პარიზი 2024: პირველი რეკორდები და პირველი სკანდალები
XXXIII ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღე დარჩა, მაგრამ პარიზში უკვე დაიწყო ასპარეზობები და 25-მა ივლისმა პირველი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებიც გვაჩუქა.
მშვილდოსანთა ტურნირს ინვალიდების სასახლე მასპინძლობს, სადაც დღეს ქალთა შორის პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. მისი შედეგებით ის გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებიც მედლებს გაითამაშებენ.
კორეელები დიდი ხანია საუკეთესონი არიან მშვილდოსნობაში და რა გასაკვირია, რომ მსოფლიო რეკორდიც მათი გუნდის წარმომადგენელმა დაამყარა – სი-იეონ ლიმმა 694 ქულას მოუყარა თავი და წინა მიღწევა სამი ქულით გააუმჯობესა. ამით კორეელმა სპორტსმენმა 1/32-ფინალში ყველაზე სუსტ მეტოქესთან დაპირისპირება გაინაღდა. ლიმის მოწინააღმდეგე პუერტორიკოელი ალონდრა რივერა იქნება, რომელმაც ყველაზე ცუდად ისროლა, მხოლოდ 547 ქულა მოაგროვა.
„ეს ჩემი პირველი ოლიმპიადაა, დიდხანს ვემზადებოდი პარიზში ასპარეზობისთვის და ძალიან მსურდა თავის გამოჩენა“, – ასე ახსნა სი-იეონ ლიმმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი.
არანაკლებ კარგად ისროლეს მისმა თანაგუნდელებმა. სუ-იეონ ნამი 688 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, იუნ-იან იეონმა კი, მართალია მეცამეტე ადგილი დაიკავა, მაგრამ 664 ქულით ძალიან შეეწია ნაკრებს. კორეელთა სამეულმა საერთო ჯამში 2046 ქულა მოაგროვა და ეს ახალი ოლიმპიური რეკორდია! ამით მათ მეოთხედფინალში ასპარეზობა გაინაღდეს. ნომერ პირველ ფავორიტთა მოწინააღმდეგე ამერიკის და ტაივანის ნაკრებთა მატჩში გამოვლინდება.
ქალთა მშვილდოსნობაზე როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ქეთევან ლოსაბერიძე. იმიტომ, რომ ქართველი სპორტსმენი ერთადერთი ევროპელია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიგო. ქალთა მშვილდოსნობა 1972 წლიდანაა თამაშების პროგრამაში და თუ საწყის ორ ოლიმპიადაზე ამერიკელებმა გაიმარჯვეს, ქეთევან ლოსაბერიძის ტრიუმფის შემდეგ (მოსკოვი, 1980), აზიელები პირველ ადგილს აღარ თმობენ. ბოლო ოცდაათ წელიწადში, ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებიდან დაწყებული, კორეელმა ქალებმა ცხრა ოქროს მედალი მოიგეს, 2008 წელს კი ჩემპიონობა ჩინელმა სპორტსმენმა იზეიმა.
უფრო შთამბეჭდავია კორეელ ქალთა ნაკრების სერია. გუნდური პირველობა 1988 წელს, სეულში გამოჩნდა და მას შემდეგ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ოქროს მედალი არ დაუთმიათ, მიჯრით ცხრა ოლიმპიადა მოიგეს! თუ პარიზშიც გაიმარჯვეს, თამაშების ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერება. ქალთა გუნდების ფინალი 28 ივლისაა დანიშნული.
გუშინ პირველი ტურის შეხვედრები დასრულდა ვაჟ ფეხბურთელთა შორის. საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი გახლავთ, სამართლიანად მიიჩნევა ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად, რადგან ფრანგებმა ჩინებულ შემადგენლობას მოუყარეს თავი.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ამერიკის ნაკრებთან პირველ ტაიმში გუნდმა მძიმედ ითამაშა, შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა და საბოლოოდ ფრანგებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს ამერიკელებს. პირველი ბურთი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა მიითვალა, ვინც ახლო წარსულში ლონდონის არსენალში თამაშობდა.
წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ესპანეთმა უზბეკეთს სძლია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, არგენტინის ოლიმპიური ნაკრები კი მაროკოსთან 2:1 დამარცხდა. რაც ამ მატჩში მოხდა, ფეხბურთის გულშემატკივრებს იშვიათად გვინახავს.
ფრანგების არ იყოს, სამხრეთამერიკელებსაც ჩინებული შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის (2004, 2008), ხავიერ მაშერანოს ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდს მაინც ხელი მოეცარა. არადა, მსაჯის მიერ დამატებულ მეთხუთმეტე(!) წუთზე, როცა კრისტიან მედინამ ანგარიში გაათანაბრა, ბევრმა ვიფიქრეთ, რომ თამაში 2:2 დასრულდა.
იმის გამო, რომ მედინას გოლის შემდეგ მოედანზე მაროკოელი გულშემატკივრები შევარდნენ, ორივე გუნდი გასახდელში გავიდა. ქომაგებმა იფიქრეს, რომ მატჩი ფრედ დასრულდა და სტადიონი დატოვეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შვედ არბიტრს შეხვედრა არ დაუსრულებია. მეტიც, დაახლოებით ორ საათში მსაჯმა გუნდებს მოედანზე უხმო, მათ თვალწინ VAR-ზე გადაამოწმა მედინას გოლი, გააუქმა, მალე კი თამაშიც დაასრულა. საინტერესო ისაა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ტრიბუნების წინ მოხდა.
იმ გუნდმა კი, რომელიც ჩვენ ოლიმპიურ ნაკრებს პარიზისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობა, D ჯგუფში იასპარეზა. შარშან, საქართველოსა და რუმინეთში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რამაზ სვანაძის გუნდი ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ეს უკანასკნელიც ასე მოხვდა ოლიმპიადაზე. ჰოდა, ისრაელმა პარიზში ასპარეზობა ქულით დაიწყო – 1:1 მალისთან. პარკ დე პრინსესზე გამართულ თამაშს დაახლოებით ათი ათასი გულშემატკივარი დაესწრო, მე კი მგონია, რომ იქ ჩვენ ოლიმპიელებს რომ ეთამაშათ, ტრიბუნები მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც შეივსებოდა.
ფეხბურთელი ქალები დღეს იწყებენ ოლიმპიურ ტურნირს და მოქმედი ჩემპიონი კანადა უკვე შარში გაეხვა. ფრანგმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი კანადელი მწვრთნელი დააკავეს, რომელიც მეტოქის, ახალი ზელანდიის ნაკრების ვარჯიშს დრონით იღებდა.
პოლიციამ დამნაშავის სახელი და გვარიც გვამცნო – ჯოზეფ ლომბარდი. ის კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი კია, მაგრამ პარიზის ოლიმპიადის აკრედიტაცია არ აქვს. ლომბარდი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. დაკავების და დანაშაულის აღიარების შემდეგ მან ოფიციალურად მოიბოდიშა, მაგრამ კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა მაინც სამშობლოში გააბრუნა. მასთან ერთად გაემგზავრა კანადაში მეორე მწვრთნელი ჟასმინ მანდერი, რომელსაც ლომბარდიმ ის ჩანაწერი გადასცა.
კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბევ პრისტმენმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ოფიციალურად მოუბოდიშა ახალი ზელანდიის ნაკრებს და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით მათთან თამაშის დროს სათადარიგოთა სკამზე არ იქნება. კანადის სპორტისა და ფიზკულტურის მინისტრმა კარლა ქუალტროფმა მწვრთნელს ეს ნაბიჯი მოუწონა.
დღესვე დაიწერა იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პოლიციამ 40 წლის რუსი მამაკაცი დააკავა, რომელიც თამაშების გახსნის ცერემონიის ჩაშლას გეგმავდა. მისი ვინაობა არ დასახელებულა, მაგრამ ითქვა, რომ მამაკაცს, ვინც პროფესიით პოვარია და რამდენიმე რუსულ ტელეშოუშიც მიუღია მონაწილეობა, თითქმის ხუთი თვის მანძილზე აკვირდებოდნენ და უსმენდნენ.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მასპინძლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ დესტაბილიზაციის შანსი დიდია და უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილონ, სწორედ ამიტომ მიმართეს ევროპოლს და ინტერპოლს. რამდენი ადამიანი იზრუნებს ოლიმპიური თამაშების მშვიდად ჩატარებაზე, ვერ გეტყვით, მაგრამ ოფიციალურად დაიწერა, რომ მხოლოდ ხვალინდელი ცერემონიის დროს სპორტსმენების და სტუმრების უსაფრთხოებას 45 ათასამდე პოლიციელი, 10 ათასი სამხედრო პირი და საიდუმლო სამსახურის დაახლოებით 20 ათასი თანამშრომელი დაიცავს.
„პარიზი ოლიმპიადის გახსნის არნახული ცერემონიისთვის ემზადება და ჩვენი ვალია ყველაფერი ისე ჩატარდეს, როგორც დავგეგმეთ. გპირდებით, თამაშების თითოეული მონაწილე და სტუმარი დაცული იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დარმანინმა.
პარიზი 2024 ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. ორგანიზატორები დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან. ვნახოთ. ჩვენ ოლიმპიელებზეც მომდევნო ჩანახატში იყოს.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 25 ივლისი
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024