პარიზი 2024: ახალი საუკუნე

„თუ მსოფლიოში მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც ოლიმპიურ თამაშებს აბსოლუტურად გულგრილად ეკიდებიან, ეს, ალბათ, პარიზია“.
კაცმა, რომლის ძალისხმევითაც აღორძინდა ოლიმპიური მოძრაობა, ეს სიტყვები 1900 წელს დაწერა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეორე პრეზიდენტი, ბარონი პიერ დე კუბერტენი ბევრს კი ეცადა, რომ მშობლიურ ქალაქში გამართული თამაშები წინამორბედზე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა.
ოლიმპიური სპორტის სპეციალისტები 1900 წლის თამაშებს ხშირად „ყველაზე ქაოსურ ოლიმპიადად“ მოიხსენიებენ და ამ პატარა ჩანახატში შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ფიქრობენ ასე.

1894 წლის 16-23 ივნისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი კონგრესი გაიმართა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი ორი ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი სწორედ მაშინ დასახელდა – 1896 წლისა ათენს, 1900 წლის კი პარიზს ერგო.

პირველი თამაშები საინტერესოდ ჩატარდა, მაგრამ რადგან წერილების ეს ციკლი პარიზი 2024-ის შესახებაა, მეც მეორე, 1900 წლის ასპარეზობებზე გადავინაცვლებ. ეს ახლაა ოლიმპიადა პრესტიჟული და ხელისუფლებაც დიდ თანხას გასცემს თამაშების ორგანიზებისთვის (წლევანდელი ფორუმის ჯამური ღირებულება დაახლოებით 9 მილიარდი ევროა), თორემ 1900 წელს სპორტული ასპარეზობები არავის აინტერესებდა. საფრანგეთის დედაქალაქი XIX საუკუნის შემაჯამებელი მსოფლიო გამოფენისთვის ემზადებოდა და ღონისძიების მესვეურებსაც დამატებითი ხარჯის გაღება არ სურდათ.

საფრანგეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიადის ჩასატარებელი საკმარისი ფინანსური სახსრები არ ჰქონდა. ბარონი კუბერტენიც, ვინც იმ დროს უკვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ და ამ სტატუსით პირველი ოლიმპიადის ჩასატარებლად არაფერს იშურებდა, სწორედ ამიტომ შეეხმიანა მსოფლიო გამოფენის ორგანიზატორებს, რომლებსაც სპორტული ასპარეზობების გამართვაში თანადგომა სთხოვა. სოკ-ის პრეზიდენტმა პროექტიც წარადგინა, მაგრამ ის სასაცილოდ არ ეყოთ. მკაცრი წესები გაქვთ, მაყურებლები მოიწყენენ, სანახაობა უვარგისი იქნებაო, ასე უპასუხეს პატივცემულ სტუმარს. ჰოდა, ის სიტყვები, რომლითაც ეს ჩანახატი დავიწყე, სწორედ მაშინ დაწერა ფრანგმა ბარონმა.

საბედნიეროდ, პარიზში სპორტული ასპარეზობები მაინც გაიმართა, მაგრამ საუბედუროდ, მსოფლიო გამოფენის ოლიმპიურ ნაწილს სოკ-ის პრეზიდენტმა კი არა, ვინმე დანიელ მერილიონმა უხელმძღვანელა, რომლის სპორტული გამოცდილება მხოლოდ ნადირობით შემოიფარგლებოდა. რა გასაკვირია, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცის ხელმძღვანელობით გამართული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გამოდგა და ისტორიკოსებმაც „ყველაზე ქაოსურ ოლიმპიადად“ მონათლეს.

პირველად ის ვთქვათ, რომ პარიზის 1900 წლის თამაშები მეორე ოლიმპიადად ახლა ითვლება, მაშინ კი სიტყვა „ოლიმპიადას“, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც იყენებდნენ. მსოფლიო გამოფენის ოფიციალურ პროგრამაში ღონისძიება ძალიან მარტივი და ზოგადი სახელით შევიდა – „საერთაშორისო კონკურსი ფიზკულტურულ ვარჯიშებსა და სპორტში“.

ყურადსაღებია ისიც, რომ პარიზში არც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა და არც დახურვისა. ამ მხრივ ის ერთადერთი ოლიმპიადაა. სათქმელია ისიც, რომ არც შედეგები აღუნუსხავთ ოფიციალურად და არც შემაჯამებელი დოკუმენტი მომზადებულა. ათლეტთა უმრავლესობამ არც ის იცოდა ზუსტად, მსოფლიო გამოფენის სპორტული ასპარეზობების გამარჯვებულები გახდნენ თუ პარიზი 1900-ის ჩემპიონები.

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში პირველი სპორტული შეჯიბრება 14 მაისს გაიმართა, ხოლო უკანასკნელი… 28 ოქტომბერს! ანუ მეორე ოლიმპიადა არც მეტი, არც ნაკლები, 167 დღეს გაგრძელდა, ლამის ექვსი თვე!

დანამდვილებით ისიც არაა ცნობილი, რამდენი ასპარეზობა გაიმართა და რამდენი ათლეტი გახდა ჩემპიონი. ოლიმპიადების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, უნგრელი პროფესორი ფერენც მეზე 15 სახეობის 98 გამარჯვებულს ასახელებს, სხვა ვერსიით კი შეჯიბრებები 9 სახეობაში გაიმართა, ხოლო ჩემპიონი 56-ჯერ გამოვლინდა. არის სხვა ვერსიაც, ოლიმპიადების ისტორიკოსის ბილ მელონისა, რომლის ცნობით 95 შეჯიბრება აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმებს და, შესაბამისად, ეს რიცხვი უნდა მივიჩნიოთ ოფიციალურად. რომელია უტყუარი, დღემდე ბეჭედდაუსმელია.

ორიოდ სიტყვით სპორტის სახეობების შესახებ. პირველი, ათენის 1896 წლის ოლიმპიადისგან განსხვავებით, პარიზში არ უასპარეზიათ მოჭიდავეებს და ძალოსნებს. სამაგიეროდ, ბევრი სხვა, მათ შორის ეგზოტიკური სახეობის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მაგალითად, ასპარეზობები გაიმართა საფრანგეთში ძალიან პოპულარულ კროკეტში (ამ სახეობაში მხოლოდ ფრანგები გამოვიდნენ); ბაგირის გადაძალვაში; კრიკეტში; ბასკურ ეროვნულ თამაშობა პელოტაში და პოლოში. ამას გარდა, ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში პირველად მოხვდა ფეხბურთი, წყალბურთი, მშვილდოსნობა, აფროსნობა, აკადემიური ნიჩბოსნობა, ცხენოსნობა, რაგბი, გოლფი…

რაც შეეხება ცურვას, მშვილდოსნობას და ტყვიის სროლას, აქ გამარჯვებულები რამდენიმე უცნაურ დისციპლინაში გამოვლინდნენ. მაგალითად, ტყვიის მსროლელები მტრედების დახოცვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს (ბელგიელმა ლეონ დე ლუნდენმა 21 მტრედი მოკლა და ერთით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ფრანგ მორის ფორეს), მშვილდოსნები კი გარეულ ფრინველებზე ნადირობდნენ და საუკეთესოს ასე ავლენდნენ. ცხადია, ეს თამაშები პირველი და უკანასკნელი გამოდგა, სადაც სამიზნედ ცოცხალი არსება გამოიყენეს. ყველა მიხვდა, რომ ნადირობას და ოლიმპიურ იდეალებს საერთო არაფერი ჰქონდა. მოცურავეები კი, სტანდარტული დისციპლინების გარდა, წინაღობების გადალახვასა და წყალქვეშ ცურვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს! საინტერესოა ისიც, რომ ისინი მდინარე სენაზე ასპარეზობდნენ, სწორედ იქ, სადაც სამ დღეში, 26 ივლისს, საზეიმოდ გაიხსნება XXXIII ოლიმპიადა.

პარიზი 1900 კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ქალი სპორტსმენები პირველად მაშინ გამოჩნდნენ. კარგა ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტანელი ჩოგბურთელი შარლოტა კუპერი იყო. ოცდაათი წლის ქალბატონმა, რომელმაც 1895, 1896 და 1898 წლებში სამჯერ მოიგო უიმბლდონი, პარიზში ჯერ ერთეულთა, შემდეგ კი წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა (რეჯინალდ დოჰერტისთან ერთად).

მოგვიანებით, დამატებითი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, სოკ-მა დაადგინა, რომ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნიუ იორკში დაბადებული, მაგრამ პარიზში შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ელენ დე პურტალესი ყოფილა. დიდგვაროვანმა ქალბატონმა შარლოტა კუპერამდე ორი თვით ადრე გაიმარჯვა აფროსანთა ასპარეზობაში. ისტორიამ გრაფინია პურტალესის ნავის სახელიც შემოგვინახა – ლერინა.

პარიზი 1900-ის გმირად ამერიკელი მძლეოსანი ელვინ კრენცლაინი ითვლება. ავსტრიული ფესვების მქონე სპორტსმენმა 14-16 ივლისს ოთხ დისციპლინაში იასპარეზა და ყოველ ჯერზე ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა – 60 მეტრზე სპრინტში (7 წამი); 110 მეტრზე თარჯრბენში (15.4 წამი); 200 მეტრზე თარჯრბენსა (25.4 წამი) და სიგრძეზე ხტომაში (7.185 მეტრი).

პარიზში ბევრი სახეობის გამარჯვებულებს მედლების ნაცვლად თასები და სამახსოვრო პრიზები გადასცეს, მაგრამ მძლეოსნობა ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომლის ჩემპიონებიც მედლებით დააჯილდოვეს. კრენცლაინიც ოთხი ოქროთი დაბრუნდა შინ, მაგრამ არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხა მედლებით. ეს ოლიმპიადა იყო პირველი და უკანასკნელი, სადაც ჩემპიონებს ამ ფორმის მედლები გადასცეს.

მეორე ოლიმპიადის შესახებ ამ პატარა ჩანახატს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, უფროსი კოლეგის პაატა ნაცვლიშვილის საინტერესო კვლევის მოხმობით დავასრულებ.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი გამოცანა იმ ბიჭუნას ვინაობაა, რომლის მესაჭეობითაც ნიდერლანდელმა ნიჩბოსნებმა ფრანსუა ბრანდტმა და რულოფ კლაინმა პარიზში პირველი ადგილი დაიკავეს.

პაატას ვერსიით, ნიდერლანდელების მესაჭე პარიზში 12 წლის გიორგი ნიკოლაძე იყო. ამ თემასთან დაკავშირებულ კვლევას და ვრცელ წერილებს, თუ დაინტერესდებით, იოლად იპოვით ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემულ წიგნებში, ბუკლეტებსა და ჟურნალებში.

ხვალ კი ზუსტად ერთი საუკუნის წინანდელ ოლიმპიადაზე იყოს. პარიზი 1924 პიერ დე კუბერტენისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა სოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 23 ივლისი
ფოტო: ინტერნეტი

ka_GEGeorgian