ფახთაქორი 4:4 ოქროს ბიჭები
თბილისის დინამოს მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები 21-23 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ამხანაგური მატჩის გასამართად იმყოფებოდა.
22 ნოემბერს, 14 საათზე, დილიდანვე დატვირთული პროგრამის შემდეგ, ჩვენი დელეგაცია ტაშკენტის ფახთაქორის სტადიონს ესტუმრა, სარბიელს, სადაც 1964 წლის 18 ნოემბერს ოქროს ბიჭებმა მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხეს.
ვეტერანთა მატჩის დაწყებამდე ვლადიმერ ბარქაიამ და ილია დათუნაშვილმა 50 წლის წინანდელი მატჩის ამბები გაიხსენეს: რა ადგილიდან გაიტანეს გოლები, საიდან ჩაახვია ბურთი პირდაპირ კუთხურიდან ბატონმა ილიამ, როგორი ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მატჩი…
„დაუვიწყარი გამარჯვება იყო! ყველას გვჯეროდა, რომ ჩემპიონობა შეგვეძლო და საბედნიეროდ, შევძელით კიდეც. ბურთი კი, აი, ამ ადგილიდან ჩავახვიე – მანამდე ჩვენი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მავარჯიშებდა და როგორც გამოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. არც კი მჯერა, რომ იმ დღის შემდეგ ასეთი დიდი დრო გავიდა“, – გვითხრა ბატონმა ილიამ კუთხურის იმ ნიშნულთან, საიდანაც 1964 წლის მატჩში პირდაპირ შაპოვალენკოს კარში ჩაახვია ბურთი.
„მინდვრის საფარს ვუყურებ და გული მწყდება – ჩვენ დროს ასეთი კარგი მინდორი რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტს მივაღწევდით… სტადიონი დიდად არ შეცვლილა – თუ ინდივიდუალურ სკამებს არ ჩავთვლით, ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენ დროს იყო… როგორ გინდა დაიჯერო, რომ ოქროს მატჩიდან 50 წელი გავიდა? დღეს, ცხადია, ბედნიერი ვარ, მაგრამ ათჯერ უფრო გამიხარდებოდა, ჩემი თანაგუნდელებიც აქ რომ ყოფილიყვნენ“, – გვითხრა ბატონმა ვლადიმერ ბარქაიამ.
ორივე ოქროს ბიჭმა კიდევ არაერთი ისტორია გაიხსენა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფთან, რომლებიც ტაშკენტში თბილისის დინამოს დიდი გამარჯვების ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ.
„ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე! ცხადია თბილისელებს ვგულშემატკივრობდი, განსაკუთრებით კი ბორის სიჭინავა მიყვარდა, რომელიც მართლა გამორჩეული ფეხბურთელი იყო! თბილისის დინამოს და მოსკოვის ტორპედოს ოქროს მატჩზე დასასწრებად ბამბის პლანტაციიდან გამოვიპარე. ხელმძღვანელები ძალიან გამიბრაზდნენ, კინაღამ კომკავშირიდან გამრიცხეს“… – 50 წლის წინანდელი ამბები 66 წლის ჟურნალისტმა, ქალბატონმა ფახრუტდინ ფლორა გუმარმა გაიხსენა. ის ვლადიმერ ბარაქიას და ილია დათუნაშვილს ფახთაქორის სტადიონზე შეხვდა და სუვენირები უსახსოვრა.
ვეტერანთა მატჩი, რომელიც ორი 30წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ფრედ 4:4 დასრულდა. პირველი ტაიმი დინამოელებმა 3:1 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ფახთაქორმა იგივე ანგარიშით გაიმარჯვა. ჩვენი ბიჭებიდან 2-2 გოლი გაიტანეს მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი დემეტრაძემ, მათ გარდა კი საიუბილეო შეხვედრაში ითამაშეს ირაკლი ზოიძემ, სოსო გრიშიკაშვილმა, მამუკა მაჭავარიანმა, ირაკლი ვაშაკიძემ, გიორგი ანჩაბაძემ, გოგა გახოკიძემ, ლევან ცქიტიშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზურაბ ყიფიანმა, ალექსანდრე იაშვილმა და რატი ალექსიძემ. თბილისის დინამოს ვეტერანთა კაპიტანი მალხაზ მახარაძე გახლდათ.
„ჩვენი მეგობრების ხელშეწყობით, სასიამოვნო დღე გამოგვივიდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოქროს ბიჭების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს არაერთი ღონისძიება მიუძღვნა, ტაშკენტში ვეტერანების მატჩის გამართვა კი აქაური მეგობრების და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, მათ შორის ქართული ფეხბურთის ვეტერანებს, რომლებმაც დღეს ითამაშეს. ასევე მსურს მადლიერება გამოვხატო ელჩისადმი – ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა ფასდაუდებელი სამუშაო გასწია. მიხარია, რომ ოქროს ბიჭებს დაუვიწყარი დღეები ვაჩუქეთ“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ვეტერანთა მატჩის დასრულების შემდეგ.
დღის მიწურულს ტაშკენტის ფახთაქორის ხელმძღვანელებმა საქართველოდან ჩასულ სტუმრებს სასტუმრო უზბეკისტანში საზეიმო ვახშამზე უმასპინძლეს, სადაც უზბეკეთის ოლიმპიური კომიტეტის და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ლაშა გოდუაძე ტაშკენტიდან (www.msy.gov.ge; 2014 წლის 24 ნოემბერი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე