ორი ათასი, კუბა და სხვა ამბები

მანჩესტერ იუნაიტედი პირველი კლუბია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 2 ათასი გოლი გაიტანა!

X ტურის ბოლო მატჩში, ნორვიჩთან სტუმრად 3:1 მოგებულ შეხვედრაში, სკოტ მაკტომინეიმ 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ოლდტრაფორდული კლუბის ისტორიაში მორიგი სასახელო ფურცელი შეავსო.

იუნაიტედი პრემიერლიგის არაერთი რეკორდის მფლობელია: ყველაზე მეტი მოგება, გოლი და ქულა, ბურთების საუკეთესო სხვაობა…

ახლა ამ ჩამონათვალს 2 000 გოლიც დაემატა. ამ მხრივ იუნაიტედის უახლოესი მდევარი ლონდონის არსენალია, რომელსაც 1 860 გოლი აქვს გატანილი.

ნორვიჩთან მატჩი კიდევ რამდენიმე საინტერესო მიღწევის გამოა აღსანიშნი: 30-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა, 73-ზე კი ენტონი მარსიალმა იუნაიტედის გოლების მე-3 ათასეულის ათვლა დაიწყეს. რაშფორდის გოლიც საიუბილეო იყო – ახალგაზრდა ფორვარდმა 50-ე ბურთი გაიტანა მანჩესტერელთა მაისურით (პრემიერლიგაში 32-ე).

სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, მასპინძელთა მეკარე ტიმ კრული მატჩის მთავარ გმირად უნდა მივიჩნიოთ – მან პირველ ტაიმში ჯერ რაშფორდის, შემდეგ კი მარსიალის 11-მეტრიანები მოიგერია. ის მხოლოდ მე-8 მეკარეა პრემიერლიგაში, რომელმაც ასეთი რამ მოახერხა.

მეორე მხრივ, ლიგის ისტორიაში რაშფორდი და მარსიალი პირველი თანაგუნდელები გახდნენ, რომლებმაც ერთსა და იმავე მატჩში პენალტის რეალიზება ვერ შეძლეს.

ისტორიაში შეაბიჯა ნორვიჩელთა ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორმა ონელ ერნანდესმა – მან 88-ე წუთზე დალაშქრა დავიდ დე ხეას კარი და გახდა პირველი კუბელი, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian