პარიზი 2024: 27 ივლისი

პარიზიდან დაახლოებით სამასი კილომეტრით დაშორებულ შატორუში, საფრანგეთის ტყვიის სროლის ეროვნულ ცენტრში დღეს, 2024 წლის 27 ივლისს, ოლიმპიური თამაშების ისტორია დაიწერა და დიდებულია, რომ მისი ავტორი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი წევრი გახლავთ: ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტით გაისროლა და გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც მეათე ოლიმპიადაზე იასპარეზა!

ოლიმპიური ჩემპიონი, თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ნინო სალუქვაძე ქალთა შორის რეკორდსმენი ჯერ კიდევ ტოკიოში გახდა, როცა მეცხრედ ისროლა ოლიმპიადებზე, ამ დილით კი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ამავდროულად, ის მხოლოდ მეორე ათლეტი გახდა, მეათე თამაშებზე რომ ვიხილეთ. კანადელი ცხენოსანი იან მილერი ერთადერთი იყო ათი ოლიმპიადით, დღეის შემდეგ კი ის მამაკაცთა რეკორდსმენი იქნება, სალუქვაძე კი ქალი ოლიმპიელებისა.

შატორუს სასროლეთში ორმოცდაოთხმა სპორტსმენმა სცადა ბედი. ჩვენი გუნდის ყველაზე ასაკოვანმა წევრმა ექვს სერიაში 562 ქულა მოაგროვა. ეს მოწინავე რვა მსროლელს შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლა სწორედ იმ შემთხვევაზე ვწერ, როცა მთავარი თამაშებში მონაწილეობა იყო. ამიტომაც, სრული სიმართლეა: ქართული სპორტის ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა პარიზში მიზანს მიაღწია, ის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უნიკალური რეკორდით შევიდა.

ქალბატონ ნინოს პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ, 2 აგვისტოს, სპორტული პისტოლეტით ხელში, მე კი ჩვენი გუნდის სხვა წევრების დღევანდელ ასპარეზობებზე დავწერ.

ქართველებიდან დღეს ოლიმპიურ მედალთან ყველაზე ახლოს წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, თამაშების დებიუტანტი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ყველაზე მსუბუქი წევრი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან ვაზარით დამარცხდა. ეს უკანასკნელი შარშანდელი მსოფლიო პირველობის გამარჯვებული და წლევანდელი ევროპირველობის ტრიუმფატორია, ოლიმპიური მედალი კი კარიერაში პირველად მოიპოვა.

სარდალაშვილი 1/16-ფინალიდან თავისუფალი იყო და გრან პალეში გაშლილ ტატამზე პირველად ჩვენი დროით შუადღით გავიდა. მისი მეტოქე ისრაელის გუნდის წევრი იამ ვოლჩაკი გახლდათ, ვინც მანამდე კონგოელი არნოლდ დასო კისოკა იოლად, იპონით დაამარცხა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა თავდაჯერებულად იჭიდავა და მეორე წუთის მიწურულს კისრულზე გადაავლო მეტოქე. მსაჯმა ილეთი ვაზარით შეაფასა, თუმცა რამდენიმე წამში გადაწვეტილება გადაიხედა, ვოლჩაკის კისერზე ტრიალი სახიფათოდ შეფასდა და ებრაელი სპორტსმენიც ტურნირიდან მოიხსნა. გიორგის სუფთა გამარჯვება, იპონი მიეკუთვნა.

მეოთხედფინალში გიორგი ურთულეს ბრძოლაში, დამატებულ დროში დამარცხდა თურქ სალიჰ ილდიზთან (ვაზარი), დამამშვიდებელ წრეში გადართულმა კი უკეთესად იჭიდავა და კორეელ ვონ-ინ კიმს კი სძლია, მაგრამ შემდეგ გარიგოსს დაუპირისპირდა და წააგო. ესპანელთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა იაპონელმა რუიუ ნაგაიამამ, ოქროს მედალი კი ყაზახ იელდოს სმეტოვს დარჩა, რომელმაც საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძეს აჯობა. 1996 წელს თბილისში დაბადებული მხეიძისთვის ეს მეორე ოლიმპიური მედალია, ტოკიოში ის მესამე იყო.

გრან პალეში ხვალ ჩვენი გუნდის მეორე წევრს ვიხილავთ, ტოკიოს თამაშების ფინალისტს ვაჟა მარგველაშვილს. ის 66კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ფავორიტია და ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს. ვაჟას მეტოქე პირველი ეტაპის ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდება.

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, რომელმაც ასპარეზობა კიდევ უფრო ადრე, მერვედფინალში დაასრულა. ევროპის 2022 და 2023 წლების ჩემპიონი, ევროპის III თამაშების გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და 1/16-ფინალიდან ჩაება მედლისთვის ბრძოლაში. მისი მეტოქე მექსიკელი ხიბრან სეა გახლდათ, რომელმაც 1/32-ფინალში ირანელ მოჰამად ფოტუჰის 15:13 სძლია. სანდრომ იოლად დაძლია სეას წინააღმდეგობა – 15:6.

ამის შემდეგ ქართველი აფრიკის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულს, ოცდაექვსი წლის ეგვიპტელ მოჰამედ ამერს დაუპირისპირდა. ბაზაძემ ცუდად დაიწყო ხმალაობა და გვარიანად ჩამორჩა მეტოქეს. მიუხედავად იმისა, რომ შეძლო მობილიზება, ანგარიშიც გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც, გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა – 14:15. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეგვიპტელმა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით მოიგო, არბიტრმა მას გადამწყვეტი ქულა ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ მიაკუთვნა. სანდროს პროტესტს, სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყვა, ანგარიში ძალაში დარჩა. ამ დაპირისპირებამ სამი წლის წინანდელი, ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი გამახსენა, როცა ბაზაძეს მსაჯთა დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ ჩაუთვალეს წაგება და ფინალისკენ მიმავალი გზა გადაუღობეს.

მერვედფინალის დასრულებიდან მცირე ხანში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს განცხადება გამოაქვეყნა:

„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული ხუთი დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი“.

ამ ტექსტს თან ერთვოდა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის მიერ ირინა კნიშის სახელზე ინგლისურ ენაზე შედგენილი წერილი. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ მსაჯებმა, კერძოდ ვანესა ჩიჩონმა და ანდრეა დოანამ, ხუთი ქულა წაართვეს სანდროს, მათ შორის უკანასკნელი, გადამწყვეტი. ასევე ზახგასმული იყო, რომ მსაჯთა დამკვირვებელი ჩანგ გონ კიმი მსაჯებს მიუთითებდა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ სანდროს წინააღმდეგ. მერაბ ბაზაძე ორთაბრძოლის გადახედვას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდა. „ეს არ არის ოლიმპიური თამაშები, ეს ქუჩის ტურნირს უფრო ჰგავს“! – ასე სრულდებოდა ქართული მხარის მიერ ირინა კნიშის სახელზე გაგზავნილი წერილი.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მცდელობას სასურველი შედეგი არ მოჰყვა. ბაზაძის და მოჰამედ ამერის პაექრობის შედეგი ძალაში დარჩა და ეგვიპტელიც მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლას იქ გამოეთიშა. მას ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, იტალიელმა ლუკა სამელემ 15:13 აჯობა.

ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადების გამარჯვებული, ვეტერანი უნგრელი არონ შილაგი კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა – კანადელმა ფარეს არფამ 15:8 მოუგო.

საქართველოს გუნდიდან პირველი ოფიციალური საშეჯიბრო დღე ყველაზე ადრე ანი ნიჟარაძემ დაიწყო. 15 წლის მოცურავემ ბატერფლაით 100 მეტრზე იასპარეზა, დისტანცია 1:02.85 წამში დაფარა, რაც 32 მონაწილეს შორის 28-ე შედეგი გამოდგა. ანი ფინალში ვერ მოხვდა და სადებიუტო ოლიმპიადა ამით დაასრულა. საუკეთესო დრო კი ჩინელმა იუფეი ჟანმა აჩვენა – 56.50 წამი.

პარიზი 2024-ის პირველი ოქროს მედალი, ისევე როგორც სამი წლით ადრე ტოკიოში, ჩინეთს ხვდა წილად. პნევმატური შაშხანით (10მ) სროლაში, შერეულ წყვილთა ფინალში, იუტინ იუანმა და ლიაო შენმა 16:12 დაამარცხეს კორეელები, ი-იეონ კეუმი და ჰა-იუნ პარკი. ბრინჯაოს მედალი ყაზახებმა მოიგეს, რომლებმაც გერმანელებს სძლიეს.

საათზე ნაკლებ დროში ჩინეთის გუნდმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიგო, ამჯერად წყალში მხტომელ გოგონათა შორის. იუვენ ჩენმა და იანი ჩანმა ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში გაიმარჯვეს, მათი უპირატესობა ამერიკელებთან აშკარა იყო.

დღესვე დაიწყო ვაჟ კალათბურთელთა ტურნირი და მორიგი რეკორდიც ვიხილეთ. ოღონდ, სპორტულ შედეგს არ ვგულისხმობ, ისტორიულ მიღწევაზე ვწერ: ავსტრალიამ 92:80 დაამარცხა ესპანეთი და ამ უკანასკნელთა ვეტერანი, მეხუთე ნომრით მოთამაშე რუდი ფერნანდესი პირველი ვაჟი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მეექვსე ოლიმპიადაზე ითამაშა. ფერნანდესმა ჩვიდმეტ წუთზე ოდნავ მეტი გაატარა პარკეტზე და მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა (უქულოდ დაასრულა თამაში), მაინც შევიდა ისტორიაში. სოკ-ის ოფიციალურმა გვერდმა ისიც გვამცნო, რომ თუ ამერიკელმა დიანა ტაურასმა ორშაბათს, იაპონელთა წინააღმდეგ ითამაშა, ის ფერნანდესის რეკორდს გაიმეორებს, თუმცა ქალთა შორის.

ფერნანდესის და ტაურასის ოლიმპიური დებიუტი ჩვენთვის ტკბილადმოსაგონარ 2004 წელს შედგა, ათენში. ფერნანდესი თამაშების სამგზის პრიზიორი გახლავთ, 2008 და 2012 წლებში ვერცხლს, 2016 წელს კი ბრინჯაოს დაეუფლა. დიანა ტაურასი კი გაცილებით ტიტულიანია, მეექვსე ოლიმპიური ოქროს მედლისკენ მიიწევს. 42 წლის კალათბურთელი ათენშიც ჩემპიონი გახდა, პეკინშიც, ლონდონშიც, რიო დე ჟანეიროშიც და ტოკიოშიც.

ორიოდე სიტყვა საგზატკეცილო ველორბოლაზე: ქალებმა და კაცებმა დღეს ინდივიდუალურ, დროზე რბოლაში გაითამაშეს მედლები. მამაკაცთა შორის ბელგიელმა რემკო ევენპოლმა გაიმარჯვა, ვინც ამ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ურთულეს, სამკვირიან ტურ დე ფრანსზე მესამე იყო. ველომრბოლთა კვარცხლბეკზე მეორე ბელგიელიც ვიხილეთ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ვო ვან ერი ბრინჯაოს დაეუფლა, ვერცხლი კი იტალიელ ფილიპო განას დარჩა.

ბოლოს კი შვიდკაცა რაგბზე, გუნდური სახეობებიდან პირველზე, რომელიც უკვე დასრულდა. და დასრულდა საფრანგეთის ოლიმპიური გუნდის ტრიუმფით, ფრანგებმა პირველი ოქროს მედალი მოიგეს პარიზის თამაშებზე!

ჟერომ დარეს ბიჭებმა ფინალში ლაღი ბურთაობით აჯობეს რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონს, ფიჯის ნაკრებს – 28:7. მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიადის სპორტულ პროგრამას დაემატა, ფიჯელებმა ზედიზედ ჩვიდმეტი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ მესამე ოქროს ვეღარ შეწვდნენ, ათიათასობით გულშემატკივრის წინაშე მოთამაშე ფრანგები აშკარად უკეთესები იყვნენ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ანტუან დიუპონის დიდებული თამაში. დიდი რაგბის სუპერვარსკვლავი მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და გადაწყვიტა კიდეც ფინალის ბედი – ჯერ აარონ გრანდიდიე ნკანანგს დაადებინა ლელო, შემდეგ კი ორჯერ თავად დაალელოვა მეტოქე.

2016 წელს, როცა ფიჯელები პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა ისტორიული ტრიუმფის აღსანიშნავად საკოლექციო, 7-დოლარიანი დაბეჭდა. ახლა ის მაინტერესებს, საფრანგეთი როგორ გამოეხმაურება მორაგბეთა დღევანდელ ტრიუმფს. ესეც ხომ ისტორიულია?!

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 27 ივლისი
ფოტო:
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

27 ივლისის მედალოსნები
ველოსპორტი – გზატკეცილი
კაცები
ინდივიდუალური რბოლა დროზე
1.რემკო ევენპოლი (ბელგია) – 36:12.16 წთ
2.ფილიპო განა (იტალია) – 36:27.08 წთ
3.ვო ვან ერი (ბელგია) – 36:37.79 წთ
ქალები
ინდივიდუალური რბოლა დროზე
1.გრეის ბრაუნი (ავსტრალია) – 39:38.24 წთ
2.ანა ჰენდერსონი (დიდი ბრიტანეთი) – 41:09.83 წთ
3.ქლოი დაიგერტი (აშშ) – 41:10.70 წთ

ტყვიის სროლა
შერეული გუნდი
პნევმატური შაშხანა (10მ)
1.ჩინეთი (იუტინ იუანი, ლიაო შენი)
2.სამხრეთი კორეა
(ი-იეონ კეუმი, ჰა-იუნ პარკი)
3.ყაზახეთი (ალექსანდრა ლე, ისლამ სატპაიევი)

ფარიკაობა
კაცები
ხმალი
1.სან-გუკ ო (სამხრეთი კორეა)
2.ფარეს ფერჯანი (ტუნისი)
3.ლუიჯი სამელე (იტალია)
* * *
სანდრო ბაზაძე
1/16: ხიბრან სეა (მექსიკა) – 15:6
1/8: მოჰამედ ამერი (ეგვიპტე) – 14:15
ქალები
დაშნა
1.ვივიენ კონგი (ჰონგ კონგი)
2.ორიან მალო (საფრანგეთი)
3.ესტერ მუჰარი (უნგრეთი)

შვიდკაცა რაგბი
კაცები
1.საფრანგეთი
პოლინ რივა (კაპიტანი), ჟან-პარკალ ბარაკი, ანტუან დიუპონი, თეო ფორნერი, აარონ გრანდიდიე ნკანანგი, ჟეფერსონ ლი ჟოზეფი, სტეფენ პარესი, ვარიან პასკე, რაიან რებაჯი, ჯორდან სეფო, ანდი ტიმო, ანტუან ზეღდარი
მწვრთნელი: ჟერომ დარე
2.ფიჯი
ჯერი ტუვაი (კაპიტანი), ჯოსევა ტალაკოლო, იოსეფო მასი, იოვანე ტება, სევულონი მოკენაკაგი, ჯოსაია რაისუკე, ჯერემია მატანა, ტერიო ტამანი, პონეპატი ლოგანიმასი, სელესტინო რავუტაუმადა, კამინიელი რასაკუ, ვაისეა ნაკუქუ
მწვრთნელი: ოსეა კოლინისაუ
3.სამხრეთი აფრიკა
სელვინ დავიდსი (კაპიტანი), ქრისტი გრობელაარი, რაიან ოსტჰუიზენი, იმპი ვისერი, ზეინ დავიდსი, ქუევინ ნორტი, ტიაან პრეტორიუსი, შონ უილიამსი, ტრისტან ლეიდსი, როსკო სპეკმანი, სივივე სოიზვაპი, შილტონ ვან ვიკი
მწვრთნელი: ფილიპ სნიმენი

ცურვა
კაცები
თავისუფალი – 400მ
1.ლუკას მარტენსი (გერმანია) – 3:41.78 წთ
2.ელაიჯა ვინინგტონი (ავსტრალია) – 3:42.21 წთ
3.ვო-მინ კიმი (სამხრეთი კორეა) – 3:42.50 წთ
თავისუფალი – 4X100მ
1.აშშ (ჯეკ ალექსი, ქრის ჯულიანო, ჰანტერ არმსტრონგი, ქელებ დრესელი; რაიან ჰელდი, მეთიუ კინგი) – 3:09.28 წთ
2.ავსტრალია (ჯეკ კარტრაიტი, ფლინ საუთჰემი, კაი ტეილორი, კაილ ჩელმერსი; უილიამ იანგი, ბრონტე კემპბელი) – 3:10.35 წთ
3.იტალია (ალესანდრო მირესი, ტომას ჩეკონი, პაოლო კონტე ბონინი, მანუელ ფრიგო; ლორენცო ძაძერი, ლეონარდო დეპლანო) – 3:10.70 წთ
ქალები
თავისუფალი – 400მ
1.არიან ტიტმუსი (ავსტრალია) – 3:57.49 წთ
2.სამერ მაკინტოში (კანადა) – 3:58.37 წთ
3.კეტი ლედეკი (აშშ) – 4:00.86 წთ
თავისუფალი – 4X100მ
1.ავსტრალია (მოლი ო’კელეჰენი, შეინა ჯეკი, ემა მაკკეონი, მეგ ჰარისი; ოლივია ვუნში, ბრონტე კემპბელი) – 3:28.92 წთ (ორ)
2.აშშ (კეიტ დუგლასი, გრეთხენ უოლში, ტორი ჰასკე, სიმონე მანუელი; ები ვაიცელი, ერიკა კონოლი) – 3:10.11 წთ
3.ჩინეთი (იუნშუან იანი, იუჟი ჩენი, იუფეი ჟანი, ქინფენ ვუ; იუიტინ იუ) – 3:10.22 წთ

ძიუდო
კაცები
60კგ
1.იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
2.ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
3.რუიუ ნაგაიამა (იაპონია) და ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)
* * *
გიორგი სარდალაშვილი
1/8: იამ ვოლჩაკი (ისრაელი) – მოგება
1/4: სალიჰ ილდიზი (თურქეთი) – მარცხი
ქალები
48კგ
1.ნაცუმი ცუნოდა (იაპონია)
2.ბავუუდორიინ ბაასანხუუ (მონღოლეთი)
3.შირინე ბუკლი (საფრანგეთი) და ტარა ბაბულფატი (შვედეთი)

წყალში ხტომა
ქალები
სინქრონული, ტრამპლინი (3 მეტრი)
1.იუვენ ჩენი, იანი ჩანი (ჩინეთი) – 337.68 ქულა
2.სარა ბეიკონი, კესიდი კუკი (აშშ) – 314.64 ქულა
3.იასმინ ჰარპერი, სკარლეტ მიუ იენსენი (დიდი ბრიტანეთი) – 302.28 ქულა

ka_GEGeorgian