ოქროს ბიჭების იუბილე ტაშკენტში

თბილისის დინამოს მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები 21-23 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ამხანაგური მატჩის გასამართად იმყოფებოდა.

იუბილეს იმ ქალაქში აღნიშვნა, სადაც დინამომ 50 წლის წინ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით (ელჩი კონსტანტინე ჟღენტი), ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ტაშკენტში იმყოფებოდა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია.

ქართველთა დელეგაციას, რომელშიც ოფიციალური პირების, ფეხბურთელების და ჟურნალისტების გარდა რამდენიმე გულშემატკივარიც შედიოდა, მასპინძლებმა ტაშკენტის აეროპორტში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს: ოქროს ბიჭებს ილია დათუნაშვილსა და ვლადიმერ ბარქაიას, ასევე ალექსანდრე ჩივაძეს, ვლადიმერ გუცაევს, ოთარ გაბელიას და საქართველოს ნაკრების ახლო წარსულის ვარსკვლავებს ფახთაქორის საფეხბურთო აკადემიის ბავშვები ყვავილებით და სუვენირებით დახვდნენ.

იმავე საღამოს ჩვენ დელეგაციას უზბეკეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სალიმ აბდუვალიევმა უმასპინძლა. უზბეკეთის საზოგადო მოღვაწემ და ქვეყნის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა პიროვნებამ განაცხადა: უზბეკი ხალხის სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის: ძალიან გვიხარია, რომ ქართველები ტაშკენტში აღნიშნავთ ამ დიდ იუბილეს! აქ ბევრს ახსოვს ის გამარჯვება, რომელიც თბილისის დინამომ 1964 წლის 18 ნოემბერს ფახთაქორის სტადიონზე მოიპოვა. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მიღება და დარწმუნებული ვარ, ამ დაუვიწყარ თარიღს ერთად შესანიშნავად აღვნიშნავთ.

„ვერც ვიფიქრებდი, რომ ტაშკენტში ამდენი ხნის შემდეგაც ემახსოვრებოდათ ჩვენი გამარჯვება! ეს ყველაფერი, რაც მე და ყველა ქართველმა ვიხილეთ, ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა! მადლობა ყველას, ვინც ასეთი დახვედრა მოგვიწყო“, – განაცხადა ილია დათუნაშვილმა, 1964 წლის 18 ნოემბრის ოქროს მატჩის ერთ-ერთმა გმირმა.

ლაშა გოდუაძე ტაშკენტიდან (www.msy.gov.ge; 2014 წლის 24 ნოემბერი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian