პარიზი 2024: 3 აგვისტო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადა პირველივე დაპირისპირების შემდეგ დაასრულა, ქართველები 3:4 დამარცხდნენ იტალიასთან 3:4. მე კი იმედი მქონდა, რომ ჩვენი გუნდი, მინიმუმ, მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს გაიმეორებდა, რითაც ლაშა ბექაურის ოქრო და ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის ვერცხლის მედლები გუნდური ბრინჯაოთი შეიკვრებოდა.

არ გამოვიდა. ამის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელებმა უკეთ იციან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იმედია, მათ კომენტარსაც მოვისმენთ. ტელერეპორტაჟიდან კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკრებში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. მაგალითად მაინტერესებს რა გახდა ლაშა შავდათუაშვილის ასეთი ცუდი ჭიდაობის მიზეზი? რატომ შეხვდა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი წევრი ასეთ ცუდ ფორმაში ოთხწლეულის ყველაზე მთავარ შეჯიბრებას? გორელმა ფალავანმა ვერც თავის წონაში გაგვახარა და დღესაც ორი მარცხი იწვნია, მათ შორის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში. სწორედ მისი მეორე წაგებით დასრულდა საქართველოს ნაკრების ასპარეზობა.

მაისში, აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ და იტალიამ ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ერთი წლით ადრე კი, პოლონეთში, ევროპის III თამაშებზე, სადაც მხოლოდ გუნდურში გათამაშდა მედლები, ქართველებმა იტალიელები ნახევარფინალში დაამარცხეს. კრაკოვში ჩვენი გუნდი ჩემპიონი გახდა, იტალია კი ბრინჯაოს დაეუფლა.

ქართველებთან მოგებამდე იტალიამ უნგრეთს 4:1 სძლია, ჩვენს შემდეგ 4:2 აჯობა უზბეკეთს, ნახევარფინალში კი მასპინძელთა ნაკრებთან 1:4 წააგო და ისევ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო (საბოლოოდ მეოთხე ადგილი, 3:4 ბრაზილიასთან), გუნდურმა ტურნირმა კი ნანატრი ფინალი მიიღო – საფრანგეთი, ერთადერთი ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონით, ტედი რინერით, იაპონიის წინააღმდეგ.

სამი წლით ადრე, ტოკიოში, ოქროს მედალი სწორედ მათ შორის გათამაშდა და მაშინ ფრანგებმა 4:1 გაიხარეს. დღეს უკეთესი ფინალი ვიხილეთ, პირველი ოთხი ორთაბრძოლის შემდეგ იაპონია 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა, ჟოან-ბენჟამინ გაბას და კლარისე აგბენენუს წყალობით, ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი წილისყრით ყველაზე მძიმე ფალავნები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ტედი რინერმა მეორედაც დაამარცხა ტაცურო საიტო და ფრანგებმაც ტიტული შეინარჩუნეს.

დღეს გათამაშდა უკანასკნელი მედლები ნიჩბოსანთა შორის. ამ სახეობაში ყველაზე მეტი ოქრო ნიდერლანდელებმა მოიგეს. მათი ბოლო, მეოთხე ჩემპიონი კაროლინ ფლორინი გახდა, რომელმაც წყვილმოსასმელიანი ნავით გაიმარჯვა. ოცდაექვსი წლის სპორტსმენი იმიტომ გამოვარჩიე, რომ რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა მისმა ძმამ, ფინ ფლორინმა. მან თანაგუნდელებთან ერთად მოიგო ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავებით გაცურვა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ პარიზული ოქროებით და-ძმამ მამის, რონალდ ფლორინის მიღწევა გაიმეორა. ეს უკანასკნელი ოლიმპიურ ოქროს ჯერ სეულში დაეუფლა (1988), შემდეგ კი ატლანტაში (1996).

ხორვატიამ პარიზში ორი ოქროს მედალი მოიგო. პირველს 31 ივლისს ძიუდოისტი ბარბარა მატიჩი დაეუფლა, მეორე გამარჯვებით კი ამ კოხტა ქვეყანამ გუშინ, 2 აგვისტოს გაიხარა – ძმებმა, მარტინ და ვალენტ სინკოვიჩებმა ორადგილიანი ნავით გაცურვა მოიგეს. ისინი ნიჩბოსნობის ვარსკვლავები არიან, პარიზში მათ ზედიზედ მესამე თამაშები მოიგეს, რიოს, ტოკიოს და პარიზულ ტრიუმფამდე კი 2012 წელს ლონდონში მოიპოვეს ვერცხლის მედლები.

გაირკვნენ კაც ფეხბურთელთა ტურნირის ნახევარფინალისტებიც. ყველა სანაკრებო ტიტულის მომგები ტიერი ანრის მომზადებული საფრანგეთი შეუჩერებელია, მასპინძლებმა ზედიზედ მეოთხე მეტოქეს სძლიეს და კვლავ გოლის გაუშვებლად. ფრანგებმა გუშინ არგენტინელები დაამარცხეს – 1:0. მასპინძელთა მომდევნო მოწინააღმდეგე ეგვიპტე იქნება, რომელმაც პენალტების სერიაში დაამარცხა პარაგვაი. მეორე ნახევარფინალში მაროკო ესპანეთს დაუპირისპირდება. აფრიკელებმა 4:0 გაანადგურეს ამერიკელები, ტოკიო 2020-ის ვიცე-ჩემპიონმა ესპანეთმა კი 3:0 სძლია იაპონიას.

ოცდაერთი წლის კორეელმა მშვილდოსანმა სი-ჰეონ ლიმმა სამი ოქროს მედლით დაასრულა XXXIII ოლიმპიადა. ის ამ თამაშების ერთ-ერთი გმირია.

ქალებმა პირადი პირველობა დღეს დაასრულეს. ლიმმა ნახევარფინალსა და ფინალში თანაგუნდელებს სძლია, ჯერ უნ-იონ ჯეონს (6:4), შემდეგ კი სუ-ჰეონ ნამს (7:3). რამდენიმე დღით ადრე სამეულმა გუნდურ პირველობაში გაიმარჯვა და კორეას ამ დისციპლინაში ზედიზედ მეათე ოქროს მედალი მოუტანა.

კორეელებს კვარცხლბეკის სრულად შევსებაც შეეძლოთ, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჯეონი ფრანგ ლიზა ბარბელინთან დამარცხდა – 4:6. ეს უკანასკნელი დღევანდელი მესამე ადგილით მშვილდოსნობის ისტორიაში მოხვდა, როგორც ოლიმპიური მედლის მომგები პირველი ფრანგი.

არ ცხრება კამათი ქალთა კრივში მომხდარ ინციდენტზე. ალჟირელი იმანე ხელიფის და იტალიელი ანჯელა კარინის შემთხვევას გუშინ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ევროპელი ვიცე-პრეზიდენტი, უნგრელი იშტვან კოვაჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალჟირელი ბიოლოგიურად მამაკაცია და მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეღო მონაწილეობა ქალთა ტურნირში.

„ტესტოსტერონის მომატებული დონე არასდროს ყოფილა ხელიფის მთავარი პრობლემა. გადამწყვეტი ისაა, რომ ალჟირელი ბიოლოგიურად მამაკაცია და ეს ორი წლის წინ ჩატარებულმა გენდერ-ტესტმაც დაადასტურა. ის სწორედ ამიტომ მოიხსნა მსოფლიო ჩემპიონატიდან. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კარგა ხნის წინ მიიღო შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა მათი საპასუხო ნაბიჯი არავის გვინახავს. ეს გულდასაწყვეტია“, – განაცხადა კოვაჩმა მაგუარ ნემზეტთან ინტერვიუში.

უნგრელმა მაღალჩინოსანმა ისიც განაცხადა, რომ სოკ-ის მიერ შერისხულმა კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) გენდერ-ტესტების მიხედვით დაადგინა, რომ ქალ მოკრივეთა შორის კიდევ ოთხი სპორტსმენი იყო ბიოლოგიური მამაკაცი.

ქალთა სპორტის დამოუკიდებელი საბჭოს თანადამფუძნებელმა მარში სმითმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გულგრილობაში დაადანაშაულა, ხელიფი-კარინის შემთხვევას კი „თანამედროვე სპორტის უდიდესი სკანდალი“ უწოდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ქალ მოკრივეებზე, რომლებიც ქალებად დაიბადნენ, ქალებად აღიზარდნენ და დიდი ხანია ქალთა შორის ასპარეზობენ. ალჟირელი იმანე ხელიფი და ტაივანელი იუ-ტინ ლინი ქალები არიან და რაც ახლა მათთან დაკავშირებით ხდება სოციალურ ქსელებში, ეს სიძულვილია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არაერთხელ განმარტა, თუ რატომ დართო მათ ასპარეზობის უფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტრანსგენდერების თემა არაფერ შუაშია და საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია ყველაფერი ავხსენით და გავარკვიეთ“, – ეს უკვე სოკ-ის გერმანელი პრეზიდენტის თომას ბახის სიტყვებია. მისი პრესკონფერენცია დღეს გაიმართა.

სანამ სპორტის მაღალჩინოსნები ერთმანეთს ეკამათებიან, იმანე ხელიფი ოქროს მედლისკენ სვლას განაგრძობს. დღეს მან მეორე მეტოქეს სძლია, უნგრელ ანა ლუცა ჰამორის. მსაჯებმა ალჟირელს უპირობო გამარჯვება მიაკუთვნეს – 5:0. ამით ხელიფიმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ნახევარფინალში, ტაილანდელ ჯანჯაემ სუვანაფენგთან, ის კვლავ მოსაგებად იბრძოლებს.

3 აგვისტოს ჩანახატს ველორბოლით დავასრულებ, რადგან არნახული ამბავი მოხდა: რემკო ევენპოლი გახდა პირველი კაცთა შორის, რომელმაც ოლიმპიადაზე ორივე საგზატკეცილო რბოლა მოიგო! ოლიმპიური ველოსპორტის ისტორიაში აქამდე „ოქროს დუბლი“ მხოლოდ ნიდერლანდელ ლეონტიენ ვან მოორსელს ჰქონდა შესრულებული, სიდნეიში, 2000 წელს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 3 აგვისტო
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024

3 აგვისტოს მედალოსნები

აფროსნობა
კაცები
IQFoil (ყოფილი RS:X კლასი)
1.ტომ როვენი (ისრაელი)
2.გრეი მორისი (ავსტრალია)
3.ლუუკ ვან ოპზელანდი (ნიდერლანდები)
ქალები
IQFoil (ყოფილი RS:X კლასი)
1.მარტა მარგეტი (იტალია)
2.შერონ კანტორი (ისრაელი)
3.ემა უილსონი (დიდი ბრიტანეთი)

ბადმინტონი
ქალები, წყვილები
1.ქინჩენ ჩენი, იუფან ჟია (ჩინეთი)
2.შენშუ ლიუ, ნინ ტანი (ჩინეთი)
3.ნამი მაცუიამა, ჩიჰარუ შიდა (იაპონია)

ველოსპორტი
კაცები
საგზატკეცილო რბოლა
1.რემკო ევენპოლი (ბელგია) – 6:19:34 სთ
2.ვალენტინ მადუა (საფრანგეთი) – 6:20:45 სთ
3.ქრისტოფ ლაპორტი (საფრანგეთი) – 6:20:50 სთ

მაგიდის ჩოგბურთი
ქალები
1.მენ ჩენი (ჩინეთი)
2.იუინშა სუნი (ჩინეთი)
3.ჰინა ჰაიატა (იაპონია)

მშვილდოსნობა
ქალები
1.სი-ჰეონ ლიმი (სამხრეთი კორეა)
2.სუ-ჰეონ ნამი (სამხრეთი კორეა)
3.ლიზა ბარბელინი (საფრანგეთი)

მძლეოსნობა
კაცები
ბირთვის კვრა
1.რაიან კრაუზერი (აშშ) – 22.90 მ
2.ჯო კოვაჩი (აშშ) – 22.15 მ
3.რაჯინდრა კემპბელი (იამაიკა) – 22.15 მ
ათჭიდი
1.მარკუს როოთი (ნორვეგია) – 8796 ქულა
2.ლეო ნოიგებაუერი (გერმანია) – 8748 ქულა
3.ლინდორ ვიქტორი (გრენადა) – 8711 ქულა
ქალები
100მ
1.ჟულიენ ალფრედი (სენტ-ლუსია) – 10.72 წმ
2.შაკარი რიჩარდსონი (აშშ) – 10.87 წმ
3.მელისა ჯეფერსონი (აშშ) – 10.92 წმ
სამხტომი
1.თეა ლაფონდი (დომინიკის რესპუბლიკა) – 15.02 მ
2.შანიეკა რიკეტსი (იამაიკა) – 14.87 მ
3.ჯასმინ მური (აშშ) – 14.67 მ
შერეული გუნდი
4X400მ
1.ნიდერლანდები (ეუჯენ ომალა, ლიეკე კლავერი, ისაია კლაინ იკინკი, ფემკე ბოლი) – 3:07.43 წთ
2.აშშ (ვერნონ ნორვუდი, შემიერ ლითლი, ბრაის დედმონი, კეილინ ბრაუნი) – 3:07.74 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (სემუელ რიერდონი, ლავიაი ნილსენი, ალექს ჰეიდოკ-უილსონი, ემბერ ანინგი) – 3:08.01 წთ

ნიჩბოსნობა
კაცები
წყვილმოსასმელიანი
1.ოლივერ ზიდლერი (გერმანია) – 6:37.57 წთ
2.ევგენი ზალატი (ნეიტრალური ათლეტები) – 6:42.96 წთ
3.საიმონ ვან დორპი (ნიდერლანდები) – 6:44.72 წთ
რვაადგილიანი
1.დიდი ბრიტანეთი (მორგან ბოლდინგი, შოლტო კამეგი, რორი გიბსი, თომას ფორდი, ჯეიკობ დოუსონი, ჩარლზ ელვისი, თომას დიგბი, ჯეიმს რუდკინი; ჰარი ბრაიტმორი) – 5:22.88 წთ
2.ნიდერლანდები (რალფ რინქსი, ოლავ მოლენაარი, სანდერ დე გრააფი, რუბენ კნაბი, გერტ-იან ვან დოომი, იაკობ ვან დე კერკჰოფი, იან ვან დერ ბიი, მიკ მაკერი; დიეუვკე ფეტერი) – 5:23.92 წთ
3.აშშ (ჰენრი ჰოლინგსუორსი, ნიკოლას რაშერი, ქრისტიან ტაბაში, კლარკ დინი, ქრისტოფერ კარლსონი, პეტერ ჩეტეინი, ევან ოლსონი, პიტერ ქუინტონი; რაილი მილნი) – 5:25.28 წთ
ქალები
წყვილმოსასმელიანი
1.კაროლინ ფლორინი (ნიდერლანდები) – 7:17.28 წთ
2.ემა ტვიგი (ახალი ზელანდია) – 7:19.14 წთ
3.ვიკტორია სენკუტე (ლიეტუვა) – 7:20.85 წთ
რვაადგილიანი
1.რუმინეთი (ადრიანა ადამი, როქსანა ანგელი, ამალია ბერეში, მადალინა ბერეში, იულიანა ბუჰუსი, დუმიტრიცა იუნკანარიუ, იულიანა პოპა, სიმონა რადიში; ვიქტორია-სტეფანია პეტრეანუ) – 5:54.39 წთ
2.კანადა (ებიგეილ დენტი, კეილე ფილმერი, კასია გრუჩალა-ვესიერსკი, მაია მეშკულაიტი, სიდნი პეინი, ჯესიკა სევიკი, კრისტინა უოკერი, ავალონ ვასტენეისი; კრისტენ კიტი) – 5:58.84 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (ენი კემპბელ-ორდი, ჰოლი დანფორდი, ემილი ფორდი, ლორენ ირვინი, ჰეიდი ლონგი, როუენ მაკკელარი, ივ სტიუარტი, ჰარიეტ ტეილორი; ჰენი ფილდმენი) – 5:59.51 წთ

სპორტული ტანვარჯიში
კაცები
თავისუფალი ვარჯიში
1.კარლოს იულო (ფილიპინები) – 15.000 ქულა
2.არტემ დოლგოპიატი (ისრაელი) – 14.966 ქულა
3.ჯეიკ ჯერმენი (დიდი ბრიტანეთი) – 14.933 ქულა
ტაიჭზე ვარჯიში
1.რის მაკლენენი (ირლანდია) – 15.533 ქულა
2.ნარიმან კურბანოვი (ყაზახეთი) – 15.433 ქულა
3.სტივენ ნედოროშიკი (აშშ) – 15.300 ქულა
ქალები
ბჯენითი ხტომა
1.სიმონე ბაილსი (აშშ) – 15.300 ქულა
2.რებეკა ანდრადე (ბრაზილია) – 14.966 ქულა
3.ჯეიდ კრეი (აშშ) – 14.466 ქულა

ტყვიის სროლა
კაცები
მრგვალი სტენდი
1.ვინსენტ ჰენკოკი (აშშ) – 58 ქულა
2.კორნერ პრინსი (აშშ) – 57 ქულა
3.მენ-იუან ლი (ტაივანი) – 45 ქულა
ქალები
სპორტული პისტოლეტი (25მ)
1.ჟი-ინ იანი (სამხრეთი კორეა) – 36 ქულა (დამატებითი მაჩვენებლით)
2.კამილ იერდჟეიევსკი (საფრანგეთი) – 36 ქულა
3.ვერონიკა მაიორი (უნგრეთი) – 31 ქულა
* * *
ნინო სალუქვაძე
563 ქულა; მე-40 ადგილი საკვალიფიკაციოში; ფინალში ვერ მოხვდა

ფარიკაობა
ქალები
ხმალი, გუნდური
1.უკრაინა (იულია ბაკასტოვა, ალინა კომანშჩუკი, ოლგა ხარლანი, ოლენა კრავაცკა)
2.სამხრეთი კორეა (სე-ბინ ჩოი, ჰა-იონ ჟეონი, ეუნ-ჰი ჟეონი, ჟი-სუ იოონი)
3.იაპონია (რისა ტაკაშიმა, სერი ოზაკი, მისაკი ემურა, შიჰომი ფუკუშიმა)

ჩოგბურთი
კაცები, წყვილები
1.მეტიუ ებდენი, ჯონ პეერსი (ავსტრალია)
2.ოსტინ კრაიჩეკი, რაჯეევ რამი (აშშ)
3.ტეილორ ფრიცი, ტომი პოლი (აშშ)
ქალები
1.ქინვენ ჟენი (ჩინეთი)
2.დონა ვეკიჩი (ხორვატია)
3.იგა შვიონტეკი (პოლონეთი)

ცურვა
კაცები
ბატერფლაი – 100მ
1.კრიშტოფ მილაკი (უნგრეთი) – 49.90 წმ
2.ჯოშუა ლიენდო (კანადა) – 49.99 წმ
3.ილია ხარუნი (კანადა) – 50.45 წმ
ქალები
კომპლექსური – 200მ
1.სამერ მაკინტოში (კანადა) – 2:06.56 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.კეიტ დუგლასი (აშშ) – 2:06.92 წთ
3.კაილი მაკიოუნი (ავსტრალია) – 2:08.08 წთ
თავისუფალი – 800მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 8:11.04 წთ
2.არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია) – 8:12.29 წთ
3.პეიჯი მადენი (აშშ) – 8:13.00 წთ
შერეული გუნდი
კომპლექსური – 4
X100მ
1.აშშ (რაიან მერფი, ნიკ ფინკი, გრეთხენ უოლში, ტორი ჰასკე) – 3:37.43 წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ჩინეთი (ჟიაიუ შუ, ჰაიან ქინი, იუფეი ჟანი, ჟუნშუან იანი) – 3:37.55 წთ
3.ავსტრალია (კაილი მაკიოუნი, ჯოშუა იანგი, მეტიუ ტემპლი, მოლი ო’კელეჰენი) – 3:38.76 წთ

ცხენოსნობა
გუნდური წვრთნა
1.გერმანია (ჯესიკა ფონ ბრედოუ-ვენდლი, ფრედერიკ ვანდრესი, იზაბელ ვერთი)
2.დანია (დანიელ ბახმან ანდერსენი, კატრინ ლაუდრუპ-დუფური, ნანა მერალდ-რასმუსენი)
3.დიდი ბრიტანეთი (შარლოტ ფრაი, კარლ ჰესტერი, ბეკი მუდი)

ძიუდო
შერეული გუნდი
1.საფრანგეთი (კლარის აგბენენუ, შირინე ბუკლი, ამანდინ ბუშარი, სარა-ლეონი სისიკი, რომეინ დიკო, ორელინ დიესე, ალფა უმარ ჯალო, ვალიდე ხიარი, ჟოან-ბენჟამინ გაბა, მარი-ივ გაი, მადელინ მალონგა, ლუკა მხეიძე, მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ამბუ, ტედი რინერი)
2.იაპონია (უტა აბე, ჰიფუმი აბე, ჰარუკა ფუნაკუბო, სოიჩი ჰაშიმოტო, ნაცუმი ცუნოდა, რუიუ ნაგაიამა, საკი ნიზოე, სანშირო მურაო, მიკუ ტაშირო, ტაკანორი ნაგასე, აკირა სონე, ტაცურუ საიტო, რიკა ტაკაიამა, აარონ ვოლფი)
3.ბრაზილია (დანიელ კარნინი, ლეონარდო გონსალვეში, ვილიამ ლიმა, რაფაელ მასედუ, გილერმე შმიდტი, რაფაელ სილვა, ლარისა პიმენტა, კეტელინ კუადროსი, რაფაელა სილვა, ბეატრის სოუზა)
3.სამხრეთი კორეა (მი-მუ უჰი, იე-რინ იუნი, უე-კეონ ლი, ჟი-სუ კიმი, ჰა-იუნ კიმი, იუნ-ჟი იოონი, ბა-ულ ანი, ვონ-ჟინ კიმი, იუ-იეოპ ჰანი, იონ-ჰვან ლი, მინ-იონ კიმი)
* * *
საქართველოს ნაკრები
1/8: იტალია – 3:4
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 ოდეტე ჯიუფრიდა
ლაშა შავდათუაშვილი 1:1 მანუელ ლომბარდო
ეთერ ასკილაშვილი 1:2 კიმ პოლინგი
ლაშა ბექაური 2:2 კრისტიან პარლატი
სოფიო სომხიშვილი 2:3 ალისე ბელანდი
ილია სულამანიძე 3:3 ჯენარო პირელი
ლაშა შავდათუაშვილი 3:4 მანუელ ლომბარდო

ka_GEGeorgian