ოქროს ბურთი 2018: ლუკას 5 ნაბიჯი საოცნებო ოქროს ბურთამდე

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის რეალის გულშემატკივრების ფავორიტი ლუკა მოდრიჩია.
ესპანურ პრესას თუ ვენდობით, სამეფო კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში ყველაზე კარგად სწორედ ხორვატი ნახევარმცველის მაისური იყიდება.
მოდრიჩი შესანიშნავია, 2018 წელი კი მისთვის დიდებული გამოდგა: გაზაფხულზე მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაფხულში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, შემოდგომით კი ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გუშინ, 3 დეკემბერს, ხორვატმა ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ აღმართა, ყველაზე ძველი და პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი. და იცით ვის აჯობა მოდრიჩმა? მიხვდებოდით: რონალდუს!


ზაპრეშიჩის ინტერი

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პირველი კლუბი მოკრძალებული ინტერი იყო პატარა ქალაქ ზაპრეშიჩიდან. 2004-05 წლების სეზონი ლუკამ ზაგრების დინამოში დაიწყო, თუმცა დედაქალაქელებმა 19 წლის ნახევარმცველი მალე გაანათხოვრეს.
4 გოლი 18 მატჩში – ამ შედეგით დაასრულა მოდრიჩმა ის სეზონი. ინტერი ჩემპიონატში II ადგილზე გავიდა, დინამომ კი გამოცდილებამიღებული ლუკა დაიბრუნა.

ზაგრების დინამო
ხორვატიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მოდრიჩს 10-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ათიანშიც მოარტყა – ლუკა შეუცვლელი გახდა!
დინამოს მაისურით 3 სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 120 მატჩში 32 გოლი შეაგდო. და რაც მთავარია, კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარა: დინამო 3-ჯერ გახდა ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო თასი, ერთხელაც სუპერთასი.
არანაკლებ შთამბეჭდავი კი, რა თქმა უნდა, დინამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო – მოდრიჩმა და კომპანიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე თვით ამსტერდამის აიაქსი ჩამოიშორეს!

ხორვატიის ნაკრები
2006 წლის 1 მარტს, შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ბაზელში ხორვატიამ ამხანაგური თამაში მოუგო არგენტინას – 3:2. ლუკამ იმ დღეს პირველად ითამაშა ნაკრებში.
დღეს მოდრიჩი გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია – 118 მატჩში 14-ჯერ გამოიჩინა თავი.
ეროვნულამდე ნახევარმცველი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა: 2001 წელს 15-წლამდელთა გუნდით დაიწყო და 2005-ში ახალგაზრდულით დაასრულა. საერთო ჯამში, ასაკობრივებში 36-ჯერ ითამაშა და 4 გოლი შეაგდო.
ყველაზე დიდი აღიარება მაინც ბოლო მსოფლიო პირველობამ მოუტანა, სადაც გარდა იმისა, რომ 2 გოლი შეაგდო და ვერცხლის მედალი მოიგო, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჩაიბარა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
შთამბეჭდავია მისი წლევანდელი შედეგი: 2 გოლი 15 მატჩში!

ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური
ინგლისური კლუბი მოდრიჩით 2008 წლის გაზაფხულზე დაინტერესდა, ზაფხულში, ევრო 2008-ის შემდეგ კი 6-წლიანი კონტრაქტიც გაფორმდა. ტოტენჰემ ჰოთსფურს იმხანად ესპანელი ხუანდე რამოსი წვრთნიდა, თუმცა ლუკა უკეთესად ათამაშდა მისი შემცვლელის, ჰარი რედნაპის ხელში.
5 გოლი 44 მატჩში – ხორვატმა ამ შედეგით დაასრულა სადებიუტო, 2008-09 წლების სეზონი. ორივე საუკეთესო მაჩვენებელია მის ინგლისურ კარიერაში.
2009-10 წლების სეზონის მიწურულს ტოტენჰემ ჰოთსფურმა ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა მოდრიჩს, ფეხბურთელი კი კლუბს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა, ისტორიაში პირველად.
2010-11 წლების სეზონში ლუკა ლონდონური კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა საკლუბო ტიტული კვლავ ვერ მოიგო. ხორვატს პრემიერლიგის სეზონის მოთამაშის წოდებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მთავარი ჯილდო სხვას ერგო.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საუკეთესოდ მოდრიჩს დავასახელებდი“, – განაცხადა პრემიერლიგის ტრიუმფატორ მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
2011 წლის ზაფხულში ნახევარმცველის გადაბირება ლონდონის ჩელსიმ მოინდომა, თუმცა ტოტენჰემელებმა სამივე წინადადება იუარეს. რომან აბრამოვიჩის კლუბს მოდრიჩის შეძენა თავდაპირველად 22, შემდეგ 27, სატრანსფერო სეზონის უკანასკნელ დღეს კი 40 მილიონ გირვანქა სტერლინგად სურდა.
5 გოლი 40 მატჩში – ასეთი იყო ბალკანელის სტატისტიკა უკანასკნელ პრემიერლიგურ სეზონში.
2012 წლის აგვისტოში, უკრაინასა და პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მოდრიჩმა პირენეის ნახევარკუნძულს მიაშურა.

