Onze და მსოფლიოს ნაკრები
1986 წლის Onze-ს ვათვალიერებ. ძველ საფეხბურთო ჟურნალებს განუმეორებელი ხიბლი აქვს, ეს ფრანგული გამოცემა კი, რა კუთხითაც უნდა შეხედო, გამორჩეულია: საუკეთესო და რაც მთავარია – ფერადი ფოტოები, ინტერვიუები ვარსკვლავებთან, ბეჭდვის ხარისხი…
უფროსი მეგობრებისგან მსმენია, რომ ფეხბურთის მოყვარულები 80-იან წლებში 20-25 მანეთს იხდიდნენ თითო ჟურნალში, ზოგჯერ უფრო მეტსაც. ვარსკვლავების პლაკატები კი, რომელიც Onze-ს და სხვა დასავლეთევროპულ ჟურნალებს მოყვებოდა, ცალკე იყიდებოდა, ისინი კიდევ უფრო ძვირად ფასობდა…
მე ის ამბები არ მახსოვს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო მოგონება სწორედ 1986 წელს, უფრო კონკრეტულად კი იმ ზაფხულს მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. არგენტინის და გფრ-ის ფინალი 29 ივნისს გაიმართა. იმ დღეს რვა წლის გავხდი. ჩემ დაბადების დღეს ცხონებული ბიძაჩემი ძმაკაცებთან ერთად აღნიშნავდა, თან ფინალს უყურებდა… 2:2-ზე ერთმა მკითხა, ვინ მოიგებსო. არ ვიცი რატომ, მაგრამ არგენტინა-მეთქი, ვუპასუხე. სულ მალე ბურუჩაგამ მესამე გოლი შეაგდო და სტუმრებმაც წითელი თუმნიანები მისახსოვრეს. მორჩა თუ არა ფინალი (მექსიკიდან რეპორტაჟი შუადღით დასრულდა), შავკოპლებიანი ბურთი ჩავიხუტე და მეგობრებთან ფეხბურთის სათამაშოდ გავვარდი, მათ კი ქეიფი განაგრძეს…
იმ კარგ და გემრიელ ხალხს ნათელი დაადგეს, მე კი Onze-ში ნანახ ფოტოებზე დავწერ. ჟურნალი გულშემატკივრებს 1986 წლის სიმბოლური ნაკრების დასახელებას სთავაზობს. 71-ე გვერდზე ანკეტაა დაბეჭდილი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა უნდა შეავსონ და რედაქციას გაუგზავნონ, მანამდე კი, სამ გვერდზე, თითო პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები არიან ჩამოთვლილნი:
მეკარეები: ჟოელ ბატსი (პარი სენ-ჟერმენი; საფრანგეთი), ჰელმუტ დუკადამი (სტიაუა; რუმინეთი), ჟან-მარი პფაფი (ბაიერნი; ბელგია), ტონი შუმახერი (კიოლნი; გფრ), პიტერ შილტონი (საუთჰემპტონი; ინგლისი)
მარჯვენა მცველები: ვილიამ აიაში (პარი სენ-ჟერმენი; საფრანგეთი) ჯუზეპე ბერგომი (ინტერი; იტალია), თომას ბეტოლდი (აინტრახტი; გფრ), ერიკ გერეტსი (პსვ ეინდჰოვენი; ბელგია), შტეფან იოვანი (სტიაუა; რუმინეთი)
ცენტრალური მცველები: მაქსიმ ბოსი (რასინგი; საფრანგეთი), ტერი ბაჩერი (გლაზგო რეინჯერსი; ინგლისი), კარლ-ჰაინც ფიორსტერი (მარსელი; გფრ), ანდონი გოიკოეჩეა (ბილბაოს ატლეტიკი; ესპანეთი), ოლეგ კუზნეცოვი (კიევის დინამო; სსრკ)
მარცხენა მცველები: მანუელ ამორო (მონაკო; საფრანგეთი), ჰანს-პეტერ ბრიგელი (სამპდორია; გფრ), ანატოლი დემიანენკო (კიევის დინამო; სსრკ), ხულიო ალბერტო (ბარსელონა; ესპანეთი), პატრიკ ვერვოორტი (ბეერსხო; ბელგია)
ლიბეროები: პატრიკ ბატისტონი (ბორდო; საფრანგეთი), ედინიო (უდინეზე; ბრაზილია), რუუდ გულიტი (პსვ ეინდჰოვენი; ნიდერლანდები), მორტენ ოლსენი (კიოლნი; დანია), მიშელ რენკუინი (სტანდარდი; ბელგია)
მარჯვენა ნახევარმცველები: ანდრეას ბრემე (ბაიერნი; გფრ), სტეფან დემოლი (ანდერლეხტი; ბელგია), ფერნანდო დე ნაპოლი (ნაპოლი; იტალია), ლუის ფერნანდესი (რასინგი; საფრანგეთი), ვიქტორი (ბარსელონა; ესპანეთი)
მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველები: ფრენკ არნესენი (პსვ ეინდჰოვენი; ნიდერლანდები), ხორხე ბურუჩაგა (ნანტი; არგენტინა), იან კულემანსი (ბრიუგე; ბელგია), გლენ ჰოდლი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ინგლისი), დიეგო მარადონა (ნაპოლი; არგენტინა)
მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველები: მიჩელი (რეალი; ესპანეთი), მიშელ პლატინი (იუვენტუსი; საფრანგეთი), ვასილი რაცი (კიევის დინამო; სსრკ), გორდონ სტრაჩანი (მანჩესტერ იუნაიტედი; შოტლანდია), ვასილი იარემჩუკი (კიევის დინამო; სსრკ)
მარცხენა ნახევარმცველები: ჰაინც ჰერმანი (გრასჰოპერსი; შვეიცარია), სორენ ლერბიუ (მონაკო; დანია), ლოთარ მათეუსი (ბაიერნი; გფრ), ჟან ტიგანა (ბორდო; საფრანგეთი), ვასილი იაკოვენკო (კიევის დინამო; სსრკ)
მარჯვენა თავდამსხმელები: ალესანდრო ალტობელი (ინტერი; იტალია), იგორ ბელანოვი (კიევის დინამო; სსრკ), ემილიო ბუტრაგენიო (რეალი; ესპანეთი), პრებენ-ელკიაერ ლარსენი (ვერონა; დანია), კლაუს ალოფსი (კიოლნი; გფრ)
მარცხენა თავდამსხმელები: მიქაელ ლაუდრუპი (იუვენტუსი; დანია), გარი ლინეკერი (ბარსელონა; ინგლისი), იან რაში (ლივერპული; უელსი), იანიკ ტოპირა (ტულუზი; საფრანგეთი), ხორხე ვალდანო (რეალი; არგენტინა)
აბა, როგორი სია? სიმბოლურ ნაკრებს მე ვერ შევადგენ, ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ ნახევარის თამაში არ მინახავს, ამიტომაც ასპარეზი თქვენთვის დამითმია, ძველებისთვის. ოღონდ თუ დრო გაქვთ და ხალისი, რა თქმა უნდა.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 26 მაისი