პასუხი ყველა კითხვაზე

თქვენ თვლით, რომ კარგად იცნობთ ჩვენ სპორტს და მის ისტორიას? ძალიან კარგი, მშვენიერია, მაგრამ მაინც გკითხავთ:
დაგვისახელეთ ქართველი კალათბურთელი, რომელიც ოლიმპიური თამაშების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. წელიც მიუთითეთ, თუ შეიძლება.
არ იცით? კეთილი, გეტყვით: ოთარ ქორქია! თბილისის დინამოს და საბჭოთა ნაკრების ცენტრმა 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი – 138 ქულა მიითვალა და საშუალო მაჩვენებელიც საუკეთესო ჰქონდა – 17,3 ქულა.

ის თუ იცით, რომ ქალ მშვილდოსანთა შორის ოლიმპიადა ერთადერთ ევროპელს მოუგია და ისიც ქართველია?

არ იცოდით? არაუშავს, ადამიანს ყველაფერი ვერ ეცოდინება – ქეთევან ლოსაბერიძეა ის ერთადერთი ქართველი და შესაბამისად, ევროპელი მშვილდოსანი!

ვიქტორ სანეევის შესახებ ვიცით რომ კარგად მოგეხსენებათ, თითქოს ახალი რა უნდა შეიტყოთ, მაგრამ გულახდილად გვიპასუხეთ: 3 მსოფლიო რეკორდი ერთსა და იმავე დღეს რომ დაამყარა, ხომ არ იცოდით?

17 ოქტომბერი გამორჩეულია მის კარიერაში – საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენმა ყველა რეკორდი სწორედ ამ დღეს მიითვალა: პირველი ორი 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადის ფინალში, მესამე კი 1972 წელს… სოხუმში.

და რომან რურუამ ტოკიოს ოლიმპიადა დაუმარცხებლად რომ დაასრულა, მაგრამ ოქროს ნაცვლად მაინც ვერცხლი რომ ერგო, ეს ამბავი კი გეცოდინებათ. როგორ? იმდროინდელი წესებით ასე მოხდა, ისე კი, ოლიმპიური თამაშების ისტორია იმდენ საინტერესო ამბავს იტევს, ძნელი წარმოსადგენია.

ვხედავ მიხვდით, რომ ჩვენი სპორტის შესახებ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ბევრი რამ, ამიტომ გირჩევთ: დროდადრო ქართული სპორტის სტატისტიკის ინტერნეტ-გვერდს ესტუმროთ – sportstat.gov.ge. მენდეთ, იქ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.

რა არის sportstat.gov.ge?

ესაა ქართული სპორტის… ხმამაღლა ნათქვამად თუ არ მოგეჩვენებათ – ენციკლოპედია. ორი წელიწადიც არაა, რაც ის უკიდეგანო ინტერნეტ-სივრცეში გამოიფინა. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, დღეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სპორტული ბაზები და სკოლები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დოკუმენტები და კვლევები სპორტის თემაზე – ეს sportstat.gov.geს ერთი მიმართულებაა, უშუალოდ სპორტსმენთა ბიოგრაფიები და მათი შედეგების აღნუსხვა – მეორე.

სადღეისოდ ხელმისაწვდომია მონაცემები ყველა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე და პრიზიორზე, თუმცა კვლევა ყოველდღიურად გრძელდება და მონაცემებიც ივსება. მაგალითად, დღეს თუ კონკრეტული სპორტსმენის კარიერით დაინტერესდებით, 2 ან 3 დღის შემდეგ კიდევ რომ მიაკითხავთ მის გვერდს, შესაძლოა უფრო მეტი შეიტყოთ. ისინი, ვინც ამ პროექტზე მუშაობენ, ყოველ დღე აზუსტებენ და ამდიდრებენ მონაცემებს.

სტატისტიკას ფოტოებიც თან ერთვის. ფოტოარქივი sportstat.gov.geს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სპორტსმენთა ოჯახებში მოძიებული ფოტოდოკუმენტები და დიპლომების ასლები, სხვადასხვა არქივებში დაცული ალბომები, უცხოურ გამოცემებში ნანახი ფოტოები – თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ეს ყველაფერი sportstat.gov.geზე იყრის თავს. პროექტის მესვეურებს სურთ რომ წლების შემდეგ, როცა ეს ინტერნეტ-გვერდი ქართული სპორტის წარსულით დაინტერესებულთათვის მთავარი დასაყრდენი გახდება, ჩვენი სპორტის ამსახველი გალერეაც შთამბეჭდავი იყოს.

მიზანი ერთია: sportstat.gov.geმ ჩვენი სპორტსმენების შესახებ ზუსტ და მეტ ცნობას მოუყაროს თავი. რთულია, მაგრამ თუ ეს პროექტი ახლა არ განხორციელდა, უამრავი მონაცემი დაიკარგება, ეს კი დაუშვებელია. ქართული სპორტის წარსულს ქარსგატანებული ამბები და შედეგები ისედაც თავზესაყრელად აქვს, ახალი რომ არ დავუმატოთ.

Sportstat.gov.geს ჯგუფი შემართებას არ უჩივის, ცოდნაც არ დაეწუნება, ერთიანი ძალისხმევით კი რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, ყველამ ვიცით.

წარმატებები მათ, დანარჩენს კი დრო გვანახებს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ოლიმპიელი; 2018 წელი)

ka_GEGeorgian