ოლიმპიური ოქროს სევდა

დღეს თეიმურაზ აფხაზავას დაბადების დღეა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი 69 წლის გახდა.
ქუთაისელმა ფალავანმა 1982-1985 წლებში ყველა მთავარი შეჯიბრება მოიგო: კატოვიცესა და კიევში გამართული მსოფლიო ჩემპიონატები, ბუდაპეშტსა და იონჩეპინგში – ევროპირველობები, მინსკში საკავშირო ოქროს მედალი, მოგვიანებით მსოფლიო თასიც აღმართა შვედეთში.

ამ და სხვა შედეგების გამო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა თეიმურაზ აფხაზავა 1983 წელს საუკეთესო სპორტსმენად აღიარა, 1984 წელს კი მესამე ადგილზე დაასახელა მაია ჩიბურდანიძის და აფროსანი გურამ ბიგანიშვილის შემდეგ.

ჩემი აზრით, რომ არა პოლიტიკური ინტრიგები და საბჭოთა კავშირის ის ცნობილი ბოიკოტი, რის გამოც ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადას სოცბანაკის არაერთი ქვეყანა განუდგა, თეიმურაზ აფხაზავა ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი გახდებოდა და, ვინ იცის, ეგებ, ზედიზედ მეორედ მოეგო წლის სპორტსმენის ტიტული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ლოს ანჯელესი 1984-ის ოლიმპიურ ციკლში და მის შემდეგაც, ის თავის წონაში, 82კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოში საუკეთესო იყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, რუმინელი იონ დრაიკა ბატონმა თემურმა 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1983 წელს კი მსოფლიო პირველობის ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა, ბევრზე მიგვანიშნებს.

არ ვიცი რამდენად სანუგეშო ამბავი იყო, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა 1984 წლის ზაფხულში „მეგობრობა 1984“-იც მოიგო. ეს შეჯიბრება საბჭოთა კავშირმა და მისმა „თანამოაზრეებმა“ ლოს ანჯელესის ოლიმპიადის საპასუხოდ ჩაატარეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირი, სადაც ცხრა ქვეყნის სპორტსმენებმა იასპარეზეს, ბუდაპეშტში გაიმართა და აფხაზავამ იქ არავის დაუთმო ოქროს მედალი.

ცივი ომის გამო დაზარალებული სპორტული კარიერა და საოცნებო შეჯიბრებაზე ვერწასვლა დიახაც რომ სევდისმომგვრელი ამბავია. და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა ურთულესი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ქართული სპორტის წარსული ამაზე მიგვითითებს.

ბატონ თემურს კი დაბადების დღეს ვულოცავ. ზემოთქმულის გათვალისწინებით მან მართლაც ძალიან ბევრს მიაღწია.

ლაშა გოდუაძე
20
24 წლის 21 აპრილი
ფოტო:
sport.gov.ge

ka_GEGeorgian