პირველად ისტორიაში: ხელფასები ქალთა რაგბში!

ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფის ცნობით, ინგლისური კლუბები ქალ მორაგბეებს მიმდინარე სეზონიდან ანაზღაურებად ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

სარასენსი და ვორჩესტერი პირველი კლუბები გახდებიან, რომლის მორაგბეები ხელფასს მიიღებენ. აქამდე იმ მოთამაშეებს, რომლებიც ნაკრების ღირსებას იცავდნენ, ანაზღაურებას ინგლისის რაგბის კავშირი უხდიდა, გუნდს მიღმა დარჩენილები კი სამოყვარულო სტატუსს ატარებდნენ და უხელფასოდ თამაშობდნენ.

„ეს გადაწყვეტილება დაახლოებით იგივე მნიშვნელობისა იქნება, რაც 1995 წელს მოხდა დიდ რაგბში, როცა პირველი პროფესიონალები გაჩნდნენ. ვფიქრობ, მოთამაშეთა კონტრაქტები დიდ ბიძგს მისცემს ქალთა რაგბის განვითარებას“, – განაცხადა სარასენსის ქალთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლაურა ედიმ.

არაოფიციალური ინფორმაციით, სარასენსში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე კლუბია, წლიური კონტრაქტი 12-დან 25 ათას გირვანქამდე იქნება, თითოეული მატჩისთვის კი მოთამაშეები დამატებით 150-დან 250 გირვანქამდე მიიღებენ გამოცდილების მიხედვით.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 სექტემბერი)

ka_GEGeorgian