პარიზი 2024: 9 აგვისტო
საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან 9 აგვისტოს პარიზში მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა და ჩვენდა გასახარად, ფინალში გავიდა. ხვალ, 10 აგვისტოს, გორელი ფალავანი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.
ვინც ტოკიოს ოლიმპიადას ყურადღებით ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ ქართველის და ირანელის დაპირისპირება. ისინი ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გენომ 6:3 გაიმარჯვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი ორთაბრძოლაც ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ დასრულდება. რთული იქნება, მაგრამ ოლიმპიადის ფინალში იოლი გასეირნება არავის ელის.
გენომ ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე კი გაინაღდა მედალი, მაგრამ მთავარია, რომ ის ოქროსი იყოს, რადგან ჩვენი გუნდის ლიდერს ბრინჯაო და ვერცხლი უკვე აქვს. პირველი 2016 წელს მოიგო რიო დე ჟანეიროში, ტოკიოს თამაშების ფინალს კი აღარ გავიხსენებ, ჭიდაობის მოყვარულებს ის დრამატული ორთაბრძოლა კარგად გემახსოვრებათ.
ბადის ქვედა ნახევარში მოხვედრილმა პეტრიაშვილმა მძიმეწონოსან მოჭიდავეთა ტურნირი მერდვეფინალიდან დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ქართველი სპორტსმენი იოლად გაუსწორდა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის – 11:0.
მეოთხედფინალში გენოს მეტოქე ევროპირველობების ოთხგზის პრიზიორი, პოლონელი რობერტ ბარანი გახლდათ. ქართველმა ეს ჭიდაობაც იოლად მოიგო – 9:2.
ნახევარფინალში გენოს პირისპირ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ქართველი ვიხილეთ, გიორგი მეშვილდიშვილი. 2015 წელს მან საქართველოს სახელით იჭიდავა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე და მეორე ადგილზე გავიდა. მოგვიანებით, პეტრიაშვილთან კონკურენციის გამო, მან საქართველო დატოვა და რამდენიმე წელიწადია აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ჭიდაობს. გენომ მასაც დამაჯერებლად აჯობა – 7:0.
გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალი, სადაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი ამირ ჰოსეინ ზარე წონის ფავორიტს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. ევროპის ათგზის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის სამგზის გამარჯვებული აკგული ძალიან კი ეცადა ოლიმპიადის ფინალში მეორედ გასვლას, მაგრამ ხელი მოეცარა, ზარემ 2:1 გაიმარჯვა.
10 აგვისტოს ფინალი პეტრიაშვილის და ზარეს მეოთხე დაპირისპირება იქნება უმაღლეს დონეზე. წინა ოლიმპიადის ნახევარფინალი უკვე ვახსენე, ის ქართველმა მოიგო, მაგრამ მსოფლიოს 2021 და 2023 წლების ჩემპიონატის ფინალში ირანელმა გაიხარა. ხვალ ანგარიში უნდა გათანაბრდეს.
ოლიმპიადაზე კალათბურთელთა მატჩი 40 წუთს გრძელდება. სერბეთის ნაკრებმა ამერიკასთან ნახევარფინალში პირველი სამი მეოთხედი მოიგო, სუფთა სათამაშო დროში 36 წუთის და 35 წამის განმავლობაში წინ იყო, უკანასკნელ მეოთხედს მშვენიერი უპირატესობით შეხვდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა – 91:95.
როცა „ოცნების გუნდს“ ეთამაშები, უკანასკნელ წამამდე უნდა იბრძოლო, ტაბლოზე ანთებულმა ანგარიშმა არ უნდა მოგატყუოს, წინასწარ არ უნდა გაიხარო ზუსტი ტყორცნებით. კალათბურთია, აქ წამებში იცვლება სურათი და გამონაკლისი არც XXXIII ოლიმპიადის მეორე ნახევარფინალი გამოდგა. სერბებმა ამერიკელთა ძალა და შესაძლებლობები პარიზში მეორედ გამოსცადეს, მაგრამ თუ ჯგუფური ეტაპის თამაშით ბევრი არაფერი შეიცვალა, ამ წაგებით მათ ოლიმპიადის ოქროს მედლის მოგების შანსი დაკარგეს.
