ორის ორი

პეკინის ოლიმპიადის დაწყებიდან ზუსტად კვირა გავიდა და მეშვიდე საშეჯიბრო დღის წინ თამაშებს პირველი ორგზის ოქროს მედალოსნები ჰყავს: ორივე ჩრდილოელია, ორივე ქალბატონი გახლავთ, ორივე ივნისშია დაბადებული და ორივე მარინე გიორგის ასული ფერ…

მემაპატიეთ: ერთი მოციგურავეა – ნიდერლანდელი ირენ სხაუტენი, მეორე მოთხილამურე – ნორვეგიელი ტერეზე იოჰაუ. მართალია მათ გარდა კიდევ რამდენიმე ათლეტმა მოიპოვა ორი ოქროს მედალი, მაგრამ ისინი გუნდურში/წყვილშიც გახდნენ ჩემპიონები, ამ ორმა კი მხოლოდ ინდივიდუალური შეჯიბრებები მოიგო და ამიტომ გამოვყავი.

29 წლის სხაუტენი და 33 წლის იოჰაუ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პირველად 5 თებერვალს დადგნენ: ნიდერლანდელმა 3000 მეტრზე ჩქაროსნულ ციგურაობაში გაიმარჯვა, ნორვეგიელმა 15 კილომეტრზე თხილამურობა (სკიათლონი) მოიგო.

დღეს მათ მეორედ გაიხარეს: პირველმა 5 კილომეტრზე გარბენში აჯობა ყველას, სკანდინავიელმა 10 კილომეტრზე.

სხაუტენი მეორედ მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში. 2018 წელს პიონჩანში მან გუნდურში ბრინჯაო მოიგო.

იოჰაუ გაცილებით გამოცდილია: მსოფლიოს 14გზის ჩემპიონისთვის პეკინი 2022 მესამე ოლიმპიადაა. 2010 წელს, ვანკუვერში, ტერეზამ ესტაფეტაში გაიმარჯვა, 2014ში, სოჭში, ვერცხლსა და ბრინჯაოს დაეუფლა, ახლა კი უკვე ორი ოქრო აქვს. რაც შეეხება პიონჩანის თამაშებს, ნორვეგიელმა ის დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა – 2016 წლის დეკემბერში დოპინგზე ჩავარდა და ორი სეზონი გაუცდა.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian