ოლიმპიური ჩემპიონი ოლიმპიადაზე

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია პარიზის ტურნირით დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში ფიჯიმ 35:24 მოუგო ახალ ზელანდიას და მსოფლიო სერია მეოთხედ მოიგო! ავადროულად, ფიჯიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშიც გაინაღდა.

2018-19 წლების სეზონის I სერიას დუბაიმ უმასპინძლა, პარიზამდე კი ტურნირები ქეიფთაუნში, ჰემილტონში, სიდნეიში, ლას ვეგასში, ვანკუვერში, ჰონგ კონგში, სინგაპურსა და ლონდონში გაიმართა.

ფიჯის 7-კაცა ნაკრებმა 10-დან 5 ეტაპი მოიგო და სეზონი საუკეთესო მაჩვენებლით – 186 ქულით დაასრულა. ამერიკის ნაკრები მეორეა (177), ახალი ზელანდია მესამე – 162, ხოლო სამხრეთი აფრიკა მეოთხე – 148.

ოთხივე ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში გაინაღდა. ივლისში ევროპის სერია დაიწყება, სადაც დანარჩენი საგზურები გათამაშდება. შეგახსენებთ, რომ 7-კაცა რაგბის დებიუტი ოლიმპიადაზე 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში შედგა. ოქროს მედლები ფიჯელებმა მოიგეს.

„ჩვენ დიდ ისტორიას ვწერთ! ოლიმპიადის მოგების შემდეგ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და მიხარია, რომ ტიტულებს ვიხვეჭთ! ტოკიოში ერთადერთი მიზანი გვექნება – ოლიმპიური ოქრო“, – განაცხადა ტრიუმფატორთა კაპიტანმა ჯოშუა ვაკურუნაბილიმ.

ფიჯის 7-კაცა ნაკრებმა პირველი ტიტული 2005-06 წლების სეზონში მოიგო, 2014-15 და 2015-16 წლებში კი კიდევ ორჯერ გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ 2015 წლიდან ფიჯელები უცვლელად იგებენ ძალიან პოპულარულ ჰონგ კონგის შვიდკაცას.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 ივნისი)

ka_GEGeorgian