ორი ზღაპარი

გუშინ ორჯერ შევაბიჯე ზღაპარში.
პირველად შუადღით, როცა ვერაზე, ერთ კოხტა გალერეაში რუსუდან და დიმა ფეტვიაშვილების გამოფენა დავათვალიერე, მეორედ კი საღამოს, ვაკეში, სადაც მეგობრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვუყურე.
ამის გამო 2022 წლის 18 დეკემბერი არასდროს დამავიწყდება.
ზუსტად ისე, როგორც ვერასდროს დავივიწყებ 1986 წლის 29 ივნისს, როცა ჩემთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ 3:2 მოუგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს.

ოცდათექვსმეტი წლის წინ მეხიკოს აცტეკაზე საოცარი ფინალი შედგა. არგენტინა ორი ბურთით იგებდა, გერმანელებმა რამდენიმე წუთის ინტერვალით გაქვითეს ორივე გოლი, მაგრამ კარლოს ბილარდოს ბიჭებმა მაინც გაიმარჯვეს.

იმ დღეს მე რვა წლის გავხდი, არგენტინამ კი მეორედ მოიგო ფიფას ოქროს თასი.

ცხონებული ბიძაჩემის და მისი მეგობრების გარემოცვაში ვნახე ის ფინალი და 2:2-ზე, როცა მკითხეს აბა ვინ მოიგებსო, არგენტინა-მეთქი, დაუფიქრებლად ვუპასუხე კარგა შეზარხოშებულ ბიჭებს. დასრულდა თუ არა თამაში, წითელი თუმნიანებით ამავსეს!

მას შემდეგ რვა გადამწყვეტი მატჩი ვნახე, მათ შორის ორი არგენტინის მონაწილეობით, გუშინდელი კი ჩემი მეათე მსოფლიო ფინალი იყო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი საფეხბურთო შეჯიბრების ასეთი დრამატული, ზღაპრული დასასრული არასდროს მინახავს.

ოღონდ აქვე უნდა შევნიშნო: სადღაც სამოცდამეათე წუთისთვის გავიფიქრე, კატარი 2022 ასეთ დასასრულს არ იმსახურებს-მეთქი. ნამეტანი სჯობდა არგენტინა საფრანგეთს და იმიტომ. რა დაემართათ ფრანგებს, ვერ ვხვდები, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო თხუთმეტ წუთში ისეთი ამბები დატრიალდა, როგორც პატივცემული სანტა კლაუსი იტყოდა: ოჰ ჰო ჰოოოო! ზღაპარი, ნამდვილი ზღაპარი!!!

1986 წლის მსგავსად არგენტინა ისევ ორი ბურთით იგებდა. ფრანგებმა, თითქოს მექსიკის სცენარი მეორდებაო, ორივე ბურთი გაქვითეს. მერე იყო დამატებითი დროის მიწურულს გაცვლილი ორი გოლი და პენალტების სერია, სადაც თეთრ-ცისფრებმა გაიხარეს და მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

ტურნირის დაწყების წინ არგენტინა მთავარ ფავორიტად მიმაჩნდა და არა მარტო იმიტომ, რომ შთამბეჭდავი დაუმარცხებელი სერიით ჩავიდა კატარში. ჯერ კიდევ 1 ივნისს, საკონტინენტთაშორისო თასზე, სკალონის ბიჭებმა უემბლიზე ზღაპრულად ითამაშეს, ჩემს ფავორიტ იტალიას, რასაც ჰქვია გადაურბინეს და მაშინ ვუთხარი პირველად მეგობრებს, ამათ თუ კატარშიც ასე იბურთავეს, ვერავინ დაუდგებათ-მეთქი.

მაგრამ კატარში არგენტინამ ნაღდად არ დატოვა საუკეთესო შთაბეჭდილება, სასტარტო მატჩი სულაც საუდეთთან წააგო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბეწვის ხიდზე გაიარა, შეძლო და მშვიდობით გაასრულა ურთულესი გზა – ოქროს თასი ჩაიბარა.

1986 წლის არგენტინა დიეგოს არგენტინა იყო და ოცდათექვსმეტი წლის წინანდელი ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, დიეგოს დამსახურებაა. ეს კი ლეოს არგენტინაა და ჩემთვის ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მესის ტრიუმფია.

თეთრ-ცისფერი მაისურით მან რამდენიმე დიდი ტურნირის გადამწყვეტი თამაში წააგო, ცხელ გულზე ნაკრებიდანაც წავიდა, მაგრამ სკალონის თხოვნით დაბრუნდა და ბოლო წელიწადნახევარში სამი თასიც აღმართა.

კი, ამ არგენტინაში კიდევ რამდენიმე მშვენიერი მოთამაშეა, მათ შორის გამორჩეულად ანხელ დი მარიას ვქომაგობ, მაგრამ მესი მესია, ის ძალიან დიდია!

მაგრამ თუნდაც გუშინდელი ჩემპიონობის გამო არასდროს ვიტყვი, რომ მესი უდიდესია. იმიტომ, რომ ჩემთვის მასთან ერთად კიდევ რამდენიმე დიადი დგას საფეხბურთო ოლიმპზე და მათი შედარება უაზრობა მგონია, მით უმეტეს ტიტულებით და პირადი სტატისტიკით.

თასები, გოლები, საგოლე პასები, ოქროს ბურთები და ოქროს ბუცები მნიშვნელოვანი, თუმც კი მაინც დეტალებია და მათ მხოლოდ დროის კონტექსტში განვიხილავ. იმას ვგულისხმობ, რომ, ვთქვათ, მარადონას ბრალი არ არის ერთი ოქროს ბურთიც რომ არ აქვს. 80-იანები სხვა იყო, 90-ები – კიდევ განსხვავებული და XXI საუკუნის ფეხბურთი – სულ სხვაა.

მთავარი, რაც ჩემს ფავორიტებს აერთიანებთ, ეს წლებზე გაშლილი შთამბეჭდავი კარიერა და საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთზე ზეგავლენაა. მასშტაბურობა, ერთი სიტყვით რომ ვთქვა.

ამასაც დავწერ: მესის ეს ფინალი რომც წაეგო, ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა – ლეო ისეთივე დიადი და იმავე გარემოცვაში იქნებოდა, როგორც ფრანგებთან ტრიუმფამდე იყო.

ფეხბურთი მიყვარდეს და მესის რამეს ვუწუნებდე? მომკალით და არ მესმის ეს ამბავი. თუ ლეოს თამაში სიამოვნებას არ განიჭებს და არ გხიბლავს, თავს რაღად იტანჯავ, დალოცვილო?

მსოფლიოს ჩემპიონობა აკლიაო, ხშირად მესმოდა. ახლა არის. და რა მერე? უფრო დიდი გახდა? აქამდე რა, დიადი არ იყო?

ზღაპრის გმირივითაა: ღარიბ ოჯახში დაიბადა, პატარაობაშივე აიკრა გუდა-ნაბადი და გზას დაადგა. და რაც საფეხბურო მინდვრებზე შეძლო, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. თხუთმეტ წელიწადზე მეტია დაუვიწყარ ამბებს გვჩუქნის! კი, ფეხიც დასცდენია, თან არაერთხელ, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?

გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა…

ის გამოფენა კი, „ორ სამყაროს შორის“, ვერაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე, გალერეა ნობლესში, 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გირჩევთ. ზღაპარია!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian