პატარა უფლისწულის იუბილე

1943 წლის 6 აპრილს ნიუ იორკში, გამომცემლობა Reynal & Hitchcock-მა დაბეჭდა ერთი პატარა წიგნი, რომელიც მომდევნო 80 წლის განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ათეულობით მილიონი ტირაჟით გამოიცა და დღესაც უამრავ ენაზე იბეჭდება.

„დაბადებიდან“ 80 წლის შემდეგ ეს პატარა ფრანგული წიგნი ხუთასზე მეტ ენასა თუ დიალექტზე თარგმნეს და ამ მხრივ ის მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. სხვათა შორის, ოფიციალური კვლევაც არსებობს ამის შესახებ.

დიდი ხანია გვაქვს ქართული თარგმანებიც, რამდენიმე ვარიანტი. წლების წინ ის აფხაზურად და ოსურად გამოიცა, ახლო წარსულში კი მეგრულად და ლაზურად.

მე, როგორც ამ წიგნის დიდი მოყვარული (ალბათ კოლექციონერიც მეთქმის), მეგრულ და ლაზურ თარგმანებს რამდენიმე წლის მანძილზე ვეძებდი და ბოლოს, კეთილი ხალხის დახმარებით, როგორც იქნა მივაგენი. დღეს ორივე წიგნი ჩემი მოკრძალებული კოლექციის მარგალიტებად მიმაჩნია.

წიგნი მარადიულ თემებზეა – სიკეთესა და სიყვარულზე, და ამიტომაცაა მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და კუთხეში გამორჩეულად რომ უყვართ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ასაკის, წარმომავლობის თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ნამდვილად არ მახსოვს როდის წავიკითხე პირველად ოქროსქოჩრიანი ბიჭის თავგადასავალი, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ეს არც ზღაპარი იყო და არც საბავშვო მოთხრობა. მე თუ მკითხავთ, ის დიდებისთვის უფროა დაწერილი, ოღონდ მარტივი ენით, ბავშვურად.

ავტორიც ხომ ზუსტად ამას გვეუბნება: ჩვენ, უცნაური და ახირებული დიდები ოდესღაც პატარები ვიყავით, უბრალოდ, ეს ხშირად გვავიწყდება.

გუშინ, 6 აპრილს, „პატარა უფლისწული“ 80 წლის გახდა.

გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის შედევრი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 აპრილი)
ფოტო:
www.thelittleprince.com

ka_GEGeorgian