ოუენსის მეორე ოქროც იყიდება

ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსნის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 4-დან ერთ-ერთი ოქროს მედალი აუქციონზე გაიყიდება. ლოტის საწყისი ფასი 250 ათასი დოლარია.

მძლეოსნობაში არცერთ სხვა მედალს არ აქვს ისეთი ისტორიული წონა და ღირებლება, როგორიც ჯესი ოუენსის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშების ოქროს. იმ თამაშებზე არცერთ სხვა ათლეტს არ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, რაც ოუენსმა შეძლო. ჩვენთვის დიდი პატივია აუქციონზე გატანით მსოფლიოს ვაჩვენოთ სამუზეუმო ღირებულების ნივთი, – ჯესი ოუენსის ჯილდოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს Goldin Auctions-ის დამფუძნებელი კენ გოლდინი.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოუენსის მედალი აუქციონზე გააქვთ. 2013 წელს მისი ერთ-ერთი ჯილდო აუქციონზე 1 466 574 დოლარად გაიყიდა, რაც მაშინ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ რეკვიზიტში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.

აფროამერიკელი ჯესი ოუენსი ბერლინის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულიანი ათლეტი გახდა. მან ჩემპიონობა იზეიმა 100, 200 და 4X100 მეტრზე რბენასა და სიგრძეზე ხტომაში.

უცნობია, კონკრეტულად რომელ დისციპლინაში მოპოვებული ოქროს ჯილდო გადის აუქციონზე, რომელიც დეკემბერში ნიუ ჯერსის შტატში გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 ნოემბერი)

ka_GEGeorgian