პატარა უფლისწულის რჩევით: საოცარ ბაქოურ მუზეუმებში

დიდი ხნის წინ ერთი ფრანგი მოგზაურის თვითმფრინავს ძრავა გაუფუჭდა. იმ კაცს უდაბნოში მოუხდა დაშვება. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერაფერს გახდა და დაღლილს იქვე, როგორც თავად თქვა, დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში, ქვიშაზე მიეძინა.

კაცს უცნაური ამბავიც შეემთხვა. სისხამ დილით წკრიალა ხმამ გააღვიძა – თავზე წამომდგარი პატარა ბიჭუნა ბატკნის დახატვას სთხოვდა. საიდან ვიცი ეს ამბავი? მისივე წიგნიდან. დამავიწყდა მეთქვა, რომ მოგზაური ფრანგი იყო და ძალიან გაუმართლა – როგორღაც შეაკეთა თვითმფრინავი და უდაბნოს თავი დააღწია, მერე კი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი წიგნიც დაწერა.

ახლა იმ წიგნის შინაარს არ მოვყვები. მენდეთ და წაიკითხეთ, ძალიან დიდი სიამოვნება გელით. არ აქვს მნიშვნელობა, გახსოვთ თუ არა. მარადიული ამბავია! მე იმ წიგნის მთავარი გმირის, ოქროსთმიანი ბიჭუნას ერთი ფრაზა დამამახსოვრდა, რომელსაც ხშირად ვიხსენებ: სულ პირდაპირ თუ ივლი, შორს ვერ წახვალ.

12 ივნისს, ბაქო 2015-ის გახსნის დღეს, პატარა ბიჭუნას სიტყვები კიდევ ერთხელ გამახსენდა და საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე გადავწყვიტე „სულ პირდაპირ არ მევლო“: ზურგჩანთა მოვიგდე და მედიასოფლიდან „ქარის ქალაქის“ (ბაქოს ასეც უწოდებენ) შუაგულისკენ გავწიე. ჩემგან არ გესწავლებათ: იქ, სადაც პირველად ხარ, სანახავი ძალიან ბევრია, დრო კი პირიქით, ძალიან ცოტა.

დიდებულია თუ ხეტიალი გიყვარს და თანამოაზრეც გყავს. თუმცა, ჩემ შემთხვევაში, უკეთესი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე შევუამხანაგდი ბატონ პაატა ნაცვლიშვილს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემზე უფროსია და უბრალოდ, ზრდილობის ამბავია. მეორეც: პროფესიის, სპორტის სიყვარულის თუ ჰობის გადამკიდე, ლამის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიაში, ეგებ, ერთადერთი ქართველი სტუმარიცაა. მაგალითად, ტაიტის ან აღდგომის კუნძულის. ხომ შთამბეჭდავია?

ერთი სიტყვით, მე და ბატონმა პაატამ დილიდან მოვნიშნეთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები, მერე ჩანთაში რამდენიმე ბოთლი წყალიც ჩავაგდეთ – აქ ძალიან ცხელა და…

ბაქო მდიდარია საოცარი მუზეუმებით. მაგალითისთვის მინიატურული წიგნებიც კმარა. იჩერიშეჰერში, ძველი ქალაქის ერთ ვიწრო ქუჩაზე პატარა კარია, სადაც შეხვალ და ჯადოსნურ სამყაროში მოხვდები: ათობით ციცქნა გამოცემა ქვეყნების მიხედვითაა გამოფენილი. ყველაზე დიდი ადგილი, ცხადია, აზერბაიჯანულ წიგნებს უჭირავს, ცალკეა რუსეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავია, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთი ამერიკის ქვეყნები…

ქართულ მინიატურულ წიგნებს 24-ე სტენდი ეთმობა: ანა კალანდაძის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, ეთერ თათარაიძის შემოქმედება… ვაჟა, ილია, აკაკი… გალაქტიონი… ვეფხისტყაოსანსაც ნახავთ – რამდენიმე გამოცემაა დაცული.

უნიკალური კოლექცია, რომელიც 5 500-ზე მეტ მინიატურულ წიგნს ითვლის, ზარიფა სალაჰოვას ეკუთვნის. მუზეუმის ბუკლეტში ამოკითხულ რიცხვებს მოვიშველიებ, თორემ გამიჭირდება: კოლექცია 71 ქვეყანაში გამოცემული წიგნებისგან შედგება. სტანდარტი უცვლელია: გამოცემა მინიატურულია, თუ სიგრძე-სიგანე 10 სანტიმეტრს არ აღემატება. სხვათა შორის, ევროპული სტანდარტი განსხვავებულია – მინიატურულად მხოლოდ 5,8X7,6სმ-ზე გამოცემულ წიგნებს მიიჩნევს…

კოლექციის მარგალიტია ამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში 270 ეგზემპლარად გამოცემული წიგნი-ნამცეცა – წელიწადის დროების ქებათაქება. მუზეუმში 174-ე ეგზემპლარია დაცული და არ გაინტერესებთ ფორმატი? მილიმეტრი ნახევარ მილიმეტრზე!!! ლექსების კრებულია, თუმცა ვეჭვობ, ტახტზე მოკალათებულმა გემრიელად გადაფურცლოთ. სხვათა შორის, ტახტი აზერბაიჯანშიც ტახტია და რაც შეეხება წიგნს, მას ერთი ციცქნა გამადიდებელიც თან ახლავს. ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა ხდება.

ძალიან საინტერესოა 36-ე ვიტრინა. 1841 წელს ნიუ იორკში უილიამ შექსპირის 40-ტომეული გამოიცა ფორმატით 50მმX73მმ. 40-დან 24 ტომი დღეს ბაქოშია. იმავე ვიტრინაშია XX საუკუნის დასაწყისში ლონდონში დაბეჭდილი იმავე ავტორის 40-ტომეული. ფორმატი უფრო შთამბეჭდავია – 33მმX40მმ-ზე!

ზარიფა სალაჰოვას კოლექციაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს: 28-ე ვიტრინაში გამოფენილი ათობით წიგნი ოლიმპიურ მოძრაობას ეძღვნება, ბევრია ფოტოალბომი, მინიატურული ცნობარები საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ… სხვათა შორის, ქალბატონი ზარიფა ახალგაზრდობაში აზერბაიჯანის კალათბურთელთა ნაკრებშიც თამაშობდა.

კოლექცია უცხოეთშიც არაერთხელ გამოიფინა, შარშან კი გინესის დიპლომიც მიიღო – მინიატურული წიგნების უდიდესი მუზეუმი მსოფლიოში!

იჩერიშეჰერის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ამ შენობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მფარველობს, მუზეუმის 13-წლიან ისტორიაში ვიზიტორთა რაოდენობამ კი კარგა ხანია მილიონს გადააჭარბა!

რა სარგებლობა მოაქვს მუზეუმს? უამრავი, თუმცა 3 რამ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია:

1.ქვეყნის რეკლამაა და შესაბამისად, იზიდავს ტურისტს;

2.რომელიც თავის მხრივ, ხარჯავს ფულს, რაც კარგია;

3.უფრთხილდება და ინახავს იმას, რასაც წინაპრები, თაობები ქმნიდნენ.

აქედან გამომდინარე მუზეუმი კულტურის ნაწილიცაა.

ზემოთქმულის ნათელი დასტურია ბაქოს ზღვისპირა პარკში, მიხაილ უსეინოვის #28-ში აგებული ძალიან ლამაზი და ორიგინალური შენობა, რომელიც აზერბაიჯანულ ხალიჩებს ეთმობა.

მუზეუმი, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით შესანიშნავია და ბაქოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, 4 საგამოფენო დარბაზს და ღია კაფე-ბარს იტევს. ხალიჩების მუზეუმი 1967 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი შენობა ძველ ქალაქში, იჩერიშეჰერში მდებარეობდა, თუმცა 2010 წელს იუნესკომ აზერბაიჯანულ ხალიჩას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და მალევე კასპიის ზღვის სანაპიროზე, ბულვარში, ლამაზი შენობა აიგო.

ხალიჩების მუზეუმში უამრავი ძველი, ლამაზი, ათასფერი თუ გახუნებული ექსპონატია. ტურისტი ათობით ბუკლეტის, ჟურნალის, აუდიორგოლის და ვიდეოინსტალაციის საშუალებით აზერბაიჯანის კულტურას, ხალიჩების ქსოვის ტექნიკას და კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს ისმენს. კმაყოფილია მასპინძელი და კმაყოფილია ტურისტიც. რა სჯობს, როცა ორივე მხარე მოგებულია?

ცნობისათვის: ხალიჩების მუზეუმში ფოტოების გადაღება აკრძალულია. ბილეთის ფასი 7 მანათია, სტუდენტებისთვის – 3, სუვენირები კი, იცოცხლეთ, იმდენია თვალები ყველაზე ლამაზი ხალიჩისფრად აგიჭრელდებათ!

თუ ხალიჩებზე საუბრით თავი მოგაბეზრეთ, ეს აბზაცი გამოტოვეთ, მათთვის კი, ვინც არ დაიღალა, დავწერ: აზერბაიჯანში ქსოვის 5 სკოლა არსებობს, უფრო სწორად, ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა: ქუბა-ბაქო-შირვანის, განჯა-გაზახის, ყარაბახის, შუშას და ტაბრიზის. ზღვისპირა მუზეუმში ხუთივე სკოლის ნაკეთობებია გამოფენილი, მათთან ერთად კი ხალიჩებთან დაკავშირებული კიდევ უამრავი ექსპონატი. საერთო ჯამში 15 ათასამდე ნივთი. როგორია? ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქაურობა აუცილებლად უნდა მოინახულო, განსაკუთრებით, თუ ბაქოს ზაფხულში სტუმრობთ – ხალიჩებთან სასიამოვნოდ გრილა!

ევროპის I თამაშები საღამოს გაიხსნა, ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ზღაპრულ სანახაობამდე კი ბატონ პაატასთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო გამოფენა მოვინახულე – მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ბაქოში ჩამოსული შოკოლადების ნაკეთობების მუზეუმი!

5 წლიანი მსოფლიო ტურნე, 40 ქვეყნის დედაქალაქი, 250 ნაკეთობა, მილიონზე მეტი დამთვალიერებელი და თითქმის ტონა შოკოლადი – ასეთია სახელგანთქმული შოკოლატიე ნიკოლიას ნაკეთობები რიცხვებში.

გამოფენა, რომელსაც აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტრო მასპინძლობს, ევროპულ თამაშებს ეძღვნება. სპეციალურად ბაქო 2015-თვის ნიკოლიამ 70 კილოგრამი შოკოლადისგან აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთი მშვენება, საქვეყნოდ ცნობილი ქალწულის კოშკი გამოადნო. ლამაზია, მაგრამ გემრიელია თუ არა, ამას ვერ გეტყვით – დეგუსტაცია სასტიკად აკრძალულია. ფოტოგადაღება? არავინ გიშლით – 7 მანათი გადაიხადეთ და ისიამოვნეთ…

* * *
დედამიწის სიდიდე უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთსანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა.
შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგრიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები. და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო!
მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინადის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო. და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. წელიწადში მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ თავისი მოვალოება“.

ეს სიტყვებიც იმ ფრანგი კაცის წიგნში ამოვიკითხე, თავში რომ ვახსენე. მინიატურული გამოცემების, ხალიჩების და შოკოლადის ნაკეთობათა გამოფენის შემდეგ ბაქოს ერთ-ერთ კოხტა და მწვანეში ჩაფლულ სკვერში, წიგნების მაღაზიაში შევედით.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწულს ბავშვთა განყოფილებაში მივაგენი. არც დავფიქრებულვარ, ვიყიდე, თან სასაცილოდ იაფი ღირდა. მერე რა რომ აზერბაიჯანული არ ვიცი. ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია!

თუმცა საბავშვო არაა და უფროსებისთვის განკუთვნილი უფრო მგონია. მაგრამ მაღაზიაში მოფუსფუსე საქმიანი ბიძიები და დეიდები რომ ბავშვთა განყოფილებაში ალაგებენ?

დიდებს რას გაუგებ? ისინი ხომ ძალიან უცნაურები არიან.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 12 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian