პარიზი 2024: ბარონის გაცილება
1896 წლის აპრილში, პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი თანამდებობიდან გადადგა. მისი ადგილი კი იმ კაცმა დაიკავა, რომლის ძალისხმევითაც აღორძინდა ოლიმპიური მოძრაობა.
პიერ დე კუბერტენის პირველი მცდელობა, მშობლიურ პარიზში საუკეთესო ოლიმპიადა ჩაეტარებინა, წარუმატებლად დასრულდა. მსოფლიო გამოფენისთვის მზადებაში მყოფმა საფრანგეთის დედაქალაქმა სპორტული ასპარეზობების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. რომ არა ბარონის სიჯიუტე, ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა: შეჯიბრებები მაინც გაიმართა და ისინი მეორე ოლიმპიადის სახელით შევიდა ისტორიაში.
ყველაზე ქაოსური თამაშები – 1900 წლის ოლიმპიადას ისტორიკოსები ასეც მოიხსენიებენ ხოლმე. სამაგიეროდ, გაცილებით მაღალ დონეზე ჩატარდა 1924 წლის ოლიმპიადა, რიგით მერვე, და პიერ დე კუბერტენმაც ვალმოხდილმა დატოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სავარძელი. ღვაწლმოსილი ბარონი მის მიერვე დაარსებულ სოკ-ს 1925 წელს ჩამოშორდა და გარდაცვალებამდე შვეიცარიაში ცხოვრობდა.
ამსტერდამი, ბარსელონა, ლოს ანჯელესი, პრაღა, რომი და პარიზი – 1924 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა ამ ქალაქებს სურდათ. გამარჯვებული 1921 წელს გამოვლინდა ლოზანაში, სოკ-ის მეოცე სესიაზე, სადაც დელეგატებმა პარიზის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. მუსიე დე კუბერტენს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, სხვებმა კი გადაწყვეტილება ასე ახსნეს: ოლიმპიური მოძრაობის აღორძინებიდან ოცდაათი წელიწადი გავიდა და საიუბილეო თარიღი იმ ქვეყანაში უნდა აღინიშნოს, სადაც სოკ-ი დაარსდაო. ასე გახდა პარიზი პირველი ქალაქი, რომელსაც მეორედ ერგო თამაშების მასპინძლობის პატივი.
საფრანგეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ფინანსების არქონის გამო, 1900 წლის თამაშების ორგანიზება ვერ შეძლო, მაგრამ ამჯერად სპორტის მაღალჩინოსნებმა იოლად დაითანხმეს ხელისუფლება და ოლიმპიადისთვის დაახლოებით ათი მილიონი ფრანკიც გამოინახა.
თანხის ნაწილი ახალი სტადიონის აგებას მოხმარდა. ოლიმპიური სარბიელი პროექტით ას ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა საბოლოოდ ტრიბუნებმა ორმოცი ათასი გულშემატკივარი დაიტია. სტად კოლომბმა, რომელიც 1928 წლიდან ტრაგიკულად დაღუპული მორაგბის ივ დუ მანუს სახელს ატარებს, მძლეოსნებს, მორაგბეებს, ჩოგბურთელებს, მოფარიკავეებს, ველომრბოლებს და ფეხბურთელებს უმასპინძლა. ამ უკანასკნელებმა კოლომბზე მხოლოდ ფინალი გაითამაშეს. ბარემ აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ სტად კოლომბმა უმასპინძლა 1938 წელს მსოფლიოს მესამე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს, სადაც იტალიამ უნგრეთს სძლია (ივ დუ მანუს სახელობის არენა კვლავ დგას, XXXIII ოლიმპიადაზე იქ მინდვრის ჰოკეისტთა მატჩები გაიმართება).
ხელისუფლების ფინანსური დახმარება თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური სოფლის ასაგებადაც გამოიყენა. ის კოტეჯები, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, კოლომბის მიმდებარედ აიგო. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ათლეტებისთვის ოლიმპიური სოფელი აშენდა.
პარიზში გამართული პირველი თამაშებისგან 1924 წლის ოლიმპიადა კიდევ იმით განსხვავდებოდა, რომ ოფიციალურად გაიხსნა და დაიხურა. ოლიმპიადა 5 ივლისს, დილით, პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა დიუბემ აკურთხა, რამდენიმე საათში კი თამაშები საფრანგეთის პრეზიდენტმა გასტონ დუმერგმა გახსნა.
წინა, ანტვერპენის ოლიმპიადისგან განსხვავებით, ნაწილობრივ შეიცვალა სპორტული პროგრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის სახეობების ამოღება იყო. ეს იმიტომ, რომ 1924 წლის იანვარ-თებერვალში საფრანგეთის სამთო კურორტმა შამონმა ზამთრის სახეობების სპეციალურ კვირეულს უმასპინძლა. ის ასპარეზობები სოკ-მა მოგვიანებით ზამთრის პირველ ოლიმპიადად აღიარა.
VIII ოლიმპიადა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გამოა ისტორიული. პირველი – არნახულად ბევრმა, 44 ქვეყნის სამ ათასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა; მეორე – დევიზი Citius, Altius, Fortius (სწრაფად, მაღლა, ძლიერად) ოლიმპიადებზე პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდა. მანამდე მას მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის სპორტული ფედერაციების კავშირი იყენებდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც პიერ დე კუბერტენი გახლდათ.
საფრანგეთის დედაქალაქში ჩვიდმეტ სახეობაში გაიმართა ასპარეზობები, საფეხბურთო ტურნირი კი, გულშემატკივართა დასწრების მხრივ, ყველაზე წარმატებული გამოდგა ცურვასთან და მძლეოსნობასთან ერთად.
ფეხბურთს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ფიფა სწორედ პარიზის (ასევე მომდევნო, ამსტერდამის 1928 წლის თამაშების) ოლიმპიადის ტურნირს აღიარებს მსოფლიო ჩემპიონატის წინამორბედად. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ემბლემას ოთხი ვარსკვლავი ამშვენებს – ორი მსოფლიო თასის (1930, 1950), ორიც პარიზის და ამსტერდამის ოლიმპიადების მოგების ნიშნად.
ურუგვაელებმა პირველი ოლიმპიური ტიტული მართლაც შთამბეჭდავად მოიგეს: პირველ წრეში იუგოსლავიელები გაანადგურეს – 7:0, შემდეგ ამერიკელები – 3:0, მეოთხედფინალში მასპინძლებს „ჩაუტარეს გაკვეთილი“ – 5:1, ნახევარფინალში ნიდერლანდელები დაამარცხეს – 2:1, ფინალში კი იოლად აჯობეს შვეიცარიელებს. ოლიმპიადის მომგები გუნდის არაერთი წევრი ექვსი წლის შემდეგ მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
სტად კოლომბის მსგავსად, სპეციალურად ამ თამაშებისთვის აიგო 50-მეტრიანი და რვა ბილიკიანი აუზი. მას შემდეგ ეს ოლიმპიადის სტანდარტია, მოცურავეები მხოლოდ ასეთ და ამ ზომის აუზებში ასპარეზობენ.
„ცისფერ ბილიკებზე“ ყველაზე მეტი, ცხრა ოქროს მედალი ამერიკელებმა მოიგეს და მათგან სამი ლეგენდარულ ჯონი ვაისმიულერს ერგო. მან 100 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში გაიმარჯვა, ასევე 4X200 მეტრზე ესტაფეტაში. პირად პირველობაში ვაისმიულერმა ორი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, თანაგუნდელებთან ერთად კი სულაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ (ვაისმიულერმა მომდევნო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა) ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოცურავემ კინოსამყაროში გადაინაცვლა და 1932-1948 წლებში ტარზანის შესახებ გადაღებულ თორმეტ ფილმში ითამაშა! ძველი თაობის ქართველმა გულშემატკივრებმა ის სწორედ მხატვრული ფილმებით გაიცნეს.
ამერიკელმა მოცურავემ პარიზში კიდევ ერთი მედალი მოიგო, წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში ბრინჯაოს დაეუფლა. ოთხი ჯილდოს მიუხედავად, ის მაინც ვერ გახდა პარიზი 1924-ის მთავარი ვარსკვლავი, რადგან საფრანგეთის დედაქალაქში ყველა დაჩრდილა ლეგენდარულმა „მფრინავმა ფინელმა“ – პაავო ნურმიმ. ანტვერპენის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი პარიზში შეუჩერებელი იყო!
10 ივლისს ნურმიმ ჯერ 1500 მეტრზე გარბენში გაიმარჯვა ოლიმპიური რეკორდით, ფინალის დასრულებიდან დაახლოებით 45 წუთში კი 5000 მეტრზე ირბინა და იქაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, თან კვლავ საუკეთესო ოლიმპიური დროით!
12 ივლისს ნურმი კიდევ ორ ოქროს დაეუფლა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ირბინა. საქმე ისაა, რომ ათკილომეტრიან ინდივიდუალურ კროსში გუნდური მედლებიც გათამაშდა. პაავო ნურმი პირველი იყო, მისი თანამემამულე, არანაკლებ ძლიერი ვიტო რიტოლა – მესამე, ჰეიკი ლიიმატაინენი კი მერვე. მათზე უკეთესი შედეგი სხვა ქვეყნის სამეულს არ აღმოაჩნდა და ნურმისაც ერთ გარბენში ორი ოქროს მედალი ერგო.
13 ივლისს ლეგენდარული ფინელი ხუთგზის ჩემპიონი გახდა – 3000 მეტრზე გუნდური გარბენი მოიგო.
პაავო ნურმის, ჯონი ვაისმიულერის და სხვა სახელოვანი სპორტსმენების გვერდით, პარიზის 1924 წლის ოლიმპიადის შესახებ გამოცემულ თითქმის ყველა წიგნშია მოთხრობილი დიდი ბრიტანეთის გუნდის შოტლანდიელი წევრის, მისიონერი მღვდლის ერიკ ლიდელის ამბავიც.
ის, გარდა იმისა, რომ ქრისტიანობას ქადაგებდა, ძლიერი მორბენალიც გახლდათ, მეტსახელად „მფრინავ შოტლანდიელს“ ეძახდნენ. ლიდელი განსაკუთრებით ძლიერი იყო 100 მეტრზე სპრინტში და ოლიმპიური ოქროს მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა შოტლანდიელი სარბენ ბილიკზე არ გასულა. საკვალიფიკაციო ეტაპი კვირა დღეს იყო დანიშნული, მან კი, როგორც მორწმუნემ, თქვა, რომ კვირა უფლისაა და სტადიონის ნაცვლად პარიზის ერთ-ერთ ტაძარს მიაშურა.
სამაგიეროდ, სამი დღის შემდეგ, 9 ივლისს, ლიდელმა 200 მეტრზე სპრინტში ბრინჯაო მოიგო, 11 ივლისს კი, 400 მეტრ დისტანციაზე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა! თან, ოლიმპიური რეკორდით – 47.6 წამი.
ერიკ ლიდელი 1925 წლიდან ჩინეთში მოღვაწეობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებს ტყვედ ჩაუვარდა. 1945 წლის 21 თებერვალს ის ტყვეობაში გარდაიცვალა. მისი ისტორია მოთხრობილია ბრიტანულ მხატვრულ ფილმში „ცეცხლოვანი ეტლები“, რომელიც ოსკარების 1981 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად აღიარეს.
VIII ოლიმპიადის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო ამბის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამ პატარა ჩანახატს აქ დავასრულებ. ეს წერილი ყველა ისტორიას და საგმირო ამბავს მაინც ვერ დაიტევს, თან, XXXIII ოლიმპიადა ახლოვდება, ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უკვე პარიზშია.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 24 ივლისი
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი