პეკინის გმირები

5 თებერვალს, პირველ საშეჯიბრო დღეს, ბიათლონში შერეული ესტაფეტის დრამატული ფინიშის შემდეგ დავწერე, დიდი შანსია ნორვეგიელთა ლიდერი იოჰანეს თინეს ბიო ამ თამაშების ერთ-ერთი გმირი გახდეს-მეთქი. სკანდინავიელებმა იმ დღეს რომ ოქრო მოიგეს, ეს, პირველ რიგში, 28 წლის მოთხილამურის სამაგალითო სრიალის დამსახურება იყო.
14 თებერვალს, როცა ათი საშეჯიბრო დღე უკვე უკან მოვიტოვეთ და მედლების უმეტესობაც გათამაშდა, ბიო პეკინი 2022ის გამორჩეულ სპორტსმენთა შორის დგას – ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

მაგრამ ასეთი წარმატების მიუხედავად, ის ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი მაინც არ არის. მთავარმა კონკურენტმა, 29 წლის ფრანგმა კუენტინ ფილიო მალემ 2-2 ოქრო და ვერცხლი მოიგო, 31 წლის თანაგუნდელი მარტე ოლსბიუ როიზელანდი კი უფრო შორს წავიდა: 3ჯერ გახდა ჩემპიონი და ერთი ბრინჯაოც დაისაკუთრა.

ბიათლეტთა შეჯიბრებები ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა მათი მონაგარი გაიზარდოს, მანამდე კი პეკინი 2022ის ორადორ ოთხგზის მედალოსანზე დავწერ:

მაილე სტაბილური შედეგებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შეხვდა. თუ ამ სეზონში მსოფლიო თასის ეტაპებზე მის ასპარეზობას გავითვალისწინებ, უნდა ვაღიარო რომ ფრანგი კარიერის პიკზეა: უკვე შვიდი რბოლა დაასრულა პირველ პოზიციაზე და სამართლიანად ლიდერობს მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას.

როიზელანდი კი პიონჩანში მოგებული ორი ვერცხლის შემდეგ სულ მაღლა და მაღლა მიიწევს – 2019-21 წლებში ზუსტად 10ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! მის გამოსვლას 2020ში, იტალიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე კი სულაც ფანტასტიკური ეთქმის – აბსოლუტურად ყველა, შვიდივე დისციპლინაში მოიგო მედალი (5 ოქრო, 2 ბრინჯაო) და პირველი გახდა, ვინც ეს მოახერხა! ამას გარდა, ხსენებულ წლებში მსოფლიო თასის 13 ეტაპზე გაიმარჯვა, ახლა კი ოლიმპიადის 3 ოქრო!

მალესი არ იყოს, ნორვეგიელიც მსოფლიო თასის ლიდერია და დიდი ალბათობით ამ ტიტულს ვერავინ შეეცილება.

15, 16, 18 და 19 თებერვალს ბიათლონში მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება: ვაჟები და გოგონები დღეგამოშვებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian