პარიზი 2024: 10 აგვისტო

10 აგვისტო – ქართული სპორტის დღე-სასწაული!
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა XXXIII თამაშებზე ორი ოქროს მედალი მოიგო! გრან პალე ეფემერაში ჯერ გენო პეტრიაშვილი გახდა 125კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონი, მცირე ხანში კი ვერსალის საგამოფენო ცენტრში ლაშა ტალახაძემ კვლავ დაამტკიცა, რომ მძიმეწონოსან ძალოსანთა შორის საუკეთესოა.

გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს ამჯერად ფინალში შეხვდა და ისევე როგორც ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში, ისევ სძლია ირანელ მეტოქეს – 10:9. მათი სამი წლის წინანდელი ორთაბრძოლა ქართველმა ფალავანმა 6:3 მოიგო!

ლაშა ტალახაძე გახდა პირველი, ვინც საქართველოს სახელით გაიმარჯვა სამ ოლიმპიადაზე. 10 აგვისტოს გამარჯვებით მან ლეგენდარული სამმხტომელის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარებული ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა, „სოხუმელმა კენგურუმ“ ზედიზედ მოიგო მეხიკო 1968, მიუნხენი 1976 და მონრეალი 1976.

პარიზული ტრიუმფით გენო პეტრიაშვილი პირველი ქართველი მოჭიდავე გახდა, თავისუფალშიც და ბერძნულ-რომაულშიც, ვინც სამი ოლიმპიური მედლის მოგება შეძლო. 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, მისთვის სადებიუტო თამაშებზე, გენო მესამე ადგილზე გავიდა, ტოკიოს ფინალს კი აღარ გავიხსენებ, ძალიან მტკივნეული და ემოციური ამბავია ჩემთვის, მხოლოდ შედეგს შეგახსენებთ – ვერცხლი. 10 აგვისტოს კი, ბოლოს და ბოლოს, გორელი მოჭიდავის ოქროს მედლით გავიხარეთ!

ლაშა ტალახაძე კი ქართველ ძალოსანთა შორის გახდა პირველი, ვინც სამი ოლიმპიური მედლით დაიმშვენა მკერდი. აქამდე ის დიტო შანიძის (მეხიკო 1968, მიუნხენი 1972) და გიორგი ასანიძის (2000, 2004) რეკორდის თანამფლობელი იყო, გუშინდელი საღამოს შემდეგ კი პირველია! ლაშას სამი ოლიმპიური ტრიუმფი თავადაც ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის დიდი დამსახურებაა, ის ხომ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ რიოს, ტოკიოს და პარიზის თამაშებზე.

გენო პეტრიაშვილი მესამე ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი მოიგო. პირველი, ვინც ეს მოახერხა, ნინო სალუქვაძე გახდა, თანამედროვე ოლიმპიადების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რეკორდის მფლობელი – ერთადერთი, რომელმაც ზედიზედ ათჯერ მიიღო მონაწილეობა თამაშებში და პირველი ქალი, ვინც ათ ოლიმპიადაზე ვიხილეთ. სალუქვაძემ ოქრო-ვერცხლი 1988 წელს მოიგო სეულში, ბრინჯაოს მედლით კი 2008 წელს დაამშვენა კოლექცია. 2021 წელს, ტოკიოში, მისი რეკორდი ლაშა შავდათუაშვილმა გაიმეორა, ვინც 2012 წელს ჩემპიონი გახდა, 2016 წელს კი ბრინჯაო მოიგო.

ლაშა ტალახაძე პირველი მძიმეწონოსანი ძალოსანი გახდა, რომელმაც სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა! თამაშების ორი ოქრო თავის დროზე ვასილი ალექსეევმა (საბჭოთა კავშირი; მიუნხენი 1972, მონრეალი 1976), ალექსანდრ კურლოვიჩმა (საბჭოთა კავშირი/გაერთიანებული გუნდი; სეული 1988, ბარსელონა 1992) და ირანელმა ჰოსეინ რეზაზადემ (სიდნეი 2000, ათენი 2004) მოიგეს.

გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის გახდა მეექვსე, რომელმაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშებიც მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას და ევროპირველობის ოქროს მედალიც. გენომდე კარიერული ჰეთ-თრიქი ლევან თედიაშვილმა, დავით გობეჯიშვილმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რევაზ მინდორაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეასრულეს.

ლაშა ტალახაძე მეექვსე ძალოსანია, რომელმაც ნებისმიერ წონით კატეგორიაში სამი ოლიმპიადა მოიგო! ასეთი საოცარი წარმატებით მხოლოდ ნაიმ სულეიმანოღლუ (თურქეთი; 1988-1992-1996), ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საბერძნეთის სახელით მოასპარეზე კახი კახიაშვილი (1992-1996-2000), ბერძენი პიროს დიმასი (1992-1996-2000), თურქი ჰალილ მუთლუ (1996-2000-2004) და ჩინელი შიაოჟუნ ლუ (2012, 2016, 2020) გამოირჩეოდნენ.

გენო პეტრიაშვილის ნანატრი ტრიუმფით თავისუფალი ჭიდაობა კვლავ ყველაზე წარმატებული სახეობა გახდა საქართველოს ოლიმპიური გუნდის ისტორიაში. ლაშა ბექაურის ოქროს მედლით ძიუდო დროებით გაუთანაბრდა ჭიდაობას – 8:8, მაგრამ 10 აგვისტოს შემდეგ ეს ანტიკური სახეობა კვლავ „წინ გაიჭრა“. აქვე სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონებსაც შეგახსენებთ: დავით ციმაკურიძე (1952), მირიან ცალქალამანიძე (1956), ლევან თედიაშვილი (1972, 1976), დავით გობეჯიშვილი (1988), ლერი ხაბელოვი (1992), რევაზ მინდორაშვილი (2008), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016).

ლაშა ტალახაძის ოქროს მედლით საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა! სამი ჩემპიონი ჩვენ ქვეყანას აქამდე მხოლოდ პეკინში ჰყავდა 2008 წელს (ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, რევაზ მინდორაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში და მანუჩარ კვირკველია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან).

დღის ბოლოს, როცა ყველა შეჯიბრება დასრულდა, პარიზის ოლიმპიადის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლას გადავხედე. საქართველო ოქროს სამი, ვერცხლის ორი და ბრინჯაოს მედლით 204 მონაწილეს შორის 24-ე ადგილზე იყო!

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჩვენ გუნდს ოქროს მედლის მოგების შანსი თამაშების უკანასკნელ დღესაც აქვს – ჩემპიონის ტიტულისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს, რომელმაც გენოს და ლაშას ჩემპიონობამდე დიდებული ასპარეზობით გაგვახარა და 97კგ წონით კატეგორიის მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ზედიზედ დაამარცხა სამხრეთაფრიკელი ნიკოლაას დე ლანჟი (12:2), უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძე (11:0) და აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი (5:0). ფინალშ გივის მოწინააღმდეგე ახმედ ტაჟუდინოვი იქნება, ოცდაერთი წლის დაღესტნელი, ვინც ბაჰრეინის დროშის ქვეშ ასპარეზობს.

გენო პეტრიაშვილის და ლაშა ტალახაძის ტრიუმფებს ოლიმპიური დღიურის მომდევნო თავშიც გამოვეხმაურები, დღევანდელი წერილის დანარჩენ ნაწილში კი სხვა სპორტის სახეობებზე დავწერ.

მშვენიერი ფინალით დასრულდა კაც ფეხბურთელთა ტურნირი: ესპანეთის ნაკრებმა 5:3 დაამარცხა საფრანგეთი და ისტორიაში მეორე ოლიმპიური ტიტული მოიგო! მათ პირველად 1992 წელს გაიხარეს, როცა შინ, ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს.

ასევე მეორე ტიტულისთვის იბრძოდა საფრანგეთის ნაკრებიც. ორმოცი წლის წინ, 1984 წელს, ლოს ანჯელესში, „სამფეროვნებმა“ პირველად მოიგეს ოლიმპიადა, ახლა კი ხელი მოეცარათ.

არადა, ტიერი ანრის გაწვრთნილმა გუნდმა პირველმა გაიტანა გოლი – ენცო მილომ მე-11 წუთზე დააწინაურა მასპინძლები. როცა მეტოქეები შესვენებაზე გავიდნენ, ტაბლოზე 1:3 ენთო სანტი დენიას გუნდის სასარგებლოდ. მე-18 და 25-ე წუთებზე ფერმინ ლოპესმა შეასრულა დუბლი, 28-ე წუთზე კი ალეხანდრო ბაენამ დაარტყა ზუსტად. ფრანგებმა ერთი ბურთი 79-ე წუთზე გაქვითეს შეცვლაზე შესული მანი აკლიუშის ზუსტი დარტყმით – 2:3, ძირითად დროს დამატებულ მე-3 წუთზე კი ჟან-ფილიპ მატეტამ უზომოდ გაახარა პარკ დე პრინსესის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები – 3:3.

მათდა სამწუხაროდ, დამატებით დროში ფრანგებმა ვეღარ გაძლეს: სერხიო კამელიომ მე-100 წუთზე კიდევ ერთხელ დააწინაურა ესპანეთი, 121-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:3.

სანტი დენიას გამარჯვება პირადად მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ. სამი წლით ადრე სწორედ ის ხელმძღვანელობდა ოლიმპიურ გუნდს და მაშინ ესპანელები ფინალში დამარცხდნენ.

ოლიმპიადის ოქრო მეექვსე ტიტულია, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა გუნდებმა წელს მოიგეს. კაცთა ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, 19-წლამდელებმა კი ასაკობრივ პირველობაზე. დანარჩენი სამი გამარჯვება ქალების ანგარიშზეა: 17 და 19-წლამდელებმა ევროთასები აღმართეს, ეროვნულმა კი უეფას ერთა ლიგაზე გაიხარა.

ოლიმპიურ ოქროს ესპანეთის ქალთა ნაკრებიც უტევდა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ბრაზილიასთან – 2:4, შემდეგ კი ბრინჯაოს მედალიც დათმო გერმანიასთან – 0:1. ქალთა ტურნირში ამერიკელებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც ფინალში 1:0 სძლიეს ბრაზილიელებს. ამერიკელი ქალბატონები მეხუთედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები 1996, 2000, 2004 და 2008 წლების შემდეგ.

მორიგი ოლიმპიური რეკორდი მაგიდის ჩოგბურთელთა ტურნირში დამყარდა. კაცთა გუნდების შეჯიბრება ჩინეთის ნაკრებმა მოიგო. ეს გასაკვირი და მოულოდნელი არაა, რეკორდი კი შემდეგში მდგომარეობს: ჩემპიონთა კაპიტანი, ჩინეთის ოლიმპიური გუნდის მედროშე ლონ მა ყველაზე ტიტულიანი ჩინელი სპორტსმენი გახდა, მეექვსედ მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი!

ოცდათხუთმეტი წლის მოთამაშე, რომელსაც მეტსახელად დიქტატორს და დრაკონს უწოდებენ, ოლიმპიურ ოქროს პირველად 2012 წელს დაეუფლა ლონდონში, გუნდის შემადგენლობაში. რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადებზე მან ერთეულთა პირველობაც მოიგო და გუნდურიც, პარიზში კი ძალიან დიდი როლი ითამაშა ნაკრების მორიგ გამარჯვებაში. რაც შეეხება პირად პირველობას, ლონ მას არ უთამაშია, ჩინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ასე. ცნობისათვის: მა ერთადერთი კაცია, რომელმაც ოლიმპიური ტიტული დაიცვა. ქალთა შორის ასეთი სამია, ყველა ჩინელი: იაპინ დენი (1992-1996), იუნინ ჟანი (2004-2008) და ტოკიოს და პარიზის ოლიმპიადების გამარჯვებული მენ ჩენი.

ოლიმპიური დღიურის ერთ-ერთ წინა წერილში უკვე ვახსენე ახალზელანდიელი კაიაკერი ლიზა კერინგტონი და ახლა კვლავ უნდა დავწერო მასზე. იმიტომ, რომ დღეს ის მესამედ გახდა პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი: ოთხ და ორადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე ჩემპიონობის შემდეგ ლიზამ პირადი პირველობაც მოიგო! უნგრელი დანუტა კოზაკის შემდეგ ახალზელანდიელი პირველია, ვინც ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა ამ დისციპლინაში. ლიზა აქამდეც ყველაზე წარმატებული ახალზელანდიელი ოლიმპიელი გახლდათ და დღევანდელი გამარჯვებით საკუთარი რეკორდი გაზარდა.

ალჟირელმა იმანე ხელიფმა კი XXXIII ოლიმპიადა ოქროს მედლით დაასრულა, ქალ მოკრივეთა ტურნირის ფინალში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია ჩინელ ლიუ იანს – 5:0. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ რა დროც უნდა გავიდეს, მას ამ ოქროს მედლით კი არა, პირველ რიგში იმ სკანდალით გაიხსენებენ, რაც პარიზში შეემთხვა.

გახმაურებული ამბავი, რომლის შესახებ დღიურის წინა თავებში დავწერე, ფინალის შემდეგაც გაგრძელდა. ალჟირელი სპორტსმენის გამარჯვებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი გამოეხმაურა, სპორტსმენს ოქროს მედალი მიულოცა, მოკრივეებს კი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც სპორტის შელახულ რეპუტაციას გამოასწორებდა და მომდევნო, ლოს ანჯელესის ოლიმპიადისთვის კრივის ტურნირზე იზრუნებდა. ამ თამაშებზე, გეცოდინებათ, კრივის შეჯიბრებები სოკ-ის სპეციალური კომისიის მეთვალყურეობით და ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ოლიმპიურ კრივთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ვფიქრობ, 2025 წელი ამ მხრივ შესაბამისი დროა. ყველა ეროვნული ფედერაციის ინტერესია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს ის კითხვის ნიშნები, რაც დღეს არსებობს“, – განაცხადა სოკ-ის თავკაცმა.

პარიზი 2024-ის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღის მიმოხილვას მძლეოსნობით დავასრულებ, სადაც დღეს ყველაზე მეტი, მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა.

პირველი ჩემპიონი კაცთა შორის გამოვლინდა მარათონში – სტაიერებმა დილით ირბინეს პარიზის ქუჩებში და დედაქალაქის შემოგარენში.

ოქროს მედალი ოცდათორმეტი წლის ეთიოპიელმა ტამილატ ტოლა აბერამ მოიგო და დიდებული საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს, რადგან ხვალ ოცდაცამეტისა ხდება. ტოლა მარათონის გამარჯვებული პირველი ეთიოპიელია გეზაენე აბერას (2000) შემდეგ, ზოგადად კი ამ ქვეყნის მეოთხე წარმომადგენელი, რომელმაც ამ ისტორიულ დისციპლინაში გაიმარჯვა. 1960 და 1964 წლებში ოქროს მედალი ლეგენდარულ აბებე ბიკილას ხვდა წილად, 1968 წელს მამო ვოლდეს, 2000 წელს კი ზემოხსენებულ აბერას.

2 საათი, 6 წუთი და 26 წამი – ეს დრო მოანდომა აფრიკელმა სპორტსმენმა დისტანციის გავლას და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა. ამასთანავე, მან ზედიზედ მეორე მარათონი მოიგო, 5 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმარჯვა. არც ის დავივიწყოთ, რომ ეს ტოლას მეორე ოლიმპიური მედალია, 2016 წელს, რიოში, მან ათ ათას მეტრზე გარბენი მოიგო.

კენიელი ელიუდ კიპჩოგე კი, ვინც მიჯრით მესამე ოლიმპიურ ოქროს უმიზნებდა (რაც არასდროს მომხდარა მარათონის ისტორიაში), ფინიშამდე ვერ მივიდა. რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს თამაშების გამარჯვებულმა ოცდამეათე კილომეტრზე შეწყვიტა ბრძოლა.

მარათონის გარდა ოლიმპიური რეკორდი ვიხილეთ კაცთა შორის 4X400 მეტრზე ესტაფეტაში და ქალთა შორის 1500 მეტრზე სირბილში. პირველ დისციპლინაში ამერიკელებმა გაიმარჯვეს, ქრისტოფერ ბეილის, ვერნონ ნორვუდის, ბრიუს დედმონის და რეი ბენჯამინის ოთხეულმა სულ ათი მეასედით აჯობა ბოტსვანის გუნდს – 2:54.43 წუთი. ამ უკანასკნელთა შორის სულ ბოლოს ირბინა 200 მეტრზე სპრინტში გამარჯვებულმა ლეცილე ტებოგომ და ბოტსვანის კვარტეტს ისტორიული ვერცხლის მედალი მოუტანა. ბოტსვანელებმა აფრიკის ახალი რეკორდიც დაამყარეს – 2:54.53 წუთი. მესამე ადგილზე ბრიტანელები გავიდნენ ევროპის ახალი რეკორდით – 2:55.83 წუთი.

ქალთა შორის 1500 მეტრზე გარბენში ოლიმპიური რეკორდით გამარჯვებულმა კენიელმა ფეით კიპიეგონმა კი მეორე მედალი მოიგო პარიზში, ხუთ ათას მეტრზე ის ვერცხლს დაეუფლა. ამაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ კენიელმა გოგონამ ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა 1500 მეტრზე სირბილში.

დღეისათვის სულ ეს იყოს, 10 აგვისტოს სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბებზე კი მომდევნი ჩანახატში დავწერ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 10 აგვისტო
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

10 აგვისტოს მედალოსნები

ბალახის ჰოკეი
ქალები
1.ნიდერლანდები
შან დე ვაარდი (კაპიტანი), ანე ვეენენდაალი, ლუნა ფოკე, ფრიიკე მოესი, ლიზა პოსტი, იუიბი იანსენი, რენეე ვან ლარჰოვენი, ფელიჩე ალბერსი, მარია ვერშოორი, სანე კოოლენი, ფრედერიკ მატლა, იოსი ბურგი, მარლენ იოხემსი, პიენ სანდერსი, მარიინ ვეენი, ლაურა ნუნინკი, პიენ დიკე, როზა ფერნიგი, იოსინ კონინგი
მწვრთნელი: პაულ ვან ასი
2.ჩინეთი
ზიშია ოუ (კაპიტანი), ჟიაო იე, ბინფენ გუ, ლიუ იანი, იუინ ჟანი, იუი ჩენი, ნინ მა, ჰონ ლი, ვენ დანი, მეირონ ზუ, ჟიანშინ ჰე, იუნშია ფანი, იან ჩენი, ვენიუ შუ, ჟიაცი ჟონი, ჟინჟუან ტანი, ანუი იუ, პინ ლიუ, იუ ჟუ
მწვრთნელი: ელისონ ანანი (ავსტრალია)
3.არგენტინა
როსიო სანჩეს მოკია (კაპიტანი), სოფია ტოკალინო, აგუსტინა გორსელანი, ვალენტინა რაპოსო, აგოსტინა ალონსო, აგუსტინა ალბერტარიო, მარია გრანატო, კრისტინა კოსენტინო, ვიქტორია საუზე, სოფია კაირო, ეუხენია ტრინჩინეტი, ლარა კასასი, ხუანა კასტელიარო, პილარ კამპოი, ხულიეტა იანკუნასი, ზოი დიასი, კლარა ბარბერი, ვალენტინა მარკუჩი, ვიქტორია მირანდა
მწვრთნელი: ფერნანდო ფერარა

ბრეიკინგი
ვაჟები
1.ფილიპ კიმი (კანადა)
2.დენის სივილი (საფრანგეთი)
3.ვიქტორ მონტალვო (აშშ)

გოლფი
ქალები
1.ლიდია კო (ახალი ზელანდია)
2.ესთერ ჰენსელაიტი (გერმანია)
3.შიუ ლინი (ჩინეთი)

ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
მედისონი
1.პორტუგალია (იური ლეიტაუ, რუი ოლივეირა)
2.იტალია (სიმონე კონსონი, ელია ვივიანი)
3.დანია (ნიკლას ლარსენი, მიქაელ მიორკევი)

თავისუფალი ჭიდაობა
კაცები
74კგ
1.რაზამბეკ ჟამალოვი (უზბეკეთი)
2.დაიჩი ტაკატანი (იაპონია)
3.კაილ დეიკი (აშშ)
3.ჩერმენ ვალიევი (ალბანეთი)
125კგ
1.გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2.ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი)
3.გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი)
3.ტაჰა აკგული (თურქეთი)
* * *
გენო პეტრიაშვილი
1/8 – ოლექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა) 11:0
1/4 – რობერტ ბარანი (პოლონეთი) 9:2
1/2 – გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი) 7:0
ფინალი – ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი) 10:9
ქალები
62კგ
1.საკურა მოტოკი (იაპონია)
2.ირინა კოლიადენკო (უკრაინა)
3.აისულუუ ტაინიბეკოვა (ყირგიზეთი)
3.გრეის ბულენი (ნორვეგია)

თანამედროვე ხუთჭიდი
კაცები
1.აჰმედ ელ გენდი (ეგვიპტე)
2.ტაიშუ სატო (იაპონია)
3.ჯორჯო მალანი (იტალია)

კაიაკი და კანოე – სპრინტი
კაცები
კაიაკი – 1000
1.იოზეფ დოსტალი (ჩეხეთი) – 3:24.07 წთ
2.ადამ ვარგა (უნგრეთი) – 3:24.76 წთ
3.ბალინტ კოპაში (უნგრეთი) – 3:25.68 წთ
ქალები
კანოე200
1.კეტი ვინსენტი (კანადა) – 44.12 წმ
2.ნევინ ჰარისონი (აშშ) – 44.12 წმ
3.იარისლეიდის სირილიო (კუბა) – 44.36 წმ
კაიაკი – 500მ
1.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 1:47.36 წთ
2.ტამარა შიპეში (უნგრეთი) – 1:48.44 წთ
3.ემა იორგენსენი (დანია) – 1:49.76 წთ

კალათბურთი
კაცები
1.აშშ
4.სტეფ კარი, 5.ენტონი ედვარდსი, 6.ლებრონ ჯეიმსი (კაპიტანი), 7.კევინ დურანტი, 8.დერიკ უაითი, 9.ტაირის ჰალიბარტონი, 10.ჯეისონ ტატუმი, 11.ჯოელ ემბიდი, 12.ჯრუ ჰოლიდეი, 13.ბემ ადებაიო, 14.ენტონი დევისი, 15.დევინ ბუკერი
მწვრთნელი: სტივ კერი
2.საფრანგეთი
1.ფრანკ ნტილიკინა, 5.ნიკოლა ბატუმი (კაპიტანი), 6.ენდრიუ ელბისი, 7.გერშონ იაბუსელე, 8.ისაია კორდინიე, 10.ევან ფურნიე, 12.ნანდო დე კოლო, 26.მათიას ლესორი, 27.რუდი გობერი, 32.ვიქტორ ვემბანიამა, 85.მატიო სტრაზელი, 99.ბილალ კულიბალი
მწვრთნელი: ვინსენ კოლე
3.სერბეთი
0.უროშ პლავშიჩი, 3.ფილიპ პეტრუშევი, 5.ნიკოლა იოვიჩი, 7.ბოგდან ბოგდანოვიჩი (კაპიტანი), 9.ვანია მარინკოვიჩი, 13.ოგნიენ დობრიჩი, 15.ნიკოლა იოკიჩი, 22.ვასილიე მიჩიჩი, 23.მარკო გუდურიჩი, 27.დეიან დავიდოვაცი, 30.ალეკშა ავრამოვიჩი, 33.ნიკოლა მილუტინოვი
მწვრთნელი: სვეტისლავ პეშიჩი

კრივი
კაცები
57კგ
1.აბდუმალიკ ხალოკოვი (უზბეკეთი)
2.მუნარბეკ სეიიტბეკ უულუ (ყირგიზეთი)
3.ჩარლი სენიორი (ავსტრალია)
3.ხავიერ იბანიესი (ბულგარეთი)
+92კგ
1.ბახოდირ ჯაბოლოვი (უზბეკეთი)
2.აიუბ ღადფა (ესპანეთი)
3.ნელვი ტიაფაკი (გერმანია)
3.ჯამილი-დინი აბუდუ მოინძე (საფრანგეთი)
ქალები
57კგ
1.იუ-ტინ ლინი (ტაივანი)
2.ჯულია შერემეტა (პოლონეთი)
3.ესრა ილდიზი (თურქეთი)
3.ნესთი პეტესიო (ფილიპინები)
75კგ
1.ციან ლი (ჩინეთი)
2.ათეინა ბეილონი (პანამა)
3.კეიტლინ პარკერი (ავსტრალია)
3.სინდი ნგამბა (ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი)

