„ოქროს ბიჭების“ დიდი იუბილე ქართული სპორტის მუზეუმში
ქართული სპორტის მუზეუმში დღეს თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდის მიერ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მოგების 50 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
მუზეუმმა დინამოს ვეტერანებს, 1964 წლის სსრკ ჩემპიონებს ვლადიმერ ბარქაიას და ილია დათუნაშვილს უმასპინძლა, ასევე ახლო წარსულის ქართული სპორტის ვარსკვლავებს, გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს. ღონისძიებას დაესწრნენ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის აღსაზრდელები, ასევე სპეციალურად იუბილესთვის რუსეთიდან თბილისში ჩამოსული „ოქროს ბიჭის“ ალექსანდრე აფშევის ოჯახის წევრები.
„ოქროს ბიჭების“ ერთ-ერთმა წევრმა ვლადიმერ ბარქაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გამარჯვების 50 წლის იუბილეს ასეთი სასიამოვნო ღონისძიება მივუძღვნა. ჩვენთვის, ვეტერანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება და მიხარია, რომ ის სიხარული, რომელიც ამდენი წლის წინ ვაჩუქეთ საქართველოს, ქომაგებს დღემდე ახსოვთ“.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენდამი ასეთ ინტერესს და ყურადღებას იჩენთ. უზომოდ ბედნიერი ვარ“! – განაცხადა ილია დათუნაშვილმა, რომელმაც 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში გამართულ „ოქროს შეხვედრაში“ 2 გოლი გაიტანა.
დინამოს იუბილესთან დაკავშირებით სპორტის მუზეუმს რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპონატი გადაეცა: რადიო1-ის მესვეურებმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორს ნანა მიქაძეს „ოქროს მატჩის“ ერთ-ერთი რადიოკომენტატორის კოტე მახარაძის ხმის ჩანაწერი გადასცეს; გულშემატკივარმა ილია მაისურაძემ მუზეუმს უზბეკური ქუდი, ტუბეტეიკა უსახსოვრა, რომელიც დინამოელებს 50 წლის წინ, ტაშკენტში გადაეცათ, ხოლო ანსამბლ სუხიშვილების ყოფილმა სოლისტმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, ჟურნალისტმა თენგიზ უთმელიძემ ის რადიომიმღები მიიტანა მუზეუმში, რომლითაც ქომაგები ნახევარი საუკუნის წინ რეპორტაჟებს უსმენდნენ.
საღამოზე ასევე გაიხსენეს კოტე მახარაძე, რომელსაც დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა. ბატონი კოტე 1964 წლის 18 ნოემბერს ეროსი მანჯგალაძესთან ერთად უძღვებოდა რადიორეპორტაჟს.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 17 ნოემბერი)
ფოტო: www.msy.gov.ge და ქართული სპორტის მუზეუმი