ოქროს ბურთის ისტორია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ლაშა გოდუაძის წიგნის – ოქროს ბურთის ისტორია – პრეზენტაცია გაიმართა.
პოპულარული ფრანგული ჟურნალი ფრანს ფუტბოლი ჟურნალისტთა გამოკითხვის საფუძველზე 1956 წლიდან ავლენს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს და რეფერენდუმის გამარჯვებულებს ოქროს ბურთით აჯილდოვებს.
წიგნი სწორედ იმ მოთამაშეთა შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლნენ. საერთო ჯამში, 39 მოთამაშის ბიოგრაფია 300ზე მეტ გვერდზეა მოთხრობილი.
წიგნშია 300მდე საინტერესო ფოტო, ხოლო ოქროს ბურთის მფლობელის თითოეული ბიოგრაფია სტატისტიკურადაცაა მოცემული და რაც ყველაზე საინტერესოა, რეფერენდუმების უკლებლივ ყველა საბოლოო შედეგია გამოქვეყნებული – გამარჯვებულით დაწყებული ნომინაციაზე წარდგენილი მოთამაშეების ჩათვლით.
წიგნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
ოქროს ბურთის ისტორია წიგნის მაღაზიებში 2007 წლის იანვრიდან გაიყიდება.
ლაშა გოდუაძე, ავტორი: „წიგნი 4 წლის მანძილზე იწერებოდა. მასზე მუშაობა 2002 წელს დავიწყე და წლეულს, სექტემბერში დავასრულე. უამრავი ინფორმაცია შეჯერდა და საბოლოოდ, თითოეული ფეხბურთელის ბიოგრაფიამ ის სახე მიიღო, როგორიც წიგნშია წარმოდგენილი.
თითოეულ გამარჯვებულზე წერილს თან ერთვის სტატისტიკური მასალა: რომელ კლუბებში თამაშობდა, რას მიაღწია, რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში და ასე შემდეგ...
მკითხველი 39 მოთამაშის ბიოგრაფიას გაეცნობა: 1956 წლის რეფერენდუმის გამარჯვებული სტენლი მეტიუზით დაწყებული 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი რონალდინიოს ჩათვლით. ობიექტურ მიზეზთა გამო ამ წიგნში ოქროს ბურთის ბოლო მფლობელის ფაბიო კანავაროს ბიოგრაფია ვერ მოხვდა.
თითოეულ წერილს თან ერთვის საკმაოდ საინტერესო ფოტოები. არაერთი მათგანი საარქივო ჟურნალებშია მოძიებული.
მადლობელი ვარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ეს წიგნი. ასევე დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წიგნის გამოცემაში მეხმარებოდა“.
დემიკო ლოლაძე, რედაქტორი: „ლაშამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უდავოდ კარგი საჩუქარი უძღვნეს გულშემატკივრებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია!
პირდაპირ ვიტყვი: შესანიშნავი წიგნია, რომლის კითხვისას თვალწინ დამიდგა განვლილი წლები, როცა ჩემი კერპების, ალფრედო დი სტეფანოს, ენრიკე ომარ სივორის, ლუის სუარესის, ლევ იაშინის, ფრანც ბეკენბაუერის, იოჰან კრუიფის, ბობი ჩარლტონის და ტყავის ბურთის სხვა დიდოსტატების თამაშით ვიხიბლებოდი. უნდა ითქვას, რომ ჩემთვის უცნობ არაერთ საინტერესო ფაქტსაც გავეცანი.
რაც შეეხება ფოტოებს, ამის შესახებ ცალკე უნდა ითქვას. ბევრი უნიკალური ფოტოა გამოქვეყნებული, მათ შორის ისეთი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს“.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 20 დეკემბერი)