პარიზი 2024: 29 ივლისი

2012 წლის 29 ივლისს, ლონდონში, ექსელის საგამოფენო ცენტრში, ლაშა შავდათუაშვილმა დიდებულად იასპარეზა, ზედიზედ ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
2024 წლის 29 ივლისს, პარიზში, გრან პალე ეფემერაში კი ლაშამ უფერულად იჭიდავა, მსაჯისგან სამი გაფრთხილება მიიღო და თავის მეოთხე ოლიმპიადა პირველივე შეხვედრაში დაასრულა.

ძიუდოისტებმა უკვე მედლების ექვსი კომპლექტი გაითამაშეს, საქართველოს გუნდმა კი ჯერ ერთი ჯილდოც ვერ მოიპოვა. არადა, სამი წლის წინ, ტოკიოში, ლაშა გუჯეჯიანის ნაკრების აქტივში ამ დროისთვის უკვე ორი ვერცხლის მედალი იყო, ვაჟა მარგველაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის მოგებული. სამწუხაროდ, პარიზში ორივე პირველივე მეტოქესთან დამარცხდა და თან, ორივე ფრანგთან, მარგველაშვილი ვალიდე ხიართან, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ჟოან-ბენჟამინ გაბასთან.

ოცდასამი წლის ფრანგის მთავარი მიღწევა აქამდე ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მოგებული ბრინჯაოს მედალი იყო, ახლა კი ის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელიცაა. შავდათუაშვილთან გამარჯვების შემდეგ მან სამი მეტოქე ჩამოიშორა, ფინალში გასული კი აზერბაიჯანელ ჰიდაეტ ჰეიდაროვთან დამარცხდა. ეს საფრანგეთის კაცთა ნაკრების მეორე ვერცხლია პარიზში, ხოლო ფრანგი ქალების აქტივში ბრინჯაოს სამი მედალია. რიგით მესამე მათ რამდენიმე საათის წინ მოიგეს, მას შემდეგ, რაც სარა-ლეონი სისიკმა (57კგ) მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ეთერ ლიპარტელიანი დაამარცხა.

შავდათუაშვილის მოულოდნელად სუსტი ასპარეზობის შემდეგ (მისი ასეთი ჭიდაობა არც მახსენდება), ძიუდოს ქართველი მოყვარულები ლიპარტელიანზე გადავერთეთ. მან ზედიზედ ორი მოგებით გაგვახარა, ჯერ ბრიტანელ ლელე ნაირნესთან, შემდეგ უზბეკ შუხორჯონ ამინოვასთან, მაგრამ ამას მეოთხედფინალში გამოცდილ ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან (რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია) მარცხი მოჰყვა. დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალში ეთერიმ იოლად დაამარცხა მონღოლი ლხაგვატოგოოგინ ენხრიილენი, მესამე ადგილისთვის კი სისიკის წინააღმდეგ დადგა და…

ეს მეტოქეთა მეცხრე ორთაბრძოლა იყო და ფრანგმა მეცხრედ აჯობა ქართველს. სხვადასხვა ტურნირებს აღარ ვახსენებ, მხოლოდ იმას დავწერ, რომ სწორედ სარა-ლეონიმ აჯობა ლიპარტელიანს ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში. მოკლედ, ფრანგი მისთვის ნამდვილი კოშარია.

ქალთა ოქროს მედალი მამით კანადელს, დედით იაპონელს, იაპონიაში დაბადებულს, მაგრამ კანადის სახელით მოჭიდავე კრისტა დეგუჩის დარჩა, რომელმაც მთელი დღის მანძილზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და აუღელვებლად, თავდაჯერებულმა იარა ოქროს მედლამდე. მის კარიერას მხოლოდ ოლიმპიური ოქრო აკლდა და დღეის შემდეგ მიზანი შესრულებულია. აქამდე მან ორჯერ მოიგო მსოფლიო პირველობა, სამჯერ – პანამერიკული თამაშები, ერთხელაც თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონატში გაიმარჯვა. ამას გარდა, კანადელმა თერთმეტჯერ მოიგო გრანდ სლემი, მათ შორის სამჯერ წელს (ბაქო, ანტალია, ასტანა), აი, თბილისში კი პირველი ადგილი ვერაფრით დაიკავა. ამ გაზაფხულს, ისევე, როგორც 2021 წელს, მესამე იყო.

ძიუდოისტთა ასპარეზობის დასრულების შემდეგ ვიხილეთ მოკრივე ლაშა გურული. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულიანი წევრი 1/8-ფინალში აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს შეხვდა და იოლად გაიმარჯვა, 5:0. გურულის მომდევნო მეტოქე ყაზახი მიხამედსაბირ ბაზარბაიულია, ორთაბრძოლა 1 აგვისტოსაა დანიშნული.

30 ივლისს ვაჟები 81კგ წონით კატეგორიაში გაითამაშებენ მედლებს და პარიზულ ტატამზე მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, მსოფლიოს ბოლო სამი პირველობის გამარჯვებულს ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ. მისი პირველი მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატიშევია, ვისაც ქართველი პირველად დაეჭიდება. მეტს არაფერს დავწერ. იმაზე საუბარს, თუ რას ველი ტატოსგან, სჯობს საერთოდ არაფერი ვთქვა. ხვალვე ვიხილავთ ეთერ ასკილაშვილს (63კგ), რომლის მეტოქე სლოვენიელი ანდრეა ლეშკია. ჩვენი გუნდიდან ხვალ მხოლოდ ისინი იასპარეზებენ.

XXXIII ოლიმპიადაზე საინტერესო ამბებს კი რა გამოლევს და მეც რამდენიმეს გამოვარჩევ. პირველ რიგში ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ლეგენდების დაპირისპირება აღვნიშნოთ: ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი თვალისმომჭრელ კარიერაში მესამოცედ(!) დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. 6:1, 6:4 და სერბი ორი მოგებით დაწინაურდა – 31:29. სხვათა შორის, მათი პირველი დაპირისპირებაც აქ, ამ სარბიელზე შედგა. 2006 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნადალმა პირველი ორი სეტი 6:4, 6:4 მოიგო, შემდეგ კი ჯოკოვიჩმა ბრძოლა შეწყვიტა.

ამჯერად სერბი, მტკივანი ფეხის მიუხედავად, აშკარად უკეთესი იყო და თიხნარის მეფეს მისსავე საყვარელ საფარზე იოლად სძლია. რაფაზე კი რა ვთქვა? მაქსიმუმ წყვილთა შორის თუ მოიგებს ოლიმპიურ ოქროს, თორემ გრანდ სლემს რომ ვეღარ შეწვდება, დღესავით ნათელია. ეს ის ნადალი აღარ არის, თიხნარზე ყველას რომ ანადგურებდა, დრომ თავისი გაიტანა.

„ოლიმპიადა რომ დასრულდება, დავფიქრდები და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. აშკარაა, რომ ამის დრო უკვე მოვიდა“, – განაცხადა საფრანგეთის ღია პირველობის 14-გზის გამარჯვებულმა მასავით დიადთან წაგების შემდეგ. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან ოლიმპიურ ოქროზე ოცნება გაიხანგრძლივა, ეს ერთადერთი ჯილდოა, რაც სერბს არასდროს მოუგია. ნოლეს მომდევნო მეტოქე გერმანელი დომინიკ კიოფერია.

გუშინ და დღეს მედლების ორი კომპლექტი გაითამაშეს მშვილდოსნებმა, კაცებმა და ქალებმა გუნდურში გამოავლინეს ჩემპიონები. ორივე დისციპლინა კორეელთა გამარჯვებით დასრულდა. მშვილდოსანთა გუნდური შეჯიბრება ოლიმპიურ თამაშებს 1988 წელს დაემატა. კორეელმა მამაკაცებმა მას შემდეგ მეშვიდედ მოიგეს ოქრო, ქალები კი ზედიზედ მეათედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიინები, ისინი ამ დისციპლინის უცვლელი გამარჯვებულები არიან!

„რომ ვთქვა ზეწოლას არ ვგრძნობდი-მეთქი, ტყუილი იქნება. ჩვენგან ყველა ოქროს მედალს ელოდა, ზედიზედ მეათე ტრიუმფს. ბედნიერი ვარ, მიზანს რომ მივაღწიეთ. ჩვენ კორეის მშვილდოსნობის ისტორიაში საოცარი ფურცელი ჩავწერეთ“, – განაცხადა ქალთა ტრიოს ლიდერმა სი-იეონ ლიმმა, რომელმაც პარიზში უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მან ეს 25 ივლისს შეძლო, ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, როცა პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 694 ქულა მოაგროვა.

დღესვე პარიზის მერმა ან იდალგომ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ ქალაქს თამაშების რამდენიმე სიმბოლოს სამახსოვროდ დატოვება სურს. საუბარია ეიფელის კოშკზე დამონტაჟებულ ოლიმპიურ რგოლებზე, ტიუილრის ბაღში დაკიდებულ საჰაერო ბურთზე და გახსნის ცერემონიის დროს გამოყენებულ ცნობილი ფრანგი ქალების ფიგურებზე.

„ჩვენი სურვილია, რომ ეს ნაკეთობები, რომელიც პარიზელთა შორის ძალიან პოპულარულია, ქალაქში დარჩეს. არ ვამბობ, რომ ოლიმპიური რგოლები აუცილებლად ეიფელის კოშკზე უნდა დავტოვოთ, მაგრამ კარგი იქნება თუ ისინი პარიზს სამახსოვრდოს დარჩეს. მათი გამოსაფენი ადგილი ნამდვილად მოიძებნება“, – თქვა ქალბატონმა მერმა.

რამდენიმე საათის წინ დაიწერა ისიც, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ოქროს მედლები ფიგურულ ციგურაობაში ამერიკის ნაკრებს 7 აგვისტოს გადაეცემა. ცერემონია იმ პარკში გაიმართება, სადაც პარიზი 2024-ის გამარჯვებულებს აჯილდოვებენ. იქვე მიიღებენ ვერცხლის მედლებს იაპონელები.

საქმე ისაა, რომ ეს დისციპლინა რუსებმა მოიგეს, მაგრამ მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი კამილა ვალიევა მოგვიანებით დოპინგზე ჩავარდა, რის გამოც გუნდს მის მიერ მოპოვებული ქულები დააკლდა. შედეგად, რუსეთი მესამე ადგილზე დაქვეითდა, ამერიკა და იაპონია კი, პირიქით, დაწინაურდნენ. კანადა, რომელიც პეკინში მეოთხე ადგილზე გავიდა, რუსეთის გუნდის დისკვალიფიკაციას ითხოვს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ კანადელთა პროტესტი განსახილველად მიიღო და თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რუსები უმედლოდ დარჩებიან.

და ბოლოს, ევროსპორტმა, რომელიც პარიზის ოლიმპიადის ოფიციალური მაუწყებელია, ბრიტანელი კომენტატორი ბობ ბალარდი დაითხოვა. შაბათს, ცურვაში ქალთა ესტაფეტის დროს, რომელიც ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა, ბალარდმა პირდაპირ ეთერში იხუმრა ქალ მოცურავეებზე, ის ფრაზა სექსისტურ გამოხდომად ჩაუთვალეს და კონტრაქტი გაუწყვიტეს.

„არასდროს მიფიქრია ქალი სპორტსმენების შეურაცხყოფა ან განაწყენება. თუ ჩემი სიტყვები ვინმემ ასე გაიგო, ბოდიშს ვუხდი მათ. მე ქალთა სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ და ასეთად ვარჩები, ევროსპორტის კომენტატორთა გუნდი კი ყოველთვის მომენატრება“. ეს ტექსტი ბალარდმა სოციალურ ქსელ X-ზე დღეს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პარიზი დატოვა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 29 ივლისი
ფოტო:
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

29 ივლისის მედალოსნები

ველოსპორტი – ქროსქანთრი
კაცები
1.თომას პიდკოკი (დიდი ბრიტანეთი) – 1:26:22 სთ
2.ვიქტორ კორეცკი (საფრანგეთი) – 1:26:31 სთ
3.ალან ჰაზერლი (სამხრეთი აფრიკა) – 1:26:33 სთ

კაიაკი და კანოე – სლალომი
კაცები
კანოე
1.ნიკოლა გესტინი (საფრანგეთი) – 91.36 წმ
2.ადამ ბერჯესი (დიდი ბრიტანეთი) – 96.84 წმ
3.მატეი ბენუში (სლოვაკეთი) – 97.03 წმ

მშვილდოსნობა
კაცები
გუნდური
1.სამხრეთი კორეა (იე-დოკ კიმი, ვოო-ჯინ კიმი, ვო-სეოკ ლი)
2.საფრანგეთი (ბაპტისტ ადისი, თომა შირო, ჟან-შარლ ვალადონი)
3.თურქეთი (მეტე გაზოზი, ულაშ ტუმერი, აბდულა ილდირმისი)

სკეიტბორდინგი
კაცები
ქუჩა
1.იუტო ჰორიგომე (იაპონია)
2.ჯაგერ იტონი (აშშ)
3.ნაიჯა ჰასტონი (აშშ)

სპორტული ტანვარჯიში
კაცები
გუნდური მრავალჭიდი
1.იაპონია (დაიკი ჰაშიმოტო, კაზუმა კაია, შინოსუკე ოკა, ტაკააკი სუგინო, ვატარუ ტანიგავა) – 259.594 ქულა
2.ჩინეთი (იან ლიუ, ვეიდე სუ, რუოტენ შიაო, ბოენ ჟანი, ჟინუან ჟუ) – 259.062 ქულა
3.აშშ (ეიშერ ჰონგი, პოლ ჯუდა, ბროუდი მელოუნი, სტივენ ნედოროშიკი, ფრედ რიჩარდი) – 257.793 ქულა

ტყვიის სროლა
კაცები
პნევმატური შაშხანა10მ
1.ლიაო შენი (ჩინეთი) – 252.2 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ვიქტორ ლინდგრენი (შვედეთი) – 251.4 ქულა
3.მირან მარიჩიჩი (ხორვატია) – 230 ქულა
ქალები
პნევმატური შაშხანა10
1.იო ჯინ ბანი (სამხრეთი კორეა) – 251.8 ქულა (დამატებითი მაჩვენებლით)
2.იუტინ იუანი (ჩინეთი) – 251.8 ქულა
3.ოდრი გოგნია (შვეიცარია) – 230.3 ქულა

ფარიკაობა
კაცები
რაპირა
1.კა-ლონ ჩონი (ჰონგ კონგი)
2.ფილიპო მაკი (იტალია)
3.ნიკ იტკინი (აშშ)
ქალები
ხმალი
1.მანონ ბრუნე (საფრანგეთი)
2.სარა ბალცერი (საფრანგეთი)
3.ოლგა ხარლანი (უკრაინა)

ცურვა
კაცები
თავისუფალი – 200მ
1.დავიდ პოპოვიჩი (რუმინეთი) – 1:44.72 წთ
2.მეტიუ რიჩარდსი (დიდი ბრიტანეთი) – 1:44.74 წთ
3.ლუკ ჰობსონი (აშშ) – 1:44.79 წთ
გულაღმა – 100მ
1.ტომას ჩეკონი (იტალია) – 52.00 წმ
2.ჟიაუ შუ (ჩინეთი) – 52.32 წმ
3.რაიან მერფი (აშშ) – 52.39 წმ
* * *
ნოე ფანცხავა
55.46 წამი, 38-ე ადგილი საკვალიფიკაციოში. ნახევარფინალში ვერ მოხვდა
ქალები
თავისუფალი – 200მ
1.მოლი ო’კელეჰენი (ავსტრალია) – 1:53.27 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია) – 1:53.81 წთ
3.სიობენ ჰოგი (ჰონგ კონგი) – 1:54.55 წთ
ბრასი – 100მ
1.ტატიანა სმითი (სამხრეთი აფრიკა) – 1:05.28 წთ
2.ციანტინ ტანი (ჩინეთი) – 1:05.54 წთ
3.მონა მაკშერი (ირლანდია) – 1:05.59 წთ
კომპლექსური – 400მ
1.სამერ მაკინტოში (კანადა) – 4:27.71 წთ
2.კეტი გრიმსი (აშშ) – 4:33.40 წთ
3.ემა უეანტი (აშშ) – 4:34.93 წთ

ცხენოსნობა
სამჭიდი
1.მიხაელ იუნგი (გერმანია)
2.ქრისტოფერ ბარტონი (ავსტრალია)
3.ლაურა კოლეტი (დიდი ბრიტანეთი)
გუნდური სამჭიდი
1.დიდი ბრიტანეთი (როზალინდ კანტერი, ტომ მაკივენი, ლაურა კოლეტი)
2.საფრანგეთი (ნიკოლა ტუზენი, კარიმ ლაგუა, სტეფან ლანდო)
3.იაპონია (ტოშიიუკი ტანაკა, კაზუმა ტომოტო, იოშიაკი ოივა)

ძიუდო
კაცები
73კგ
1.ჰიდაეტ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2.ჟოან-ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი)
3.ადილ ოსმანოვი (მოლდოვა) და სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
* * *
ლაშა შავდათუაშვილი
1/16: ჟოან-ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი) – მარცხი
ქალები
57კგ
1.კრისტა დეგუჩი (კანადა)
2.მი-მი ჰუჰი (სამხრეთი კორეა)
3.ჰარუკა ფუნაკუბო (იაპონია) და სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი)
* * *
ეთერ ლიპარტელიანი
1/16: ლელე ნაირნე (დიდი ბრიტანეთი) – მოგება
1/8: შუხურჯონ ამინოვა (უზბეკეთი) – მოგება
1/4: რაფაელა სილვა (ბრაზილია) – მარცხი
რეპეშაჟი:
ლხაგვატოგოოგინ ენხრიილენი (მონღოლეთი) – მოგება
III ადგილისთვის: სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი) – მარცხი

წყალში ხტომა
კაცები
სინქრონული, კოშკი (10მ)
1.აო იანი, ჯიჯიე ლიანი (ჩინეთი) – 490.35 ქულა
2.ტომ დელი, ნოა უილიამსი (დიდი ბრიტანეთი) – 463.44 ქულა
3.რაიან უიენსი, ნათან შომბორ-მარი (კანადა) – 422.13 ქულა

ka_GEGeorgian