენის მხარეს ვარ, ჰემილტონ-მერსედესის ჰეგემონია ნამეტანი მომბეზრდა და მინდა მათ გაუთავებელ გამარჯვებებს წერტილი დაესვას. იმედია ასეც მოხდება.
2022დან კი დიდი ძვრებია რეგლამენტში და ეგებ ფერარიც გამოცოცხლდეს.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 ნოემბერი)
ფოტო: რედ ბული