ოქროს ბურთი 2019: მესის ექვსი

ოქროს ბურთი 2019-ის გამარჯვებულია ლეო მესი!

ბარსელონის არგენტინელმა ათიანმა 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო „ოქროს ბურთი“, მანამდე კი ფრანგული გამოცემის რეფერენდუმში 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში გაიმარჯვა.

არგენტინელი გენიოსის გამარჯვება დიდიე დროგბამ ამცნო საზოგადოებას, „ოქროს ბურთი“კი მას შარშანდელმა ტრიუმფატორმა ლუკა მოდრიჩმა გადასცა.

„ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო… ათი წლის წინ პირველად მოვიგე „ოქროს ბურთი“ და ახლა კიდევ ერთხელ გადმომცეს ეს ჯილდო… ზღაპრულია!“, – განაცხადა ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის გამარჯვებულმა ლეო მესიმ.

„განვლილი წლების მანძილზე ვშრომობდი და ვოცნებობდი. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი და ისიც ვიცოდი, რომ მიზანს მხოლოდ ოცნებით ვერ მივაღწევდი… ძალიან ბედნიერი ვარ! თუ გამიმართლა, კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ“, – მესი პირველია, რომელმაც 6-ჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“.

აქამდე ის და კრიშტიანუ რონალდუ იყოფდნენ რეკორდს. პორტუგალიელი წელს მესამე იყო, მეორე ადგილზე კი ლივერპულის და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დაიკი გავიდა.

წელს მესიმ ერთი გუნდური ტიტული მოიგო – ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ინდივიდუალურად: ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა; უეფამ – ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფორვარდად; მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატისა და ამავდროულად, ევროპის „ოქროს ბუცის“ მფლობელი; მერვედ აღიარეს ესპანეთის ჩემპიონატის უძლიერეს ფეხბურთელად, ხოლო ფიფას წლის ნაკრებში ზედიზედ მეცამეტედ მოხვდა.

„ოქროს ბურთი“ 2019-ის ათეული ასეთია:
2: ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული; ნიდერლანდები)
3: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი; პორტუგალია)
4: სადიო მანე (ლივერპული; სენეგალი)
5: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული; ეგვიპტე)
6: კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი; საფრანგეთი)
7: ალისონ ბეკერი (ლივერპული; ბრაზილია)
8: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი; პოლონეთი)
9: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი; პორტუგალია)
10: რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი; ალჟირი)

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ნიდერლანდების ნაკრებისა და იუვენტუსის ცენტრალური მცველი მატიის დე ლიხტი დასახელდა. 20 წლის ფეხბურთელი რაიმონ კოპას სახელობის თასით დაჯილდოვდა.

წლის მეკარის პრიზი, ლევ იაშინის სახელობისა, ლივერპულისა და ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯს, ალისონ ბეკერს გადაეცა. აქვე შეგახსენებთ, რომ ლევ იაშინი დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ მოიგო. ეს 1963 წელს მოხდა.

ქალთა შორის საუკეთესო მოთამაშედ ამერიკის ნაკრების ლიდერი მეგან რაპინო აღიარეს, რომელმაც ჩინებული თამაშის გარდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლითაც გაითქვა სახელი.

ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი ყველაზე ძველი და პრესტიჟულია. ფრანგული გამოცემა წლის რჩეულს ჟურნალისტების გამოკითხვის საფუძველზე ავლენს.

1956 წელს, როცა ჟურნალისტებმა პირველად დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშე, „ოქროს ბურთი“ ლეგენდარულ ინგლისელ გარემარბს სერ სტენლი მეტიუზს გადაეცა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 დეკემბერი)

ka_GEGeorgian