პარიზი 2024: 11 აგვისტო
XXXIII ოლიმპიური თამაშების უკანასკნელი საშეჯიბრო დღის მიმოხილვას ერთი საინტერესო ფაქტით დავიწყებ, რომელიც 10 აგვისტოს დღე-სასწაულს ეხმიანება: ჩვენი სპორტის ისტორიაში მხოლოდ მეექვსედ მოხდა, რომ საქართველოს გუნდის ორი წევრი ერთ დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
გენო პეტრიაშვილის და ლაშა ტალახაძის პარიზული ტრიუმფების გამო 10 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში. პირველი ასეთი ფაქტი კი შორეულ 1952 წლის 23 ივლისს მოხდა, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, რომელიც სადებიუტო იყო ჩვენი სპორტსმენებისთვის.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია. ეს ფაქტი ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია, ოღონდ ქალთა შორის, ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელი და ესეც ცნობილია სპორტის მოყვარულებისთვის. ჰოდა, მათ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები ერთ დღეს მოიგეს, 23 ივლისს, ჯერ ციმაკურიძემ, მცირე ხანში კი ქალბატონმა მედეამ. აი, ეს ამბავი კი ბევრმა არ იცის.
ჰელსინკის ოლიმპიადიდან დაწყებული ქართველები მუდამ მონაწილეობენ თამაშებში, 1952 წლის 23 ივლისის მსგავსი საოცარი, „ოქროს დღეები“ კი კიდევ ხუთჯერ გათენდა.
1964 წელს, ტოკიოს თამაშებზე, ორმა ქართველმა მოიგო ოქროს მედალი და ორივემ ერთ დღეს. 23 ოქტომბერს ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა და ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი, რომელმაც ასევე გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა ოქროს მედალი.
1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა, ჩემპიონთა რაოდენობის მხრივ, ყველაზე წარმატებულია ჩვენი სპორტის ისტორიაში – საქართველოდან წარგზავნილი ექვსი სპორტსმენი დაეუფლა მთავარ ჯილდოს. მათგან სამი 9 სექტემბერს: ფოთელი კაიაკერი ვიქტორ კრატასიუკი მეწყვილესთან ერთად, კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში კი ზურაბ საკანდელიძემ და მიხეილ ქორქიამ გაიხარეს.
1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშები უკანასკნელი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისთვის. სამხრეთი კორეის დედაქალაქში ხუთი ქართველი გახდა ჩემპიონი, მძიმეწონოსანმა მოჭიდავემ დავით გობეჯიშვილმა და ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა კი ოქროს მედლები 1 ოქტომბერს მოიგეს, რამდენიმე საათის ინტერვალით. ჯერ გობეჯიშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ კი თბილისის დინამოელი.
ერთ-ერთ ინტერვიუში გელამ 1988 წლის 1 ოქტომბერი ასე გაიხსენა: „ბრაზილიელებთან ფინალში, შესვენების დროს, სტადიონზე დავით გობეჯიშვილის ჩემპიონობის შესახებ გამოაცხადეს და იმ ამბავმა ძალა შემმატა. ჩემთვის ვიფიქრე, სადაც დათო გახდა ჩემპიონი, იქ მეც უნდა გავიმარჯვო-მეთქი“. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა 2:1 მოიგო ფინალი და კეტაშვილიც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.
მომდევნო, ბარსელონის ოლიმპიადაზე ჩვენმა სპორტსმენებმა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ, ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ გუნდში იასპარეზეს, 1994 წლის ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადიდან კი ქართველები ჩვენი ქვეყნის დროშით გამოდიან თამაშებზე. „თეთრ ოლიმპიადებზე“ ჯერ მედალი არ მოგვიგია, სამაგიეროდ, ატლანტა 1996-დან დაწყებული ჩვენი გუნდი ყოველთვის ეუფლება ოლიმპიურ მედალს ზაფხულის თამაშებზე.
პარიზამდე პეკინის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული. ჩინეთის დედაქალაქში სამი ქართველი შედგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე: ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია და რევაზ მინდორაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში. პირველმა ორმა ერთ დღეს გაგვახარა, ცირეკიძის და კვირკველიას პატივსაცემად 13 აგვისტოს აღიმართა საქართველოს დროშა და აჟღერდა ჰიმნი.
გავიდა თექვსმეტი წელიწადი და 2024 წლის 10 აგვისტოს გენომ და ლაშამ გაგვახარეს. მათი გამარჯვებებით საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა სწორედ პეკინის რეკორდი გაიმეორა – სამი ოქროს მედლით დასრულა ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრება.
ჩვენ გუნდს მეოთხე ოქროს შანსიც ჰქონდა, მაგრამ 97კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილი ფინალში 0:2 დამარცხდა ბაჰრეინელ ახმედ ტაჟუდინოვთან. გივის წაგების გამო ძალიან დამწყდა გული, რადგან მან ფინალამდე მშვენივრად იჭიდავა: სამხრეთაფრიკელი დე ლანჟი ვადაზე ადრე დაამარცხა – 12:2, არანაკლებ შთამბეჭდავ სტილში აჯობა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს – 11:0, ნახევარფინალში კი უბრალოდ შანსი არ დაუტოვა აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს – 5:0. სხვათა შორის, გივიმ სწორედ მას სძლია ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალში, ბუქარესტში რომ გაიმართა. ქართველი ფალავნის უპირატესობა რუმინეთის დედაქალაქში უფრო დიდი იყო – 7:1. და ბარემ ეს სასიამოვნო ფაქტიც აღვნიშნოთ: აზერბაიჯანელი იყო გივის მეტოქე ევროპის შარშანდელი პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში და მაშინაც ქართველმა გაიმარჯვა – 4:3.
პარიზი 2024-ის ვერცხლი გივი მაჭარაშვილის მეექვსე მედალია უმაღლესი რანგის შეჯიბრებებში. ევროპირველობების ოქროს გარდა მან 2019 წელს, მინსკში, ევროპის II თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა, 2022 და 2023 წლების მსოფლიო პირველობები კი მესამე ადგილზე დაასრულა.
საერთო ჯამში საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა შვიდი მედალი მოიგო პარიზში: ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე ჩემპიონები გახდნენ, ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი – ვიცე-ჩემპიონები, ლაშა გურული კი ბრინჯაოს პრიზიორი.
თუ მედლების რაოდენობას შევხედავთ, პარიზი 2024 პეკინის და ტოკიოს თამაშებს ერთი ჯილდოთი ჩამოუვარდება, ჩინეთის და იაპონიის დედაქალაქში ჩვენმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა, მაგრამ ოლიმპიადებზე, მოგეხსენებათ, მედლების ხარისხია უპირატესი, ამ მხრივ კი პარიზში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი ვიხილეთ: სამი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და ბრინჯაო. პეკინში ქართველებმა სამი ოქროს გარდა ორი ვერცხლი მოიპოვეს (თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ და ძალოსანმა არსენ კასაბიევმა), ასე რომ, სეოკ-ის დევიზი – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე – თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა.
არაოფიციალურ ჩათვლაში ამერიკის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც ჩინეთს პირველი ადგილი მეტი ვერცხლით აართვა. ამერიკელებმა ოქროს 40, ვერცხლის 44 და ბრინჯაოს 27 მედალი მოიპოვეს, ჩინელების აქტივში კი 91 ჯილდოა – 40-27-24.
თემას საქართველოს გუნდით დავასრულებ. XXXIII ოლიმპიადაზე 204-მა ნაკრებმა იასპარეზა. მინიმუმ ერთი ბრინჯაო 91-მა მოიგო, ჩვენი ქვეყანა კი ჩამონათვალში 24-ე ადგილზე გავიდა, რუმინეთის შემდეგ და ბელგიის წინ. აქამდე საუკეთესო შედეგი 28-ე ადგილი იყო, პეკინში, 2008 წელს.
10 და 11 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებების ფინალები გაიმართა. პარიზმა კალათბურთის ოლიმპიურ ისტორიაში გამარჩეულ შეჯიბრებებს უმასპინძლა. ოქროს მედალი კაცებშიც ამერიკამ მოიგო და ქალებშიც. ამერიკელებმა ორივე შემთხვევაში ფრანგებს სძლიეს – კაცებმა 98:87, ქალებმა – 67:66.
სანამ უშუალოდ ფინალური შეხვედრების საინტერესო ამბებს გავიხსენებ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა აღვნიშნო: საკალათბურთო მატჩებს მილიონ 78 ათას 319 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბილეთების უმეტესობა კაცთა თამაშებზე გაიყიდა, რადგან საფრანგეთის, სერბეთის, გერმანიის და ესპანეთის მშვენიერ გუნდებს რომ თავი დავანებო, ამერიკელებმა ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემადგენლობას მოუყარეს თავი. სტივ კერის გუნდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი სუპერვარსკვლავი იყო და რა გასაკვირია, რომ „ოცნების გუნდმა“ პრობლემების გარეშე მოიგო ოლიმპიადა. ვინმემ, შესაძლოა, სერბეთთან ნახევარფინალი შემახსენოს, მაგრამ პირადად მე იმ მატჩის უკანასკნელი მეოთხედის დაწყებამდეც მჯეროდა, რომ ფინალში ამერიკა გავიდოდა.
ფინალს რაც შეეხება, ვინსენ კოლეს მომზადებულმა საფრანგეთის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ტოკიოში ნაჩვენები შედეგი მაინც ვერ გააუმჯობესა, ისევ მეორე ადგილზე გავიდა. თავად კოლე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) ოლიმპიადის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
რაც შეეხება კაცთა ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეს, ეს საპატიო ტიტული ამერიკელთა ოცდაცხრამეტი წლის კაპიტანს, ლებრონ ჯეიმსს ერგო. ფრანგებთან ფინალში მან 14 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა, ოლიმპიადაზე კი საშუალოდ 14.2 ქულას, 6.8 მოხსნას და 8.5 პასს აგროვებდა. ჩაჭრებში ჯეიმსი ოლიმპიადის რეკორდსმენი გახდა, რუს ალექსანდრ კირილენკოს გადაასწრო.
„მეფე“ ოლიმპიადის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა დენის შრიოდერთან (გერმანია), ნიკოლა იოკიჩთან (სერბეთი), ვიქტორ ვემბანიამასთან (საფრანგეთი) და თანაგუნდელ სტეფ კარისთან ერთად. ეს უკანასკნელი სერბეთთან ნახევარფინალის და მასპინძლებთან ფინალის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ: პირველებთან 36 ქულა მიითვალა, ფრანგებს კი ერთით ნაკლები, რვა სამქულიანი ჩაუგდო და 24 ქულით დაასრულა ფინალი.
თუ სტეფ კარი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლებრონ ჯეიმსმა მესამე ოქროს მედალი მოიგო, კევინ დურანტმა კი მეოთხედ იზეიმა გამარჯვება და ამ მხრივ ერთადერთია კაცთა შორის.
სერბეთთან ნახევარფინალში ლებრონმა სამმაგი დუბლი მიითვალა და გახდა პირველი, რომელმაც ოლიმპიადებზე ასეთი რამ მეორედ შეძლო, გერმანიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ნიკოლა იოკიჩიც ჩაეწერა სამმაგი დუბლების ავტორთა ჩამონათვალში. სერბმა გიგანტმა მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ 19 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ფინალის შემდეგ ლებრონს ჰკითხეს, 2028 წლის ოლიმპიადაზე თუ ითამაშებთო, რაზეც „მეფემ“ ორაზროვანი პასუხი გასცა: „ოთხი წლის წინ ვერც იმას ვიფიქრებდი პარიზში თუ ვითამაშებდი, მაგრამ 2028 წელი მაინც ძალიან შორსაა. თან, მალე ორმოცი წლის ვხდები… გამორიცხული არაფერია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ლოს ანჯელესში უფრო მაყურებელი ვიქნები, ვიდრე ოლიმპიური გუნდის წევრი“.
გაცილებით საინტერესო გამოდგა ქალ კალათბურთელთა ფინალი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა მაინც ვერ დაასრულა ამერიკელების 32-წლიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც ახლა 61 თამაშს ითვლის.
