პარიზი 2024: 4 აგვისტო
მოკრივე ლაშა გურულმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მოკრივეთა (63,5კგ) ტურნირის ნახევარფინალში გურული კუბელ ერისლენდი ალვარესთან დამარცხდა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ეს ლაშას პირველი მედალია ოლიმპიადებზე, კარიერაში კი მეექვსე ჯილდო მთავარ შეჯიბრებებში. 2021 და 2023 წლებში რუსთაველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2022 და 2024 წლებში – ევროპის ვიცე-ჩემპიონი, შარშან კი ევროპის III თამაშების ფინალშიც იასპარეზა და მაშინაც ვერცხლს დასჯერდა.
ლაშას გუშინდელი ბრინჯაოს მედალი მეორე ოლიმპიური ჯილდოა ქართველი მოკრივეებისთვის. 2000 წელს, სიდნეიში, ასევე ბრინჯაო მოიპოვა ვლადიმერ ჭანტურიამ.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი სადღეისოდ 27-ე ადგილზეა, ესპანეთსა და შვეიცარიას შორის.
ესპანეთის დელეგაციას გუშინ მეორე ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ვაჟ ჩოგბურთელთა ტურნირის ფინალში კარლოს ალკარასს ნოვაკ ჯოკოვიჩმა აჯობა. ეს იყო დიდებული მატჩი, რომელიც დიდი სლემის ნებისმიერ პირველობას დაამშვენებდა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული ორ სეტში გამოვლინდა – 7:6, 7:6 სერბის სასარგებლოდ.
წელს ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. უიმბლდონის ფინალი ესპანელმა მოიგო, საერთო ანგარიში კი 4:3 გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის სასარგებლოდ.
ზღაპრულ კარიერაში ნოლემ ყველა ტიტული მოიგო, რაც კი შესაძლებელია. ის არის დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი (რეკორდი), წლის შემაჯამებელი შეჯბრების 7-გზის გამარჯვებული (რეკორდი), მოგებული აქვს მასტერსის სერიის ყველაზე მეტი ტურნირი – 40, ფლობს უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოს, ყველაზე დიდხანს ლიდერობდა მსოფლიო რეიტინგს… რაც მის კარიერას აკლდა, ეს ოლიმპიური ოქროს მედალი იყო და დღეს ჯოკოვიჩმა ეს ოცნებაც აისრულა.
ამ გამარჯვებით სერბმა სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 37 წლის ასაკში ვაჟთა ოლიმპიური ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა! კარლოს ალკარასი კი ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-ჩემპიონად მოგვევლინა.
ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს მძლეოსანთა ასპარეზობები, 3 აგვისტოს მშვენებად კი 4X400-ზე შერეული ესტაფეტა იქცა, რომელიც ნიდერლანდების ოთხეულის საოცარი ფინიშით და გამარჯვებით დასრულდა.
გუშინდელი ფინალის რვა მონაწილე 2 აგვისტოს გამოვლინდა. ამერიკელთა ოთხეულმა ვერნონ ნორვუდის, შემიერ ლითლის, ბრაის დედმონის და კაილინ ბრაუნის შემადგენლობით საკვალიფიკაციო წრეში მსოფლიო რეკორდი დაამაყრა – 3:07.41 წუთი! ნიდერლანდები ფინალში მეხუთე შედეგით მოხვდა, უკეთესი დრო საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ბელგიამ აჩვენეს.
ფინალში ამერიკამ იგივე შემადგენლობით ირბინა, სხვებმა კი, მათ შორის ნიდერლანდებმა, ცვლილებებს მიმართეს. ამ უკანასკნელთა შორის ოცდაოთხი წლის ფემკე ბოლი გამოჩნდა, 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდსმენი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული. სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი. ფემკე ბოლო, მეოთხე ნომერი იყო და როცა ასპარეზობაში ჩაება, ნიდერლანდები ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და ბელგიას მისდევდა. დისტანციის ნახევარი ბოლმა კონკურენტების უკან გაატარა, მაგრამ ბოლო ნახევარწრეზე საოცრად მოუმატა ტემპს და ჯერ ნაომი ვან დენ ბოეკი (ბელგია) ჩამოიტოვა, შემდეგ ამბერ ენინგს (დიდი ბრიტანეთი) გასცდა, სულ ბოლოს კი ამერიკელთა მეოთხე ნომერს ბრაუნსაც ჩაუქროლა.
3:07.43 წუთი – ამ შედეგით გაიმარჯვა ნიდერლანდებმა. ფემკე ბოლს და მის ჩემპიონ თანაგუნდელებს, იუჯინ ომალიას, ლიეკე კლავერს და ისაია კლაინ იკინკს მხოლოდ ორი მეასედი დააკლდათ ერთი დღით ადრე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე. სამაგიეროდ, მათ ევროპის რეკორდი დაისაკუთრეს. მოგვიანებით ისიც გვამცნეს, რომ უკანასკნელი 400 მეტრი ბოლმა 47.93 წამში დაფარა, ბრაუნმა 49.1 უჩვენა, ხოლოდ ენინგმა 48.8. სწორედ მათ შორის სხვაობა აღმოჩნდა გადამწყვეტი.
გუშინვე დაწერა ისტორია ამერიკელმა რაიან კრაუზერმა. ოცდათერთმეტი წლის პორტლენდელმა გოლიათმა ბირთვის კვრაში გაიმარჯვა და გახდა პირველი, რომელმაც ეს დისციპლინა ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოიგო.
ეს მისი მეოთხე ტიტულია მიმდინარე სეზონში. ამერიკელმა ჩემპიონმა თებერვალში ქვეყნის პირველობაში გაიმარჯვა და მსოფლიოს ჭერქვეშა ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიიღო, საიდანაც ასევე ოქროს მედლით დაბრუნდა. ივნისში კრაუზერმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი მოიგო და ოლიმპიადის საგზური გაინაღდა, გუშინ კი მიჯრით მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ქალ მძლეოსანთა შორის 3 აგვისტოს ორი ოქროს მედალი გათამაშდა და ორივე შეჯიბრება ისტორიული ამბით დასრულდა: 100 მეტრზე სპრინტში სენტლუსიელმა ჟულიენ ალფრედმა გაიმარჯვა, სამხტომში კი დომინიკელმა თეა ლაფონდმა. ორივე ქვეყნისთვის ეს პირველი მედალია ოლიმპიადების ისტორიაში!
100 მეტრზე სპრინტი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და გამონაკლისი არც პარიზული სტარტები ყოფილა. სწორედ ამ დისტანციაზე იასპარეზა ლიკა ხარჩილავამ, თუმცა 12.37 წამით წინასწარი ეტაპი ვერ დაძლია, ოცდათხუთმეტ მონაწილეს შორის ლიკა მეოცე იყო.
ნახევარფინალში მეორე დროით (10.92 წმ) მოხვდა ვეტერანი იამაიკელი, ოცდაჩვიდმეტი წლის შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპრინტერი ჩემპიონი გახლდათ პეკინსა და ლონდონში. რიო დე ჟანეიროში მან ბრინჯაო მოიგო, ტოკიოში კი ვერცხლი. მას დიდებული შანსი ჰქონდა, რომ პირველი სპრინტერი ქალი გამხდარიყო ისტორიაში, ვინც ერთ დისციპლინაში ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე მოიგებდა მედალს, მაგრამ ნახევარფინალში ვეღარ ვიხილეთ, სტარტზე არ გავიდა.
იქიდან გამომდინარე, რომ პარიზში არც რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს თამაშების ჩემპიონი, ფრეიზერ-პრაისის თანაგუნდელი ელეინ თომფსონ-ჰერა ასპარეზობდა (აქილევსის მყესის ტრავმის გამო), მთავარ ფავორიტად მიმდინარე სეზონის რეკორდსმენი (10.71 წამი), ამერიკელი შაკარი რიჩარდსონი მიიჩნეოდა.
მან ნახევარფინალში მშვენიერი დრო დააფიქსირა – 10.89 წამი, მაგრამ ხუთი მეასედით ჩამორჩა ჟულიენ ალფრედს. ფინალიც ამ უკანასკნელის პირველობით დასრულდა – სენტლუსიელი ჩემპიონი გახდა (10.72), რიჩარდსონი კი მეორე იყო (10.87).
ქალთა სპრინტის მსგავსად, პარიზში ვერ იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა სამხტომში, ვენესუელელმა იულიმარ როხასმა. ისიც ტრავმირებულია. 2017 წლიდან დაწყებული როხასმა ყველა შეჯიბრება მოიგო, მის არყოფნაში კი ყველაზე ძალიან დომინიკელ თეა ლაფონდს გაუმართლა. მხოლოდ მან გადალახა 15-მეტრიანი ნიშნული, 15.02 მეტრზე გადახდა და ოქროს მედლითაც გაიხარა. ცნობისათვის: ლაფონდმა წელს გლაზგოში გამართული ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
არანაკლებ დაძაბული ფინალები ვიხილეთ ცურვაში. თავისუფალი ყაიდით 1500 მეტრზე მოგებულ ოქროს კეტი ლედეკიმ 800 მეტრზე ჩემპიონობაც დაურთო და ზედიზედ მეორე თამაშებზე შეასრულა ისტორიული დუბლი. ამ დისტანციებზე ამერიკელი ტოკიოშიც საუკეთესო გახლდათ.
თუ 1500 მეტრზე ცურვა ქალთა პროგრამას წინა თამაშებზე დაემატა, 800 მეტრიან დისტანციაზე კარგა ხანია თამაშდება მედლები, ბოლო ოთხი ოლიმპიადა კი კეტის გამარჯვებით მთავრდება – ამერიკელი ლონდონშიც უკონკურენტო იყო, რიო დე ჟანეიროშიც, ტოკიოშიც და პარიზშიც.
ოლიმპიადა-მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული ოქროს მედლებით ლედეკი აქამდეც ქალთა რეკორდსმენი გახლდათ, გუშინდელი გამარჯვებით კი ის ოლიმპიური სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულიან ქალს, საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინას გაუთანაბრდა, ახლა მასავით 9-გზის ჩემპიონია.
მომდევნო თამაშები ლოს ანჯელესში გაიმართება და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კეტის სწორედ ამაზე ჰკითხა, 2028 წელსაც ხომ არ გიხილავთ აუზშიო.
„ძალიან მინდა რომ შევძლო, თუმცა იქამდე დიდი დროა და ახლა ამაზე საუბარი რთულია. მთავარია წლიდან წლამდე ფორმა შევინარჩუნო, ნაკრებში ჩემი ადგილი კი შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ვნახოთ“, – უპასუხა დიდმა ჩემპიონმა, რომელმაც პარიზში ყველა სინჯის მედალი მოიპოვა. 800 და 1500 მეტრზე მოპოვებულ ოქროებს კეტიმ 400 მეტრზე ბრინჯაო დაურთო, 4X200-ზე ესტაფეტაში კი ვერცხლი.
ამერიკის ქალ მოცურავეთა ნაკრებმა პარიზში ოთხი ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიგო, ვაჟებში კი აშკარად კრიზისია, რადგან მათ აქტივში ერთადერთი პირველი ადგილია და ისიც ესტაფეტაში. ბოლოს ასეთი რამ როდის მოხდა, ვერ ვიხსენებ.
დღეს დასრულდა ცხენოსანთა ასპარეზობა და დამსახურებული პატივი მივაგოთ გერმანელ იზაბელ ვერთს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიგო სამიდან ერთ-ერთი დისციპლინა, გუნდური წვრთნა.
ფრაუ ვერთი ყველაზე ტიტულიანი გერმანელი ოლიმპიელი გახლავთ, იმავდროულად, მხედართა შორის ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლი აქვს მოპოვებული, პარიზული გამარჯვებით კი გახდა პირველი სპორტსმენი სქესის განურჩევლად, რომელმაც ზაფხულის ან ზამთრის შვიდ ოლიმპიადაზე მოიგო მედალი! ესეც კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი პარიზი 2024-ზე,
პარიზი 2024-ის დასრულებამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა და უადგილო არ იქნება, თუ თამაშების ყველაზე ტიტულიან სპორტსმენებს ჩამოვთვლით. XXXIII ოლიმპიადაზე უკვე არაერთი ათლეტია, რომელმაც ორზე მეტი მედალი მოიპოვა, თუმცა ამ სიაში მხოლოდ მათ ვახსენებ, რომლებმაც მინიმუმ ორი ოქროს მედალი მოიგეს. სხვა სინჯის ჯილდოებს არ გავითვალისწინებ.
ამ წუთისთვის სიის ლიდერია ოცდაორი წლის ფრანგი მოცურავე ლეონ მარშანი, რომელმაც ლა დიფენს არენის აუზში 4 ოქროს მედალი მოიგო. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მან ჩემპიონობა ყველა შემთხვევაში ერთეულთა შორის იზეიმა და ოთხივე ოლიმპიური რეკორდით.
3 ოქროს ოთხი სპორტსმენი ფლობს და ოთხივე ქალია: ჩვიდმეტი წლის კანადელი მოცურავე სამერ მაკინტოში (სამივე ჩემპიონობა პირადში); ასევე მოცურავე, ავსტრალიელი მოლი ო’კელეჰენი (ორი ოქრო ესტაფეტაში); სამხრეთკორეელი მშვილდოსანი სი-ჰეიონ ლიმი (პირადი, გუნდი, შერეული გუნდი) და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, რომელმაც პირველი ჩემპიონობა გუნდურ მრავალჭიდში იზეიმა, შემდეგ კი ზედიზედ მოიგო ორი დისციპლინა.
რაც შეეხება ორგზის ჩემპიონებს, სახეობების მიხედვით ჩამონათვალი ასეთია:
ველოსპორტი – რემკო ევენპოლი (ბელგია)
კაიაკი და კანოე – ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია)
მშვილდოსნობა – ვო-ჟინ კიმი (სამხრეთი კორეა)
ტანვარჯიში – შინოსუკე ოკა (იაპონია)
ტყვიის სროლა – ლიჰაო შენი (ჩინეთი)
ფარიკაობა – სანგ-უკ ო (სამხრეთი კორეა), ლი კიფერი (აშშ)
ცურვა – ქელებ დრესელი, კეტი ლედეკი, ტორი ჰასკე (სამივე აშშ), კაილი მაკიოუნი, არიარნე ტიტმუსი (ორივე ავსტრალია)
ძიუდო – ტედი რინერი (საფრანგეთი)
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 4 აგვისტო
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
4 აგვისტოს მედალოსნები
ბადმინტონი
კაცები, წყვილები
1.იანგ ლი, ჩი-ლინ ვანი (ტაივანი)
2.ვეიკენ ლიანი, ჩან ვანი (ჩინეთი)
3.აარონ შია, სოო ვუი იუიკი (მალაიზია)
გოლფი
კაცები
1.სკოტი შეფლერი (აშშ)
2.ტომი ფლიტვუდი (დიდი ბრიტანეთი)
3.ჰიდეკი მაცუიამა (იაპონია)
ველოსპორტი
ქალები
საგზატკეცილო რბოლა
1.კრისტენ ფოლკნერი (აშშ) – 3:59:23 სთ
2.მარიანე ვოსი (ნიდერლანდები) – 4:00:21 სთ
3.ლოტე კოპეკი (ბელგია) – 4:00:21 სთ
მაგიდის ჩოგბურთი
კაცები
1.ჟენდონ ფანი (ჩინეთი)
2.ტრულს მიორეგარდი (შვედეთი)
3.ფელიქს ლებრუნი (საფრანგეთი)
მშვილდოსნობა
კაცები
1.ვო-ჟინ კიმი (სამხრეთი კორეა)
2.ბრეიდი ელისონი (აშშ)
3.ვოო-სეოკ ლი (სამხრეთი კორეა)
მძლეოსნობა
კაცები
100მ
1.ნოა ლაილსი (აშშ) – 9.79.784 წმ
2.კიშანე თომპსონი (იამაიკა) – 9.79.789 წმ
3.ფრედ კერლი (აშშ) – 9.81 წმ
უროს ტყორცნა
1.ითენ კაცბერგი (კანადა) – 84.12 მ
2.ბენცე ჰალაში (უნგრეთი) – 79.97 მ
3.მიხაილო კოხანი (უკრაინა) – 79.39 მ
ქალები
სიმაღლეზე ხტომა
1.იაროსლავა მაუჩიხი (უკრაინა) – 2.00 მ
2.ნიკოლა ოლაისლეგერსი (ავსტრალია) – 2.00 მ
3.ირინა ჰერაშჩენკო (უკრაინა) – 1.95 მ
3.ელეანორ პატერსონი (ავსტრალია) – 1.95 მ
სპორტული ტანვარჯიში
კაცები
რგოლებზე ვარჯიში
1.იან ლიუ (ჩინეთი) – 15.300 ქულა
2.ჟინუან ჟუ (ჩინეთი) – 15.233 ქულა
3.ელეფთერიოს პეტრუნიასი (საბერძნეთი) – 15.100 ქულა
ბჯენითი ხტომა
1.კარლოს იულო (ფილიპინები) – 15.116 ქულა
2.არტურ დავთიანი (სომხეთი) – 14.966 ქულა
3.ჰარი ჰეპუორსი (დიდი ბრიტანეთი) – 14.949 ქულა
ქალები
ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიში
1.კაილია ნემური (ალჟირი) – 15.700 ქულა
2.ქიუან ქიუ (ჩინეთი) – 15.500 ქულა
3.სანისა ლი (აშშ) – 14.800 ქულა
ტყვიის სროლა
ქალები
მრგვალი სტენდი
1.ფრანსისკა კროვეტო (ჩილე) – 55 ქულა
2.ამბერ რუტერი (დიდი ბრიტანეთი) – 55 ქულა
3.ოსტენ სმითი (აშშ) – 45 ქულა
ფარიკაობა
კაცები
რაპირა, გუნდური
1.იაპონია (კიუოსუკე მაცუიამა, ტაკაჰირო შიკინე, კაზუკი ლიმურა, იუდაი ნაგანო)
2.იტალია (გიიომ ბიანკი, ფილიპო მაკი, ტომაზო მარინი, ალესიო ფოკონი)
3.საფრანგეთი (მაქსიმილიენ შასტანე, მაქსიმ პო, ენცო ლეფორი, ჟულიენ მერტინი)
ჩოგბურთი
კაცები
1.ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
2.კარლოს ალკარასი (ესპანეთი)
3.ლორენცო მუსეტი (იტალია)
ქალები
წყვილები
1.სარა ერანი, ჟასმინე პაოლინი (იტალია)
2.მირა ანდრეევა, დიანა შნაიდერი (ნეიტრალური ათლეტები)
3.კრისტინა ბუსკა, სარა სორიბეს ტორმო (ესპანეთი)
ცურვა
კაცები
თავისუფალი – 1500მ
1.ბობი ფინკე (აშშ) – 14:30.67 წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.გრეგორიო პალტრინიერი (იტალია) – 14:34.55 წთ
3.დენიელ უიფენი (ირლანდია) – 14:39.63 წთ
კომპლექსური – 4X100მ
1.ჩინეთი (ჟიაუ შუ, ჰაიუან ქინი, ჟიაჟუნ სუნი, ჟანიე პანი; ჩანგაო ვანი) – 3:27.46 წთ
2.აშშ (რაიან მერფი, ნიკ ფინკი, ქელებ დრესელი, ჰანტერ არმსტრონგი; ჩარლი სუონსონი, თომას ჰილმენი, ჯეკ ალექსი) – 3:28.01 წთ
3.საფრანგეთი (იოან ნდოიე-ბრუარი, ლეონ მარშანი, მაქსიმ გრუსე, ფლორენ მანადუ; კლემენტ სეკი, რაფაელ ფენტე-დამერი) – 3:28.38 წთ
ქალები
თავისუფალი – 50მ
1.სარა სიოსტრომი (შვედეთი) – 23.71 წმ
2.მეგ ჰარისი (ავსტრალია) – 23.97 წმ
3.იუფეი ჟანი (ჩინეთი) – 24.20 წმ
კომპლექსური – 4X100მ
1.აშშ (რეგან სმითი, ლილი კინგი, გრეთხენ უოლში, ტორი ჰასკე; კატარინ ბერკოფი, ემა ვებერი, ალექს შეკელი, კეიტ დუგლასი) – 3:49.63 წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ავსტრალია (კაილი მაკიოუნი, ჯენა სტრაუხი, ემა მაკკეონი, მოლი ო’კელეჰენი; იონა ანდერსონი, ელა რემსი, ალექსანდრია პერკინსი, მეგ ჰარისი) – 3:53.11 წთ
3.ჩინეთი (ლეტიან ვანი, ციანტინ ტანი, იუფეი ჟანი, ჟუნშუან იანი; შუერე ვანი, იუიტინ იუ, ქინფენ ვუ) – 3:53.23 წთ
ცხენოსნობა
წვრთნა
1.ჯესიკა ფონ ბრედოუ-ვერნდლი (გერმანია)
2.იზაბელ ვერთი (გერმანია)
3.შარლოტე ფრაი (დიდი ბრიტანეთი)