პარიზი 2024: 31 ივლისი
ნეტავ ყველაფერში ისე ვიყო დარწმუნებული, როგორც ლაშა ბექაურის პარიზული ოქროსი მჯეროდა. გილოცავთ ქართველი ძიუდოისტის მშვენიერ ასპარეზობას, საოცარ ბრძოლას მთელი დღის მანძილზე, განსაკუთრებით ფინალში და გილოცავთ დამსახურებულ ტრიუმფს!
ლაშა ბექაური XXXIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია!
ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ლაშა ბექაური ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში!
ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ორჯერ მომგები პირველი ქართველი ძიუდოისტია!
ლაშა მეოთხე ქართველი ოლიმპიელია, მინიმუმ ორ ოქროს მედალს რომ ფლობს. დღევანდელი გამარჯვებით ის თავისუფალი ჭიდაობის ლეგენდის, ლევან თედიაშვილის და ლაშა ტალახაძის გვერდით დადგა. მათზე წინ მხოლოდ ვიქტორ სანეევია, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მძლეოსანი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცთა შორის.
ეს წონა მეოთხედ მოიგო ქართველმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიადა 90კგ კატეგორიაში მხოლოდ იაპონელებს და ქართველებს მოუგიათ ოთხჯერ.
არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ლაშა მხოლოდ მეორეა, ვინც ამ წონაში ზედიზედ ორი ოლიმპიადა მოიგო. არ გაინტერესებთ ვინ იყო პირველი? ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, ვინც ლოს ანჯელესში (1984) და სეულში (1988) გახდა ჩემპიონი, ახლო წარსულში კი ჩვენ ეროვნულ გუნდსაც წვრთნიდა.
ესეც აღვნიშნოთ: ლაშას ოქროს მედლით ძიუდო ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაში თავისუფალ ჭიდაობას გაუთანაბრდა, მხოლოდ ამ ორი სახეობის წარმომადგენლებმა მოიგეს ზაფხულის თამაშებზე 8 ოქროს მედალი! საერთოდ კი, ეს 42-ე ოლიმპიური ოქროა ჩვენი ქვეყნისთვის.
ლაშა 24 წლისაა (დაბადების დღე 26 ივლისს იზეიმა, ოლიმპიადის გახსნის დღეს) და მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. როგორი სათქმელია ეს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, მაგრამ ნამდვილად ასეა. მას შეუძლია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ძიუდოისტი გახდეს. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონია, ევროპული თამაშების გამარჯვებულია, მასტერსის და გრანდ სლემის მსოფლიო სერიის არაერთი ტურნირის ოქროს მედლის მფლობელია, წინ კი უფრო მეტი შეჯიბრება ელის.
ის მოვლენაა ქართულ სპორტში, სამაგალითო ათლეტია შემართებით, მონდომებითა და ბრძოლის წყურვილით. დღევანდელ ფინალში, როცა ძალიან ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე (იაპონელი იყო, სხვა თუ არაფერი) ვაზარით დაწინაურდა, მჯეროდა, რომ ლაშა არ დათმობდა, არ დამარცხდებოდა.
არც დათმო და გაიმარჯვა კიდეც. ჯერ ერთი გდება, შემდეგ მეორე და მსაჯმა, მართალია ვიდეოგამეორების შემდეგ, მაგრამ მაინც, ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო – იპონი, სუფთა გამარჯვება!
მერე იყო ტრიბუნებზე მყოფ ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ჩახუტება, დაჯილდოების ცერემონია, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა და პარიზში პირველად აჟღერებული სახელმწიფო ჰიმნი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოსმენილი პირველი კომენტარი მოჰყვა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის სიხარულით სავსე გულიდან წამოსული ალალი სიტყვები:
„დაუჯერებელია… ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა… არ ვიცი, სიზმარში ვარ… მადლობა ყველას და მიყვარხართ ყველა! იმედია, ბედნიერები ხართ რომ ამ ქვეყნის წარმომადგელნები ხართ“, – მერე ლაშამ კიმონოზე ამოქარგულ დროშაზე მიუთითა და თქვა – „ღმერთო… ორჯერ შევძელი“!
ლაშამ წელს მესამე ოქროს მედალი მოიგო. 24 მარტს თბილისის გრანდ სლემის ფინალში გაიმარჯვა, 9 ივნისს კი მადრიდის მსოფლიო თასზე. ორივე ტიტული ფასეულია, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობა ყველაზე ძვირფასია, მას არაფერი შეედრება!
ჩემპიონმა ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო და ბულგარელ ივაილო ივანოვს ადვილად სძლია. უფრო ლამაზად აჯობა მომდევნო მეტოქეს, აზიის წლევანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანს, კორეელ იუ-იოპ ჰანს. ნახევარფინალში ლაშა თელავში დაბადებულ, მაგრამ ესპანეთის დროშის ქვეშ მოჭიდავე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდა. ამ ბიჭმა წელს მესამე ადგილი დაიკავა იმ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბექაურმა გამოტოვა. მძიმე ორთაბრძოლა ვიხილეთ, ორი ქართველის ჭიდილში „ესპანელი“ იმიტომ დამარცხდა, რომ მსაჯმა სამჯერ გააფრთხილა.
სულ ბოლოს კი იყო ფინალი ნაცნობ მეტოქესთან. ქართველის და იაპონელი სანშირო მურაოს გზა მეოთხედ გადაიკვეთა. დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ქართველმა ზედიზედ მეოთხედ მოუგო იაპონელს.
2018 წლის 19 ოქტომბერს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, ლაშამ პირველად დაამარცხა მურაო.
2019 წლის 14 დეკემბერს, ცინდაოს მასტერსის 1/4-ფინალში, ქართველმა მეორედ გაიმარჯვა.
2023 წლის 11 მაისს, აბუ დაბიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელმა მესამედ დატოვა ტატამი დამარცხებულმა.
2024 წლის 31 ივლისს კი ლაშა ბექაურმა ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოუგო მეტოქეს, ოლიმპიური თამაშების გადამწყვეტი ორთაბრძოლა!
ამ ოქროს მედლით, ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველო ძიუდოისტთა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება, ხოლო თამაშების საერთო ცხრილში ჩვენმა გუნდმა მეთორმეტე ადგილზე აინაცვლა ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდამხარ.
ძიუდოისტებმა რამდენიმე საათის წინ დაასრულეს ასპარეზობა, ყველაზე ადრე კი ტრიათლონში გათამაშდა მედლები, ჯერ ქალებმა იასპარეზეს, შემდეგ მამაკაცებმა. სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონ-პრიზიორები გუშინ უნდა გამოვლენილიყვნენ, მაგრამ მდინარე სენაში წყლის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი გამო, შეჯიბრება ერთი დღით გადადეს. გუშინ ღამით პარიზში გაწვიმდა, გამთენიისას კი, როცა შესაბამისმა პირებმა წყალი შეამოწმეს, სტარტიც დაინიშნა. იმის გამო, რომ ტრასა არასაკმარისად მშრალი იყო, ქალთა ასპარეზობის დროს ბევრს მოუცურდა ველოსიპედი, ერთი-ორი მძიმე ტრავმასაც ბეწვზე გადაურჩა. პარიზელების გასახარად, ოქრო კასანდრა ბოგრანს ერგო, ვინც სამი წლით ადრე შერეულ ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კაცთა გარბენი კი ალექს იეემ მოიგო და ტოკიოში მოპოვებული ვერცხლი პარიზულ ოქროზე გადაცვალა. დღევანდელი გამარჯვებით ბრიტანელი სპორტსმენი გახდა პირველი, ვინც ოლიმპიური ტიტული ერთეულთა შორისაც მოიპოვა და შერეულ ესტაფეტაშიც. სამი წლის წინ ეს დისციპლინა მისი და მისი თანაგუნდელების გამარჯვებით დასრულდა.
სენსაცია მოხდა ვაჟ მაგიდის ჩოგბურთელთა ტურნირში. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ჩუქინ ვანი 1/16-ფინალში დამარცხდა შვედ ტრულს მიორეგორთან. ოცდაოთხი წლის ჩინელს, ვინც სხვადასხვა დისციპლინაში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, ორი წლით უმცროსმა მეტოქემ 4:2 აჯობა. ჩუქინ ვანმა პარიზში უკვე მოიგო ოლიმპიური ოქრო, იუინშა სუნთან ერთად შერეულ წყვილთა ტურნირში გაიმარჯვა. ის ვაჟთა გუნდურშიც გამოვა ჟენდონ ფანთან ერთად, რომელიც ახლა ჩინეთის უკანასკნელი იმედია ერთეულთა ტურნირში.
თუ მშვილდოსნობაში სამხრეთკორეელებს არ ჰყავთ ბადალი, ქალ წყალში მხტომელთა შორის ურღვევია ჩინელების ჰეგემონია. დღეს კოშკიდან სინქრონულ ხტომაში ასპარეზობა დასრულდა და ჩინელების წყვილმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ოქროს მედალი! ეს დისციპლინა თამაშებზე 2000 წელს, სიდნეიში გამოჩნდა და მას შემდეგ პირველ ადგილზე მუდმივად ჩინელები არიან. იუში ჩენი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ჰონჩან ქუანი კი პირველად.
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში 31 ივლისს არაერთი საინტერესო ამბავი მოხდა და დღევანდელ წერილს იმ ამბით დავასრულებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ოლიმპიელს უკავშირდება.
2012 წლის 31 ივლისს, ლონდონის საწყლოსნო ცენტრში, მაიკლ ფელპსმა ორი მედალი მოიგო, რითაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამერიკელმა იმ დღეს საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას ეგრეთ წოდებული „მარადიული“ რეკორდი გააუმჯობესა.
თავდაპირველად ამ უკანასკნელის შედეგები გავიხსენოთ. მელბურნში (1956), რომსა (1960) და ტოკიოში (1964) ლატინინამ 18(!) მედალი მოიგო (თითოეულ თამაშზე ექვსი), საიდანაც 9 ოქროსი იყო. ფელპსი ლონდონში 14-გზის ოლიმპიურ ჩემპიონად ჩავიდა, იქ კიდევ დაუმატა მედლები, 31 ივლისს კი თავისუფალი ყაიდით 200 მეტრზე ესტაფეტაში ჩემპიონი გახდა, იგივე დისტანციაზე, ოღონდ ბატერფლაით კი ვერცხლი მოიგო და ლატინინას მიღწევაც ისტორიის კუთვნილება გახდა.
მას შემდეგ მაიკლ ფელპსი მხოლოდ ზრდიდა მონაგარს და დღეს ის 28(!) ოლიმპიური მედლის მფლობელია – ათენში (2004), პეკინში (2008), ლონდონსა (2012) და რიო დე ჟანეიროში (2016) „ამერიკელი ზვიგენი“ 23-ჯერ გახდა ჩემპიონი, სამჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ კი ბრინჯაოს დაეუფლა.
თუ სპორტში რაიმე რეკორდს შეიძლება ვუწოდოთ „მარადიული“, მგონი, სწორედ ფელპსის 28 ოლიმპიურ მედალს.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 31 ივლისი
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია
31 ივლისის მედალოსნები
ველოსპორტი
კაცები
BMX, ფრისტაილი
1.ხოსე ტორეს ხილი (არგენტინა)
2.კიარან რილი (დიდი ბრიტანეთი)
3.ანტონი ჟანჟანი (საფრანგეთი)
ქალები
BMX, ფრისტაილი
1.იუავენ დენი (ჩინეთი)
2.პერის ბენეგესი (აშშ)
3.ნატალია დიემი (ავსტრალია)
კაიაკი და კანოე
ქალები
კანოე, სლალომი
1.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 101.06 წმ
2.ელენა ლილიკი (გერმანია) – 103.54 წმ
3.ევი ლაიბფარტი (აშშ) – 109.95 წმ
ნიჩბოსნობა
კაცები
ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.ნიდერლანდები (ლენარტ ვან ნიეროპი, ფინ ფლორინი, ტონე ვიეტენი, კოენ მეტსემაკერსი (ნიდერლანდები) – 5:42.00 წთ
2.იტალია (ლუკა ჩიუმენტო, ლუკა რამბალდი, ჯაკომო ჯენტილი, ანდრეა პანიცა) – 5:44.40 წთ
3.პოლონეთი (ფაბიან ბარანსკი, მატეუშ ბისკუპი, დომინიკ შაია, მიროსლავ ზიეტარსკი) – 5:44.59 წთ
ქალები
ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.დიდი ბრიტანეთი (ლორენ ჰენრი, ჰანა სკოტი, ლოლა ანდერსონი, ჯორჯინა ბრეიშოუ) – 6:16.31 წთ
2.ნიდერლანდები (ლაილა იუსუფუ, ბენტე პაულისი, როოს დე იონგი, ტესა დულემანსი) – 6:16.46 წთ
3.გერმანია (მარენ ვოლცი, ტაბეა შენდეკელი, ლეონი მენცელი, პია გრაიტენი) – 6:19.70 წთ
სპორტული ტანვარჯიში
კაცები
მრავალჭიდი
1.შინოსუკე ოკა (იაპონია) – 86.832 ქულა
2.ბოენ ჟანი (ჩინეთი) – 86.599 ქულა
3.რუოტენ შიაო (ჩინეთი) – 86.364 ქულა
ტრიათლონი
კაცები
1.ალექს იეე (დიდი ბრიტანეთი) – 1:43.33 სთ
2.ჰეიდენ უაილდი (ახალი ზელანდია) – 1:43.39 სთ
3.ლეო ბერჟერე (საფრანგეთი) – 1:43.43 სთ
ქალები
1.კასანდრა ბოგრანი (საფრანგეთი) – 1:54.55 სთ
2.ჟული დერონი (შვეიცარია) – 1:55.01 სთ
3.ბეთ პოტერი (დიდი ბრიტანეთი) – 1:55.10 სთ
ტყვიის სროლა
ქალები
სანგარი
1.ადრიანა რუანო (გვატემალა) – 45 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.სილვანა სტანკო (იტალია) – 40 ქულა
3.პენი სმითი (ავსტრალია) – 32 ქულა
ფარიკაობა
კაცები
ხმალი, გუნდური
1.სამხრეთი კორეა (ბონ-გილ გუ, სანგ-უკ ო, სანგ-ვონ პარკი, გეონგ-დონგ დო)
2.უნგრეთი (შანად გერმეში, ანდრაშ შატმარი, არონ შილადი, კრიშტიან რაბი)
3.საფრანგეთი (სებასტიენ პატრისი, მაქსიმ პიანფეტი, ბოლადე აპითი, ჟან-ფილიპ პატრისი)
ცურვა
კაცები
თავისუფალი – 100მ
1.ჟანლე პანი (ჩინეთი) – 46.40წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.კაილ ჩელმერსი (ავსტრალია) – 47.48 წმ
3.დავიდ პოპოვიჩი (რუმინეთი) – 47.49 წმ
ბრასი – 200მ
1.ლეონ მარშანი (საფრანგეთი) – 2:05.85 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ზაკ სტაბლეტი-კუკი (ავსტრალია) – 2:06.79 წთ
3.კასპარ კორბო (ნიდერლანდები) – 2:07.90 წთ
ბატერფლაი – 200მ
1.ლეონ მარშანი (საფრანგეთი) – 1:51.21 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.კრიშტოფ მილაკი (უნგრეთი) – 1:51.75 წთ
3.ილია ხარუნი (კანადა) – 1:52.80 წთ
ქალები
თავისუფალი – 100მ
1.სარა სიოსტრიომი (შვედეთი) – 52.16 წმ
2.ტორი ჰასკე (აშშ) – 52.29 წმ
3.სიობენ ჰოგი (ჰონგ კონგი) – 52.33 წმ
თავისუფალი – 1500მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 15:30.02 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ანასტასია კირპიჩნიკოვა (საფრანგეთი) – 15:40.35 წთ
3.იზაბელ გოსე (გერმანია) – 15:41.16 წთ
ძიუდო
კაცები
90კგ
1.ლაშა ბექაური (საქართველო)
2.სანშირო მურაო (იაპონია)
3.მაქსიმ-გაელ ნგიაპ ამბუ (საფრანგეთი) და თეოდოროს ცელიდისი (საბერძნეთი)
* * *
ლაშა ბექაური
1/8: ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) – მოგება
1/4: იუ-იოპ ჰანი (სამხრეთი კორეა) – მოგება
1/2: ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი) – მოგება
ფ: სანშირო მურაო (იაპონია) – მოგება
ქალები
70კგ
1.ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
2.მირიამ ბუტკერაიტი (გერმანია)
3.მიხაელა პოლერესი (ავსტრია) და გაბრიელა ვილემსი (ბელგია)
წყალში ხტომა
ქალები
სინქრონული, კოშკი (10მ)
1.იუში ჩენი, ჰონჩან ქუანი (ჩინეთი) – 359.10 ქულა
2.მი-რაე კიმი, ინ-მი იო (სამხრეთი კორეა) – 315.90 ქულა
3.ანდრეა სპენდოლინი-სირიექსი, ლუის ტულსონი (დიდი ბრიტანეთი) – 304.38 ქულა