პაკო ხენტო – 1933-2022

მადრიდის რეალის ლეგენდარული თავდასხმის მესამე წევრიც წავიდა: ფრანსისკო პაკო ხენტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა დროის ერთერთი უდიდესი მარცხენაფლანგელი კარგა ხნის განმავლობაში სამეფო კლუბის საპატიო ელჩი გახლდათ, მასავით დიდი ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალების შემდეგ კი (2014 წელს), კლუბის საპატიო პრეზიდენტი იყო.

ასეთი პატივი პაკო ხენტომ რეალში გატარებული 18 წლის გამო დაიმსახურა, რომლის განმავლობაში 24 ტიტული მოიგო, მათ შორის ლა ლიგა 12ჯერ, ჩემპიონთა თასი კი 6ჯერ! პირველი ესპანეთის რეკორდია, მეორე – მსოფლიოსი.

50-60იან წლებში, როცა დონ სანტიაგო ბერნაბეუს შექმნილი რეალი ევროპაში მეფობდა და ლამის ყოველ წელს ჩემპიონთა თასის ფინალში თამაშობდა, ხენტო ძირითადის შეუცვლელი წევრი გახლდათ: დი სტეფანოსთან და ფერენც პუშკაშთან ერთად უტევდა მეტოქის კარს. მტრისას, ეს სამეული ისეთ ამბებს ატრიალებდა!

იმ დიდებული შემადგენლობიდან ხენტო ერთადერთი იყო, რომელმაც 6ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი და ასევე ერთადერთი, რომელმაც 8ჯერ ითამაშა გადამწყვეტ მატჩში. 6 თასი დღემდე ტურნირის რეკორდია, მეორე კი მხოლოდ 2007 წელს გაიმეორა პაოლო მალდინიმ, რომელმაც ერთით ნაკლები, 5 ფინალი მოიგო…

606 მატჩი და 178 გოლი – ასეთია ხენტოს სამეფო სტატისტიკა და ამ რიცხვებს ბევრი ფორვარდი ინატრებდა, მაშინაც და ახლაც.

1960, 1961 და 1962 წლებში ესპანელი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. მსმენია, რომ იმხანად ბევრი კამათობდა, თუ ვინ იყო უკეთესი – ხენტო თუ მიხეილ მესხი. იმასაც ამბობდნენ, სანტიაგო ბერნაბეუმ მესხის გადაბირება ევროპის პირველი ჩემპიონატის პარიზული ფინალის შემდეგ ისურვაო…

ისიც უთქვამთ ჩემთვის, რომ 1963 წლის 23 ოქტომბერს, საფეხბურთო ასოციაციის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით უემბლიზე ინგლისელებსა და მსოფლიოს ვარსკვლავთა შორის გამართულ შეხვედრაში ხენტომ მხოლოდ მას შემდეგ ითამაშა, რაც მოსკოვმა თბილისის დინამოს ლეგენდა ბრიტანეთში არ გაუშვა. რამდენად ნაღდი ამბავია, არ ვიცი, მაგრამ ისეთმა ხალხმა მითხრა, ბევრი რომ დაეჯერება…

ძალიან დიდი ფეხბურთელი წავიდა. ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ტყუილად კი არ აღიარა XX საუკუნის უდიდეს ესპანელად.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian