პატარა ფატის დიდი რეკორდები

17 წლის ანსუ ფატიმ უკვე მოასწრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა, გუშინ კი ესპანური ფეხბურთის მორიგი მიღწევაც დაწერა: გახდა მე800, ვინც ქვეყნის პირველი გუნდის მაისური მოირგო! ამავდროულად, ის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა 1936 წლიდან.
2020-21 წლების უეფას ერთა ლიგა გუშინ დაიწყო. სხვა რამდენიმე მატჩთან ერთად A დივიზიონის IV ჯგუფში უკრაინამ 2:1 დაამარცხა შვეიცარია, თუმცა გაცილებით საინტერესო გამოდგა გერმანიაში გამართული მატჩი: ევროპის 3-3გზის ჩემპიონი ბუნდესგუნდი და ესპანეთი ფრედ დაშორდნენ ერთმანეთს – 1:1.

ფატი სწორედ ამ თამაშში გამოჩნდა – 46ე წუთზე შეცვალა ხესუს ნავასი. და როგორც გითხარით, რეკორდიც დაიწერა.

ანსუმანე ფატი ვიეირა გვინეა-ბისაუში დაიბადა, 6 წლისამ სევილიაში ამოჰყო თავი, ხოლო ერთი წლის წინ, 19 სექტემბერს, ესპანეთის პასპორტიც მიიღო.

2019-20 წლების სეზონში თინეიჯერმა 33ჯერ ითამაშა ბარსელონის მაისურით და 8 გოლიც გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ვერ მოიგო, სადებიუტო სეზონში არაერთი რეკორდით დაგვამახსოვრა თავი:

25 აგვისტოს, ბეტისთან 5:2 მოგებულ მატჩში შეცვლაზე შევიდა და 16 წლის და 298 დღისა ბარსას ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, მხოლოდ 18 დღით უფროსი აღმოჩნდა ვინსენ მარტინესზე (1941);

31 აგვისტოს, 16 წლის და 304 დღისამ ოსასუნას გაუტანა და კატალონიური გრანდის ისტორიაში ყველაზე პატარა მეგოლე გახდა, ხოლო ლა ლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა;

14 სექტემბერს, ვალენსიასთან 5:2 მოგებულ მატჩში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. და 16 წლის და 318 დღისა ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გახდა, ვინც ერთ მატჩში ასეთი რამ მოახერხა;

17 სექტემბერს, 16 წლის და 321 დღისამ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ (0:0) და კლუბის ისტორიაში ევროთასის მატჩში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა – ბოიან კრკიჩის რეკორდი დაისაკუთრა;

10 დეკემბერს სან სიროზე მილანის ინტერს გაუტანა ერთი გოლი (2:1) და 17 წლის და 40 დღისა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა;

2 თებერვალს ბარსამ ლევანტე მისი დუბლით დაამარცხა (2:1) და ფატი ერთ მატჩში 2 გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა;

და ბოლოს: 5 ივლისს, ვილიარეალთან სტუმრად 4:1 მოგებულ შეხვედრაში ანსუ ფატიმ ბარსელონის ისტორიაში საიუბილეო, მე9000 გოლი გაიტანა!

2020-21 წლების საკლუბო სეზონი მალე დაიწყება, თუმცა 17 წლის ბიჭმა უკვე მორიგი რეკორდი დაწერა.

რატომღაც მგონია, რომ ის ბარსას კიდევ ბევრ მიღწევას დაისაკუთრებს.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 სექტემბერი)
ფოტო: 
Uefa.com

ka_GEGeorgian