მაგიდის ჩოგბურთი
ქალები
გუნდური
1.ჩინეთი
(იუინშა სუნი, მანიუ ვანი, მენ ჩენი)
2.იაპონია (ჰინა ჰაიატა, მივა ჰარიმოტო, მიუ ჰირანო)
3.სამხრეთი კორეა (იუ-ბინ შინი, ი-ე ჟეონი, ეუნ-იუ ლი)

მძლეოსნობა
კაცები

800მ
1.ემანუელ ვანუონი (კენია) – 1:41:19 წთ
2.მარკო აროპი (კანადა) – 1:41.20 წთ
3.ჯამელ სეჯატი (ალჟირი) – 1:41.50 წთ
5000მ
1.იაკობ ინგებრიგტსენი (ნორვეგია) – 13:13.66 წთ
2.რონალდ კვემოი (კენია) – 13:15.04 წთ
3.გრანტ ფიშერი (აშშ) – 13:15.13 წთ
4X400მ
1.აშშ (ქრისტოფერ ბეილი, ვერნონ ნორვუდი, ბრიუს დედმონი, რეი ბენჯამინი; ქუინსი უილსონი) – 2:54.43 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ბოტსვანა (ბაიაპო ნდორი, ბუსან კოლენ კებინატშიპი, ანტონი პესელა, ლეცილე ტებოგო) – 2:54.53 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (ალექს ჰეიდოკ-უილსონი, მეთიუ ჰადსონ-სმითი, ლუის დევი, ჩარლი დობსონი; სემუელ რიერდონი, ტობი ჰარისი) – 2:55.83 წთ
მარათონი
1.ტამირატ ტოლა (ეთიოპია) – 2:06:26 სთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ბაშირ აბდი (ბელგია) – 2:06:47 სთ
3.ბენსონ კიპრუტო (კენია) – 2:07:00 სთ
სიმაღლეზე ხტომა
1.ჰემიშ კერი (ახალი ზელანდია) – 2.36 მ
2.შელბი მაკიუენი (აშშ) – 2.36 მ
3.მუტაზ ესა ბარშიმი (კატარი) – 2.34 მ
ქალები
100მ თარჯრბენი
1.მასაი რასელი (აშშ) – 12.33 წმ
2.სირენა სამბა-მაიელა (საფრანგეთი) – 12.34 წმ
3.ჟასმინ კამაჩო-ქუინი (პუერტო რიკო) – 12.36 წმ
1500მ
1.ფეით კიპიეგონი (კენია) – 3:51.29 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჯესიკა ჰალი (ავსტრალია) – 3:52.56 წთ
3.ჯორჯია ბელი (დიდი ბრიტანეთი) – 3:52.61 წთ
4X400
1.
აშშ (შემიერ ლითლი, სიდნი მაკლაფლინ-ლევრონი, გაბრიელე თომასი, ალექსის ჰოლმსი; კუანერა ჰეიესი, ალია ბატლერი, კეილინ ბრაუნი) – 3:15.27 წთ
2.ნიდერლანდები (ლიეკე კლავერი, კათელინ პეეტერსი, ლისანე დე ვიტე, ფემკე ბოლი; ეველინ საალბერგი, მერტი ვან დერ შოოტი) – 3:19.50 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (ვიქტორია უჰურუგუ, ლავიაი ნილსენი, ნიკოლ იერგინი, ამბერ ენინგი; იემი მერი ჯონი, ჰანა კელი, ჯოდი უილიამსი, ლინა ნილსენი) – 3:19.72 წთ
შუბის ტყორცნა
1.ჰარუკა კიტაგუჩი (იაპონია) – 65.80 მ
2.ჯო-ენი ვან დაიკი (სამხრეთი აფრიკა) – 63.93 მ
3.ნიკოლა ოგროდნიკოვა (ჩეხეთი) – 63.68 მ

მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური მრავალჭიდი
1.ჩინეთი (ციქი გუო, ტინ ჰაო, ჟანიუან უანი, ლანჟინ ვანი, შინუი დინი) – 69.800 ქულა
2.ისრაელი (ოფირ შაჰამი, დიანა სვერცოვი, ადარ ფრიდმანი, რომი პარიცკი, შანი ბაკანოვი) – 68.850 ქულა
3.იტალია (ალესია მაურელი, მარტინა ჩენტოფანტი, აგნეს დურანტი, დანიელა მოგურეანი, ლაურა პარისი) – 68.100 ქულა

მხატვრული ცურვა
დუეტი
1.ციანი ვანი, ლიუი ვანი (ჩინეთი) – 566.4783 ქულა
2.კეიტ შორტმენი, იზაბელ თორპი (დიდი ბრიტანეთი) – 558.5367 ქულა
3.ბრეგი დე ბრუვერი, ნორტხე დე ბრუვერი (ნიდერლანდები) – 558.3963 ქულა

