ოქროს ბურთი 2018: 15 ამბავი ხორვატიის ნაკრების ლიდერზე

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის რეალის გულშემატკივრების ფავორიტი ლუკა მოდრიჩია.
ესპანურ პრესას თუ ვენდობით, სამეფო კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში ყველაზე კარგად სწორედ ხორვატი ნახევარმცველის მაისური იყიდება.
მოდრიჩი შესანიშნავია, 2018 წელი კი მისთვის დიდებული გამოდგა: გაზაფხულზე მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაფხულში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, შემოდგომით კი ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გუშინ, 3 დეკემბერს, ხორვატმა ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ აღმართა, ყველაზე ძველი და პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი. და იცით ვის აჯობა მოდრიჩმა? მიხვდებოდით: რონალდუს!

 

…ბავშვობაში ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავ ზვონიმირ ბობანს და იტალიის რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტს აღმერთებდა.

…18 წლისა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ის სეზონი, 2003-04 წლები, ლუკამ მოსტარის ზრინსკიში გაატარა.

…ზაგრების დინამოსთან პირველი სრულფასოვანი კონტრაქტის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარით მშობლიურ ზადარში ოჯახისთვის დიდი სახლში შეიძინა.

…2007-08 წლებში ზაგრების დინამომ ზედიზედ მოიგო ხორვატიის ჩემპიონატი და თასი, ლუკამ კი საუკეთესო მოთამაშის ტიტულები.

…2007, 2008, 2011, 2014, 2016 და 2017 წლებში ხორვატიის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს. 6 გამარჯვებით ის ამ გამოკითხვის თანარეკორდსმენია ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ დავორ შუკერთან ერთად. თავის დროზე შუკერიც რეალში თამაშობდა.

…2012 წლის დეკემბერში, მადრიდში გადასვლიდან 5 თვის თავზე, ესპანურმა გაზეთმა მარკამ მას რეალის ყველაზე ცუდი შენაძენი უწოდა.

…2014 წლის 24 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, სერხიო რამოსმა მოდრიჩის კუთხურის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში – 1:1. დამატებით დროში რეალმა კიდევ 3 გოლი გაიტანა და მეათედ მოიგო ჩემპიონთა თასი – ლა დესიმა.

…2016 წლის 18 ოქტომბერს ახალი ხელშეკრულება გააფორმა – სამეფო კლუბში 2020 წლის 1 ივლისამდე ითამაშებს.

…2017 და 2018 წლებში უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარა.

…ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ მეორეა, რომელმაც ერთ წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და „ოქროს ბურთი“.

…რეალის მე-7 ფეხბურთელია, რომელმაც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში გაიმარჯვა. მოდრიჩამდე ეს ჯილდო აღმართეს ალფრედო დი სტეფანომ (1957, 1959), რაიმონ კოპამ (1958), ლუიშ ფიგუმ (2000), რონალდომ (2002), ფაბიო კანავარომ (2006) და კრიშტიანუ რონალდუმ (2013, 2014, 2016, 2017).

…ერთადერთი ხორვატია, რომელმაც ევროპის 2 ჩემპიონატში გაიტანა გოლი: 2008 წელს ავსტრიასთან და 2016-ში თურქეთთან.

…მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მშობლიური ქალაქის, ზადარის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

…2010 წლის მაისში ვანია ბოსნიჩზე დაქორწინდა. მათ 3 შვილი ჰყავთ: ივანო, ემა და სოფია.

…2018 წელს ორი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა: ფრანიო ბუჩარის მედალი ხორვატიის სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (უმაღლესი ტიტული სპორტში) და ჰერცოგ ბრანიმირის ორდენი ხორვატიის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩინებისთვის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 4 დეკემბერი)

ka_GEGeorgian