მადრიდის რეალი
2012 წლის 27 აგვისტოს სამეფო კლუბმა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა მოდრიჩს, დღენახევარში კი ახალწვეულმა პირველი ტიტული მოიგო 4-წლიანი შესვენების შემდეგ – ესპანეთის სუპერთასი აღმართა!
ასეთი სტარტის მიუხედავად, სამეფო კლუბში მოდრიჩის პირველ დღეებს კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა: ჩაბი ალონსოსთან და სამი ხედირასთან კონკურენცია უჭირდა და მეტწილად შეცვლაზე თამაშობდა.
ნელ-ნელა სიტუაცია გაუმჯობესდა, სადებიუტო სეზონი კი ლუკამ შთამბეჭდავი პირადი მაჩვენებლით დაასრულა: 4 გოლი 53 ოფიციალურ მატჩში.
რეალში იტალიელი კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ ხორვატი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა – ჩაბი ალონსოს შეუწყვილდა. მეორე სეზონი შესანიშნავად დასრულდა: მადრიდელებმა ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, მოდრიჩი კი ლა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა!
მომდევნო, 2014-15 წლების სეზონის წინ რეალმა და მოდრიჩმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. იმ სეზონში ლუკა ტრავმებმა გატანჯა – მხოლოდ 25-ჯერ ითამაშა, თუმცა ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონთა თასი მაინც აღმართა.
2015-16 წლების მსვლელობისას მადრიდის რეალი გენიალურმა ფრანგმა ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. სწორედ მისი მისვლით დაიწყო ის 3 ბრწყინვალე წელიწადი, რომელმაც რეალს უდიდესი გამარჯვებები, მოდრიჩს კი საყოველთაო აღიარება და სუპერვარსკვლავის წოდება, ასევე უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოები მოუტანა: ჩემპიონთა ლიგა 2016, 2017 და 2018 წლებში, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის თასი 2016 და 2017-ში, ესპანეთის ჩემპიონობა და სუპერთასი შარშან, ფიფას და უეფას სიმბოლურ ნაკრებში გარანტირებული ადგილი…
2018 წლის გაზაფხულზე რეალმა კრიშტიანუ რონალდუს გოლებით კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პორტუგალიელმა ბომბარდირმა მალე ტურინის იუვენტუსს მიაშურა, მაგრამ მთავარი ინდივიდუალური ჯილდოები მაინც მადრიდული კლუბის მუზეუმში გამოიფინა: ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯერ უეფამ აღიარა, შემდეგ ფიფამ, გუშინ კი ფრანს ფუტბოლმა.
„თავი ზღაპარში მგონია! გულახდილად გეტყვით: ეს „ოქროს ბურთი“ ახდენილი სიზმარია! მადლობა თქვენ და გამორჩევით რეალს, ყველა თანაკლუბელს – ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ“! – განაცხადა მოდრიჩმა პარიზში გამართულ დაჯილდოებაზე.
ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს 10-წლიანი ბატონობა დასრულდა – 2007 წლის შემდეგ პირველად, „ოქროს ბურთი“ სხვამ ჩაიხუტა!

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 4 დეკემბერი)

ka_GEGeorgian