პეტერ ზაიზენბახერი დააპატიმრეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, 59 წლის პეტერ ზაიზენბახერს ვენის სასამართლომ 1999-2004 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლოს ანჯელესის და სეულის ოლიმპიადების ჩემპიონს 1999-2004 წლებში უმცროსი ასაკის შეგირდებთან სხვადასხვა სახის გარყვნილი ქმედება, ასევე 2001 წელს, ხორვატიაში საწვრთნელი შეკრების დროს 16 წლის სპორტსმენ გოგონაზე სექსუალური სახის ძალადობა დაუმტკიცდა.

ზაიზენბახერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2014 წელს აღიძრა, როცა დაზარალებულმა ქალბატონებმა სამართალდამცველებს მიმართეს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ავსტრიელი სასამართლოში არ გამოცხადდა, რის გამოც მასზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა.

ის 2017 წლის 2 აგვისტოს დააკავეს კიევში, იმავე წლის 12 სექტემბერს კი ვეტერანი სპორტსმენი და მწვრთნელი ავსტრიას გადაეცა.

პეტერ ზაიზენბახერი 2010-12 წლებში წვრთნიდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე გუნდის გამოსვლა, ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედლის მიუხედავად, უარყოფითად შეფასდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 დეკემბერი)

ka_GEGeorgian