პარიზი 2024: 7 აგვისტო

XXXIII ოლიმპიადაზე ძალოსანთა შეჯიბრებები დაიწყო. კაცებმა მედლები ყველაზე მსუბუქ, 61კგ წონით კატეგორიაში გაითამაშეს და ჩვენი გუნდის პირველი წევრიც ვიხილეთ – მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი შოთა მიშველიძე.

სამწუხაროდ, მან შესაძლებლობებზე აშკარად სუსტად იასპარეზა, ამის მიზეზი კი ის ტრავმაა, რომელმაც სპორტსმენს ფიცარნაგზე გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეახსენა თავი.

მიშველიძემ ატაცში პირველი ორი ცდა გამოიყენა, ჯერ 114, შემდეგ კი 121 კილოგრამი დაძლია, თუმცა 128-ს უკვე ვეღარ მოერია. პირველი მოძრაობის შემდეგ ქართველი ძალოსანი მეხუთე ადგილზე გახლდათ, ტოკიოს თამაშების გამარჯვებულმა, ჩინელმა ფაბინ ლიმ კი ატაცი ოლიმპიური რეკორდით მოიგო – 143 კილოგრამი.

აკვრაშიც იგივე სურათი ვიხილეთ: შოთამ პირველად 125-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, შემდეგ 135 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ 150 კილო მისთვის დაუძლეველი სიმძიმე აღმოჩნდა. ამ მოძრაობაში საუკეთესო ამერიკელი ჰემპტონ მორისი იყო, რომელმაც 172 კილოგრამი აკრა. ლი ხუთი კილოგრამით ნაკლებს მოერია, თუმცა ორჭიდის ჯამში მაინც მან გაიმარჯვა. მორისი მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მიშველიძეს, ის 256 კილოგრამით მეექვსე იყო.

„გული მწყდება, რომ ძველი ტრავმის გამო შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინე. უიღბლობის მიუხედავად, გაჩერებას არ ვაპირებ და ვეცდები მომდევნო ტურნირებზე მივაღწიო წარმატებას. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა და მამხნევებდა, იმ ბიჭებს კი, რომლებმაც მედლები მოიპოვეს და საქართველოს დროშა ააფრიალეს, ვულოცავ წარმატებას და მომავალშიც გამარჯვებებს ვუსურვებ“, – შოთა მიშველიძის კომენტარი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გრან პალე ეფემერაში მოჭიდავეთა ასპარეზობა განახლდა. ჩვენი ფალავნების შესახებ სათქმელი ბევრი არაფერია: რამაზ ზოიძე (67კგ) ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან განადგურდა – 1:12, 87კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძემ კი პირველი წრე გაიარა (2:1 აჯობა ალჟირელ ბაშირ სიდ აზარას), მაგრამ მომდევნოში ვერაფერი მოუხერხა ბულგარელ სემენ ნოვიკოვს – 3:8. ქართველ ფალავანს მაინც გაუმართლა, ნოვიკოვი ფინალში გავიდა და ლაშამაც მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ხვალ ის დამამშვიდებელი წრის, ეგრეთ წოდებული რეპეშაჟის ნახევარფინალში დანიის სახელით მოჭიდავე ტურპალ ბისულთანოვს დაეჭიდება. წარმატების შემთხვევაში გობაძე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

სანამ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებისგან პირველ მედალს ველით, პარიზი 2024-ის გახსნის ცერემონიაზე კუბის ნაკრების მედროშე მიხაინ ლოპესმა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი საოცარი რეკორდი დაწერა: ლოპესი გახდა პირველი ათლეტი თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ერთი დისციპლინის ოქროს მედალი.

