პარიზი 2024: ფრანგული ზღაპარი
ჩემი აზრით კარგი იყო. მეტიც, ძალიან კარგი.
მშვენიერი იყო-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, არც ეს იქნება გადაჭარბებული.
ხოლო გახსნის იმ ცერემონიებს შორის, რაც ჩემი თვალით მინახავს, ბარსელონის 1992 წლის თამაშებიდან დაწყებული, უდავოდ საუკეთესო იყო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადასთან ერთად.
სანახაობის მთავარი კომპონენტები: ერთა აღლუმი, ჩირაღდნის ესტაფეტა, ფიცი, დროშის აღმართვა და ოლიმპიური ცეცხლის დანთება, გემოვნებით იყო გაზავებული ყველაფრით, რის გამოც გვიყვარს საფრანგეთი და ფრანგული კულტურა: მუსიკა, ცეკვა, კინო, თეატრი, ლიტერატურა, მოდა… მათი ერთობლიობით დაუვიწყარი სპექტაკლი დაიდგა.
შოუს მუსიკალურ გაფორმებაზე ვიქტორ ლე მასნემ იზრუნა. ქორეოგრაფიაზე – მოდ ლე პლადემ. კოსტიუმები დაფნე ბურკიმ შექმნა, დამდგმელი მხატვარი, ყველაფრის თავი და თავი კი თომას ჟოლი გახლდათ, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე. ჰოდა, ბრავო მათ და მათ გუნდს, რომლებმაც დიდებული შოუ გვისახსოვრეს.
რატომღაც, რომ სხვანაირად ყოფილიყო. ანტიკურ ოლიმპიადებს ფრანგმა ბარონმა აჩუქა მეორე სიცოცხლე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც იმავე კაცის ძალისხმევით დაარსდა. იციან ფრანგებმა სპორტის ფასი და არც საქმის ორგანიზება ესწავლებათ. გემოვნება და ხელოვნება ხომ ისედაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. ამიტომაც გამოვიდა დღეს ყველაფერი ძალიან ლამაზად. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გახსნის ცერემონია ასეთი ეფექტური, ფერადი, მუსიკალური და თვალწარმტაცი თუ იქნებოდა, ნაღდად არ მეგონა. ხუთი ოლიმპიური რგოლით დამშვებეული ეიფელის კოშკიც როგორი დიდებული იყო? როცა რეჟისორი საერთო სცენას გვიჩვენებდა, ვფიქრობდი, რომ ნახატს ვუყურებდი…
1900 წელს, როცა პარიზმა პირველად უმასპინძლა თამაშებს, სპორტისთვის ვერავინ მოიცალა, ოლიმპიადა მსოფლიო გამოფენამ დაჩრდილა. სწორედ მაშინ იყო, პარიზელთა გულცივობით გაოგნებულმა პიერ დე კუბერტენმა დღიურში რომ ჩაწერა, თუკი დედამიწაზე სადმე არის ადგილი, სადაც ოლიმპიური თამაშები არ აინტერესებთ, ეს პარიზიაო.
1924 წელს, როცა პარიზმა მეორედ უმასპინძლა ოლიმპიადას, ყველაფერი გაცილებით უკეთესად დაიწყო და დასრულდა. ბარონმაც ჩათვალა, რომ ოლიმპიური მოძრაობის წინაშე ვალი მოიხადა და მშვიდად წავიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან.
დღეს, სოკ-ის დაარსებიდან 130 და მეორე პარიზული ოლიმპიადიდან ზუსტად საუკუნის თავზე საფრანგეთის დედაქალაქში მესამედ გაიხსნა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი. დასაწყისი ისეთი გამოდგა, უკეთესს ვერც ვინატრებდით. მაგრამ გული მიგრძნობს რომ მომდევნო დღეებში, 11 აგვისტოს ჩათვლით, უკეთესი ამბების თვითმხილველები გავხდებით.
XXXIII ოლიმპიადის პირველი ჩემპიონები რამდენიმე საათში გამოვლინდებიან და დიდი შანსია, რომ მათ შორის ქართველიც იყოს. ამიტომ, დღევანდელი ჩანახატის ბოლოს შედარებით ვრცლად დავწერ ჩვენი გუნდის შესახებ.
საქართველოს დელეგაცია ამ თამაშებს ყველაზე ცოტა სპორტსმენით ხვდება, პარიზში მხოლოდ 28 ათლეტს ვიხილავთ. ამის მიუხედავად, დიდი შანსია, რომ ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დაასრულოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პარიზში ჯილდოების, მათ შორის ოქროს მედლების არაერთი კანდიდატია. სხვა თუ არაფერი, ჩვენი გუნდის ორივე მედროშე დღევანდელ ცერემონიაზე ოლიმპიური ჩემპიონი იყო – ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. მათ გარდა დელეგაციაში კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონია – ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური. და ორიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. აბა, ასეთი ჩამონათვალის შემდეგ, როგორ არ ვიყო იმედიანად?