ამერიკელთა ვეტერანს დიანა ტაურასს კი ცალკე ვახსენებ, რადგან ის გახდა პირველი კალათბურთელი თამაშების ისტორიაში, რომელმაც მიჯრით ექვსი ოლიმპიადა მოიგო!
ასევე ორი მედალი მოიგო ამერიკამ ფრენბურთში, მაგრამ ოქროსი ერთიც არაა. კაცებს შორის ამერიკელებმა ბრინჯაო მოიპოვეს, ქალები კი ფინალში დამარცხდნენ – 0:3 იტალიასთან. სკუადრა აძურამ ოლიმპიური მედალი მეშვიდე ცდიდან მოიგო და ეგრევე ოქროს დაეუფლა. აქამდე იტალიელი ქალების საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი იყო.
სენ-კუენტინის და იველინის ნაციონალურ ველოტრეკზე თამაშების უკანასკნელ დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. ნიდერლანდების გუნდის ლიდერმა ჰარი ლავრეისენმა პირად და გუნდურ სპრინტში გამარჯვებებს დღეს კეირინში ჩემპიონობაც დაურთო და სამი ოქროს მედლით პარიზი 2024-ის ერთ-ერთ გმირად მოგვევლინა. ნიდერლანდების პატარა ქალაქ ლიუკსგესტელში დაბადებული ბიჭი უკვე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია: სპრინტის ორივე დისციპლინა ტოკიოშიც მოიგო, კეირინში კი ბრინჯაო დაიმსახურა. ლავრეისენი რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ველომრბოლია, ეს მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ოცდახუთი ოქროს მედლითაც დასტურდება.
11 აგვისტოს მიმოხილვას ქალთა მარათონით დავასრულებ, რადგან ამ დისციპლინის ოლიმპიურ ისტორიაში ყველაზე დაძაბული ფინალი ვიხილეთ: ნიდერლანდების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სტაიერმა სიფან ჰასანმა მხოლოდ სამი წამით აჯობა ეთიოპიელ ტიგსტ ასეფას! ჰასანი ქალთა მარათონის პირველი ევროპელი გამარჯვებულია სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის შემდეგ. ავსტრალიაში რუმინელმა კონსტანტინა ტომესკუმ გაიხარა.
2 საათი, 22 წუთი და 55 წამი – ამ შედეგით მოიგო ჰასანმა პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი. ეს მისი მესამე ჯილდოა საფრანგეთის დედაქალაქში, 5 და 10 ათას მეტრზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლების შემდეგ. არადა, სამი წლის წინ, ტოკიოში, მან სწორედ ამ დისტანციებზე გაიმარჯვა.
პარიზული მარათონის ჩემპიონობით ეთიოპიაში დაბადებული ჰასანი პირველი ქალი მძლეოსანი გახდა ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ყველა გრძელ დისტანციაზე მოიგო – 5 და 10 ათას მეტრზე და მარათონში.
თამაშების დახურვის ცერემონიაზე კი ხვალინდელ ჩანახატში იყოს. პარიზელები საოცარ სანახაობას გვპირდებიან და იმედია ასეც იქნება.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 11 აგვისტო
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
11 აგვისტოს მედალოსნები
ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
კეირინი
1.ჰარი ლავრეისენი (ნიდერლანდები)
2.მეთიუ რიჩარდსონი (ავსტრალია)
3.მეთიუ გლეცერი (ავსტრალია)
ქალები
ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ჯენიფერ ვალენტე (აშშ) – 144 ქულა
2.დარია პიკულიკი (პოლონეთი) – 131 ქულა
3.ელი უოლესტონი (ახალი ზელანდია) – 125 ქულა
სპრინტი
1.ელის ენდრიუსი (ახალი ზელანდია)
2.ლეა ფრიდრიხი (გერმანია)
3.ემა ფინუკანე (დიდი ბრიტანეთი)
თავისუფალი ჭიდაობა
კაცები
65კგ
1.კოტარო კიუოოკა (იაპონია)
2.რაჰმან ამუზადი (ირანი)
3.სებასტიან რივერა (პიერტო რიკო)
3.ისლამ დუდაევი (ალბანეთი)
* * *
გოდერძი ძებისაშვილი
1/8 – ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი) 0:11
97კგ
1.ახმედ ტაჟუდინოვი (ბაჰრეინი)
2.გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
3.მაგომედხან მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
3.ამირ ალი აზარპირა (ირანი)
* * *
გივი მაჭარაშვილი
1/8 – ნიკოლაას დე ლანჟი (სამხრეთი აფრიკა) 12:2
1/4 – მურაზ მჭედლიძე (უკრაინა) 11:0
1/2 – მაგომედხან მაგომედოვი (აზერბაიჯანი) 5:0
ფინალი – ახმედ ტაჟუდინოვი (ბაჰრეინი) 0:2
ქალები
76კგ
1.იუკა კაგამი (იაპონია)
2.კენედი ბლეიდსი (აშშ)
3.მილაიმის მარინი (კუბა)
3.ტატიანა რენტერია (კოლუმბია)
თანამედროვე ხუთჭიდი
ქალები
1.მიშელ გულიაში (უნგრეთი) – 1461 ქულა (მსოფლიო რეკორდი)
2.ელოდი კლოვე (საფრანგეთი) – 1452 ქულა
3.სონ-მინ სონი (სამხრეთი კორეა) – 1441 ქულა
კალათბურთი
ქალები
1.აშშ
ჯიუელ ლოიდი, კელსი პლამი, საბრინა იონესკუ, კალეა კუპერი, ჩელსი გრეი, ეიჯა უილსონი, ბრიანა სტიუარტი, ნაფისა კოლიე, დიანა ტაურასი, ჯეკი იანგი, ელისა თომასი, შერილ რივი
მწვრთნელი: შერილ რივი
2.საფრანგეთი
მარინე ფოტო, ალიშა შერი, სარა მიშელი, ვალერიენ აუაი, ილანა რუპერი, ჟანელ სალონი, დომინიკ მალონგა, გები უილიამსი, მარიემ ბადიანე, მარინე იოჰანესი, ლეილა ლაკანი, რომეინ ბერნი
მწვრთნელი: ჟან-ემე ტუპანი
3.ავსტრალია
ჯეიდ მელბურნი, კრისტი უოლესი, სტეფანო ტალბო, ტეს მეჯენი, ალანა სმითი, ეზი მაგბეგორი, მარიანა ტოლო, კაილა ჯორჯი, ემი ეტუელი, ისობელ ბორლასი, ლორენ ჯეკსონი, სემი უაითკომბი
მწვრთნელი: სენდი ბრონდელო
მძლეოსნობა
ქალები
მარათონი
1.სიფან ჰასანი (ნიდერლანდები) – 2:22:55 სთ
2.ტიგსტ ასეფა (ეთიოპია) – 2:22.58 სთ
3.ჰელენ ობირი (კენია) – 2:23:10 სთ
ფრენბურთი
ქალები
1.იტალია
