პეტრანსელის დაკარი

დაკარის რალის 90ების დასაწყისიდან ვუყურებ – რუსულ PTP ყოველი დღის ბოლოს დაახლოებით ნახევარსაათიან გადაცემას აჩვენებდა რბოლის საუკეთესო მომენტებით და მეც იმ დროიდან მიყვარს ეს რბოლა. ახალი წლის დღეებში უდაბნოში ავტოშეჯიბრის ცქერას სხვა გემო ჰქონდა.
იმ დროს, 80-90ების შესაყარზე, დაკარის რალი პარიზში იწყებოდა და სენეგალის დედაქალაქში მთავრდებოდა, ავტომობილების კლასში ფინელი არი ვატანენი დომინირებდა, რომლის მანქანებიდან ყველაზე ძალიან ყვითელი სიტროენი მომწონდა. ვატანენის მერე ფრანგი პიერ ლარტიგის დრო დადგა, მოტოციკლებში კი საუკეთესო იყო სტეფან პეტრანსელი. სატვირთოების შეჯიბრი, სიმართლე გითხრათ, არც მაშინ მხიბლავდა და არც ახლა მაინტერსებს.

დაკარის წლევანდელი რალი, რიგით 43ე, პირველია 1991 წლის შემდეგ, რომელიც ვერ ვნახე – საახალწლოდ სილქმა ევროსპორტი და კიდევ რამდენიმე არხი გათიშა და მეც პირდაპირი რეპორტაჟების გარეშე დავრჩი. ინტერნეტში კი იდებოდა ეტაპების საუკეთესო მომენტები, მაგრამ ისინი ევროსპორტის ჟურნალებს ნაღდად ვერ შეედრება.

43ე დაკარის ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ – ავტომობილებს შორის ფრანგი სტეფან პეტრანსელი გახდა, ლეგენდარული ფრანგი, რომლისთვისაც წლევანდელი ტრიუმფი მე14 გამარჯვებაა! მოტოციკლით ასპარეზობისას მან 6ჯერ გადაკვეთა ფინიშის ხაზი პირველმა, 1999 წლიდან კი სხვადასხვა ავტომობილების საჭეს უზის და გუშინ მერვედ მოიგო რალი. პირველი მოტოტრიუმფიდან ზუსტად 30 წლის თავზე!

დაკარის რალის ყველაზე ტიტულიანი მონაწილე წელსაც ნაცნობ მეტოქეებს ებრძოდა – კლასიკური რალის (WRC) ლეგენდას, დაკარის 2018 და 2020 წლების ტრიუმფატორს, ესპანელ კარლოს საინსს და კატარელ მილიონერს, დაკარის 2019 წლის ჩემპიონს ნასერ ალ ატიას. 2015 წლიდან მხოლოდ ესენი იგებენ ავტომრბოლთა მთავარ ჯილდოს.

ნასერ ალ ატიამ წელს ყველაზე მეტი, 6 ეტაპი მოიგო, საინსმა – 3, ჩემპიონი კი მაინც პეტრანსელი გახდა, ვინც მხოლოდ ერთ, IX ეტაპზე გაიმარჯვა. ფრანგის ტრიუმფის მიზეზი ისაა, რომ ის შესაშურად სტაბილური იყო – 13 ეტაპზე მხოლოდ 2ჯერ ვერ მოხვდა საუკეთესო სამეულში, მაშინ როცა ალ ატიამ და საინსმა რამდენჯერმე ძვირფასი დრო დაკარგეს. საბოლოოდ კატარელი გამარჯვებულს (44:28:11 საათი) თითქმის 14 წუთით ჩამორჩა, საინსმა კი პეტრანსელთან საათი და 57 წამი წააგო.

43ე დაკარს ზედიზედ მეორედ უმასპინძლა საუდის არაბეთმა. შარშანდელი გეგმით, რბოლა ეგვიპტესა და იორდანიაშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ 19ის გამო მისი ერთ ქვეყანაში ჩატარება გადაწყდა და ტრასის გაფართოებაც სამომავლოდ გადაიდო.

სამწუხაროდ, ვერც წლევანდელი დაკარი დასრულდა მსხვერპლის გარეშე – ფრანგი მოტომრბოლი პიერ შერპინი VII ეტაპზე მძიმედ დაშავდა და 2 დღის წინ, ზედ საფრანგეთში გადაყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი ტრავმირებულები, და ასეთი თითქმის 10ია, შედარებით მსუბუქად გადარჩნენ.

44ე დაკარის შესახებ დღეს მხოლოდ ორი რამაა ცნობილი: პირველი – რალი გაისად, იანვარში, კვლავ საუდის არაბეთში გაიმართება; მეორე – რბოლის ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობას მიიღებს 2 საუდელი ქალბატონი – დანია აკეელი და მაშაელ ალობაიდანი სპეციალური პროექტით – Sheroes – მოემზადებიან საგაისო რბოლისთვის.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 იანვარი)

ka_GEGeorgian