პარიზი 2024: 5 აგვისტო

„ოლიმპიადის ნახევარმა უკვე ჩაიარა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩაიარა წარმატებით. ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი ოქროსი. ტოკიოს თამაშებთან შედარებით ძიუდოისტებმა ერთით ნაკლები მედლით დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ოლიმპიადა, სადაც ძიუდოში უდიდესი კონკურენციაა. ამიტომ, ნებისმიერ მედალს განსაკუთრებული ფასი აქვს. ახლა იწყება თამაშების დასკვნითი ნაწილი, ჯერ მოჭიდავეები იასპარეზებენ, ბოლო დღეებში კი ძალოსნები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გუნდი კიდევ მოიპოვებს მედლებს და სამშობლოში ღირსეულად დაბრუნდება“, – პარიზი 2024-ის განვლილი დღეები გუშინ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა შეაჯამა.

ერთი დღით ადრე ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა მოინახულეს.

დღეს პარიზში ქართველებიდან არავის უასპარეზია, ხვალ კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირი იწყება და 97კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილს ვიხილავთ.

დღეს გაითამაშეს მედლების უკანასკნელი კომპლექტი ტყვიის მსროლელებმა. მესტენდურთა შერეულ გუნდებს შორის დისციპლინა სანგარში საუკეთესო იტალიელები აღმოჩნდნენ. დიანა ბაკოსმა და გაბრიელე როზეტიმ ამერიკელებს, ოსტინ სმითს და ვინსენტ ჰენკოკს აჯობეს – 45:44.

ბაკოსი და როზეტი მეორედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, მათ სანგარში პირად პირველობაში გაიმარჯვეს. რაც შეეხება ამ დისციპლინის დიდოსტატს, ვინსენტ ჰენკოკს, ამერიკელმა მეხუთე ოლიმპიური მედალი მოიგო, თუმცა პირველი ვერცხლი. რამდენიმე დღით ადრე მან მამაკაცთა შორის გაიმარჯვა, ისევე როგორც პეკინში (2008), ლონდონსა (2012) და ტოკიოში (2020).

5 აგვისტოს კულმინაციად მძლეოსანთა ასპარეზობა იქცა, გამორჩევით კი ჭოკით მხტომელ ვაჟთა ტურნირი. მთავარი ფავორიტი ტოკიოს თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ოქროსმედალოსანი, შვედი არმანდ გუსტავ დუპლანტისი გახლდათ.

მან ასპარეზობა 5.70-მეტრიანი ნიშნულით დაიწყო, შემდეგ კი პირველივე ცდით გადაევლო 5.85, 5.95 და 6 მეტრზე გადებულ ჯოხს. ეს სიმაღლე მხოლოდ მან დაძლია, ოქროს მედლის განაღდების შემდეგ კი ოლიმპიური რეკორდიც დაისაკუთრა – 6.10 მეტრი აიღო.

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და დუპლანტისმა თავისივე მსოფლიო რეკორდს შეუტია. 6.24 მეტრი მან 20 აპრილს, ჩინეთში, ბრილიანტის ლიგის პირველივე ეტაპზე დაძლია. დღეს სტად დე ფრანსის ტაბლოზე 6.25 მეტრი აინთო.

პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა, შვედი ჯოხს კი გადაევლო, მაგრამ სულ მცირედით შეეხო და ისიც ჩამოვარდა. ანალოგიურად დასრულდა მეორე ნახტომიც, დუპლანტისი წვივებით შეეხო ჯოხს და რეკორდიც არ შედგა.

მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა: არმანდ გუსტავ დუპლანტისი 6.25 მეტრზე აფრინდა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა!

ეს შვედი მძლეოსნის მეცხრე მსოფლიო რეკორდია! 2020 წლის 8 თებერვლიდან დაწყებული, როცა მან 6.17 მეტრი დაძლია, დუპლანტისი თითო სანტიმეტრს უმატებს საკუთარ მიღწევას. ამ მხრივ მისთვის ყველაზე წარმატებული 2022 წლის სეზონი აღმოჩნდა, რომელიც 6.19-ით დაიწყო და 6.22-ით დაასრულა. ასე რომ, დიდი ალბათობით ის არც 6.25-ით დაკმაყოფილდება.

„მინდა, რომ ჩემი ოქროს მედალი ამერიკაში მძლეოსნობის აღორძინების დასაწყისად იქცეს. არასდროს დამიმალავს, რომ უკმაყოფილო ვიყავი ჩვენი სპორტისადმი ნაკლები ყურადღებით. ამერიკაში ყველაზე პოპულარული გუნდური სახეობებია, მაგრამ კალათბურთელები, ბეიზბოლისტები ან ფეხბურთელები არასდროს ეჯიბრებიან უცხოელებს, ჩვენ კი მუდმივად წარმატებულები ვართ საერთაშორისო არენაზე და მაინც ნაკლებ ყურადღებას გვაქცევენ. ბედნიერი ვიქნები, თუ დღევანდელი გამარჯვება სიტუაციას შეცვლის“ – ეს სიტყვები გუშინ განაცხადა 100 მეტრზე გარბენის ამერიკელმა ჩემპიონმა ნოა ლაილსმა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი პერსონალური რეკორდით, 9.79 წამით მოიგო.

გუშინდელი სპრინტი XXXIII ოლიმპიადის მშვენებად იქცა ჯერ კიდევ სტარტამდე. იმიტომ, რომ რვავე მძლეოსანმა ფინალის საგზური 10 წამზე ნაკლები დროით მოიპოვა, ასეთი რამ კი ამ დისციპლინის ოლიმპიურ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

ცხადია, ეს ძალიან ფაქტი ძალიან დაძაბულ ფინალს გვპირდებოდა და ასეც მოხდა: ამერიკელმა ჩემპიონმა მეორე ადგილზე გასული იამაიკელი, კიშანე თომპსონი სულ რაღაც 5 მეათასედი წამით ჩამოიტოვა! ოქროს მედლის მფლობელი ფოტოფინიშმა გამოავლინა – ლაილსის დროდ 9.784 წამი დაფიქსირდა, თომპსონის გასწვრივ კი 9.789 წამი ამონათდა.

საოცარია ისიც, რომ ჩემპიონსა და უკანასკნელ, მერვე ადგილზე გასულ სპრინტერს შორის სხვაობა სულ რაღაც 0.12 მეასედი წამი იყო, რაც ასევე უნიკალური მოვლენაა ისტორიაში. და რადგან გარბენი ასეთი საოცარი გამოდგა, ყველა ფინალისტს თანმიმდევრობით ჩამოვწერ, სხვა თუ არაფერი, მათი სახელები ამ ოლიმპიურ დღიურს შემორჩება:

1.ნოა ლაილსი (ამერიკა) – 9.784 წამი
2.კიშანე თომპსონი (იამაიკა) – 9.789
3.ფრედ კერლი (აშშ) – 9.81
4.აკანი სიმბინე (სამხრეთი აფრიკა) – 9.82
5.მარსელ ჯეიკობსი (იტალია) – 9.85
6.ლეცილე ტებოგო (ბოტსვანა) – 9.86
7.კენი ბედნარეკი (აშშ) – 9.88
8.ობლიკე სევილი (იამაიკა) – 9.91.

ნოა ლაილსი 100 მეტრზე სპრინტის პირველი ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონია ბოლო ოცი წლის განმავლობაში. 2004 წელს, ათენში, ოქროს მედალი ჯასტინ გეტლინმა მოიპოვა, მას შემდეგ კი ოლიმპიადის ჩემპიონის წოდებას ზედიზედ სამჯერ დაეუფლა იამაიკელი უსეინ ბოლტი (2008, 2012, 2016), ტოკიოში კი იტალიელმა მარსელ ჯეიკობსმა გაიმარჯვა.

ჯეიკობსმა და ტოკიოს თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ფრედ კერლიმ გუშინდელ ფინალშიც იასპარეზეს. იტალიელმა სეზონში საუკეთესო დრო აჩვენა – 9.85 წამი, თუმცა ეს მხოლოდ მეხუთე ადგილზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი, კერლი კი ისევ პრიზიორებში მოხვდა, მაგრამ წინა თამაშებისგან განსხვავებით, სადაც ვერცხლი მოიგო, ამჯერად ბრინჯაოს შეწვდა – 9.81 წამი.

გუშინვე გათამაშდა მედლები სიმაღლეზე მხტომელ ქალთა შორის. ოქრო სეზონის ლიდერს, მსოფლიო რეკორდის მფლობელ უკრაინელს, იაროსლავა მაუჩიხს დარჩა. ეს დისციპლინა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა უკრაინელებისთვის, რადგან ბრინჯაოს ჩემპიონის თანაგუნდელი ირინა ჰერაშჩენკო დაეუფლა.

ოლიმპიადის გახსნამდე სამი კვირით ადრე პარიზმა ბრილიანტის ლიგის მორიგ ეტაპს უმასპინძლა. სებასტიენ შარლეს სახელობის არენაზე გამართული შეჯიბრება იაროსლავამ მოიგო და ბოლო ცდაზე მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა – უკრაინელი გოგონა 2.10 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და ამით მძლეოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეკორდიც დაემხო. მსოფლიოს 1987 წლის ჩემპიონატზე ბულგარელმა სტეფკა კოსტადინოვამ 2.09 მეტრი დაძლია და მას შემდეგ ამ სიმაღლეს ვერავინ მიუახლოვდა.

წელს კი იაროსლავა გამოჩნდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს რეკორდსმენმა ოლიმპიადა მოიგო? ეს მისი მეორე ოლიმპიური მედალია, ტოკიოში მან ბრინჯაო მოიპოვა. ბრილიანტის ლიგის ეტაპებს თუ არ ჩავთვლით, 2024 წელს მაუჩიხმა მეორე დიდი ტიტული მოიპოვა, გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონი გახდა რომში. აქვე იმასაც დავწერ, რომ დნიპროში დაბადებული ოცდაორი წლის მძლეოსანი ახლა უკვე აბსოლუტურად ყველა ტიტულს ფლობს, რადგან შარშან მსოფლიო ჩემპიონატში (ბუდაპეშტი) და ევროპის თამაშებში (ხოჟუვი) გაიმარჯვა.

დღევანდელ ჩანახატს კუბელი მიხაინ ლოპესით დავასრულებ. ორმოცდაერთი წლის ფალავანი ხვალ მეხუთე(!) ოლიმპიურ ოქროს მედალს შეუტევს.

მძიმეწონოსანი მოჭიდავე თამაშების გახსნის ცერემონიის დროს კუბის გუნდის მედროშე გახლდათ ძიუდოისტ იდალის ორტისთან ერთად, დღეს კი ზედიზედ სამი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქრომდე მას ჩილელ იასმანი აკოსტასთან გამარჯვება აშორებს და თუ ლოპესმა მისი წინააღმდეგობაც დაძლია, საოცარ ამბებს დაწერს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 5 აგვისტო
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024

5 აგვისტოს მედალოსნები

ბადმინტონი
კაცები
1.ვიქტორ აქსელსენი (დანია)
2.კუნლავუტ ვიტიდსარნი (ტაილანდი)
3.ლიი ზი ჯია (მალაიზია)
ქალები
1.სე-იონ ანი (სამხრეთი კორეა)
2.ბინჟიაო ჰე (ჩინეთი)
3.გრეგორია მარისკა ტუნჯუნგი (ინდონეზია)

ველოსპორტი – ტრეკი
ქალები
გუნდური სპრინტი
1.დიდი ბრიტანეთი (კეტი მერჩენტი, სეფი კეპუელი, ემა ფინუკანე)
2.ახალი ზელანდია (რებეკა პეტჩი, შაანე ფელტონი, ელის ენდრიუსი)
3.გერმანია (პაულინ გრაბოში, ემა ჰინცე, ლეა სოფი ფრიდრიხი)

კაიაკი და კანოე – სლალომი, კროსი (KX1)
კაცები
1.ფინ ბაჩერი (ახალი ზელანდია)
2.ჯო კლარკი (დიდი ბრიტანეთი)
3.ნოა ჰეგი (გერმანია)
ქალები
1.ნოემი ფოქსი (ავსტრალია)
2.ანჟელ უ (საფრანგეთი)
3.კიმბერლი ვუდსი (დიდი ბრიტანეთი)

კალათბურთი – 3X3
კაცები
1.ნიდერლანდები (ვორთი დე იონგი, იან დრისენი, არვინ სლახტერი, დიმეო ვან დერ ჰორსტი)
2.საფრანგეთი (ლუკას დუსულიე, ჟიულ რამბო, ფრანკ სეგუელა, ტიმოთი ვერჟია)
3.ლიეტუვა (ევალდას ძიაუგუსი, გინტაუტას მატულისი, აურელიუს პუკელისი, შარუნას ვინგელისი)
ქალები
1.გერმანია (სვენია ბრუნკჰორსტი, სონია გრაინახერი, ელიზა მევიუსი, მარი რაიხერტი)
2.ესპანეთი (გრასია ალონსო დე ამინო, ხუანა კამილიონი, ვეგა ხიმენო, სანდრა იუგუერავიდე)
3.აშშ (დეარიკა ჰემბი, სიერა ბარდიკი, ჰეილი ვან ლითი, რაინ ჰოვარდი)

მძლეოსნობა
კაცები
ჭოკით ხტომა
1.არმან დუპლანტისი (შვედეთი) – 6.25 მ (მსოფლიო რეკორდი)
2.სემ კენდრიქსი (აშშ) – 5.95 მ
3.ემანუილ კარალისი (საბერძნეთი) – 5.90 მ
ქალები
800მ
1.კელი ჰოდგკინსონი (დიდი ბრიტანეთი) – 1:56.72 წთ
2.ციგე დუგუმა (ეთიოპია) – 1:57.15 წთ
3.მერი მორაა (კენია) – 1:57.42 წთ
5000მ
1.ბეატრის ჩებეტი (კენია) – 14:28.56 წთ
2.სიფან ჰასანი (ნიდერლანდები) – 14:30.61 წთ
3.ნადია ბატოკლეტი (იტალია) – 14:31.64 წწთ
ბადროს ტყორცნა
1.ვალერი ოლმენი (აშშ) – 69.50 მ
2.ბინ ფენი (ჩინეთი) – 67.51 მ
3.სანდრა ელკასევიჩი (ხორვატია) – 67.51 მ

სპორტული ტანვარჯიში
კაცები
ღერძზე ვარჯიში
1.შინოსუკე ოკა (იაპონია) – 14.533 ქულა
2.ანხელ ბარახასი (კოლუმბია) – 14.533 ქულა
3.ჩია უნ-ტანი (ტაივანი) – 13.966 ქულა
3.ბოენ ჟანი (ჩინეთი) – 13.966 ქულა
ორძელზე ვარჯიში
1.ჟინიუან ჟუ (ჩინეთი) – 16.200 ქულა
2.ილია კოვტუნი (უკრაინა) – 15.500 ქულა
3.შინოსუკე ოკა (იაპონია) – 15.300 ქულა
ქალები
თავისუფალი ვარჯიში
1.რებეკა ანდრადე (ბრაზილია) – 14.166 ქულა
2.სიმონე ბაილსი (აშშ) – 14.133 ქულა
3.ჯორდან ჩაილსი (აშშ) – 13.766 ქულა
დვირზე ვარჯიში
1.ალისე დ’ამატო (იტალია) – 14.366 ქულა
2.იაქინ ჟუ (ჩინეთი) – 14.100 ქულა
3.მანილა ესპოზიტო (იტალია) – 14.000 ქულა

ტრიათლონი
შერეული გუნდი
1.გერმანია (ტიმ ჰელვიგი, ლიზა ტერტში, ლასე ლიურსი, ლაურა ლინდემანი) – 1:25:39 სთ
2.აშშ (სეთ რაიდერი, ტეილორ სპივი, მორგან პირსონი, ტეილორ კნიბი)
3.დიდი ბრიტანეთი (ალექს იეე, ჯორჯია ტეილორ-ბრაუნი, სემ დიკინსონი, ბეთ პოტერი)

ტყვიის სროლა
კაცები
ჩქაროსნული პისტოლეტი (25მ)
1.იუეონ ლი (ჩინეთი)
2.იეონ-ჟაე ჩო (სამხრეთი კორეა)
3.შინჟიე ვანი (ჩინეთი)
შერეული გუნდი
სანგარი
1.იტალია (დიანა ბაკოსი, გაბრიელე როზეტი)
2.აშშ (ოსტინ სმითი, ვინსენტ ჰენკოკი)
3.ჩინეთი (იუიტინ ჟიანი, ჟიანლინ ლიუ)

ka_GEGeorgian