მარინა ლუბიანი, კარლოტა კამბი, მონიკა დე ჯენარო, ალესია ორო, კატერინა ბოსეტი, ანა დანესი, მირიამ სუილა, პაოლა ეგონუ, სარა ლუიზა ფარი, ლოვეთ ომორუ, ეკატერინა ანტროპოვა, გაია ჯოვანინი
მწვრთნელი: ხულიო ველასკო
2.აშშ
მაიშა ჰენკოკი, ჯორდინ პულტერი, ავერი სკინერი, ჯასტინ ვონგ-ორანტესი, ლორენ კარლინი, ჯორდან ლარსონი, ენი დრიუსი, ჯორდან თომპსონი, ჰალეა უოშინგტონი, დანა რეტკე, კეთრინ პლამერი, კელსი რობინსონი, ჩიაკა ოგბოგუ
მწვრთნელი: კერხ კირალი
3.ბრაზილია
ნიემე კოშტა, დიანა დუარტე, ნარსის კარნეირუ, თაისა მენეზესი, როზამარია მონტიბელერი, რობერტა რაცკე, გაბრიელა გიმარაეში, ანა კრიშტინა დე სუზა, ნატალია არაუჟო, ანა კაროლინა და სილვა, ჟულია ბერგმანი, ტაინარა სანტუში, ლორენ ტეიშეირა
მწვრთნელი: ზე რობერტო
ძალოსნობა
ქალები
+81კგ
1.ვენვენ ლი (ჩინეთი) – 309 კგ (136 + 173)
2.უე-იონ პარკი (სამხრეთი კორეა) – 299 კგ (131 + 168)
3.ემილი კემპბელი (დიდი ბრიტანეთი) – 288 კგ (126 + 162)
წყალბურთი
კაცები
1.სერბეთი
ნიკოლა იაკშიჩი (კაპ), რადოსლავ ფილიპოვიჩი, დუშან მანდიჩი, სტრახინია რასოვიჩი, სავა რანძელოვიჩი, მილოშ ჩუკი, ნიკოლა დედოვიჩი, რადომირ დრაშოვიჩი, ნემანია უბოვიჩი, ნემანია ვიკო, პეტარ იაკშიჩი, ვიქტორ რაშოვიჩი, ვლადიმირ მიშოვიჩი
მწვრთნელი: უროშ სტევანოვიჩი
2.ხორვატია
მარკო ბიაჩი (კაპიტანი), რინო ბურიჩი, ლორენ ფატოვიჩი, ლუკა ლონჩარი, მარო იოკოვიჩი, ლუკა ბუკიჩი, ანტე ვუკიჩევიჩი, მარკო ჟუველა, იერკო მარინიჩ კრაგიჩი, იოსიპ ვრლიჩი, მატიაშ ბილიაკა, კონსტანტინ ხარკოვი, ტონი პოპადიჩი
მწვრთნელი: ივიცა ტუცაკი
3.აშშ
ბენ ჰელოკი (კაპიტანი), ადრიან ვაინბერგი, ჯონი ჰუპერი, მარკო ვავიჩი, ალექს ობერტი, ჰანს დაუბე, ლუკა კუპიდო, დილან ვუდჰედი, ალექს ბოუენი, ჩეიზ დოდი, მაქს ირვინგი, დრიუ ჰოლანდი
მწვრთნელი: დეიან უდოვიჩიჩი
ხელბურთი
კაცები
1.დანია
ნიკლას ლანდინ იაკობსენი, ნიკლას კირკელიოკე, მაგნუს ლანდინ იაკობსენი, ემილ იაკობსენი, რასმუს ლაუგე, ემილ ნილსენი, მაგნუს საუგსტრუპი, ჰანს ლინდბერგი, მათიას გიდსელი, ჰენრიკ მიოლეგორი, მიკელ ჰანსენი, ლუკას იორგენსენი, ლასე ანდერსონი, სიმონ ჰალდი, თომას სომერ არნოლდსენი, სიმონ პუტლიკი
მწვრთნელი: ნიკოლაი იაკობსენი
2.გერმანია
დავიდ შპოტი, იოჰანეს გოლა, ლუკა ვიცკე, სებასტიან ჰეიმანი, იუსტუს ფიშერი, იური კნორი, ჯულიან კიოსტერი, რენარს უშინსი, კაი ჰოფნერი, ტიმ ჰორნკე, ანდრეას ვოლფი, რუნე დამკე, ლუკას მერტენსი, ქრისტოფ შტაინერტი, მარკო გრგიჩი, იანიკ კოლბახერი
მწვრთნელი: ალფრეო გისლასონი (ისლანდია)
3.ესპანეთი
გონსალო პერეს დე ვარგასი, ხორხე მაკუედა, ალექს დუშებაევი, როდრიგო კორალესი, ადრია ფიგუერაში, იმანოლ გარსიანდია, აბელ სერდიო, აგუსტინ კასადო, ალეიშ გომესი, იან ტაფარეტა, მიგელ-სანჩეს მიხალიონი, დანიელ დუშებაევი, კაულდი ოდრიოსოლა, დანიელ ფერნანდესი, ხავიერ როდრიგეს მორენო
მწვრთნელი: ხორდი რიბერა