პარიზი 2024: 6 აგვისტო

ქართველმა ფალავნებმა პარიზში ასპარეზობა დაიწყეს, მაგრამ სტარტი საშინელი გამოდგა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97კგ) ყაზახ აბუბაკარ ხასლახანოვთან მერვედფინალში 1:9 დამარცხდა.
დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი გუნდის კიდევ სამ წევრს ვიხილავთ – კლასიკური სტილით მოჭიდავეებს რამაზ ზოიძეს (67კგ) და ლაშა გობაძეს (87კგ), ასევე ძალოსან შოთა მიშველიძეს (61კგ).

რადგან ჩვენი გუნდის წევრის გუშინდელ ასპარეზობაზე ბევრი არაფერია სათქმელი, სხვა ამბებს მიმოვიხილავ. უკვე მეოთხე ოლიმპიადის შესახებ ვწერ დღიურს და რომ ვიხსენებ, უმეტესწილად პირად პირველობებზე ვსაუბრობ. გამონაკლისი არც პარიზის თამაშებია, მაგრამ რაც უნდა საინტერესო იყოს ერთეულთა ტურნირები, გუნდური ასპარეზობებიც სათანადო ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით ფლეი ოფის სტადიაზე.

ბოლო ორ დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა ფეხბურთელთა, კალათბურთელთა და განსაკუთრებით ფრენბურთელთა შორის, სადაც ფინალისტები და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ფეხბურთით დავიწყებ.

ტიერი ანრის მომზადებული საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები ოქროს მედლისთვის ითამაშებს. მასპინძლებმა მხოლოდ დამატებით დროში გატეხეს ეგვიპტელები (3:1) და ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ, მეორედ გავიდნენ ფინალში.

ფრანგული ფეხბურთისთვის დიდებულ 1984 წელს, როცა „სამფეროვნებმა“, ლეგენდარული მიშელ პლატინის ლიდერობით, პირველად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, ანრი მიშელის გაწვრთნილმა ოლიმპიურმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა. იმ ფინალში, ას ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ (თუ არ ვცდები, ეს ოლიმპიადების რეკორდია), ფრანგებმა 2:0 სძლიეს ბრაზილიელებს.

ფრანგებს ახლაც ძლიერი მეტოქე ჰყავთ ესპანეთის სახით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნის სანაკრებო ფეხბურთი ყველა დონეზე საოცარ აღმავლობას განიცდის და გუნდები თასებს ზედიზედ იგებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საინტერესო ფინალი გველის. გადამწყვეტი თამაში 9 აგვისტოს გაიმართება პარკ დე პრინსესზე.

და რადგან ფინალში ევროპის გუნდები ითამაშებენ, ერთი რამ უკვე ცნობილია: ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ ტურნირს პირველად მოიგებს ბებერი კონტინენტის წარმომადგენელი. ოცდათორმეტი წლის წინ მასპინძლებმა გაიხარეს ჩემპიონობით, მას შემდეგ კი ოქროს მედლებს ნიგერია (1996), კამერუნი (2000), არგენტინა (2004, 2008), მექსიკა (2012) და ბრაზილია (2016, 2020) დაეუფლნენ. აქვე შევნიშნავ, რომ ბარსელონა 1992 პირველი ოლიმპიური თამაშებია, რომელსაც ტელევიზიით ვუყურე.

საფრანგეთისგან განსხვავებით, რომელმაც ოლიმპიადაზე ყველა მეტოქეს სძლია და პირველი გოლი მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა, სანტი დენიას გაწვრთნილმა ესპანეთმა ერთი თამაშის წაგება უკვე მოახერხა, ჯგუფში, მესამე ტურში… ეგვიპტესთან.

ერთ აბზაცს სენიორ სანტისაც დავუთმობ, მით უმეტეს, რომ შარშან ის საქართველოშიც ვიხილეთ, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მაშინ მისი ბიჭები ფინალში გავიდნენ. საერთოდ კი სანტი დენია ასაკობრივ გუნდებში ნაცადი და წარმატებული მწვრთნელი გახლავთ: 17-წლამდელებთან ერთად ევროჩემპიონატი მოიგო, იგივე ასაკის მსოფლიო პირველობაზე კი ფინალში დამარცხდა. 19-წლამდელებთან ერთად ის კვლავ ევროპის ჩემპიონი გახდა, ახალგაზრდულში დაწინაურებულმა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, შარშან ევროფინალს მიაღწია. 9 აგვისტოს ის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ეცდება ტიტულის მოგებას. სხვათა შორის, ეს ესპანეთის ზედიზედ მეორე ოლიმპიური ფინალია. ტოკიოში ისინი ბრაზილიელებთან დამარცხდნენ და მაშინ გუნდს ლუის დე ლა ფუენტე წვრთნიდა, ევრო 2024-ის ტრიუმფატორი.

არანაკლებ საინტერესოდ მიმდინარეობს ქალ ფეხბურთელთა ტურნირი, სადაც დღეს ნახევარფინალები გაიმართა. ლიონში ამერიკამ გერმანია დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა, არადა ჯგუფურ ეტაპზე (28 ივლისს მარსელში) 4:1 აჯობა.

დღეს ერთადერთი გოლი ამერიკის ქალთა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა სოფია სმიტმა გაიტანა (95-ე წუთზე). ეს მისი მესამე ბურთია ამ ოლიმპიადაზე და მან სამივე გერმანიას გაუტანა.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ბრაზილიას დაუპირისპირდა. მსოფლიოს ჩემპიონებს და ევროპის ერთა ლიგის გამარჯვებულებს ამჯერად არ გაუმართლათ, სამხრეთამერიკელები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ – 4:2. ბრაზილიის ქალთა ნაკრები კოპა ამერიკის გამარჯვებულია, ოლიმპიური ოქროს მოგებას კი მესამედ შეეცდება. 2004 და 2008 წლებში მათ ფინალები დათმეს.

ფეხბურთელებისგან განსხვავებით, კალათბურთელებმა ნახევარფინალისტები გამოავლინეს. პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა საბერძნეთს – 76:63. გერმანიამ მეოთხედ ითამაშა ოლიმპიადის მეოთხედფინალი და პირველად გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის (2006-2007) ხელმძღვანელობით გერმანიამ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე და მიმდინარე ოლიმპიადაზე უკვე ზედიზედ ცამეტი თამაში მოიგო!

ყველაზე შედეგიანი ბერძენთა ლიდერი იანის ანტეტოკუნპო იყო, მან 22 ქულას სამი შედეგიანი გადაცემა დაურთო, მაგრამ თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და გერმანიამაც ნახევარფინალი გაინაღდა.

ყველაზე დაძაბული მეორე თამაში გამოდგა, სერბეთი-ავსტრალია. სერბებმა პირველი მეოთხედი თოთხმეტი ქულის სხვაობით წააგეს – 17:31. შემდეგ, ერთ მომენტში მეტოქეს 24 ქულით ჩამორჩნენ – 20:44, მაგრამ ვეტერანმა მწვრთნელმა სვეტისლავ პესიჩმა ზუსტად იმ დროს აიღო წუთშესვენება და ეს აღმოჩნდა კიდეც გადამწყვეტი მომენტი. გუნდი გარდაისახა, ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, დამატებითში კი გამარჯვებაც იზეიმა – 95:90. სერბების ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა ორმაგ დუბლს – 21 ქულა, 14 მოხსნა – რვა შედეგიანი გადაცემაც დაამატა.

დასრულდა თუ არა მატჩი, FIBA-მ ერთი საინტერესო ამბავი გვამცნო: სერბეთი-ავსტრალიის ეს დაპირისპირება აღმოჩნდა მხოლოდ მეორე თამაში ოლიმპიადების ფლეი ოფში, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. პირველად ასეთი რამ 1948 წელს მომხდარა ლონდონში, ჩილე-საფრანგეთის მატჩში.

მესამე ნახევარფინალისტი საფრანგეთის ნაკრები გამოდგა, რომელმაც 82:73 აჯობა კანადას, ყველაზე გვიან კი ამერიკა-ბრაზილიის მეოთხედფინალი შედგა. ამერიკელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან იოლად გაიმარჯვეს – 122:87.

აღმოჩნდა, რომ ბრაზილიამ ოლიმპიადაზე ზედიზედ მეხუთე მეოთხედფინალი წააგო, მეათედ დამარცხდა ამერიკიასთან, ჩრდილოელებმა კი მეცამეტედ ითამაშეს ამ ეტაპზე და მეცამეტედ გავიდნენ ნახევარფინალში.

ვაჟ კალათბურთელთა ფინალისტები 8 აგვისტოს გამოვლინდებიან პარიზში. აკორ არენაზე ჯერ ფრანგები დაუპირისპირდებიან მსოფლიოს ჩემპიონებს, შემდეგ კი დიდებული ნახევარფინალი გველის – სერბეთი ამერიკის წინააღმდეგ.

ბრაზილიის წინააღმდეგ ერთბაშად ექვსმა ამერიკელმა მოაგროვა მინიმუმ ათი ქულა (დევინ ბუკერი – 18, ენტონი ედვარდსი – 17, ჯოელ ემბიდი – 14, ენტონი დევისი – 13, ლებრონ ჯეიმსი – 12, კევინ დურანტი – 11), ასეთი რამ კი ოლიმპიადის ფლეი ოფში ბოლოს 2008 წელს შეძლო იმავე ამერიკამ, არგენტინასთან ნახევარფინალში.

რაც შეეხება კევინ დურანტს, მან ზემოხსენებული ექვსეულიდან ყველაზე ნაკლები ქულა მოაგროვა, მაგრამ ამერიკის ოლიმპიური გუნდის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ხვალ, 8 აგვისტოს, პირველი ფინალისტი საფრანგეთისა და გერმანიის მატჩში გამოვლინდება, ამის შემდეგ კი ამერიკა-სერბეთის მეორე სერიას ვიხილავთ. 28 ივლისს „ოცნების გუნდმა“ 110:84 გაიმარჯვა.

არანაკლებ დაძაბული, ბევრის აზრით კი საუკეთესო თამაშები ფრენბურთელებმა შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით თვალსასეირო მეორე და მესამე შეხვედრები გამოდგა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ და ტოკიო 2020-ის გამარჯვებულმა საფრანგეთმა ერთნაირი ანგარიშით, 3:2 სძლიეს იაპონიას და გერმანიას. საწყისი ორი სეტი ორივემ წააგო, თუმცა არცერთი გატყდა და ნახევარფინალშიც გავიდა.

პირადად მე იტალია-იაპონიის დაპირისპირებამ მომხიბლა. 25:20, 25:23 – ამ ანგარიშით მოიგო იაპონიამ პირველი ორი სეტი. ისინი მესამეშიც წინ იყვნენ და ოლიმპიადა მეოთხედფინალში რომ დაასრულეს, მხოლოდ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ. იაპონელებს სამი მოწოდება ჰქონდათ თამაშის დასამთავრებლად, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ ჯერ უპირატესობა გაანიავეს, საბოლოოდ კი 25:27 დამარცხდნენ. მეორე და მესამე სეტებიც ურთულესი გამოდგა. ორივე შემთხვევაში იტალიამ გაიმარჯვა – 26:24, 17:15 – და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალისტები დღეს გამოვლინდებიან. ჯერ პოლონეთი დაუპირისპირდება ამერიკას, შემდეგ კი საოცნებო ნახევარფინალს ვიხილავთ: მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთის წინააღმდეგ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 6 აგვისტო
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი

6 აგვისტოს მედალოსნები

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
60კგ
1.კენიჩირო ფუმიტა (იაპონია)
2.ლიუო საო (ჩინეთი)
3.სე უნ-რი (ჩრდილოეთი კორეა) და ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)
130კგ
1.მიხაინ ლოპესი (კუბა)
2.იასმანი აკოსტა (ჩილე)
3.ამინ მირზაზადე (ირანი) და ლინჟე მენი (ჩინეთი)

ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
გუნდური სპრინტი
1.ნიდერლანდები (ჯეფრი ჰოოლანდი, ჰარი ლავრეისენი, როი ვან დენ ბერგი)
2.დიდი ბრიტანეთი (ჯეკ კარლინი, ედ ლოუი, ჰემიშ ტერნბალი)
3.ავსტრალია (მეტიუ გლეცერი, ლეი ჰოფმანი, მეტიუ რიჩარდსონი)

თავისუფალი ჭიდაობა
ქალები
68კგ
1.ამიტ ელორი (აშშ)
2.მეერიმ ჟუმანაზაროვა (ყირგიზეთი)
3.ნონოკა ოზაკი (იაპონია) და ბუსე ტოსუნ ჩავოშოღლუ (თურქეთი)

კრივი
ქალები
60კგ
1.კელი ჰარინგტონი (ირლანდია)
2.ვენლუ იანი (ჩინეთი)
3.ში-იუი ვუ (ტაივანი) და ბეატრის ფერეირა (ბრაზილია)

მძლეოსნობა
კაცები
1500
1.კოულ ჰოკერი (აშშ) – 3:27.65 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჯოშ კერი (დიდი ბრიტანეთი) – 3:27.79 წთ
3.იარედ ნუგუსე (აშშ) – 3:27.80 წთ
სიგრძეზე ხტომა
1.მილტიადის ტენტოღლუ (საბერძნეთი) – 8.48 მ
2.უეინ პინოკი (იამაიკა) – 8.36 მ
3.მატია ფურლანი (იტალია) – 8.34 მ
ქალები
200მ
1.გაბრიელე თომასი (აშშ) – 21.83 წმ
2.ჟულიენ ალფრედი (სენტ-ლუსია) – 22.08 წმ
3.ბრიტანი ბრაუნი (აშშ) – 22.20 წმ
3000მ – სტიპლჩეიზი
1.ვინფრედ იავი (ბაჰრეინი) – 8:52.67 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.პერუთ ჩემუტაი (უგანდა) – 8:53.34 წთ
3.ფეით ჩეროტიჩი (კენია) – 8:55.15 წთ
უროს ტყორცნა
1.ქემრინ როჯერსი (კანადა) – 76.97 მ
2.ანეტე ნეკა ეჩიკუნვოკე (აშშ) – 75.48 მ
3.ჟი ჟაო (ჩინეთი) – 74.27 მ

სკეიტბორდინგი
ქალები
პარკი
1.არისა ტრიუ (ავსტრალია)
2.კოკონა ჰირაკი (იაპონია)
3.სქაი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი)

ცხენოსნობა
კონკური
1.კრისტიან კუკუკი (გერმანია)
2.სტივ გუერდა (შვეიცარია)
3.მაიკელ ვან დერ ფლოტენი (ნიდერლანდები)

წყალში ხტომა
ქალები
კოშკი (10)
1.ჰონჩან ქუანი (ჩინეთი) – 425.60 ქულა
2.იუში შენი (ჩინეთი) – 420.70 ქულა
3.მი-რაე კიმი (ჩრდილოეთი კორეა) – 372.10 ქულა

ka_GEGeorgian