ამერიკელები კალათბურთის ჯადოქრები არიან, მით უმეტეს ისეთი შემადგენლობით, როგორიც საფრანგეთში ჩაიყვანეს. სტეფ კარი, ენტონი ედვარდსი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, დერეკ უაითი, ჯოელ ემბიდი, ჯრუ ჰოლიდეი, ბემ ადებაიო, ენტონი დევისი, დევინ ბუკერი… როგორი განაცხადია? სტივ კერმა მშვენიერი გუნდი შეკრა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ოცნების გუნდი“ ბარსელონის 1992 წლის ზღაპრულ შემადგენლობას ვერ შეედრება, მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ბიჭებმა ოლიმპიური კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში შემოგვთავაზეს? ეს ნახევარფინალი დრამატული ფინიშით ნამდვილად საოცარი იყო, მაგრამ სერბებსაც კუთვნილი მივაგოთ, მათაც ძალიან ძლიერად ითამაშეს.
სვეტისლავ პესიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. შეუდარებელი იყო ნიკოლა იოკიჩი, მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა 37:41 წუთი გაატარა პარკეტზე და 17 ქულა, 5 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შთამბეჭდავი იყო ბოგდან ბოგდანოვიჩი – 20 ქულა ჩაუგდო მეტოქეს! სამი სამქულიანით გაახარა გულშემატკივრები ოგნიენ დობრიჩმა… ალეკშა ავრამოვიჩმა ამერიკელები ოთხჯერ დასაჯა პერიმეტრიდან… ეპიზოდებში ძალიან ეფექტურად ითამაშა მარკო გუდურიჩმა და ვასილე მიჩიჩმა… მაგრამ მაინც ამერიკამ მოიგო – 95:91.
„ვიცოდი, რომ ჩემი დრო აუცილებლად დადგებოდა. პირველ მატჩებში ნამდვილად არ ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ დღეს, მგონი, ყველაფერი გამომივიდა. რაც შეეხება იმ სროლას, როცა დავწინაურდით… სწორედ ასეთი წამებისთვის ვთამაშობ კალათბურთს“, – განაცხადა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა და ნახევარფინალის გმირმა სტეფ კარიმ.
მან 14-დან 9 სამქულიანი ჩააგდო, ნახევარფინალი კი ყველაზე მეტი, 36 ქულით დახურა. ერთი სამქულიანიც რომ დაემატებინა, ოლიმპიადების რეკორდს გაიმეორებდა. 1988 წელს, ესპანეთთან მატჩში, კანადელმა კარლ ტილემანმა 10 სამქულიანი მიითვალა. 1996 წელს, პუერტო რიკოსთან შეხვედრაში, იგივე მოახერხა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ოსკარ შმიდტმა. 2012 წელს, ლონდონში, ამ სიას პირველი ამერიკელი შეემატა – კარმელო ენტონიმ ათჯერ დასაჯა ნიგერიელები. მას შემდეგ ოლიმპიადის შეხვედრაში არავის უსვრია ამდენი სამქულიანი ზუსტად. კარი ახლოს იყო სარეკორდო ნიშნულთან, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ცხრითაც კმაყოფილი დარჩა.
სადაც სტეფ კარის დიდებულ თამაშზე ვწერ, „ოცნების გუნდის“ წვერშევერცხლილ კაპიტანსაც ვახსენებ: 39 წლის ლებრონ ჯეიმსმა მორიგი დიდოსტატური ასპარეზობით გაგვახარა და ოლიმპიადების ისტორიაში სულ მეოთხე სამმაგი დუბლი გვისახსოვრა: 16 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
ლოს ანჯელესში მოთამაშე მეფე ერთადერთია, უდიდეს სპორტულ ფორუმზე ორი სამმაგი დუბლი რომ აქვს. თორმეტი წლის წინ, ლონდონში, მან ავსტრალიელებს ჩაუტარა საკალათბურთო მასტერკლასი – 11 ქულას 14 მოხსნა და 12 გადაცემა დაურთო. დანარჩენი ორი სამმაგი კი სერგეი ბელოვის (საბჭოთა კავშირი) და ლუკა დონჩიჩის (სლოვენია) აქტივშია. პირველმა კანადასთან ითამაშა ზღაპრულად 1976 წელს, მონრეალში, მეორემ კი წინა ოლიმპიადაზე, ფრანგებთან.
„დიდი ხანია ნაკრებში ასე არ მისიამოვნია! ხანდახან კარგიცაა, მთელი ძალით თამაშს რომ გვაიძულებენ. დღეს ყველამ ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთვის და, მგონი, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. 39 წლის ვარ და ჩემთვის ასეთი თამაშები ორმაგად სასიამოვნოა. იმიტომ, რომ დიდი დრო აღარ დამრჩა და ვცდილობ ყოველი მომენტით დავტკბე. დღეს სწორედ ასეთი თამაში მოვიგეთ, დაძაბული და დაუვიწყარი“, – ეს უკვე ლებრონ ჯეიმსის სიტყვებია.
სერბების წინააღმდეგ შესრულებული 10 შედეგიანი გადაცემით ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა კალათბურთელმა ოლიმპიადების ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მის აქტივში 129 პასია და ეს მეორე შედეგია ლიეტუველი შარუნას იასიკევიჩიუსის შემდეგ (160). მესამეზეც ლიეტუველია, შარუნას მარჩიულიონისი, ვინც საბჭოთა ნაკრების, შემდეგ კი ლიეტუვის გუნდის შემადგენლობაში 121 გადაცემა მიითვალა. მეფე ჩაჭრებშიც მეორეა, ერთით ჩამორჩება ანდრეი კირილენკოს. რუსს 43 აქვს, ამერიკელს 42.
რაც შეეხება ოლიმპიადებზე მოგებულ თამაშებს, ეს ჯეიმსის 26-ე გამარჯვება იყო. მასზე წინ მხოლოდ სამი კაცია – კარმელო ენტონი (28) და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები, გენადი ვოლნოვი და სერგეი ბელოვი, რომლებმაც 29 მოგებულ შეხვედრაში ითამაშეს.
„ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ რამდენად გამომივიდა, არ ვიცი. ოლიმპიადა განსხვავებული ტურნირია, ცალკე ფიბას წესები… წააგებ თამაშს და ყველაფერი მთავრდება… ამდენად, მიხარია რომ გავიმარჯვეთ. რთული მატჩი მოვიგეთ. ვიცოდით, ერთი ან ორი ასეთი შეხვედრა რომ გველოდა… სასიამოვნოა ფინალში გასვლა. ვეცდებით მეტოქეს ამდენის საშუალება აღარ მივცეთ. კიდევ ერთხელ ნერვიულობა არ მსურს“, – განაცხადა ამერიკელთა დამრიგებელმა სტივ კერმა, ვინც წინა ოლიმპიადაზე მთავარი მწვრთნელის თანაშემწის რანგში მოიგო ოქროს მედალი.
ამერიკის კაცთა ნაკრები მეჩვიდმეტედ ითამაშებს ოლიმპიადის ფინალში. ეს რეკორდია. მათი მეტოქე კი, ზუსტად ისე, როგორც ტოკიოში, საფრანგეთი იქნება, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას 73:69 აჯობა. ფინალი 10 აგვისტოს გაიმართება, იქამდე კი გერმანელები და სერბები ბრინჯაოს მედლისთვის ითამაშებენ.
უცნაური კია, მაგრამ ფაქტია: საფრანგეთი მხოლოდ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც შინ ჩატარებულ ოლიმპიადაზე შეძლო ფინალში გასვლა. პირველი ამერიკაა, რომელმაც ოქროს მედალი ჯერ ლოს ანჯელესში მოიგო 1984 წელს, მეორედ კი ატლანტაში, თორმეტი წლის შემდეგ.
მძლეოსნები ყოველ საღამოს საოცარ ფინალებს გვთავაზობენ და გამონაკლისი არც 8 აგვისტო გამოდგა: 400 მეტრზე ქალთა თარჯრბენში ამერიკელმა სიდნი მაკლაფლინ-ლევრონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა; პაკისტანელმა შუბის მტყორცნელმა არშად ნადეემმა ოლიმპიური თამაშების და აზიის საუკეთესო მიღწევა დააფიქსირა, კაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში კი ისტორიული ამბავი მოხდა და მძლეოსნობის ფინალების მიმოხილვას სწორედ ამ გარბენით დავიწყებ.
აქ ფავორიტად ამერიკელი ნოა ლაილსი ითვლებოდა, 100 მეტრზე სპრინტის გამარჯვებული. სტარტზე ასევე იდგა ამ დისციპლინაში ტოკიოს თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ამერიკელი კენი ბედნარეკი. ოქროს კანდიდატად განიხილებოდა ამერიკის გუნდის კიდევ ერთი წევრი, შარშანდელი მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონი ერიონ ნაითონი.
ფინიში კი პირველმა ბოსტვანელმა ლეცილე ტებოგომ გადაკვეთა, რომელმაც დისტანცია თვალის დახამხამებაში, 19.46 წამში გაირბინა. მოგვიანებით მსოფლიო მძლეოსნობამ გვამცნო, რომ ეს ისტორიაში მეხუთე საუკეთესო დრო ყოფილა.
ტებოგო 200 მეტრზე სპრინტის ოლიმპიურ ისტორიაში პირველი აფრიკელი გამარჯვებული გახდა და სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი პრესკონფერენციაზე:
„ბოლოს და ბოლოს აფრიკა სპრინტერთა მსოფლიო რუკაზე გაჩნდა. ძალიან გამეხარდება, თუ ამ გზავნილს ყველა გაითვალისწინებს. მიხარია, რომ სამშობლოს დიდებული დღე ვაჩუქე“, – განაცხადა ბოტსვანის სპორტის ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
ოქროს მედლის მოგება მან რამდენიმე დღით ადრე სცადა, 100 მეტრზე სპრინტში, მაგრამ მაშინ ტებოგომ მეექვსე ადგილი დაიკავა. პირველი კი იმ ფინალში ლაილსი იყო, რომელმაც ამჯერად ბრინჯაო მოიგო. ამერიკელი ფინიშის გადაკვეთისთანავე ცუდად გახდა, სარბენი ბილიკი კი ექიმების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძლეოსანი კოვიდინფიცირებული ყოფილა…
ლაილსისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა სიდნი მაკლაფლინ-ლევრონმა – მსოფლიო რეკორდით მოიგო ფინალი, ტიტული შეინარჩუნა და გახდა ამ დისციპლინის პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ქალთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენი თამაშების სპორტულ პროგრამაში ზუსტად ორმოცი წლის წინ, ლოს ანჯელესი 1984-დან გამოჩნდა.
50.37 წამი – ასეთია ოცდახუთი წლის ამერიკელი მორბენლის მიერ დამყარებული ახალი მსოფლიო რეკორდი. სხვათა შორის, მან საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა – ოლიმპიადის შიდასაკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ამერიკაში გაიმართა, სიდნიმ 50.56 წამი აჩვენა.
საერთოდ კი, პარიზული ფინალი ყველაზე სწრაფი გამოდგა დისციპლინის ოლიმპიურ ისტორიაში, რადგან რვა მონაწილიდან ხუთმა 52.7 წამზე ნაკლები დრო აჩვენა, მეორე ადგილზე გასულმა ამერიკელმა ანა კოკრელმა და მეხუთეადგილოსანმა ჯასმინ ჯონსმა (ამერიკა) კი სულაც პირადი რეკორდები დაამყარეს.
რაც შეეხება ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ფემკე ბოლს, რომელმაც 4X400-ზე შერეული ესტაფეტის ფინალში გმირობით დაგვამახსოვრა თავი, ნიდერლანდელმა გოგონამ ტოკიოში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა – ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ბოლოს ორიოდ სიტყვით შუბის მტყორცნელებზე: არშად ნადეემი პირველი პაკისტანელი მძლეოსანი გახდა, რომელმაც ოლიმპიადის მოგება მოახერხა, თან ოლიმპიური რეკორდით.
ოქროს მედლის მომტანი 92.97 მეტრი აზიელმა სპორტსმენმა მეორე ცდაზე დააფიქსირა, უკანასკნელი, მეექვსე გასროლით კი კიდევ ერთხელ დაძლია 90 მეტრი (91.79). ეს ნიშნული იმიტომ აღვნიშნე, რომ მხოლოდ მან გაისროლა იარაღი ასე შორს. მეორე ადგილზე გასულმა ინდოელმა ნეერაჯ ჩოპრამ, ტოკიოს თამაშების გამარჯვებულმა, 89.45 მეტრით მოიგო ვერცხლის მედალი.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 9 აგვისტო
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
9 აგვისტოს მედალოსნები
აფროსნობა
კაცები
ფრანოსნობა
1.ვალენტინ ბონტუსი (ავსტრია)
2.ტონი ვოდიშეკი (სლოვაკეთი)
3.მაქსიმილიან მაედერი (სინგაპური)
ბალახის ჰოკეი
ქალები
1.ნიდერლანდები
შან დე ვაარდი (კაპიტანი), ანე ვეენენდაალი, ლუნა ფოკე, ფრიიკე მოესი, ლიზა პოსტი, იუიბი იანსენი, რენეე ვან ლარჰოვენი, ფელიჩე ალბერსი, მარია ვერშოორი, სანე კოოლენი, ფრედერიკ მატლა, იოსი ბურგი, მარლენ იოხემსი, პიენ სანდერსი, მარიინ ვეენი, ლაურა ნუნინკი, პიენ დიკე, როზა ფერნიგი, იოსინ კონინგი
მწვრთნელი: პაულ ვან ასი
2.ჩინეთი
ზიშია ოუ (კაპიტანი), ჟიაო იე, ბინფენ გუ, ლიუ იანი, იუინ ჟანი, იუი ჩენი, ნინ მა, ჰონ ლი, ვენ დანი, მეირონ ზუ, ჟიანშინ ჰე, იუნშია ფანი, იან ჩენი, ვენიუ შუ, ჟიაცი ჟონი, ჟინჟუან ტანი, ანუი იუ, პინ ლიუ, იუ ჟუ
მწვრთნელი: ელისონ ანანი (ავსტრალია)
3.არგენტინა
როსიო სანჩეს მოკია (კაპიტანი), სოფია ტოკალინო, აგუსტინა გორსელანი, ვალენტინა რაპოსო, აგოსტინა ალონსო, აგუსტინა ალბერტარიო, მარია გრანატო, კრისტინა კოსენტინო, ვიქტორია საუზე, სოფია კაირო, ეუხენია ტრინჩინეტი, ლარა კასასი, ხუანა კასტელიარო, პილარ კამპოი, ხულიეტა იანკუნასი, ზოი დიასი, კლარა ბარბერი, ვალენტინა მარკუჩი, ვიქტორია მირანდა
მწვრთნელი: ფერნანდო ფერარა
ბრეიკინგი
გოგონები
1.ამი იუასა (იაპონია)
2.დომინიკა ბანევიჩი (ლიეტუვა)
3.ცინგუი ლიუ (ჩინეთი)
ველოსპორტი – ტრეკი
კაცები
სპრინტი
1.ჰარი ლავრეისენი (ნიდერლანდები)
2.მეტიუ რიჩარდსონი (ავსტრალია)
3.ჯეკ კარლინი (დიდი ბრიტანეთი)
ქალები
მედისონი
1.კიარა კონსონი, ვიტორია გუაცინი (იტალია)
2.ელინორ ბარკერი, ნეა ევანსი (დიდი ბრიტანეთი)
3.ლისა ვან ბელე, მაიკე ვან დერ დუინი (ნიდერლანდები)
თავისუფალი ჭიდაობა
კაცები
57კგ
1.რეი ჰიგუჩი (იაპონია)
2.სპენსერ ლი (აშშ)
3.ამან შერავატი (ინდოეთი)