ვეტერანი ფალავანი (20 აგვისტოს ორმოცდაორი წლის ხდება) უდიდეს სპორტულ ფორუმზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა ათენში. საბერძნეთის დედაქალაქში მას ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო, პეკინის ოლიმპიადიდან დაწყებული, ლოპესი დაუმარცხებელია და პარიზში მეხუთედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. პირველი ორი ტიტული მან 120კგ წონით კატეგორიაში მოიგო, ბოლო სამი კი 130კგ-ში.

2008 წელს კუბელმა ფინალში რუსი ხასან ბაროევი დაამარცხა, არადა ოთხი წლით ადრე სწორედ მასთან წააგო მეოთხედფინალი. დღეს ბაროევს პეკინის თამაშების მედალოსანთა შორის ვერ შეხვდებით – მოგვიანებით დოპინგის მიღებაში ამხილეს და ვერცხლის მედალი ჩამოართვეს.

2012 წელს, ლონდონში, ლოპესმა მეორე ოქრო მოიგო. საჩემპიონო შეხვედრაში მან უშანსოდ აჯობა ესტონელ ჰეიკი ნაბის, მეოთხედფინალში კი ჩვენი გუნდის წევრი გურამ ფერსელიძე დაამარცხა.

2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, კუბელმა იდეალურად იჭიდავა: მერვედფინალში 3:0 მოუგო ნაბის, მომდევნო წრეში 4:0 სძლია შვედ იოჰან ეურენს, ნახევარფინალში რუს სერგეი სემიონოვს არ დაუტოვა შანსი – 3:0, ფინალში კი თურქი რიზა ქაიაალფი 6:0 გაანადგურა. არადა, ეს უკანასკნელი იმ დროს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და ევროპირველობების ხუთგზის ოქროსმედალოსანი გახლდათ.

2021 წელს, ტოკიოში, თავის მეხუთე ოლიმპიადაზე, მიხაინ ლოპესი მეოთხედ გახდა უძლიერესი. კუბელის და ქაიაალფის გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა (2:0), ფინალურ ორთაბრძოლაში კი დაუმარცხებელმა ფალავანმა წყალტუბოელ იაკობ ქაჯაიას სძლია – 5:0.

რაც შეეხება ლოპესის გზას პარიზულ ოქრომდე, ის ასეთი გამოდგა: სონ-ჩან ლი (სამხრეთი კორეა) – 7:0; მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამინ მირზაზადე (ირანი) – 3:1; შაბა შარიათი (აზერბაიჯანი) – 4:1 და იასმანი აკოსტა (ჩილე) – 6:0. დასრულდა თუ არა გადამწყვეტი შეხვედრა, ლოპესმა კედები გაიხადა, ხალიჩაზე დააწყო, ქედი მოიხარა და… სპორტული კარიერაც დაასრულა. მე კი გეტყვით, რომ სამი წლის წინ, ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში, ქაჯაიამ სწორედ იასმანი აკოსტა დაამარცხა.

სანამ ჩვენი სპორტსმენების წარუმატებლობები გრძელდება, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები იღებენ მედლებს. 4 აგვისტოს ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუჩანო როსიმ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე დააჯილდოვა, დღეს კი სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოფილ თავკაცს ელგუჯა ბერიშვილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებლის, პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი გადაეცა.

ეს ჯილდო სოკ-მა 1997 წელს დააწესა მათთვის, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციას ეწევიან. ელგუჯა ბერიშვილი პირველი ქართველია, ვინც ამ პრესტიჟული მედლით დაჯილდოვდა. სხვადასხვა დროს კუბერტენის მედალი მიენიჭათ სოკ-ის საპატიო პრეზიდენტს ხუან ანტონიო სამარანჩს; აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს; ფიატის ყოფილ პრეზიდენტს ჯანი ანიელის; ფიფას ხელმძღვანელს ჟოაო აველანჟს; მონაკოს მმართველ რენიე III-ს…

ცერემონია, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი დაესწრნენ, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ელგუჯა ბერიშვილს ოქროს მედალი სოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა გადასცა. ლაურეატის ოფიციალური სიტყვა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გუშინვე გაავრცელა:

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ამ ამბით. მადლობას მოვახსენებ სოკ-ის პრეზიდენტს, ბატონ თომას ბახს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯონ კოუტსს, სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებს, ვინც გამოარჩია და აღიარა ჩემი საქმიანობა ოლიმპიურ მოძრაობაში. მადლობა სეოკ-ის ხელმძღვანელებს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. მიხარია, რომ მედლის გადმოცემა მოხდა პარიზის ოლიმპიური თამაშების დღეებში, როცა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები სანუკვარი ჯილდოებისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლაში არიან ქართველი სპორტსმენებიც, რომლებმაც უკვე შეძლეს ოთხი ოლიმპიური მედლის მოპოვება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მედალოსანთა რიგები გაიზრდება. საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი სპორტული ტრადიციებით. ოლიმპიურ სარბიელზე სხვადასხვა დროს მოპოვებულ მედლებთან ერთად, ჩვენ უკვე პიერ დე კუბერტენის მედალიც გვაქვს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“.

დღეს კიდევ ერთი ისეთი დისციპლინა ვიხილეთ, რომელიც გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისთვის დაემატა ოლიმპიადის სპორტულ პროგრამას: სპორტულ სიარულში შერეული გუნდების მარათონმა კაცთა შორის 50 კილომეტრზე სპორტული სიარული შეცვალა.

ოქროს მედლები ესპანელთა წყვილმა მოიგო, ალვარო მარტინმა და მარია პერესმა. ეს მათი მეორე მედალია პარიზში. მარტინი, ვინც შარშან ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ოლიმპიადაზე ოცკილომეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო პერესმა იგივე დისციპლინაში ქალთა შორის დაიკავა მეორე ადგილი. მეწყვილის მსგავსად, პერესიც შარშანდელი მსოფლიო პირველობის ორგზის გამარჯვებულია.

მძლეოსნობაში გუშინ დასრულებული დისციპლინებიდან ორია გამოსარჩევი: კაცთა შორის 1500 მეტრზე გარბენი და ქალების ფინალი 200 მეტრზე სპრინტში. „სპორტის დედოფლის“ მიმომხილველებმა 1500 მეტრზე პარიზული გარბენი უკვე მონათლეს დისციპლინის ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიურ ფინალად. მართალია მსოფლიო რეკორდი არ გაუმჯობესდა, სამაგიეროდ, ჩემპიონმა და პრიზიორებმა უკეთესი დრო აჩვენეს, ვიდრე ტოკიო 2020-ის ფინალში შეძლო ნორვეგიელმა იაკობ ინგებრიტსენმა.

გუშინდელი შეჯიბრების მთავარ ფავორიტად სწორედ ინგებრიტსენი ითვლებოდა. მან ძალიან ძლიერი სტარტი აიღო და უმაღლესი ტემპი შესთავაზა კონკურენტებს. როცა ნორვეგიელმა პირველი რვაასი მეტრი დაასრულა, წამზომი 1:51.38 წუთს უჩვენებდა. ყველას ეგონა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი მეორე ოქროს მედალს მოიგებდა, მაგრამ ფინიშამდე ორასი მეტრით ადრე ინგებრიტსენს დაღლა დაეტყო, აშკარა იყო, რომ ტემპს ვეღარ გაზრდიდა, მაშინ როცა ამერიკელ კოულ ჰოკერს და ბრიტანელ ჯოშ კერს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ.