სახეობების მიხედვით ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ბატუტზე ხტომა – ლუბა გოლოვინა;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – რამაზ ზოიძე (67კგ), ლაშა გობაძე (87კგ), რობერტ კობლიაშვილი (97კგ);
თავისუფალი ჭიდაობა – გოდერძი ძებისაშვილი (65კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (87კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ), გენო პეტრიაშვილი (125კგ);
კრივი – ლაშა გურული (63,5კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (92კგ);
მძლეოსნობა – ლიკა ხარჩილავა (100მ);
ტყვიის სროლა – ნინო სალუქვაძე (პნევმატური / სპორტული პისტოლეტი);
ფარიკაობა – სანდრო ბაზაძე (ხმალი);
ცურვა – ნოე ფანცხავა (გულაღმა, 100მ), ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი, 100მ);
ძალოსნობა – შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ), ლაშა ტალახაძე (+102კგ);
ძიუდო – გიორგი სარდალაშვილი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ). ძიუდოისტები გუნდურშიც იასპარეზებენ.
ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს, 27 ივლისს, ოთხ ქართველს ვიხილავთ: მოცურავე ანა ნიჟარაძეს (საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს), მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს და ჩვენი სპორტის ლეგენდას, ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს.
განრიგით 27 ივლისს იყო დანიშნული მოკრივე ლაშა გურულის პირველი შეხვედრაც, მაგრამ წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ის ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან დაიწყებს. ამიტომ, გურული პარიზის რინგზე ორშაბათს, 29 ივლისს გავა. ოქროს მედლისკენ სვლას ლაშა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან კრივით დაიწყებს.
ხმლით ფარიკაობაში ხვალვე გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები. ლაშა გურულის არ იყოს, პირველ წრეს სანდრო ბაზაძეც გამოტოვებს და 1/16-ფინალიდან ჩაერთვება ბრძოლაში. მისი მეტოქე კი ირანელი მოჰამად ფოტუჰის და მექსიკელი ხიბრან სეას დაპირისპირების დასრულების შემდეგ გვეცოდინება.
პირველი წრიდან ასევე თავისუფალია ძიუდოისტთა გუნდის ყველაზე მსუბუქი წევრი, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გიორგი სარდალაშვილი (60კგ). ის, როგორც რეიტინგის ერთ-ერთი მოწინავე, განთესილი გახლდათ და მერვედფინალში დაელოდება მოწინააღმდეგეს. სარდალაშვილი ასპარეზობას კონგოელ არნოლდ კისოკასთან, ან ისრაელის გუნდის წევრ იამ ვოლჩაკთან ბრძოლით დაიწყებს.
ოლიმპიური ჩემპიონი, ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მედროშე ნინო სალუქვაძე კი შატორუს სროლის ცენტრში ასპარეზობისთანავე შევა არათუ ქართული სპორტის, ზოგადად, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. მიზეზი ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რადგან ამის შესახებ დიდი ხანია ვწერთ სპორტული ჟურნალისტები – ქალბატონი ნინო ზედიზედ მე-10 ოლიმპიადაზე გამოვა!
გსმენიათ კანადელი იან მილერის შესახებ? თუ არა, მაშინ იცოდეთ, რომ ის ერთადერთია, რომელმაც 1896 წლიდან დაწყებული ათ ოლიმპიადაზე იასპარეზა. ბატონი მილერი ცხენოსანი გახლდათ და 1972-1976 წლების, შემდეგ კი 1984-2012 წლების თამაშები მოიარა. მისი სპორტული კარიერის მწვერვალი 2008 წელს, პეკინში მოგებული ვერცხლია.
ჰოდა, ნინო სალუქვაძე მის რეკორდს გაიმეორებს, ხოლო ქალთა შორის სულაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს – ერთადერთი ათგზის ოლიმპიონიკი გახდება! ის აქამდეც ერთადერთი გახლდათ, ერთადერთი ქალი, ვინც ცხრა თამაშებზე იასპარეზა. ლეგენდარული ტყვიის მსროლელი 1988 წლიდან, სეულის თამაშებიდან დაწყებული, უწყვეტად გამოდის ოლიმპიადებზე და მიჯრით მეათე თამაშებით ერთ ახალ რეკორდსაც დაამყარებს. მილერმა ხომ ერთი თამაშები გამოტოვა, 1980 წელს, მოსკოვში გამართული.
კინაღამ დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ შატორუში, რომელიც პარიზიდან თითქმის სამასი კილომეტრითაა დაშორებული, ნინო სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტით (10მ) სროლაში იასპარეზებს, სწორედ იმ დისციპლინაში, სადაც 1988 წელს ვერცხლი, 2008 წელს კი ბრინჯაოს მედლები მოიგო.
26 ივლისის ჩანახატს ამით დავასრულებ. სათქმელი და დასაწერი ხვალიდან უფრო მეტი მექნება.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 26 ივლისი
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024