3.გულომჟონ აბდულაევი (უზბეკეთი)
86კგ
1.მაგომედ რამაზანოვი (ბულგარეთი)
2.ჰასან იაზდანი (ირანი)
3.აარონ ბრუკსი (აშშ)
3.დაურენ კურუღლიევი (საბერძნეთი)
* * *
ვლადიმერ გამყრელიძე
1/8 – ჯავრაილ შაპიევი (უზბეკეთი) – 1:5
ქალები
57კგ
1.ცუგუმი საკურაი (იაპონია)
2.ანასტასია ნიჩიტა (მოლდოვა)
3.ჰელენ მარულისი (აშშ)
3.კეშინ ჰონი (ჩინეთი)
კაიაკი და კანოე – სპრინტი
კაცები
კანოე – 1000მ
1.მარტინ ფუკსა (ჩეხეთი) – 3:43.16 წთ
2.ისაკიაშ კეირუში (ბრაზილია) – 3:44.33 წთ
3.სერგეი ტარნოვსკი (მოლდოვა) – 3:44.68 წთ
ორადგილიანი კაიაკი – 500მ
1.გერმანია (იაკობ შოპფი, მაქს ლემკე) – 1:26.87 წთ
2.უნგრეთი (ბენცე ნადაში, შანდორ ტოტკა) – 1:27.15 წთ
3.ავსტრალია (იან ვან დერ ვესტჰოიზენი, თომას გრინი) – 1:27.29 წთ
ქალები
ორადგილიანი კანოე – 500მ
1.ჩინეთი (შიშიაო შუ, მენუა სუნი) – 1:52.81 წთ
2.უკრაინა (ლუდმილა ლუზანი, ანასტასია რიბაჩოკი) – 1:54.30 წთ
3.კანადა (სლოენ მაკენზი, კეტი ვინსენტი) – 1:54.36 წთ
ორადგილიანი კაიაკი – 500მ
1.ახალი ზელანდია (ლიზა კერინგტონი, ალიშა ჰოსკინი) – 1:37.28 წთ
2.უნგრეთი (ტამარა შიპეში, ალიდა დორა გაშო) – 1:39.39 წთ
3.გერმანია (პაულინა პაშეკი, ჯული ჰაკე) – 1:39.46 წთ
3.უნგრეთი (ნოემი პუპი, სარა ფოიტი) – 1:39.46 წთ
კრივი
კაცები
71კგ
1.ასადხუჯა მუიდინხუჯაევი (უზბეკეთი)
2.მარკო ვერდე (მექსიკა)
3.ომარი ჯონსი (აშშ)
3.ლუის რიჩარდსონი (დიდი ბრიტანეთი)
92კგ
1.ლაზიზბეკ მულუჯონოვი (უზბეკეთი)
2.ლორენ ალფონსო (აზერბაიჯანი)
3.ემანუელ რეიესი (ესპანეთი)
3.დავლატ ბოლტაევი (ტაჯიკეთი)
* * *
გიორგი ყუშიტაშვილი
1/8 – დავლატ ბოლტაევი (ტაჯიკეთი) 2:3
ქალები
50კგ
1.იუ ვუ (ჩინეთი)
2.ბუსე ნაზ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
3.ნაზიმ კუზაიბაი (ყაზახეთი)
3.აირა ვილეხასი (ფილიპინები)
66კგ
1.იმანე ხელიფი (ალჟირი)
2.ლიუ იანი (ჩინეთი)
3.ჯანჯაემ სუვანაფენგი (ტაილანდი)
3.ნიენ-შინ ჩენი (ტაივანი)
მაგიდის ჩოგბურთი
კაცები
გუნდური
1.ჩინეთი (ჩუქინ ვანი, ლონ მა, ჟენდონ ფანი)
2.შვედეთი (ანტონ კიოლბერგი, ტრულს მიორეგარდი, კრისტიან კარლსონი)
3.საფრანგეთი (ფელიქს ლებრუნი, ალექსის ლებრუნი, სიმონ გოზი)
მძლეოსნობა
კაცები
400მ თარჯრბენი
1.რეი ბენჯამინი (აშშ) – 46.46 წმ
2.კარსტენ ვორჰოლმი (ნორვეგია) – 47.06 წმ
3.ელისონ დუშ სანტუში (ბრაზილია) – 47.26 წმ
4X100მ
1.კანადა (აარონ ბრაუნი, ჯერომ ბლეიკი, ბრენდონ როდნი, ანდრე დე გრასი) – 37.50 წმ
2.სამხრეთი აფრიკა (ბაიანდა ვალასა, შონ მასვანგანი, ბრედლი ნკოანა, აკანი სიმბინე) – 37.57 წმ
3.დიდი ბრიტანეთი (ჯერემია აზუ, ლუი ჰინჩკლიფი, ნეთანეელ მიჩელ-ბლეიკი, ზარნელ ჰიუზი) – 37.61 წმ
სამხტომი
1.ხორდან დიასი (ესპანეთი) – 17.86 მ
2.პედრუ რიშარდუ (პორტუგალია) – 17.84 მ
3.ენდი დიასი (იტალია) – 17.64 მ
ქალები
400მ
1.მარილეიდი პაულინო (დომინიკის რესპუბლიკა) – 48.17 წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.სალვა ეიდ ნასერი (ბაჰრეინი) – 48.53 წმ
3.ნატალია კაჩმარეკი (პოლონეთი) – 48.98 წმ
10000მ
1.ბეატრის შებეტი (კენია) – 30:43.25 წთ
2.ნადია ბატოკლეტი (იტალია) – 30:43.35 წთ
3.სიფენ ჰასანი (ნიდერლანდები) – 30:44.12 წთ
4X100მ
1.აშშ (მელისა ჯეფერსონი, ტვანიშა ტერი, გაბრიელე თომასი, შაკარი რიჩარდსონი) – 41.78 წმ
2.დიდი ბრიტანეთი (დინა ეიშერ-სმითი, იმანი-ლარა ლანსიკო, ემი ჰანტი, დერილ ნეიტა) – 41.85 წმ
3.გერმანია (ალექსანდრა ბურგჰარდტი, ლიზა მეიერი, ჯინა ლუკენკემპერი, დერილ ნეიტა) – 41.97 წმ
შვიდჭიდი
1.ნაფისატუ თიამი (ბელგია) – 6880 ქულა
2.კატარინა ჯონსონ-თომპსონი (დიდი ბრიტანეთი) – 6844 ქულა
3.ნოორ ვიდტსი (ბელგია) – 6707 ქულა
უროს ტყორცნა
1.იემისი ოგუნლეიე (გერმანია) – 20.00 მ
2.მედი ვეშე (ახალი ზელანდია) – 19.86 მ
3.ჟიუან სონი (ჩინეთი) – 19.32 მ
მხატვრული ტანვარჯიში
მრავალჭიდი
1.დარია ვარფოლომეევი (გერმანია) – 142.850 ქულა
2.ბორიანა კალეინი (ბულგარეთი) – 140.600 ქულა
3.სოფია რაფაელი (იტალია) – 136.300 ქულა
პლაჟის ფრენბურთი
ქალები
1.ბრაზილია (ანა პატრისია, დუდა ლიშბოა)
2.კანადა (მელისა-ჰუმანა პარედესი, ბრენდი უილკერსონი)
3.შვეიცარია (ტანია ჰიუბერლი, ნინა ბეტშარტი)
სპორტული მეკლდეურობა
კაცები
კომბინირებული
1.ტობი რობერსტ (დიდი ბრიტანეთი)
2.სორატო ანრაკუ (იაპონია)
3.იაკობ შუბერტი (ავსტრია)
ტაეკვონდო
კაცები
80კგ
1.ფირას კატუსი (ტუნისი)
2.მერან ბარხორდარი (ირანი)
3.სიმონე ალესიო (იტალია)
3.ედი ჰრნიჩი (დანია)
ქალები
67კგ
1.ვივიანა მარტონი (უნგრეთი)
2.ალეკსანდრა პერიშიჩი (სერბეთი)
3.კრისტინა ტეშუტი (აშშ)
3.სარა ჩაარი (ბელგია)
ფეხბურთი
კაცები
1.ესპანეთი
მეკარეები – 1.არნაუ ტენასი, 13.ხოან გარსია, 22.ალეხანდრო იტურბე
მცველები – 2.მარკ პუბილი, 3.ხუან მირანდა, 4.ერიკ გარსია, 5.პაუ კუბარსი, 12.ხონ პაჩეკო, 15.მიგელ გუტიერესი, 19.კრისტიან მოსკუერა, 20.ხუანლუ
ნახევარმცველები – 6.პაბლო ბარიოსი, 8.ბენატ ტურიენტესი, 10.ალექს ბაენა, 14.აიმარ ოროსი, 16.ადრიან ბერნაბე
თავდამსხმელები – 7.დიეგო ლოპესი, 9.აბელ რუისი (კაპიტანი), 11.ფერმინ ლოპესი, 17.სერხიო გომესი, 18.სამუ ომოროდიონი, 21.სერხიო კარნელიო
მწვრთნელი: სანტი დენია
2.საფრანგეთი
მეკარეები – 1.ობედ ნკამბადიო, 16.გიიომ რესტე, 22.თეო დე პერსინი
მცველები – 2.კასტელო ლუკება, 3.ადრიენ ტრუფერი, 4.ლოიკ ბადე, 5.კილიან სილდილია, 15.ბრედლი ლოკო, 17.სუნგოტუ მაგასა, 19.ქრისლეინ მაციმა
ნახევარმცველები – 6.მანუ კონე, 8.მანი აკლიუში, 11.დეზირე დუე, 12.ენცო მილო, 13.ჟორის შოტარი, 20.ენდი დიუფი, 21.იოან ლეპენანი
თავდამსხმელები – 7.მიშელ ოლისე, 9.ალი კალიმუენდო, 10.ალექსანდრ ლაკაზეტი (კაპიტანი), 14.ჟან-ფილიპ მატეტა, 18.რაიან შერკი
მწვრთნელი: ტიერი ანრი
3.მაროკო
მეკარეები – 1.მუნირ მოჰამედი, 12.რაშიდ ღანიმი, 22.მოჰამედ რედა ასმამა
მცველები – 2.აშრაფ ჰაკიმი (კაპიტანი), 3.აკრამ ნაკაში, 4.მეჰდი ბუკამირი, 5.ადილ ტაჰიფი, 11.ზაქარია ელ უადი, 19.ჰაიტამ მანაუ, 21.ბილალ ელ უადღირი
ნახევარმცველები – 6.ბენჟამინ ბუშუარი, 8.ბილალ ელ ხანუსი, 13.იასინე კეხტა, 14.უსამა ტარღალინი, 17.უსამა ელ აზუზი, 18.ამირ რიჩარდსონი, 20.ელ მეჰდი ელ მუბარიქი
თავდამსხმელები – 7.ელისე ბენ სეღირი, 9.სუფიანე რაჰიმი, 10.ილიას ახომაში, 15.ელ მეჰდი მაუჰუბი, 16.აბდე ეზალსული
მწვრთნელი: ტარიკ სეკტიუი
ძალოსნობა
კაცები
89კგ
1.კარლოს ნასარი (ბულგარეთი) – 404 კგ (მსოფლიო რეკორდი) (180 + 224, მსოფლიო რეკორდი)
2.იეისონ ლოპესი (კოლუმბია) – 390 კგ (180 + 210)
3.ანტონიო პიცოლატო (იტალია) – 384 კგ (172 + 212)
ქალები
71კგ
1.ოლივია რივსი (აშშ) – 262 კგ (117, ოლიმპიური რეკორდი + 145)
2.მარი სანჩესი (კოლუმბია) – 257 კგ (112 + 145)
3.ენჯი პალასიოსი (ეკვადორი) – 256 კგ (116 + 140)
ცურვა
კაცები
10კმ
1.კრიშტოფ რაშოვსკი (უნგრეთი) – 1:50:52.7 სთ
2.ოლივერ კლემეტი (გერმანია) – 1:50:54.8 სთ
3.დავით ბეტლეჰემი (უნგრეთი) – 1:51:09.0 სთ
წყალში ხტომა
ქალები
ტრამპლინი (3მ)
1.იუვენ შენი (ჩინეთი) – 376.00 ქულა
2.მედისონ კინი (ავსტრალია) – 343.10 ქულა
3.იანი ჩანი (ჩინეთი) – 318.75 ქულა