ორი ოლიმპიადის იუბილე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში დღეს ორი თამაშები გაიხსენეს – მეხიკო 1968 და სეული 1988. პირველი 55, ხოლო მეორე 35 წლის წინ გაიმართა. მეხიკოს ოლიმპიადა იყო ზაფხულის მეხუთე თამაშები, ხოლო სეულისა უკანასკნელი, სადაც ქართველებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზეს.

დღევანდელ შეხვედრას სეული 1988-ის სამი გამარჯვებული დაესწრო: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით გობეჯიშვილი და ფეხბურთელი გელა კეტაშვილი. სტუმართა შორის იყვნენ ოლიმპიური პრიზიორები, ძიუდოისტები გია თენაძე და ამირან ტოტიკაშვილი, მძლეოსანი მაია აზარაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ასევე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სეოკ-მა თამაშების ჩემპიონებს და პრიზიორებს მეხიკო 1968-ის და სეული 1988-ის სიმბოლიკით დამშვენებული ჰუდები უსახსოვრა.

მეხიკოში 14-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან 6-მა კი მედალი მოიგო. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მძლეოსანი ვიქტორ სანეევი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა. მეორე ადგილზე გავიდნენ ძალოსანი დიტო შანიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე შოთა ლომიძე, ხოლო კალათბურთელებმა ზურაბ საკანდელიძემ და სერგეი კოვალენკომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სეულში საქართველოდან ორით მეტი, 16 სპორტსმენი გაემგზავრა, 12 კი პრიზიორთა შორის მოხვდა. ნინო სალუქვაძის, დავით გობეჯიშვილის და გელა კეტაშვილის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე და მოფარიკავე ვლადიმერ აფციაური. ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ ლერი ხაბელოვი და ნინო სალუქვაძე, ხოლო ბრინჯაო ამირან ტოტიკაშვილმა (ძიუდო), გია თენაძემ (ძიუდო), მიხეილ გიორგაძემ (წყალბურთი), მაია აზარაშვილმა (მძლეოსნობა) და ვახტანგ იაგორაშვილმა (თანამედროვე ხუთჭიდი) მოიგეს.

სეულის თამაშებიდან რამდენიმე თვეში, 1989 წელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა და ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელიც ჩაიწერა. დღევანდელი ღონისძიების სტუმართა შორის სეოკ-ის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანი ჟურნალისტი, ლელოს საპატიო რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძეც გახლდათ.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 18 დეკემბერი

ka_GEGeorgian