ოთხი მიზეზი პატარა და კოხტა დელფტის მოსანახულებლად
დელფტი პატარა და მყუდრო ქალაქია, სადაც იმაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე, ვთქვათ, საბურთალოზე (გლდანსა და დიღომზე არაფერს ვამბობ). ამის მიუხედავად იქაურობას გაცილებით მეტი ტურისტი სტუმრობს, ვიდრე თბილისს მთელი წლის განმავლობაში.
მოგზაურობის მოყვარულთა ულევი ნაკადები რამდენიმე მიზეზით აიხსნება:
ერთი რომ დელფტის გული – ძველი ქალაქი ლამაზი, კოხტა და სეირნობისთვის ზედგამოჭრილია თავის კაფე-რესტორნებით და ათასი წვრილმანით გადავსებული მაღაზიებით;
მეორე – ნიდერლანდების სამეფო ოჯახის პატივისმცემლებისთვის უბრალოდ ვალია დელფტის მთავარ, ახალ ტაძარში მისვლა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა საფლავების დაფასება/მონახულება;
მესამე – დელფტი ნიდერლანდების ძველი დედაქალაქია;
და მეოთხე, ჩემი აზრით მთავარი – ამ პატარა ქალაქის კერამიკული ნაკეთობები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მისით მოხიბლულებისთვის იქაურობა ნამდვილი აღთქმული მიწაა.
კერამიკის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სილამაზე ყველგან და ყველაფერში მხიბლავს და მიზიდავს, ამიტომაც უნდა დაგიდასტუროთ, რომ დელფტელ ოსტატთა ნაკეთობები, როგორც პოეტი იტყოდა – საამო არის საცქრელად. ფასი რამდენიმე ევროდან ათეულ ათასებამდე მერყეობს და მხოლოდ მყიდველის გემოვნებით და საბანკო ანგარიშით განისაზღვრება საბოლოო არჩევანი.
კერამიკის საფირმო მაღაზიები მთავარ მოედანზეა, ზუსტად იქ, სადაც ხსენებული ახალი ტაძარია (ნიუე კერკი) და სადაც შორეული 1584 წლიდან სამეფო ოჯახის წევრებს კრძალავენ.
იმ ავადსახსენებელ წელიწადს, უფრო კონკრეტულად კი 10 ივლისს, გონდაბინდულ ბალთაზარ ხერარდს ნიდერლანდების მეფე ვილიამი მოუკლავს და რადგან სამეფო ოჯახის წევრთა განსასვენებელი – ქალაქი ბრედა – იმხანად კვლავაც ესპანელი დამპყრობლების ხელში იყო, დიდგვაროვანი მიცვალებული დელფტის ნიუე კერკში დაუკრძალავთ. ასე იქცა იქაურობა ნიდერლანდელ მეფეთა და მათი ოჯახის წევრთა უკანასკნელ განსასვენებლად…
დელფტი არანაკლებ ცნობილია ტექნოლოგიური უნივერსიტეტით, რომელიც მსგავსი პროფილის 4 ნიდერლანდული სასწავლებლიდან ერთ-ერთია. ხოლო რა ადგილი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ნიდერლანდელთა ცხოვრებაში, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს პატარა ქვეყანა ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში, ოფიციალურ მილიონერთა რაოდენობით კი ევროპაში პირველია.
მაგრამ თავი დავანებოთ ამ ამბებს. დელფტი ჩემთვის, როგორც რიგითი ტურისტისთვის უბრალოდ სასიამოვნო მოსანახულებელი ადგილი გამოდგა, სადაც თებერვლის ერთი ცივი, მაგრამ მშვენიერი დღე გავატარე. სასაცილო ბალახებით გაბრუებული მეგობრები რომ არა, დილიდანვე ჩავიდოდი დელფტში და ალბათ, გაცილებით მეტ ფოტოსაც გადავიღებდი, მაგრამ ეგ არაფერი – რას ვიზამთ, ძნელია ქართველობა. განსაკუთრებით ნიდერლანდებში.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
დელფტი, ნიდერლანდები; 2019 წლის 9 თებერვალი