პლაჟის ფრენბურთი
კაცები
1.შვედეთი (დევიდ აჰმანი, ჯონათან ჰელვიგი)
2.გერმანია (ნილს ელერსი, კლემენს ვიკლერი)
3.ნორვეგია (ანდერს მოლი, ქრისტიან სიორუმი)

სპორტული მეკლდეურობა
ქალები
კომბინირებული
1.იანია გარნბრეტი (სლოვენია)
2.ბრუკი რაბუტუ (აშშ)
3.ჯესიკა პილცი (ავსტრია)

ტაეკვონდო
კაცები
+80კგ
1.არიან სალიმი (ირანი)
2.ქედენ კანინგემი (დიდი ბრიტანეთი)
3.რაფაელ ალბა (კუბა)
3.შეიხ სალაჰ სისე (კოტ დ’ივუარი)
ქალები
+67კგ
1.ალთეა ლორინი (საფრანგეთი)
2.სვეტლანა ოსიპოვა (უზბეკეთი)
3.და ბინ-ლი (სამხრეთი კორეა)
3.ნაფია ქუში (თურქეთი)

ფეხბურთი
ქალები
1.აშშ
მეკარეები – 1.ალისა ნაერი, 18.კეისი მერფი, 22.ჯეინ კემპბელი
მცველები – 2.ემილი ფოქსი, 4.ნაომი გრიმა, 6.კეისი კრუგერი, 12.ტიერნა დევიდსონი, 13.ჯერნა ნაისვონგერი, 21.ემილი სემსი
ნახევარმცველები – 3.კორბინ ალბერტი, 10.ლინდსი ჰორენი, 14.ემილი სონეტი, 16.როუზ ლევილი, 17.სემ კოფი, 20.კროი ბეთუნი
თავდამსხმელები – 5.ტრინიტი როდმენი, 7.კრისტალ დანი, 8.ლინ უილიამსი, 9.მელორი სუონსონი, 11.სოფია სმითი, 15.ჯეიდინ შო, 19.ჰალ ჰერშფელტი
მწვრთნელი: ემა ჰეისი
2.ბრაზილია
მეკარეები – 1.ლორენა, 12.ტაინა, 22.ლუსიანა
მცველები – 2.ანტონია, 3.ტარსიანე, 4.რაფაელე სოუზა, 6.ტამირეში, 13.იასმიმი, 15.თაისი, 21.ლაურენი
ნახევარმცველები – 5.დუდა სამპაიუ, 8.ვიტორია იაია, 17.ანა ვიტორია, 20.ანჟელინა
თავდამსხმელები – 7.კეროლინი, 9.ადრიანა, 10.მარტა, 11.ჯენიფერი, 14.ლუდმილა, 16.გაბი ნუნეში, 18.გაბი პორტილიო, 19.პრისილა
მწვრთნელი: არტურ ელიაში
3.გერმანია
მეკარეები
– 1.მერლე ფრომსი, 12.ან-კატრინ ბერგერი, 22.სტინა იოჰანესი
მცველები – 2.სარაი ლინდერი, 3.კეტრინ ჰენდრიხი, 4.ბიბიანე შულცე, 5.მარინა ჰეგერინგი, 13.სარა დოორსუნი, 15.ჯულია გვინი, 19.ფელისიტას რაუხი, 20.პია სოფი ვოლტერი
ნახევარმცველები – 6.იანინა მინგე, 8.სიდნი ლოჰმანი, 14.ელისა სენცი, 16.ჯული ბრანდი
თავდამსხმელები – 7.ლეა შულერი, 9.სიოეკე ნუსკენი, 10.ლაურა ფრაიგანგი, 11.ალექსანდრა პოპი, 17.კლარა ბიული, 18.ვივიენ ენდემანი, 21.ნიკოლ ანუომი
მწვრთნელი: ჰორსტ ჰრუბეში

ფრენბურთი
კაცები
1.საფრანგეთი
ბართოლომი შინენუეზე, ჟენია გრებენიკოვი, ჟან პატრი, ბენჟამინ ტონიუტი (კაპიტანი), კევინ ტილიე, ერვინ ნგაპე, ანტუან ბრიზარი, ნიკოლა ლე გოფი, ტრევორ კლევენო, იასინე ლუატი, თეო ფორი, ქუენტინ ჟოფრი
მწვრთნელი: ანდრეა ჯიანი
2.პოლონეთი
ლუკაშ კაშმარეკი, ბარტოშ კურეკი (კაპიტანი), ვილფრედო ლეონი, ალეკსანდერ შლივკა, გრჟეგოჟ ლომაში, იაკუბ კოხანოვსკი, კამილ სემენიუკი, პაველ ზატორსკი, მარცინ იანუში, მატეუშ ბიენიეკი, ტომაშ ფორნალი, ნორბერტ ჰუბერი
მწვრთნელი: ნიკოლა გრბიჩი
3.აშშ
მეტ ანდერსონი, აარონ რასელი, ჯეფრი იენდრიკი, ტორი დეფალკო, მიკა ქრისტენსონი (კაპიტანი), მაქსუელ ჰოლტი, მიკა მაა, თომას იაეშკე, გარეტ მიაგუტუტია, ტეილორ ევერილი, დევიდ სმითი, ერიკ შოჯი
მწვრთნელი: ჯონ სპერო