საბოლოოდ ორივემ გადაასწრო ნორვეგიელს, რომელიც პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. ჰოკერის და კერის შემდეგ ფინიშის ხაზი ამერიკელმა იარედ ნუგუსემ გადაკვეთა და ოლიმპიადის ბრინჯაოსაც ის დაეუფლა. ჰოკერმა, ვისთვისაც ეს პირველი ოქროს მედალია უმაღლესი რანგის ტურნირებში, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა – 3:27.65 წუთი. კერიმ, ვისი დროც 3:27.79 იყო, დიდი ბრიტანეთის რეკორდი დაისაკუთრა, ნუგუსემ კი სეზონში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 3:27.80 წუთი. ყველასათვის მოულოდნელად ბოლო ორი ადგილი კენიელებმა დაიკავეს, ტიმოთი შერიუმ და ბრიან კომენმა. არადა, პირველი ტოკიოს თამაშებზე ვერცხლს დაეუფლა, კომენი კი აფრიკის ჩემპიონი და აფრიკის თამაშების გამარჯვებული გახლავთ.

ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტის ფინალში პარიზი 2024-ის ერთ-ერთი ჩემპიონი ვიხილეთ, სენტლუსიელი ჟულიენ ალფრედი, რომელმაც თავის ქვეყანას პირველი ოლიმპიური მედალი, თან ოქროსი, 100 მეტრზე გარბენში გამარჯვებით მოუტანა. გუშინდელ სტარტზე იდგა დიდი ბრიტანეთის მძლეოსანთა გუნდის მთავარი იმედი დინა ეიშერ-სმითი, მაგრამ ჩემპიონობა ტოკიო 2020-ის ბრინჯაოს პრიზიორმა, ამერიკელმა გაბრიელე თომასმა მოიპოვა. 21.83 წამი – ეს დრო აჩვენა თომასმა.

სიგრძეზე მხტომელ ვაჟთა შორის ფავორიტი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ბერძენი, სპორტში პარკურიდან მისული მილტიადის ტენტოღლუ გახლდათ. მან სრულად გაამართლა მოლოდინი.

ჩემპიონობის მომტანი შედეგი – 8.48 მეტრი, ბერძენმა მეორე ცდაზე აჩვენა, არადა პირველი ნახტომის შემდეგ ცხრამეტი წლის იტალიელი მატია ფურლანი ლიდერობდა – 8.34. სხვათა შორის, სწორედ ამ ორმა გაითამაშა წლის დასაწყისში გლაზგოში გამართული ჭერქვეშა მსოფლიო პირველობის ოქრო-ვერცხლი. ისევე როგორც პარიზში, ჩემპიონი შოტლანდიაშიც ტენტოღლუ გახდა, ფურლანი კი მეორე ადგილზე გავიდა. ამჯერად მათ პაექრობაში იამაიკელი უეინ პიკოკი ჩაერია, მაგრამ მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ 8.36 მეტრზე გადახტა და იტალიელს ვერცხლის მედალი აართვა.

გუშინდელი ჩანახატი თითქმის მთლიანად გუნდურ შეჯიბრებებს დავუთმე, მაგრამ ხელბურთელებზე არაფერი მითქვამს. საფრანგეთის კაცთა ნაკრები ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ ტოკიოს თამაშების ჩემპიონები ძალიან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდნენ გერმანიასთან – 34:35. პირველი ტაიმი ფრანგებმა 17:14 მოიგეს, ძირითადი დროის მიწურულსაც ორი გოლით იყვნენ წინ, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს და მეტოქეს საფინალო სასტვენამდე ოთხი წამით ადრე ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს – 29:29. დამატებით დროში გერმანიამ მეტოქეზე ერთით მეტი გოლი გაიტანა და ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავიდა. რაც შეეხებათ ფრანგებს, ათენი 2004-ის შემდეგ ისინი პირველად დარჩნენ ოლიმპიური მედლის გარეშე. 2008, 2012 და 2020 წლებში მათ ოქრო მოიგეს, 2016 წელს კი დრამატულ ფინალში დამარცხდნენ.

საფრანგეთის ქალ ხელბურთელთა ნაკრებიც გერმანიას შეხვდა. ფრანგები ტოკიოს თამაშების გამარჯვებულები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. მათ მშვიდად აჯობეს მეტოქეს – 26:23 და ხვალ ფინალში გასვლას შეეცდებიან. მეტოქე შვედეთია, მეორე ნახევარფინალში კი ტოკიო 2020-ის ბრინჯაოს პრიზიორი ნორვეგია დანიას შეხვდება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 7 აგვისტო
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

7 აგვისტოს მედალოსნები

აფროსნობა
კაცები
ILCA 7
1.მეთიუ ვერნი (ავსტრალია)
2.პავლოს კონტიდესი (კვიპროსი)
3.სტეფანო პეშიერა (პერუ)
ქალები
ILCA 6
1.მარიტ ბოუმეესტერი (ნიდერლანდები)
2.ანე-მარი რინდომი (დანია)
3.ლინე ფლემ ჰიოსტი (ნორვეგია)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
77კგ
1.ნაო კუსაკა (იაპონია)
2.დემეუ ჟადრაიევი (ყაზახეთი)
3.მალხაზ ამოიანი (სომხეთი)
3.აკჟოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი)
97კგ
1.მოჰამად ჰადი სარავი (ირანი)
2.არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3.გაბრიელ როსილიო (კუბა)
3.უზურ ძუზუპბეკოვი (ყირგიზეთი)
* * *
რობერტ კობლიაშვილი
1/
8 – აბუბაკარ ხასლახანოვი (ყაზახეთი) – 1:9

ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
გუნდური გამოდევნებით
1.ავსტრალია (ოლივერ ბლედინი, სემ უელსფორდი, კონორ ლიჰი, კელენ ო’ბრაიენი)
2.დიდი ბრიტანეთი (ითენ ჰეიტერი, დენიელ ბიგემი, ჩარლი ტენფილდი, ითენ ვერნონი)
3.იტალია (სიმონე კონსონი, ფილიპო განა, ფრანჩესკო ლემონი, ჯონათან მილანი)
ქალები
გუნდური გამოდევნებით
1.აშშ (ჯენიფერ ვალენტე, ლილი უილიამსი, ქლოი დაიგერტი, კრისტენ ფოლკნერი)
2.ახალი ზელანდია (ელი უოლესტონი, ბრაიონი ბოთა, ემილი შერმენი, ნიკოლ შილდსი)
3.დიდი ბრიტანეთი (ელინორ ბარკერი, ჯოსი ნაითი, ანა მორისი, ჯესიკა რობერტსი)

თავისუფალი ჭიდაობა
ქალები
50კგ
1.სარა ჰილდებრანდტი (აშშ)
2.იუსნეილის გუსმანი (კუბა)
3.იუი სუსაკი (იაპონია)
3.ზიქი პენი (ჩინეთი)

კრივი
კაცები
63,5კგ
1.ერისლენდი ალვარესი (კუბა)
3.სოფიანე უმია (საფრანგეთი)
3.ლაშა გურული (საქართველო)
3.უეტ ნეფორდი (კანადა)
* * *
ლაშა გურული
1/
8 – მალიკ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) – 5:0
1/4 – მუხამედსაბირ ბაჟარბაიული (ყაზახეთი) – 3:2
1/2 – ერისლენდი ალვარესი (კუბა) – 0:5
80კგ
1.ოლექსანდრ ხიჟნიაკი (უკრაინა)
2.ნურბეკ ორალბაი (ყაზახეთი)
3.კრისტიან პინალესი (დომინიკის რესპუბლიკა)
3.არლენ ლოპესი (კუბა)

მძლეოსნობა
კაცები

400მ
1.ქუინსი ჰოლი (აშშ) – 43.40 წმ
2.მეთიუ ჰადსონ-სმითი (დიდი ბრიტანეთი) – 43.44 წმ
3.მუზალა სამუკონგა (ზამბია) – 43.74წმ
3000მ სტიპლჩეიზი
1.სუფიანე ელ ბაკალი (მაროკო) – 8:06.05 წთ
2.კენეთ როსკი (აშშ) – 8:06.41 წთ
3.აბრაჰამ კიბივოტი (კენია) – 8:06.47 წთ
ბადროს ტყორცნა
1.როხე სტონა (იამაიკა) – 70.00 მ
2.მიკოლას ალეკნა (ლიეტუვა) – 69.97 წთ
3.მეთიუ დენი (ავსტრალია) – 69.31 წთ
ქალები
ჭოკით ხტომა
1.ნინა კენედი (ავსტრალია) – 4.90 მ
2.კეტი მოონი (აშშ) – 4.85 მ
3.ალიშა ნიუმენი (კანადა) – 4.85 მ
შერეული გუნდი
სპორტული სიარული, მარათონი
1.ესპანეთი (ალვარო მარტინი, მარია პერესი) – 2:50:31 სთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ეკვადორი (ბრაიან პინტადო, გლენდა მორეხონი) – 2:51:22 სთ
3.ავსტრალია (რიდიენ კოული, ჯემაიმა მონტაგი) – 2:51:38 სთ

მხატვრული ცურვა
გუნდი
1.
ჩინეთი (აო ჩანი, ვენტაო ჩენი, იუ ფენი, სიუე ვანი, ლიუი ვანი, ციანი ვანი, ბინშუან შიანი, იანინ შიაო, იუაი ჟანი) – 996.1389 ქულა
2.აშშ (ანიტა ალვარესი, ჯეიმი შარკოვსკი, მეგუმი ფილდი, კიანა ჰანტერი, ოდრი კვონი, კალისტა ლიუ, ლუუ ჯეკლინი, დანიელა რამირესი, რუბი რემატი) – 914.3421 ქულა
3.ესპანეთი (ჩელი ფერე, მარინა გარსია პოლო, ლილუ ლუის ვალეტე, მერიჩელ მასი, ალისა ოჟოგინა, პაულა რამირესი, სარა სალდანია, ირის ტიო, ბიანკა ტოლედანო) – 900.7319 ქულა

სკეიტბორდინგი
კაცები
პარკი
1.კიგან პალმერი (ავსტრალია) – 93.11 ქულა
2.ტომ შაარი (აშშ) – 92.23 ქულა
3.აუგუშტო აკიო (ბრაზილია) – 91.85 ქულა

სპორტული მეკლდეურობა
ქალები
სწრაფი ცოცვა
1.ალექსანდრა მიროსლავი (პოლონეთი)
2.ლიჟუან დენი (ჩინეთი)
3.ალექსანდრა კალუჩკა (პოლონეთი)

ტაეკვონდო
კაცები
58კგ
1.ტაე-იოონ პარკი (სამხრეთი კორეა)
2.გაშიმ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
3.მოჰამედ ხალილ ჯენდუბი (ტუნისი)
3.სირიან რავე (საფრანგეთი)
ქალები
49კგ
1.პანიპაკ ვონგპატანაკიტი (ტაილანდი)
2.ცინ გუო (ჩინეთი)
3.მობინა ნემატზადე (ირანი)
3.ლენა სტოიკოვიჩი (ხორვატია)

ძალოსნობა
კაცები
61კგ
1.ფაბინ ლი (ჩინეთი) – 310კგ (143, ოლიმპიური რეკორდი + 167)
2.თეერაპონგ სილაჩაი (ტაილანდი) – 303კგ (132 + 171)
3.ჰემპტონ ჰარისი (აშშ) – 298კგ (126 + 172)
* * *
შოთა მიშველიძე
VI ადგილი – 256კგ (121 + 135)

ქალები
49კგ
1.ჟიუი უ (ჩინეთი) – 206კგ (89 + 117, ოლიმპიური რეკორდი)
2.მიჰაელა კამბეი (რუმინეთი) – 205კგ (93 + 112)
3.სუროდჩანა ხამბაო (ტაილანდი) – 200კგ (88 + 112)

ka_GEGeorgian