პარიზი 2024: 8 აგვისტო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში მხოლოდ სამი სპორტსმენით იასპარეზა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში.

1996 წელს, ატლანტაში, საქართველოსთვის სადებიუტო თამაშებზე, „კლასიკოსთა“ ნაკრებში ოთხი ფალავანი მოხვდა: გელა პაპაშვილი (48კგ), კობა გულიაშვილი (62კგ), ტარიელ მელელაშვილი (68კგ) და ბაკურ გოგიტიძე (100კგ). მედალს ვერცერთი დაეუფლა. ოლიმპიურ ბრინჯაოს მხოლოდ გულიაშვილი მიუახლოვდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში დამარცხდა.

პარიზის თამაშებამდე ატლანტის ოლიმპიადა ერთადერთი იყო, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი სამეულში ვერ ვიხილეთ. მომდევნო თამაშებიდან კი გუნდი მინიმუმ ერთი ჯილდოთი ბრუნდებოდა:

2000 წელს, სიდნეიში, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს აკაკი ჩაჩუამ (63კგ) და მუხრან ვახტანგაძემ (85კგ).

2004 წელს, ათენში, ფინალში იასპარეზა რამაზ ნოზაძემ (96კგ), ის ვერცხლს დასჯერდა.

2008 წელს, პეკინში, მანუჩარ კვირკველიამ (74კგ) ჩემპიონობით გაგვახარა.

2012 წელს, ლონდონში, რევაზ ლაშხი (60კგ) მეორე ადგილზე გავიდა, მანუჩარ ცხადაია (66კგ) მესამეზე.

2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, მესამე ადგილი დაიკავა შმაგი ბოლქვაძემ (66კგ).

2021 წელს, ტოკიოში, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) ფინალში იჭიდავა, თუმცა ვერას გახდა მიხაინ ლოპესთან, ვინც მაშინ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი გაიხარა.

ორი დღის წინ კუბელმა ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადა მოიგო, საქართველოს ნაკრების წევრებმა კი, რომლებმაც რამდენიმე საათის წინ დაასრულეს პარიზის ოლიმპიადა, მედალს ვინ ჩივის, ფინალურ ბლოკში გასვლაც ვერ შეძლეს: რამაზ ზოიძე (67კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97კგ) სტარტზე, მერვედფინალში დამარცხდნენ, ხოლო ლაშა გობაძე (87კგ) დამამშვიდებელ წრეში. გობაძე ერთადერთი იყო, ვინც სამჯერ გავიდა ხალიჩაზე. მერვედფინალში ალჟირელ მეტოქეს სძლია, მაგრამ შემდეგ მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან, დამამშვიდებელში კი დანიის ნაკრების წევრთან დამარცხდა.

მოკლედ, ცუდი შედეგია. ხოლო თუ ჩამოთვლილ ამბებს გავითვალისწინებთ, მაშინ არცთუ სასიამოვნო ფაქტი უნდა ვაღიაროთ: ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს იყო უარესი შედეგი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მანძილზე, 1996 წლიდან დღემდე.

რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული ვარდნა და ვის, ან რის ბრალია მომხდარი, ამაზე სჯობს სპეციალისტებმა ისაუბრონ, მე კი იმას დავწერ, რაც გობაძის დღევანდელი წაგების შემდეგ გავიფიქრე: ბერძნულ-რომაულ სტილს ჩვენში სხვადასხვა თაობის უამრავი გულშემატკივარი რომ ჰყავს, ეს ნამდვილად არაა იმ „ჭიდაობის“ დამსახურება, პარიზში რაც ვიხილეთ ჩვენების „შესრულებით“.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სახეობა იყო საქართველოში და არაერთი დიდებული ფალავანიც გვახსოვს. სხვებს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს პირველი ქართველი ჩემპიონის, ლეგენდარული გივი კარტოზიას ხსენებაც კმარა, ის XX საუკუნის მეორე საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს უფროსმა კოლეგებმა და ქართული სპორტის მცოდნე ხალხმა.

ჰოდა, როგორც რიგით გულშემატკივარს და ოლიმპიური თამაშების მოყვარულს, მაინტერესებს რამ გამოიწვია ასეთი საშინელი შედეგი. დიდი იმედი მაქვს, თამაშების შემდეგ მაინც მოვისმენ კომპეტენტური ხალხის აზრს, თორემ სპეციალისტებმა თუ დუმილი არჩიეს და მომხდარიც „ოჯახში“ გაირჩა, არაა გამორიცხული ბერძნულ-რომაული ჭიდაობაც იმ სახეობებამდე დაეცეს, რომელთა წარმომადგენლებისთვის ოლიმპიადის მოგება კი არ არის მიზანი, თამაშებში მონაწილეობაც წარმატებად ითვლება.

პარიზში ასე მოხდა და ძალიან არ მინდა ლოს ანჯელესშიც იგივე შედეგი ვიხილოთ.

რადგან ეს წერილი ოლიმპიური დღიურის ნაწილია, ყოველი შემთხვევისთვის იმ ფალავნებს შეგახსენებთ, ვინც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადა ან ოლიმპიური მედალი საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში მოიგეს:

ჩემპიონები გახდნენ გივი კარტოზია (მელბურნი 1956), ავთანდილ ქორიძე (რომი 1960), რომან რურუა (მეხიკო 1968) და ვახტანგ ბლაგიძე (მოსკოვი 1980);

ვიცე-ჩემპიონი ერთი გვყავს, რომან რურუა (ტოკიო 1964), რომელმაც დაუმარცხებლად დაასრულა შეჯიბრება, მაგრამ ოქრო მაინც მეტოქეს გადაეცა;

ბრინჯაოს მედალოსანი კი სამია: რომან ძნელაძე (მელბურნი 1956), გივი კარტოზია (რომი 1960) და დავით გვანცელაძე (ტოკიო 1964). სხვათა შორის, შარშან, მსოფლიოს ქართველი ჩემპიონების თემაზე რომ ვმუშაობდი, ბატონი გივის მიერ რომში მოპოვებული ბრინჯაო მის ოჯახში ვნახე. მელბურნის ოქროს მედალი კი კარგა ხანია დაკარგულია.

დღეს დაიწყეს ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, თუმცა არც მათ შესახებაა ბევრი რამ სათქმელი. ვლადიმერ გამყრელიძისთვის (86კგ) პარიზის თამაშები პირველივე შეხვედრაში დასრულდა – 1:5 უზბეკი ჯავრაილ შაპიევის წინააღმდეგ.

მძლეოსანთა ფინალები კი ყოველ დღე საოცარ სანახაობას გვთავაზობს და გამონაკლისი არც 7 აგვისტო გამოდგა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ბადროს მტყორცნელ კაცთა შორის მოხდა, სადაც ოქროს მედალი მსოფლიო რეიტინგის ათეულს მიღმა მყოფმა გოლიათმა იამაიკელმა, როხე სტონამ მოიგო. მან იარაღი ზუსტად 70 მეტრზე გაისროლა და სამი სანტიმეტრით აჯობა რეიტინგის პირველ ნომერს, მსოფლიოს რეკორდსმენს, ლიეტუველ მიკოლას ალეკნას.

ოლიმპიური ოქროს მთავარ კანდიდატად სწორედ ბალტიისპირელი ითვლებოდა. მეორე ცდაზე მან 69.97 მეტრი დააფიქსირა და ამით თამაშების რეკორდი გააუმჯობესა. ძველი მიღწევა – 69 მეტრი და 89 სანტიმეტრი – მიკოლასის მამას, სიდნეის და ათენის ოლიმპიადების გამარჯვებულს, ვირგილიუს ალეკნას ეკუთვნოდა, რომელმაც ის ზუსტად ოცი წლის წინ დაამყარა ათენში.

მესამე ცდის შემდეგ საერთო სურათი არ შეცვლილა, სამაგიეროდ, მეოთხე ტყორცნის შემდეგ შეჯიბრებას ახალი ლიდერი გამოუჩნდა – მსაჯებმა ოცდახუთი წლის იამაიკელის შედეგად ზუსტად 70 მეტრი დააფიქსირეს. ლიეტუველი ძალიან კი ეცადა, მაგრამ მომდევნო სამ სერიაში ლიდერობა ვეღარ დაიბრუნა.

სპრინტი ხომ ყველა დისტანციაზე ძალიან საინტერესოა, მაგრამ კაცთა შორის 400 მეტრზე გარბენის ფინალში არნახული ამბავი მოხდა: რვიდან ხუთმა მონაწილემ ეს მანძილი 43.87 წამზე ნაკლებ დროში დაფარა, რაც ამ დისტანციაზე ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტ შედეგში მოხვდა.

ჩემპიონი, როგორც 100 მეტრზე, ამჯერადაც მძლავრი კომპიუტერის დახმარებით გაირკვა: აღმოჩნდა, რომ ამერიკელმა ქუინსი ჰოლმა 4 მეასედი წამით ადრე გადაკვეთა ფინიში. მისი დრო 43.40 წამი იყო, მეორე ადგილზე გასული მეთიუ ჰადსონ-სმითისა კი 43.44. სხვათა შორის, ეს ევროპის ახალი რეკორდია.

ოთხი მეასედის სხვაობა ხომ საოცარია, მაგრამ არანაკლებ ეფექტური სანახავი იყო ფინიში – უკანასკნელ ორმოცდაათ მეტრს ჰოლი მეოთხე ნომრად შეხვდა, მაგრამ, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, ტემპს მოუმატა და ჩემპიონობაც იზეიმა. შარშან, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიგო, 4X400 მეტრზე გუნდურ ეტაფეტაში კი ოქროს დაეუფლა.

რამდენიმე დღის შემდეგ განახლდა ასპარეზობები კანოესა და კაიაკში, თუმცა სტარტზე სლალომისტების ნაცვლად სპრინტერები დადგნენ. დღეს სამი ფინალი ვიხილეთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ქალებზე დავწერ, რადგან ოთხადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე შეჯიბრებაში ლეგენდა, ტოკიოს თამაშების ერთ-ერთი გმირი, ახალზელანდიელი ლიზა კერინგტონი მონაწილეობდა.

ოცდათხუთმეტი წლის სპორტსმენი პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდეც ყველაზე წარმატებული ახალზელანდიელი ოლიმპიელი იყო, დღეს კი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – მეექვსე ოქროს მედალი მოიგო!

2012 წელს, ლონდონში, ლიზამ 200 მეტრზე პირადი პირველობა მოიგო. ამ დისციპლინაში მან რიო დე ჟანეიროშიც გაიმარჯვა და ტოკიოშიც. მისდა სამწუხაროდ, ეს ასპარეზობა XXXIII ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს, ასე რომ, ქალბატონი კერინგტონი მის ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონად დარჩა.

სხვა ორი ოქროს მედალი კი ლიზამ ტოკიოში მოიგო, ჯერ ერთადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე (რიო დე ჟანეიროში მესამე იყო), შემდეგ კი იგივე დისტანციაზე მეწყვილესთან ერთად.

ჰოდა, პარიზში მან ოთხადგილიან კაიაკში გადაინაცვლა და აქაც ჩემპიონი გახდა, მეექვსე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა! მსოფლიოს თხუთმეტგზის ჩემპიონს პარიზში კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს – ალიშა ჰოსკინთან ერთად ორადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე გაცურვის ნახევარფინალშია და დიდი შანსია ფინალშიც ვიხილოთ.

მოცურავეებმა აუზიდან ღია წყალში გადაინაცვლეს, ქალებმა ათ კილომეტრზე გამოავლინეს ჩემპიონ-პრიზიორები. ეგრეთ წოდებული ცურვის მარათონი, რომელიც სენაზე ექვს წრედ გაიმართა, ამ დისციპლინის დიდოსტატმა, ნიდერლანდელმა შერონ ვან როუვენდაალმა მოიგო. ოცდაათი წლის სპორტსმენმა დისტანცია ორ საათზე ოდნავ მეტ დროში დაფარა.

ვან როუვენდაალი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ხუთ და ათ კილომეტრზე, მესამედ შედგა კვარცხლბეკზე – რიო დე ჟანეიროში ოქროს მედალი მოიგო, ტოკიოში კი ვერცხლს დაეუფლა.

ოლიმპიური სახეობებიდან უმეტესობა ცოცხლად მინახავს, მაგრამ არასდროს დავსწრებივარ რამდენიმეს, მაგალითად აფროსანთა შეჯიბრებას. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს, მგონი, ლამაზი სანახაობა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, იმ მოკლე ვიდეორგოლებიდან, რაც სოციალურ ქსელებში მხვდება, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

პარიზის ოლიმპიადის მონაწილე აფროსნები ხმელთაშუა ზღვაზე, მარსელის ნავმისადგომში ასპარეზობენ. იქ დღეს ახალ დისციპლინაში გაითამაშეს მედლები. მისი ოფიციალური სახელწოდებაა Formula Kite, მე კი ასე ვთარგმნე – ფრანოსნობა.

4 აგვისტოს დაწყებული და დღეს დასრულებული შეჯიბრების ფორმატი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ახლა კი ფრანოსნობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავიცნოთ – ქალთა ტურნირი ბრიტანელმა ელი ოლდრიჯმა მოიგო.

დორსეტელმა გოგონამ წინასწარ გაცურვებში მეორე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში ასპარეზობა გაინაღდა, იქ კი პირველ ორ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და შესარჩევი წრის პირველადგილოსანი, მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული და ევროპის წლევანდელი პირველობის მომგები, ფრანგი ლორიენ ნოლო მეორე ადგილზე დატოვა. ბრინჯაო ნიდერლანდელ ანელუს ლამერტს დარჩა.

ცნობისათვის: ფრანოსნობაში სიჩქარე 125 კილომეტრ-საათს აღწევს, ცალკეულ შემთხვევებში კი მეტიცაა. ჰოდა, ნამდვილად ღირს რომ კაცმა ცოცხლად იხილო.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 8 აგვისტო
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024

8 აგვისტოს მედალოსნები

აფროსნობა
ქალები
ფრანოსნობა
1.ელი ოლდრიჯი (დიდი ბრიტანეთი)
2.ლორიენ ნოლო (საფრანგეთი)
3.ანელუს ლამერტსი (ნიდერლანდები)
შერეული ეკიპაჟი
470
1.ავსტრია (ლარა ვადლო, ლუკას მორი)
2.ესპანეთი (ნორა ბრუგმანი, ხორდი ხამარი)
3.იაპონია (მიო იოშიოკა, კეიჯუ ოკადა)
ნაკრა 17
1.იტალია (კატერინა ბანტი, რუჯერო ტიტა)
2.არგენტინა (ეუხენია ბოსკო, მატეო მახდალანი)
3.ახალი ზელანდია (ერიკა დოუსონი, მიკა უილკინსონი)

