პარიზი 2024: პარიზიდან ტაიტიმდე
ბოსტონი, ჰამბურგი, რომი, ბუდაპეშტი, ლოს ანჯელესი და პარიზი – 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი ამ ექვსმა ქალაქმა გამოთქვა. ნაცნობი სურათი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის და სპორტის მოყვარულებისთვის. ყოველთვის ასეა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლის შერჩევა იწყება, თამაშების მიღება ბევრს სურს. მაგრამ პროექტის დამუშავებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარჯთაღრიცხვაზე რომ მიდგება საქმე, არაერთს სურვილი უქრება.
გამონაკლისი არც ამ ჯერზე მოხდა. ზაფხულის XXXIII თამაშების მასპინძლობისთვის გამოცხადებულ კონკურსს პირველად ბოსტონი გამოაკლდა. ამერიკის ოლიმპიურ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, მასაჩუსეტსელებმა განზრახვაზე ხელი აიღეს. 2015 წლის 27 ივლისს მათ ოფიციალური წერილიც გააგზავნეს შვეიცარიაში, სოკ-ის ოფისში.
გავიდა ოთხი თვე და 29 ნოემბერს უარი განაცხადა გერმანიის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალაქმა ჰამბურგმაც. არადა, სამი წლით ადრე თვით თომას ბახმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გერმანელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰამბურგი ერთ-ერთი კანდიდატი ქალაქი იქნებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა და მონაწილეთა 51.6%-მა ამ საპატიო უფლებაზე უარი თქვა.
2016 წლის 21 სექტემბერს განზე გადგა მარადიული ქალაქი რომი, რომლის საორგანიზაციო კომიტეტს 2015 წლიდან ფერარის პრეზიდენტი, მსოფლიოს 1990 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგკომიტეტის შეფი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო ხელმძღვანელობდა. საბოლოო სიტყვა რომის მერმა ვირჯინია რაგიმ თქვა. აღმოჩნდა, რომ იტალიის დედაქალაქს ისედაც დიდი ვალი ჰქონდა და, თუ სინიორა ვირჯინიას დავესესხები, „ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებით რამდენიმე მილიარდის დახარჯვა უპასუხისმგებლობა იქნებოდა“. არადა, დანანებით უნდა ვთქვა, რომ რომს საოლიმპიადოდ ძალიან ლამაზი ემბლემა ჰქონდა…
სულ ბოლოს ბუდაპეშტმა იუარა მასპინძლობა. უნგრეთის მთავარ ქალაქს კიდევ უფრო მეტი პრობლემა აღმოაჩნდა და მისი ბედიც რეფერენდუმზე გადაწყდა. უმრავლესობამ პროექტს მხარი არ დაუჭირა. ეს 2017 წლის 22 თებერვალს მოხდა.
იმავე წლის 9 ივნისს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბა და 2024 და 2028 წლების ოლიმპიადებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ერთი თვის შემდეგ, 11 ივლისს გამართულ სოკ-ის საგანგებო სესიაზე ითქვა, რომ 2024 წლის თამაშებს ლოს ანჯელესი, მომდევნოს კი პარიზი უმასპინძლებდა. თვის ბოლოს ქალაქებმა ადგილები გაცვალეს – პარიზი 2024, ლოს ანჯელესი კი 2028 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის ერთადერთ კანდიდატად დასახელდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიო სპორტის მმართველმა სახლმა 2017 წლის 13 სექტემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, სოკ-ის 131-ე სესიაზე მიიღო – ორივე ქალაქს ოფიციალურად ერგო XXXIII და XXXIV ოლიმპიადის მასპინძლობის პატივი.
მას შემდეგ შვიდი წელიწადი გავიდა. პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კანოისტი ტონი ესტანჟეს ხელმძღვანელობით ძალიან დიდი სამუშაო გასწია და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარიზი თამაშებს სრულ მზადყოფნაში ხვდება.
სანამ ესტანჟეს შესახებ ვიტყვი ორიოდ სიტყვას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კარსმომდგარი ოლიმპიადის სპორტული პროგრამით გათვალისწინებული ასპარეზობები მხოლოდ პარიზში არ გაიმართება. რამდენიმე სახეობის წარმომადგენლებს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ვიხილავთ. მაგალითად, კალათბურთელთა საკვალიფიკაციო თამაშებს პარიზიდან 225 კილომეტრით დაშორებული ლილი უმასპინძლებს. ულამაზეს მარსელში, საიდანაც დედაქალაქამდე 777 კილომეტრია, აფროსანთა ასპარეზობები გაიმართება, მთავარ სარბიელზე, ველოდრომზე კი ფეხბურთელებს ვიხილავთ. საფეხბურთო მატჩებს ბორდო, ლიონი, ნანტი, ნიცა და სენტ-ეტიენიც მიიღებენ, მაგრამ რადგან ლილის და მარსელის შემთხვევაში პარიზიდან დაშორებას გავუსვი ხაზი, ტეაჰუპოო უნდა ვახსენო. იმიტომ, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის, საფრანგეთის პოლინეზიაში შემავალი კუნძულ ტაიტის ამ პატარა სოფელს ოლიმპიადის მასპინძელ პარიზთან 15 716 კილომეტრი აშორებს. ტეაჰუპოოში სერფერები გაითამაშებენ მედლებს.
ხოლო რაც შეეხება ტონი ესტანჟეს, 46 წლის კანოისტი ფრანგული სპორტის ლეგენდა გახლავთ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებულ ცხრა ოქროს მედალს რომ თავი დავანებო, ის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია – კანოისტთა სლალომში საუკეთესო გახლდათ სიდნეიში (2000), ათენსა (2004) და ლონდონში (2012). 2008 წელს, პეკინში, ტონი ოლიმპიური გუნდის მედროშე გახლდათ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, მაგრამ შეჯიბრებაში ხელი მოეცარა, მეცხრე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალს მიღმა აღმოჩნდა.
ლონდონში მოგებული მესამე ოქროს შემდეგ (ის პირველი ფრანგი გახდა, რომელმაც ერთ დისციპლინაში სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა) მან კარიერა დაასრულა. მალე სოკ-ის ათლეტთა კომისიას შეუერთდა, შემდეგ, რვა წლის განმავლობაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლდათ, 2016 წელს კი პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავის გუნდთან ერთად ურთულეს ამოცანას გაართვა თავი.
„პარიზი თამაშებისთვის მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას ვუმკლავდებით, შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ჩვენი კომიტეტის თითოეული წევრი ძალიან კარგად აცნობიერებს მომავალი დღეების მნიშვნელობას. თითოეული ჩვენგანი წლების განმავლობაში ვშრომობდით, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ახლაა. თუმცა, სანამ ოლიმპიადა არ დაიხურება, არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ახლა ურთულესი, დამაგვირგვინებელი ეტაპი იწყება. გვინდა, რომ თამაშების დახურვის შემდეგ ერთმანეთს ამაყად ვუთხრათ – ჩვენ ეს შევძელით“! – განაცხადა ტონი ესტანჟემ კვირას, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თამაშების ხელმძღვანელის სიტყვებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. მან დღეს ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა, სადაც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში თერთმეტ ათასამდე სპორტსმენი იცხოვრებს. პრეზიდენტმა საორგანიზაციო კომიტეტს შემართება მოუწონა, ხოლო როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ პარიზი, მთელი საფრანგეთია მზად ისტორიული ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად.
ზაფხულის XXXIII თამაშები რომ გამორჩეული იქნება, ამის ყველას სჯერა. თუნდაც იმიტომ, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, გახსნის საზეიმო ცერემონია მთავარ სტადიონზე კი არა, მდინარეზე გაიმართება – სენის ნაპირებზე უკვე ყველაფერი მზად არის. უკვე დაიწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილე ექვს ათასამდე სპორტსმენი, მწვრთნელი თუ ოფიციალური პირი 85 ბარჟასა და ნავზე განაწილდება.
არნახული იქნება ცერემონიის მაყურებელთა რაოდენობაც. მუსიე ტონის თქმით, სენის ნაპირებზე ნახევარ მილიონზე მეტ გულშემატკივარს ელიან. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ გახსნის ცერემონიაზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, კიდევ ორას ათასამდე ადამიანი კი საკუთარი სახლის აივნებიდან და ხიდებიდან იხილავს ულამაზეს სანახაობას.
XXXIII ოლიმპიადა ოთხ დღეში, 26 ივლისს გაიხსნება. 11 აგვისტოს კი, თამაშების დახურვის შემდეგ, პარიზი ოფიციალურად გახდება მეორე ქალაქი ლონდონის შემდეგ, რომელმაც სამ ოლიმპიადას უმასპინძლა. საფრანგეთის დედაქალაქში გამართული რიგით II (1900) და VIII (1924) თამაშები ასევე ბევრი საინტერესო ამბებით იყო დახუნძლული და მათ შესახებ მომდევნო ჩანახატში დავწერ.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 22 ივლისი
ფოტო: თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024