ოქროს ბურთი კანავაროს!
ევროპის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება იტალიის ნაკრების და მადრიდის რეალის 33 წლის მცველ ფაბიო კანავაროს მიენიჭა! ყოველკვირეულმა ფრანგულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა იტალიელი ოქროს ბურთით დააჯილდოვა.
ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან ავლენს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ფაბიო კანავარო მე5 იტალიელია, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. მანამდე უძლიერესად იტალიელთაგან ენრიკე ომარ სივორი (1961 წელს), ჯანი რივერა (1968), პაოლო როსი (1982) და რობერტო ბაჯო დასახელდნენ (1993).
„ბედნიერი ვარ და მეამაყება ასეთ გამარჯვებას რომ შევწვდი. ოქროს ბურთზე მხოლოდ ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება ამიხდა“, – განაცხადა ფაბიო კანავარომ, რომელიც ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრებს კაპიტნობდა და ამავე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის II ადგილზე გავიდა.
კანავარომ თამაში მშობლიურ ნეაპოლში დაიწყო: თავდაპირველად ნაპოლის ბავშვთა, 1992-95 წლებში კი პირველ გუნდში. სერია აში მისი დებიუტი 1993 წლის 7 მარტს შედგა ტურინში, იუვენტუსის წინააღმდეგ.
1995 წლის ზაფხულში კანავარომ პარმაში გადაინაცვლა, სადაც პირველი ტიტულები მოიპოვა: 1999 წლის გაზაფხულზე იტალიის თასს და უეფას თასს დაეუფლა, ზაფხულში კი იტალიის სუპერთასიც აღმართა. 2002 წელის გაზაფხულზე ფაბიო კანავარომ მეორედ მოიგო იტალიის თასი.
2002 წლის ზაფხულში შესანიშნავი მცველი მილანის ინტერში გადადის – მილანელებმა პარმას 32 მილიონი ევრო გადაუხადეს. არცთუ კარგად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ ფაბიომ ტურინის იუვენტუსში გადაინაცვლა, სადაც ჩინებულად ჩაატარა ამდენივე სეზონი და კლუბს სკუდეტოს ზედიზედ მოგებაში დაეხმარა.
მისდა სამწუხაროდ, მოგვიანებით იუვენტუსს 2005 და 2006 წლებში მოგებული ტიტულები ჩამოართვეს და ვეტერანმაც ესპანეთიდან მიღებულ შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა – მადრიდის რეალის მაისური მოირგო, სადაც მე5 ნომერი ერგო, რომლითაც მანამდე… ზინედინ ზიდანი თამაშობდა, გერმანია 2006ის საუკეთესო ფეხბურთელი.
2005 წლის გაზაფხულზე, პირველად მოგებული სკუდეტოს შემდეგ, ფაბიო კანავარო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად და მცველად დაასახელეს და საფეხბურთო ოსკარით დაჯილდოვეს.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტამდე მან 21წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 1994 და 1996 წლებში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა, იტალიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, საერთო ჯამში კი 1993-96 წლებში ახალგაზრდულ ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა.
1997 წლის იანვარში პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში – იტალიელებმა ჩრდილოეთ ირლანდიას 2:0 სძლიეს. მას შემდეგ ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და დებიუტიდან მე10 წელს ნაკრების ღირსება მეასედ დაიცვა!
ეს მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ფინალში მოხდა, სადაც იტალიელებმა პენალტების სერიაში აჯობეს საფრანგეთს და ფიფას ოქროს თასი მეოთხედ მოიგეს! დღესდღეობით ფაბიოს ანგარიშზე ნაკრებში 105 მატჩია და ამ მხრივ მხოლოდ ლეგენდარულ დინო ძოფს (112) და ბრწყინვალე მცველ პაოლო მალდინის (126) ჩამორჩება.
სხვათა შორის, იტალიის ნაკრების კაპიტნის სამკლავური კანავარომ სწორედ მალდინის წასვლის შემდეგ მოირგო. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პაოლომ სანაკრებო კარიერა დაასრულა და კაპიტნის სამკლავური მას გადაულოცა.
ნაკრებში ასპარეზობის მანძილზე კანავარომ ერთადერთი გოლი გაიტანა – 2004 წლის 30 მაისს ტუნისთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
სკუადრა აძურას შემადგენლობაში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს 3 (1998, 2002, 2006) და ევროპის 2 (2000, 2004) ჩემპიონატზე ითამაშა.
2000 წელს ფაბიო კანავარო ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – იტალიის ნაკრები ფინალში, დამატებით დროში დამარცხდა საფრანგეთთან 1:2.
2006 წელს კი ტრიუმფიც დრო დადგა.
ფაბიო კანავარო
დაიბადა 1973 წლის 13 სექტემბერს
მცველი
კლუბები: ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია; 1992-95; 68 მატჩი, 2 გოლი), პარმა (იტალია; 1995-2002; 212-5), ინტერი (მილანი, იტალია; 2002-04; 50-2), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 2004-06; 74-6), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 2006 წლიდან)
ინდივიდუალური ტიტულები: ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 2006; იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005; იტალიის საუკეთესო მცველი – 2005
გუნდური ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2000; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1994, 1996; იტალიის თასი – 1999, 2002; იტალიის სუპერთასი – 1999; უეფას თასი – 1999
იტალიის ნაკრებში: 105 მატჩი, 1 გოლი (1997-2006)
ოქროს ბურთი 2006
1.ფაბიო კანავარო (რეალი, ესპანეთი; იტალია) – 173 ქულა
2.ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია) – 124
3.ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი) – 121
4.რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია) – 73
5.ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი) – 71
6.სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი) – 67
7.მიროსლავ კლოზე (ვერდერი, გერმანია; გერმანია) – 29
8.დიდიე დროგბა (ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი) – 25
9.ანდრეა პირლო (მილანი, იტალია; იტალია) – 17
10.იენს ლემანი (არსენალი, ინგლისი; გერმანია) – 13
11.დეკუ (ბარსელონა, ესპანეთი; პორტუგალია), კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია) – 11
13.ფრანკ რიბერი (მარსელი, საფრანგეთი; საფრანგეთი) – 9
14.კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; პორტუგალია), ჯენარო გატუზო (მილანი, იტალია; იტალია), პატრიკ ვიეირა (ინტერი, იტალია; საფრანგეთი) – 5
17.ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), ლუკაშ პოდოლსკი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი) – 3
20.ჟუნინიო პერნამბუკანო (ლიონი, საფრანგეთი; ბრაზილია), ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა), ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), ჯანლუკა ძამბროტა (ბარსელონა, ესპანეთი; იტალია) – 2
24.ფილიპ ლამი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია), დავიდ ვილია (ვალენსია, ესპანეთი; ესპანეთი) – 1
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 28 ნოემბერი)