ბალახის ჰოკეი
კაცები
1.ნიდერლანდები
ტიერი ბრინკმანი (კაპიტანი), იპ იანსენი, ლარს ბალკი, იონას დე გოსი, თის ვან დამი, სევე ვან ასი, იორიტ კროონი, ჯასტენ ბლოკი, დერკ დე ვილდერი, ფლორის ვორტელბოერი, ტიეპ ჰოედემაკერსი, კოენ ბიენი, იოეპ დე მოლი, პირმინ ბლააკი, ტიმენ რეიენგა, დუკო ტელგენკამპი, ფლორის მიდენდორპი
მწვრთნელი: იეორენ დელმეე
2.გერმანია
მეტს გრამბუში (კაპიტანი), მათიას მიულერი, ლუკას ვინდფედერი, ნიკლას ველენი, იოჰანეს გროსე, თის პრინცი, პოლ-ფილიპ კაუფმანი, ტეო ჰაინრიხსი, ტომ გრამბუში, გონსალო პეილატი, ქრისტოფერ რიური, იუსტუს ვაიგანდი, მარკო მილტკაუ, მარტინ ცვიკერი, ჰანეს მიულერი, მალტე ჰელვიგი, მორიც ლუდვიგი, ჟან დანებერგი
მწვრთნელი: ანდრე ჰენინგი
3.ინდოეთი
ჰარმანპრეეტ სინგჰი (კაპიტანი), ჯარმანპრეეტ სინგჰი, აბიშეკ ნაინი, მანპრეეტ სინგჰი, ჰარდიკ სინგჰი, სანჯაი რანა, მანდეეპ სინგჰი, ლალიტ უპადუაი, პარატუ რავენდრაან სრეეჯეში, სუმიტ ვალმიკი, შამშერ სინგჰი, რაჯ კუმარ პალი, ამიტ როჰიდასი, ვივეკ პრასადი, სუხჯეეტ სინგჰი
მწვრთნელი: კრეიგ ფალტონი (სამხრეთი აფრიკა)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
67კგ
1.საეიდ ესმაელი (ირანი)
2.ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა)
3.ჰასრატ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
3.ლუის ორტა (კუბა)
* * *
რამაზ ზოიძე
1/
8 – ამანტურ ისმაილოვი (ყირგიზეთი) – 1:12
87კგ
1.სემენ ნოვიკოვი (ბულგარეთი)
2.ალირეზა მოჰამადი (ირანი)
3.ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
3.ტურპალ ბისულთანოვი (დანია)
* * *
ლაშა გობაძე
1/
8 – ბახიდ სიდ აზარა (ალჟირი) – 2:1
1/4 – სემენ ნოვიკოვი (ბულგარეთი) – 3:8
რეპეშაჟი – ტურპალ ბისულთანოვი (დანია) – 0:6

ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ბენჟამინ თომასი (საფრანგეთი) – 164 ქულა
2.იური ლეიტაუ (პორტუგალია) – 153 ქულა
3.ფაბიო ვან დენ ბოშე (ბელგია) – 131 ქულა
ქალები
კეირინი
1.ელის ენდრიუსი (ახალი ზელანდია)
2.ჰეტი ვან დე ვოუ (ნიდერლანდები)
3.ემა ფინუკანე (დიდი ბრიტანეთი)

თავისუფალი ჭიდაობა
ქალები
53კგ
1.აკარი ფუჯინამი (იაპონია)
2.ლუსია იეპესი (ეკვადორი)
3.ციანუ ფანი (ჩინეთი)
3.უო-გუონ ჩოი (ჩრდილოეთი კორეა)

კაიაკი და კანოე – სპრინტი
კაცები
ორადგილიანი კანოე – 500 მ
1.აო ლიუ, ბოუენ ჟი (ჩინეთი) – 1:39.48 წთ
2.გაბრიელე კასადეი, კარლო ტაკინი (იტალია) – 1:41.08 წთ
3.ხოან ანტონი მორენო, დიეგო დომინგესი (ესპანეთი) – 1:41.18 წთ
ოთხადგილიანი კაიაკი500
1.გერმანია (მაქს რენდშმიდტი, მაქს ლემკე, იაკობ შოპფი, ტომ ლაიბშერი) – 1:19.80 წთ
2.ავსტრალია (რაილი ფიცსიმონსი, პიერ ვან დერ ვესტჰოიზენი, ჯეკსონ კოლინზი, ნოა ჰავარი) – 1:19.84 წთ
3.ესპანეთი (სოლ კრავიოტო, კარლოს არევალო, მარკუს კუპერ ვალცი, როდრიგო ხერმადე) – 1:20.05 წთ
ქალები
ოთხადგილიანი კაიაკი500
1.ახალი ზელანდია (ლიზა კერინგტონი, ალიშა ჰოსკინი, ოლივია ბრეტი, ტარა ვოგენი) – 1:32.20 წთ
2.გერმანია (პაულინა პაშეკი, ჯული ჰაკე, პაულინე იაგში, სარა ბრიუსლერი) – 1:32.62 წთ
3.უნგრეთი (ნოემი პუპი, სარა ფოიტი, ტამარა შიპეში, ალიდა დორა გაშო) – 1:32.93 წთ

კრივი
კაცები
51კგ
1.ჰასანბოი დუშმატოვი (უზბეკეთი)
2.ბილიალ ბენამა (საფრანგეთი)
3.ჯუნიორ ალკანტარა (დომინიკის რესპუბლიკა)
3.დანიელ ვარელა დე პინა (კაბო ვერდე)
ქალები
54კგ
1.იუან ჩანი (ჩინეთი)
2.ჰათიჩე აქბაში (თურქეთი)
3.ჩოლ-მი პანი (ჩრდილოეთი კორეა)
3.აე-ჟი იმი (სამხრეთი კორეა)

მძლეოსნობა
კაცები
200მ
1.ლეცილე ტებოგო (ბოტსვანა) – 19.46 წმ
2.კენეთ ბედნარეკი (აშშ) – 19.62 წმ
3.ნოა ლაილსი (აშშ) – 19.70 წმ
110მ თარჯრბენი
1.გრანტ ჰოლოვეი (აშშ) – 12.99 წმ
2.დენიელ რობერტსი (აშშ) – 13.09 წმ
3.რაშიდ ბროადბელი (იამაიკა) – 13.09 წმ
შუბის ტყორცნა
1.არშად ნადეემი (პაკისტანი) – 92.97 მ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ნეერაჯ ჩოპრა (ინდოეთი) – 89.45 მ
3.ანდერსონ პეტერსი (გრენადა) – 88.54 მ
ქალები
400მ თარჯრბენი
1.სიდნი მაკლაფლინ-ლევრონი (აშშ) – 50.37 წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.ანა კოკრელი (აშშ) – 51.87 წმ
3.ფემკე ბოლი (ნიდერლანდები) – 52.15 წმ
სიგრძეზე ხტომა
1.ტარა დევის-ვუდჰოლი (აშშ) – 7.10 მ
2.მალაიკა მიჰამბო (გერმანია) – 6.98 მ
3.ჯესმინ მური (აშშ) – 6.96 მ

სპორტული მეკლდეურობა
კაცები
სწრაფი ცოცვა
1.ლეონარდო ვედიკი (ინდონეზია)
2.ამირ მაიმურატოვი (ყაზახეთი)
3.სემ უოტსონი (აშშ)

ტაეკვონდო
კაცები
68კგ
1.ულუგბეკ რაშიტოვი (უზბეკეთი)
2.ზაიდ ქარიმი (ქუვეითი)
3.იუშუაი ლიანი (ჩინეთი)
3.ედივალ პონტესი (ბრაზილია)
ქალები
58კგ
1.იუ-ჟინ კიმი (სამხრეთი კორეა)
2.ნაჰიდ კიანი (ირანი)
3.კიმია ალიზადე (ბულგარეთი)
3.სქაილერ პარკი (კანადა)

ძალოსნობა
კაცები
73კგ
1.რიზკი ჯუნიანსია (ინდონეზია) – 354კგ (155 + 199, ოლიმპიური რეკორდი)
2.ვეერაფონ ვიჩუმა (ტაილანდი) – 346კგ (148 + 198)
3.ბოჟიდარ ანდრეევი (ბულგარეთი) – 344კგ (154 + 190)
ქალები
59კგ
1.შიფან ლუო (ჩინეთი) – 241კგ (ოლიმპიური რეკორდი) (107, ორ + 134, ორ)
2.მოდ შერონი (კანადა) – 236კგ (106 + 130)
3.ჰსინ-ჩუნ კუო (სამხრეთი კორეა) – 235კგ (105 + 130)

ცურვა
ქალები
10კმ
1.შერონ ვან როუვენდაალი (ნიდერლანდები) – 2:03:34.2 სთ
2.მოეშა ჯონსონი (ავსტრალია) – 2:03:39.7 სთ
3.ჯინევრა ტადეუჩი (იტალია) – 2:03:42.8 სთ

წყალში ხტომა
კაცები
ტრამპლინი (3მ)
1.სიუი ში (ჩინეთი) – 543.60 ქულა
2.ჟონიუან ვანი (ჩინეთი) – 530.20 ქულა
3.ოსმარ ოლვერა (მექსიკა) – 500.40 ქულა

ka_GEGeorgian