ოთხიდან ოთხი?
გუშინდელი ფოტოა: ქალაქი ლივერპული, ენფილდ როუდი…
წუხელ იქ დიდი ზეიმი იყო – იურგენ კლოპის გუნდმა ნახევარფინალი მოიგო და ლიგის ფინალს მიუახლოვდა.
წითლებმა წელს უკვე მოიგეს ერთი ტიტული – ლიგის თასი.
წინ ასოციაციის თასის ფინალი ელით, გუშინდელი 2:0ით ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩსაც მიუახლოვდნენ და არც პრემიერლიგის თასია წარმოუდგენელი.
ოთხიდან ოთხი – დიდი შანსია კლოპის ბიჭებმა ეს სეზონი სრული ტრიუმფით დახურონ. ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ყველაფერი.
ენფილდ როუდზე დიდებული გაზაფხულია, მაგრამ გუდისონ პარკზე, სწორედ იქ, უკან რომ სტადიონი ჩანს, ავდარია და არავის ეზეიმება – პრემიერლიგის დასრულებამდე ექვსი მატჩით ადრე ევერტონი ბოლოდან მესამე ადგილზეა და ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება.
P.S. ნახევარფინალის მიმოხილვას ვკითხულობდი და ერთი ფაქტი დამამახსოვრდა. ჩემპიონთა ლიგაში კარისკენ დარტყმებს 2003-04 წლების სეზონიდან ითვლიან და მას შემდეგ ნახევარფინალში კარისკენ ერთადერთხელ მხოლოდ ორმა კლუბმა დაარტყა – ვილიარეალმა გუშინ, 2010 წლების გაზაფხულზე კი ინტერმა კამპ ნოუზე ბარსელონასთან.
უნაი ემერის ყვითელი წყალქვეშა ნავი, დიდი ალბათობით, საპასუხო მატჩში დაასრულებს გათამაშებას, ჟოზე მოურინიუს იმ ინტერმა კი, გემახსოვრებათ, ბარსა გააგდო, მადრიდში ბაიერნს აჯობა და თასიც მოიგო.
ლივერპული-ვილიარეალის კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი:
1: ლივერპულმა მეთორმეტედ ითამაშა ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში და მანჩესტერ იუნაიტედის „ინგლისური“ რეკორდი გაიმეორა.
2: ენფილდ როუდზე ჩატარებული 12 ნახევარფინალური მატჩიდან ლივერპულმა მე10 მოიგო. სხვა 2 ფრედ დასრულდა.
3: ლივერპულმა მე9 თამაში მოიგო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ეს საკლუბო რეკორდია თუ საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს არ ჩავთვლით.
4: იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაში 50ე გამარჯვება იზეიმა.
ამავდროულად: კლოპმა ზედიზედ მეოთხე საშინაო ნახევარფინალი მოიგო და ამით მარჩელო ლიპის და ოტმარ ჰიცფელდის რეკორდი გაიმეორა.
5: სადიო მანემ მე14 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში და დიდიე დროგბას „აფრიკული“ რეკორდი გაიმეორა.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 აპრილი)
ფოტო: UEFA.com