ძალოსნობა
კაცები
+102კგ
1.ლაშა ტალახაძე (საქართველო) – 470 კგ (215 + 255)
2.ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი) – 467 კგ (215 + 252)
3.გორ მინასიანი (ბაჰრეინი) – 461 კგ (216 + 245)
ქალები
81კგ
1.სოლფრიდ კოანდა (ნორვეგია) – 275 კგ (ოლიმპიური რეკორდი) (121 + 154, ოლიმპიური რეკორდი)
2.სარა აჰმედი (ეგვიპტე) – 268 კგ (117 + 151)
3.ნეისი დახომესი (ეკვადორი) – 267 კგ (122 + 145)

ცურვა
კაცები
10კმ
1.კრიშტოფ რაშოვსკი (უნგრეთი) – 1:50:52.7 სთ
2.ოლივერ კლემეტი (გერმანია) – 1:50:54.8 სთ
3.დავით ბეტლეჰემი (უნგრეთი) – 1:51:09.0 სთ

წყალბურთი
ქალები
1.ესპანეთი
პილი პენია (კაპიტანი), ლაურა ესტერი, ისაბელ პირალკოვა, ანი ესპარი, ბეატრის ორტისი, ნონა პერესი, პაულა კრესპი, ელენა რუისი, ჯუდიტ ფორსა, პაულა კამუსი, მაისა გარსია გოდოი, პაულა ლეიტონი, მარტინა ტერე
მწვრთნელი: მიკი ოკა
2.ავსტრალია
ზოი არანსინი (კაპიტანი), გაბრიელა პალმი, კეესია გოფერსი, ელე არმიტი, ბრონტე ჰელიგენი, სიენა გრინი, ები ენდრიუსი, შარლიზ ენდრიუსი, სიენა ჰერნი, ელის უილიამსი, მატილდა კერნსი, დანიელა იაკოვიჩი, ჟენევიევ ლონგმენი
მწვრთნელი: რებეკა რიპონი
3.ნიდერლანდები
საბინა ვან დერ სლოოტი (კაპიტანი), ლაურა აარტსი, აირის ვულვსი, ბრიგიტე სლეკინგი, მაარტი კიონინგი, სიმონე ვან დე კრაატსი, ბენტე როხე, ვივიენ სევენიჩი, ლაიტი-ლინ იუსტრა, ლიეკე როხე, ლოლა მოლდჰუიზენი, ნინა ტენ ბროეკი, სარა ბუისი
მწვრთნელი: ევანგელოს დუდესისი (საბერძნეთი)

წყალში ხტომა
კაცები
კოშკი (10მ)
1.იუან საო (ჩინეთი) – 547.50 ქულა
2.რიკუტო ტამაი (იაპონია) – 507.65 ქულა
3.ნოა უილიამსი (დიდი ბრიტანეთი) – 497.35 ქულა

ხელბურთი
ქალები
1.ნორვეგია
ვერონიკა კრისტიანსენი, მარენ ნილენდ ორდალი, სტინე სკოგრანდი, ნორა მიორკი, სტინე ბრედალ ოფტედალი, სილე სოლბერგ-იოსთასეი, კარი ბრატსეტ დელი, კრისტინე ბრეისტო, ვილდე ინგსტადი, კატრინე ლუნდე, მარიტ რიოსბერგ იაკობსენი, კამილა ჰერემი, სანა სოლბერგ-ისაკსენი, ჰენი რაისტადი, თელე რუშფელდტ დეილა
მწვრთნელი: ბიორირ ჰერგეისრონი (ისლანდია)
2.საფრანგეთი
ლაურა გლოსერი, მელინ ნოკანდი, ალისია ტუბლანი, ქლოი ვალენტინი, კორალი ლასურსი, გრეის ზაადი, ლორა ფლიპე, კლეოპატრე დარლო, ორლეინ კანორი, ტამარა ჰორაჩეკი, პაულეტა ფოპა, ესტელ ნზე მინკო, ორიანე ონდონო, ლუსი გრანიე, სარა ბუკტიტი, ლენა გრანდვო, ჰატადუ საკო
მწვრთნელი: ოლივიე კრუმბოლცი
3.დანია
სანდრა ტოფტი, სარა ივერსენი, ჰელენა ელვერი, ანე მეტე ჰანსენი, კატრინე ჰეინდალი, ლინე ჰაუგსტედი, ალთეა რაინჰარდტი, მეტე ტრანბორგი, კრისტინა იორგენსენი, ტრინე იოსტერგორი, ლუიზე ბურგორი, მიე ჰიოლუნდი, ემა ფრიისი, რიკე ივერსენი, მიქალა მიოლერი
მწვრთნელი: იესპერ იენსენი

ka_GEGeorgian