ორიოდ სიტყვით სპაერზე

ორიოდ სიტყვით კონფერენს ლიგაზე, სადაც ჩვენი ოთხი კლუბი ასპარეზობს: საქართველოს ჩემპიონი თბილისის იბერია 1999, თასის მფლობელი, ასევე თბილისის სპაერი, და ქუთაისის ტორპედო და გორის დილა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ოთხივე რომ დამარცხდა, ეს კი გეცოდინებათ, მაგრამ ახლა სხვა რამეზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას.

სპაერმა ევროთასებზე სადებიუტო მატჩი, ვენაში აუსტრიასთან, თერთმეტი ქართველით დაიწყო. ბოლოს მხოლოდ ქართული შემადგენლობა ევრომატჩში როდის ვნახე, ვერც ვიხსენებ. ზოგადად კი, ასეთი რამ უკიდურესად იშვიათია ევროპის საკლუბო ტურნირებში და ვიფიქრე, თბილისელები ერთადერთნი ხომ არ არიან ამ ამბავში-მეთქი. გადავამოწმე კონფერენს ლიგის ეგიდით ივლისში გამართული კიდევ 97 მატჩი და აღმოვაჩინე, რომ:

სპაერის გარდა კიდევ ორმა კლუბმა დაიწყო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში „მშობლიური“ სასტარტო შემადგენლობით: მონტენეგროს სუტიესკამ შინ, იერუსალიმის ბეითართან (1:2) და უნგრეთის პაკშმა, სლოვენიის მარიბორთან (1:0).

აუსტრიასთან ხსენებულ თამაშში სპაერის მაისურით ერთადერთი ლეგიონერი ვიხილეთ, სამხრეთაფრიკელი სიუანდა მათენჟვა, რომელმაც 78-ე წუთზე შეცვალა გიგა წურწუმია. ვიფიქრე, აბა ამ მხრივ რა ხდება ევროპაში-მეთქი და:

სუტიესკას შემადგენლობაშიც ერთ უცხოელს უთამაშია, სერბს, ხოლო პაკშმა შეცვლებზეც მხოლოდ უნგრელები შეიყვანა. და საერთოდ, ამ კლუბს უცხოელი ფეხბურთელი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, 2025-2026 წლების ევროგანაცხადში გადამთიელი არავინაა, მხოლოდ უნგრელები.

ხოლო თუ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებსაც გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ ლეგიონერების გარეშე ითამაშეს ტალინის ფლორამ (ესტონელები ისლანდიის ვალიურთან დამარცხდნენ 0:1 და 0:3) და ზემოხსენებულმა სუტიესკამ, რომელმაც ბრესტის დინამო (ბელარუსი) პირველ ეტაპზე ასევე ლეგიონერების გარეშე დაამარცხა (1:2 შინ და 2:0 სტუმრად) და მხოლოდ მეორე ეტაპისთვის დაიმატა სერბი.

სულ ამის თქმა მინდოდა. თანაც, ფეხბურთი მხოლოდ პრემიერლიგა ან ელ კლასიკო ხომ არაა? ისე კი, ნამეტნავად დაცხა მე და ჩემმა მზემ…

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 26 ივლისი
ფოტო: სპაერი

ka_GEGeorgian