პატარა უფლისწულის იუბილე – ბათუმური ავტოგრაფები
ჩემი ფავორიტი წიგნებიდან ერთ-ერთს, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ 6 აპრილს 80 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და კიდევ არაერთ ქვეყანაში რამდენიმე საინტერესო წერილი გამოქვეყნდა. ამ პატარა მოგონებით მეც შევუერთდები საზეიმო ფერხულს.
ხუთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმმა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. რამდენიმე თვით ადრე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს შევუერთდი, ოფიციალურ ენაზე რომ ვთქვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა დამევალა.
შესაძლოა ბევრს არ ახსოვდეს და ამიტომ დავწერ, რადგან საქმე გვაქვს ისტორიულ ფაქტთან: ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაში 185 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა, ასეთი მრავალეროვანი სპორტული შეჯიბრება კი საქართველოში არც მანამდე გამართულა და არც მას შემდეგ.
ამდენი ქვეყნის სპორტსმენებთან კონტაქტი „პატარა უფლისწულის“ კოლექციის გასამდიდრებლადაც გამოვიყენე და ვისაც ხმა მივაწვდინე, ყველას მივწერე, თუ არ დამზარდებით, თქვენთან გამოცემული ეს პატარა წიგნი მისახსოვრეთ-მეთქი.
ნაღდად არ ველოდი ჩემს თხოვნას ამდენი მოჭადრაკე თუ გამოეხმაურებოდა! ოლიმპიადის გახსნიდან დახურვის ცერემონიალამდე, სანამ საჭადრაკო დაფებს მიუსხდებოდნენ, ძალიან ბევრმა მისახსოვრა „პატარა უფლისწული“, ხოლო მათ, ვინც შეხვედრა ვერ მოახერხა, წიგნები სასტუმროებში დამიტოვეს.
ასე მოხვდა ჩემს კოლექციაში ათობით საინტერესო გამოცემა, მაგალითად შრი ლანკიდან, სინგაპურიდან, პუერტო რიკოდან, ლიბანიდან, მაროკოდან, უელსიდან (საჭადრაკო ოლიმპიადა ის იშვიათი ტურნირია, სადაც უელსი დამოუკიდებლად ასპარეზობს)…
ყველაზე ძალიან არგენტინელებმა გამახარეს: ორი დიდი, მართლა საკოლექციო გამოცემა მისახსოვრეს, უკრაინელების საჩუქარზე კი ცალკე დავწერ, რადგან მათი ჩამოტანილი „პატარა უფლისწული“ პირადად მე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად გაფორმებულ ვარიანტად მიმაჩნია.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 11 აპრილი)